28 ნოემბრიდან მორწმუნე მრევლი ქრისტეშობის მარხვის დაწყებისთვის ემზადება
26.11.2015
მართმადიდებლური ეკლესიის წიაღში მყოფი მორწმუნე მრევლი 28 ნოემბრიდან ქრისტეშობის მარხვის დაწყებისთვის ემზადება და 7 იანვარს ერთად შევეგებებით მაცხოვრის შობის დღესასწაულს. მარხვა წინ უძღვის დიდ ქრისტიანულ დღესასწაულებს.
მარხვა სინანულის ერთ-ერთი სახეა. სინანულისა და განწმენდის გარეშე დღესასწაულის შეგრძნება კი შეუძლებელია. მაინც რა არის მარხვა და რატომ ვმარხულობდეთ?
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
-დედაო, რა არის ხორციელი და სულიერი მარხვა?
-ხორციელი მარხვა არის საკვებისგან თავის შეკავება, სულიერი კი ვნებებისგან, გულისთქმებისგან, მრისხანებისგან, ამპარტავნებისგან, განკითხვისგან თავის შეკავება და დათმენა.. მარხვაში განსაკუთრებით გვევალება კიდევ გაძლიერებული ლოცვა. ეკლესიის მიერ დადგენილ თითოეულ სადღესასწაულო მარხვას თავისი მნიშვნელობა აქვს. ყველაზე დიდი აღდგომის მარხვაა, რომელიც უფლის ჯვარცმას, აღდგომას გვახსენებს, იმას რაც მაცხოვარმა თითოეული ადამიანისთვის დაითმინა, ეწამა, ჯვარს ეცვა ჩვენი ცოდვების გამო და მერე აღდგა. არსებობს სამგლოვიარო და სამხიარულო მარხვები. საშობაოს სამხიარულო მარხვას უწოდებენ. სააღდგომოს კი სამგლოვიარო მარხვას. მარხვაში უფრო მეტად უნდა გვქონდეს სინანული და განცდა საკუთარი ცოდვების. ბერმონაზვნები კიდევ სამაგალითონი უნდა იყვნენ ერის ადამიანებისთვის. ადამიანს ყველანაირი ვნება ებრძვის, მონასტერში რომ მიდიხარ უფრო მეტად ამჟღავნებს ადამიანი საკუთარ დაცემულ ბუნებას.. ერშიც არის ბრძოლები, მაგრამ ეს მონასტერში განსაკუთრებით იგრძნობა. მონასტერში მეტია დასათმენი. როცა მონასტერში მოდიხარ უნდა მოიკლო ყველაფერი სიამოვნება რაც ერში გქონდა.
ადამიანს შინაგანად უნდა გააჩნდეს ყველაფრის მიმართ სინანულის გრძნობა. ლოცვით და მარხვით განიდევნება ეშმაკი. ლოცვა და მარხვა განწმენდს ჩვენს სულს და გულს.. მარხვაში მონასტერში ნაკლებად გვაქვს მრავალფეროვანი საკვები. მსახურება უფრო აღდგომის მარხვაში იცვლება. აღდგომის მარხვაში ვკითხულობთ მარხვანს. ამის წაკითხვას ვიწყებთ მარხვის დასაწყისში და გრძელდება მთელი მარხვის პერიოდში. მარხვანის საკითხავის წაკითხვა სინანულისკენ მოგვიწოდებს.
პირადად მე როცა მოვინათლე იმ დღიდან დავიწყე მარხვა- ოთხშაბათს და პარასკევს. თავიდან მოძღვარი არ მყავდა, მაგრამ ჩემით ვინახავდი მარხვას. მაშინ მარხვა მეგონა მხოლოდ საკვებისგან თავის შეკავება. როცა მონასტრულ ცხოვრებას აირჩევ უფრო მეტი მოგვეთხოვება. მონასტერში რომ მიდის ადამიანი საკუთარ თავს უკეთესად ხედავს ვიდრე ერში. მონასტერში უფრო ჩნდება ადამიანის ვნებები აქ უფრო მეტადაც უკვირდები საკუთარ თავს. . მონაზვნის ერთმა სიტყვამ შეიძლება ისე იმოქმედოს სხვაზე, შეიძლება სხვა დაბრკოლდეს ამით. როგორც მეომარი დგას ბრძოლის ველზე ისე უნდა იყო მონასტერში. საიდან შემოგიტევს მტერი არ იცი და მუდამ ფხიზელად უნდა იყო. როგორცკი მოდუნდები, მაშინვე ეშმაკი შემოგებრძოლება. ბრძოლები, ვნებები განსაკუთრებით მარხვაში იჩენს ხოლმე თავს. ეშმაკს არ უყვარს მმარხველი და მლოცველი ადამიანი. კარგად რომ მარხულობ, კარგადაც ლოცულობ და თუ არ მარხულობ, ვერ ილოცებ.. ნაკლებად დანაყრებული ადამიანი უფრო მეტად მლოცველია.. სულიერად არ უნდა დაეცე და მუდამ უფლის იმედი უნდა გქონდეს და უფალიც შეგეწევა .მუდამ უფალს უნდა იყო მინდობილი, უფალს სასოებდე და უფალი ყველაფერს შეგაძლებინებს, რწმენაში გაგაძლიერებს.. თუ დაეცემი უნდა შეძლო ადგომა, იგივე მდგომარეობაში არ უნდა იყო. განსაცდელს სიხარული მოსდევს, სიხარულს მწუხარება და ასეა ჩვენი ცხოვრება. მორწმუნე ძლიერი უნდა იყოს და საცდურებს ნაკლებად აქცევდეს ყურადღებას. უფლის სიყვარულისთვის შევეცადოთ ყოველივე დავითმინოთ, ვიყოთ უფლის მორჩილებაში და დავადგეთ უფლისკენ სავალ გზას.