მე თავს ვხრი ქართველი ხალხის წინაშე. აქ ხომ ჩვენ ვხედავთ სატახტო ქალაქს და სვეტიცხოველს, ქრისტეს პერანგი რომ ჩაიხუტა თავის გულში სამარადისოდ... მიწისძვრები, წყალდიდობა, ნიაღვრები... ყველა ამ ულევ ქარცეცხლსა და ორომტრიალში ერთად იყვნენ, არ შორდებოდნენ ერთმანეთს ქართველი ხალხი, ქრისტეს რჯული, სასოება და სიყვარული" - 35 წლის წინ, 1977 წლის 25 დეკემბერს, მცხეთის სვეტიცხოვლის 12 მოციქულის სახელობის საკათედრო ტაძარში 45 წლის ილია ღუდუშაური-შიოლაშვილის მიერ საპატრიარქო ტახტზე მისი აღსაყდრების მეტად მნიშვნელოვან და ამაღლებულ წუთებში წარმოთქმული ფიცი, ვფიქრობთ, უკვდავყოფს და შთამომავლობას შემოუნახავს ამ ისტორიულ მოვლენას, გააცოცხლებს იმ წუთებს, რომელიც ჩვენი ერის აღმშენებლობისა და სულიერი ფერისცვალების დასაბამი გახდა.
საეკლესიო ტრადიციის მიხედვით, მას შემდეგ, რაც სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი არსებობს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქების კურთხევა ამ ტაძრის კედლებში ხდება.
უწმინდესი და უნეტარესი ილია II, 1917 წლის 12 მარტიდან, მას შემდეგ, რაც ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია აღიდგინა, რიგით მეცხრე კათოლიკოს-პატრიარქია, რომელსაც, წინამორბედი პატრიარქებისგან განსხვავებით, ყველაზე ხანგრძლივი დროის მანძილზე უხდება ამ საპატიო და მეტად საპასუხისმგებლო უღლის ტარება.
"ყოველ ადამიანს გააჩნია თავისი გზა ცხოვრებისა. ყოველი ადამიანი ეძიებს ბედნიერებას, მაგრამ ჩვენ არ გვესმის, სად არის ბედნიერება, ჩვენ ვეძებთ ბედნიერებას იქ, სადაც არ არის და ყურადღებას არ ვაქცევთ იმას, რაც აუცილებელია. არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ ამ ბოლო დროს აქტუალური გახდა ისეთი საკითხები, როგორიც არის ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. რატომ ვამბობთ ამას, რომ აქტუალურია? იმიტომ, რომ ზოგიერთს არ ესმის არც ერთი, არც მეორე, არც მესამე. ზოგიერთი ცხოვრობს დღევანდელი დღით, დღევანელი გართობით, დღევანდელი ვნებებით, აინტერესებს ის, რაც არ არის საინტერესო. მაგალითად, ნამდვილი ხელოვნება ზეციური წარმოშობის არის, ღვთივშთაგონებულია, მაგრამ არის ცრუ ხელოვნება, რომელიც ვნებებსა და ისეთ გრძნობებზეა აშენებული, რომელიც ღლის ადამიანს, ამცირებს ადამიანს, რომელსაც ბედნიერება არ მოაქვს, არამედ როგორც წუმპე, იზიდავს, იწოვს და როდის დაახრჩობს, არ ვიცით. ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, უნდა სწორად განვმარტოთ ჩვენი რწმენა - ღმერთი, რა არის ჩვენი სამშობლო და ვინ არის ადამიანი. თუ ჩვენ ამას გავიგებთ, და არა მარტო გავიგებთ, არამედ გამოვიყენებთ ამ ცოდნას ცხოვრებაში, კმაყოფილნი ვიქნებით ჩვენი ცხოვრებით, ჩვენი ბედით" (2012 წლის 9 დეკემბრის საკვირაო ქადაგებიდან), - ამბობს ერის სულიერი მოძღვარი, რომელმაც თავის ცხოვრების განვლილი გზით დაგვარწმუნა ამ სიტყვების მართებულობაში. ძნელია, შეაფასო მისი 35-წლიანი საპატრიარქო მოღვაწეობა.
ძნელბედობის უმძიმესი წლები გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ, ბევრი რამ დაიკარგა და განადგურდა, მათ შორის საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის დამადასტურებელი დოკუმენტებიც გაქრა, რამაც სადავო გახადა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი. რომ არა უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის საერთაშორისო აღიარება და ავტორიტეტი, ალბათ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო აღარ დათანხმდებოდა ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის დოკუმენტურ აღიარებას 1990 წელს. საქართველოს ეკლესიამ სამი საუკუნის შემდეგ, სწორედ მისი მწყემსმთავრობისას აღადგინა წმინდანთა კანონიზება და ჯერ კიდევ ათეისტურ ხანაში წმინდანად შერაცხა ერისა და სარწმუნოებისთვის თავდადებული ადამიანები, რომელთა რაოდენობა უკვე რამდენიმე ათეულს გასცდა, მათ შორის პირველი - ერის მამად აღიარებული ილია ჭავჭავაძე იყო, რომელმაც წმინდანთა დასში წმინდა ილია მართლის სახელწოდებით დაიმკვიდრა ადგილი. უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის პატრიარქობის წლებში აღდგა და კვლავაც დაიბრუნა სიცოცხლე ათასწლეულების წინ უმოქმედოდ მიტოვებულმა ასობით და ათასობით ეკლესია-მონასტერმა, აიგო მრავალი ახალი ტაძარი, სასწავლო პროცესი განაახლეს თბილისისა და გელათის სასულიერო აკადემიებმა, გელათის მეცნიერებათა აკადემიამ, ამოქმედდა სემინარიები, სკოლა-ლიცეუმები და სასულიერო სასწავლებლები, გაიზარდა მღვდელმთავართა, ღვთისმსახურთა და ეპარქიათა რაოდენობა, რელიგიურად გამოიცემა საღვთისმეტყველო და მართლმადიდებლური წიგნები, სახელმძღვანელოები, ჟურნალ-გაზეთები, მცირე ფორმატის ჯიბის "შვიდგზის ლოცვანი", რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის მიერ არის შედგენილი (უწმინდესს ეს გამოცემა თავისი საქმიანობის უმთავრეს მონაპოვრად მიაჩნია): ყოველწლიურად მატულობს მრევლი ახალაშენებულ ტაძრებში, 90-იანი წლებიდან მაუწყებლობს საპატრიარქოს რადიო "ივერია" და ტელევიზია "ერთსულოვნება", მაგრამ, ქართველი ხალხის შეფასებით, უწმინდესი ილია მეორის საპატრიარქო მოღვაწეობის გვირგვინი ელიას მთაზე აღმართული წმინდა სამების საკათედრო ტაძარია, რომლის მსგავსი არათუ საქართველოში, როგორც მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმინდესმა ბართლომეოს პირველმა ბრძანა, "მთელ მართლმადიდებელ სამყაროშიც კი არ მოიძებნება".
90-იანი წლების დასაწყისში სამოქალაქო ომებით გადაღლილი და ეკონომიკურად დაუძლურებული ქართველი ხალხის მცირე ნაწილი სკეპტიკურად განეწყო ასეთი მასშტაბის მშენებლობისადმი, ამბობდნენ, რა დროს ამხელა ტაძრის მშენებლობაა, როცა ქვეყანას მატერიალურად ასე უჭირსო... ამ საკითხზე საქართველოს პატრიარქს მტიცე პოზიცია ჰქონდა, "ისტორულად ცნობილია, ქართველი ხალხი დიდი ტაძრის მშენებლობას სწორედ მაშინ იწყებდა, როცა ერს განსაცდელი დაუდგებოდა. ჩვენი წინაპრები თავისი სისხლით, თავისი სიცოცხლით იცავდნენ ქრისტიანობას, იმიტომ, რომ ხედავდნენ, ამაში იყო ჩვენი ძლიერება.
როცა მტერი შემოვიდოდა საქართველოში, უპირველესად, ტაძრებსა და მონასტრებს მიმართავდა და ანგრევდა მათ, იმიტომ, რომ მტერმაც იცოდა, ქართველი ერის ძლიერება ქრისტიანობაშია.
სვეტიცხოველი. კათოლიკოს-პატრიარქს მიტრას ადგამს ალავერდელი ეპისკოპოსი გრიგოლი (ცერცვაძე), 1977 წლის 25 დეკემბერი
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია მეორეს განგებამ ძალიან რთულ დროს არგუნა თავისი მწყემსმთავრული მისიის განხორციელება. 70-წლიანი ათეისტური რეჟიმის შემდეგ ძნელი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესი.
"პავლე მოციქულს აქვს ნათქვამი, "მთელი ქვეყანა ბოროტებაში წევსო". იმას კი არ ამბობს, დგასო, წევსო, ბოროტებაშია დაწოლილიო და ამას აქვს ისეთი მიმზიდველობითი ძალა, კიდეც რომ არ გინდოდეს, გაიძულებს, შენც იწვე ამ ბოროტებაში.
ჩვენი სამშობლო ეს არის საჩუქარი ღვთისა, კარიბჭე ბედნიერებისა, კარიბჭე სასუფევლისა. მე მინახავს მრავალი ქვეყანა, სადაც ძლიერ მაღლა დგას ეკონომიკური ცხოვრება. წარმოიდგინეთ, რომ სადაც მაღლა დგას ეკონომიკა და თითქმის არაფერი აკლია ხალხს, იქ უფრო მეტია ადამიანების კრიზისი, მეტია თვითმკვლელობა. რით ავხსნათ ეს? ახსნა შეიძლება მხოლოდ ერთით - სადაც იქნება საუნჯე შენი, იქ იქნება გული შენი. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი დიდი და მთავარი საუნჯე არის უფალი და სასუფეველი, ჩვენი უკვდავი სული უნდა გახდეს მემკვიდრე ღვთის სასუფევლისა.
ერთი ქალბატონი, რომელიც ფსიქიკურად ავადმყოფი იყო, ეუბნება მღვდელს, "მოძღვარო, მამაო, მადლობას წირავთ თუ არა უფალს, რომ საღი გონება გაქვთო?" მოძღვარი შეშინდა, მე არასდროს თავშიც კი არ მომსვლია, რომ მადლობა მეთქვა უფლისათვის საღი გონებისთვოსო. ადამიანი, სამშობლო და ღმერთი იმდენად დაკავშირებულია ერთმანეთთან, რომ ავსებენ ერთმანეთს, უფრო სწორად, სამშობლო და ადამიანი ავსებენ ერთმანეთს და ღმერთი გვირგვინივით ადგას თავზე, აი, ეს გვირგვინი არ უნდა დავკარგოთ, აქაც უნდა გვქონდეს და იქაც. არ შეიძლება ადამიანი იყოს ის არსება, რომლის გული სავსეა ღვარძლით. არ შეიძლება ადამიანმა იცხოვროს ღვარძლით, შურით, ბოროტებით. ადამიანი ამისგან უნდა გათავისუფლდეს, ბოროტება ბოროტებით არ იკურნება, გააკეთე სიკეთე და ეს სიკეთე ათმაგად და ასმაგად დაგიბრუნდება.
დღეს განსაკუთრებით ვფიქრობთ ჩვენს მომავალზე, ვფიქრობთ იმის შესახებ, თუ რა მოელის საქართველოს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მომავალი მშვიდობიანი იქნება. ჩვენ ღირსნი უნდა ვიყოთ ღვთის მადლისა.
ღმერთმა მოგვცეს სიბრძნე, ღმერთმა მოგვცეს უნარი, რომ გავარჩიოთ თეთრი და შავი, სიკეთე და ბოროტება, ღმერთმა აგვიხილოს გონების თვალი, რომ გავარჩიოთ, სად არის სიკეთე და სად - ბოროტება, ჩვენ უნდა დავეხმაროთ ადამიანს, განთავისუფლდეს ბოროტებისაგან. იმედი მაქვს, რომ სიკეთე იმეფებს", - განაცხადა 2012 წლის 9 დეკემბერს წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ამბიონიდან საკვირაო ქადაგებაზე ერის სულიერმა მამამ. საქართველოს მოძღვართმოძღვარმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, რომელსაც დაბადებიდან 80, მღვდელმთავრად კურთხეევიდან 50 და კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებიდან 35 წელი შეუსრულდა.
საიუბილეო დღეებში იგი საუკუნის ადამიანად აღიარეს, ასეთი საპატიო ტიტული არცერთ პატრიარქს არ ხვდომია წილად, თუმცა მისთვის ყველაზე დიდი ჯილდო ქართველი ხალხის სიყვარული და აღიარებაა.
იანვრის მეორე ნახევარში, რუსეთის ფედერაციაში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში, მართლმადიდებელ ხალხთა დახმარებისა და ეკლესიათა შორის ძმური ურთიერთკავშირის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს რუსეთის ეკლესია მიანიჭებს მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის საერთაშორისო საზოგადოებრივი ფონდის პრემიას.
"კარიბჭის" შემოქმედებითი კოლექტივი, ჩვენი ჟურნალის მკითხველის სახელით, ულოცავს ჩვენს საყვარელ პატრიარქს ამ მნიშვნელოვან თარიღებს, უსურვებს ჯანმრთელ, დღეგრძელ სიცოცხლეს და ახალ წარმატებებს საზოგადოებრივ და შემოქმედებით საქმიანობაში.