ჩემი ნათლია იყო მონაზონი ზოილე (დვალიშვილი) და ის მიამბობდა მამა ალექსი შუშანიას შესახებ,
მიამბობდა ასევე უთუთი ფაჩულიას შესახებ. უთუთი ფაჩულია ყოფილა სალოსი, ძალიან მშრომელი. ბევრი მოსავალი მოჰყადა და ეს მოსავალი დალაგებული ჰქონდა საწყობებში, არ იკეტებოდა. ღამე მოდიოდნენ გაჭიევებული ადამიანები და იქიდან საზრდო მიჰქონდათ. რაც შეეხება მამა შიოს, ძიძავას, ის იყო საოცარი პიროვნება. ის იყო ნამდვილად წმიდნა ადამიანი.
მე მინდა გავიხსენო ერთი ასეთი შემთხვევა. მე ჩავედი სენაკში რომ მემკურნალა... იქ წყლებია და ხშირად მოდიოდა ჩემს სანახავად მამა შიო. ერთ დღესაც თან მოჰყვა მორჩილი, ბერი ისაია ჩიქოვანი. ექიმებმა რომ დაიანხეს სტუმარი მოგვივიდა რძე მოიტანეს, პატივი გვცეს. ეს იყო პეტრე-პავლებოს მარხვა. მე ვიყავი ახლადნაკურთხი ეპისკოპოსი. მამა შიომ წაიკითხა ლოცვა, მე გარდავსახე ჯვარი და ეს რძე დავლიეთ. მახვაში არ შეიძლებოდა, მაგრამ რადგან მოიტანეს პატივი ვეცით ექიმებს. ის მორჩილი, ბერი დადგა ცოტა მოშორებით და იმ რძეს ზედაც არ შეხედა. მამა შიო მითხრა:-მეუფეო, არ გეწყინოსო, ჯერ არ არის სულიერად იმ სიმაღლეზე რომ პეტრე-პავლობის მარხვაში რძე დალიოსო.
საოცარი აღსასრული ჰქონდა მამა შიოს... მაშინ სოხუმის მიტროპოლიტი ვიყავი და ჩემთან სოხუმში სენაკიდან ჩამოვიდნენ ბერები, მონაზვნები და მითხრეს, მამა შიო ძალიან ცუდადაა, კარგავს გონებას და ხმამაღლა ყვირის:-მეუფე, მეუფე... ამის თქმაზე წავედი მე, წავიყვანე მღვდელი და წავიღე წმიდა ზიარება სოხუმიდან სენაკში და გამოვიძახე მამა კონსტანტინე ქვარაია. მამა კონსტანტინე მამა შიოს მოძღვარი იყო. მამა შიო კი ჩემი მოძღვარი. რადგან მოძღვარი იყო ვთხოვე წმიდა ზიარება მიეცა და მას ეზიარებია. არაო, ვერ ვაზიარებო, წყალი აქვს დალეულიო,- მიპასუხა მამა კონსტანტინემ...
მე ვუთხარი, რომ ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა და უნდა აზიაროთქო. ვერაფრით ვერ დავაჯერე ისეთი ჯიუტი იყო მამა კონსტანტინე. მერე მე შევედი ოთახში და ვკითხე: - მამა შიო, გინდა მე გაზიარო?
- მაზიარეო - მიპასუხა, მაგრამ ჩქარაო. ლოცვების წაკითხვა რომ დავიწყე, სულ ხმამაღლა ყვიროდა, - ჩქარა, ჩქარა... მეც მეშინოდა არ გარდაცვლილიყო და ვაზიარე. სულ ოფლიანი დავჯექი მის გვერდით სკამზე. გადმოიღო ხელი, მუხლზე დამადო და მითხრა:-ჩემო პატრიარქო. -არამეთქი, პატრიარქი კი არა მიტროპოლიტი ვარ. კიდევ გამიმეორა:
- ჩემო პატრიარქოო. ვაზიარე და იმ ღამეს გარდაიცვალა.