საკვირველ არიან საქმენი უფლისანი.
ჩვენ ვხედავთ დიდ წყალობას, დიდ მფარველობას ღვთისას ქართველსა ერსა ზედა.
როგორია ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი? ვინ ვიყავით, ვინ ვართ და ვინ ვიქნებით? რა ძალამ გადაგვარჩინა და დღემდე მოგვიყვანა, რა გადაარჩენს საქართველოს?
ძალიან მძიმე დროში ვცხოვრობთ, რომელსაც გლობალიზაციის პერიოდი ეწოდება. ჩვენში შემოდის უცხო წესები, უცხო რწმენა, უცხო კულტურა, ამასთან, ფსევდოკულტურაც. ქართველმა ხალხმა უნდა გაარჩიოს კულტურა და ფსევდოკულტურა, ის, რაც უნდა ვისწავლოთ და მივიღოთ და რაც ავნებს საქართველოს და არ არის მისაღები. ამისათვის საჭიროა გვქონდეს სულიერი ხედვა. უპირველეს ყოვლისა კი რწმენა. ჩვენი შვილები რწმენით, სიყვარულით უნდა გავზარდოთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმ გზის გასაგრძელებლად, რომლითაც დღემდე მოგვიყვანა უფალმა.
რამ გადაარჩინა საქართველო - სწორედ მართლმადიდებელმა სარწმუნოებამ. ქართველი ადამიანი მუდამ იცავდა თავის რწმენას, რომელიც არ იყო რომელიმე სექტის მიერ შერყვნილი. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეინარჩუნა ჭეშმარიტი სარწმუნოება - უფლის მიერ დაარსებული წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისა. ამას ვიცავდით და ვიცავთ.
მრავალ მაღალ სტუმარს - პატრიარქებს, იერარქებს - უთქვამს ჩვენთვის, რომ არსად უნახავთ ასეთი მოსიყვარულე და მორწმუნე ერი! ეს იმას ნიშნავს, რომ უფალი ჩვენთანაა, თუმცა ჩვენს ერს ბევრი შეცდომა და შეცოდება აქვს ჩადენილი წინაშე უფლისა. თუნდაც ის, რომ ტოტალიტარული რეჟიმის დროს ქართველმა კაცმა თავისი ხელით დაანგრია მრავალი ტაძარი და მონასტერი. ეს ცოდვა აწევს არა მარტო უშუალოდ ამის მოქმედთ, არამედ მთელ ერს. და უნდა მოვინანიოთ იგი. ღმერთმა შეგვინდოს და შეგვიწყალოს!
წაკითხული მაქვს: ნაცისტთა ბანაკში ერთი ახალგაზრდა ტუსაღი ყოფილა. ერთხელ ფაშისტებს ხალხის მორიგი ნაკადი შეჰყავდათ გაზის კამერებში. ამ ახალგაზრდას დაუნახავს, რომ მათ შორის დედამისიც იყო. ნაცისტები პატიმრებს ატყუებდნენ - აბანოში მიგვყავხართო. ამ ახალგაზრდამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ არ უთხრა დედას, სინამდვილეში სად მიჰყავდათ: - დედა, ახლა აბანოში უნდა შეხვიდე. მეც ჭუჭყიანი ვარ და შენთან ერთად შემოვალო. მართლაც, თავგანწირული ყმაწვილი შევიდა დედასთან ერთად გაზის კამერაში. დედა-შვილი ერთად დაიხოცა.
თურმე ადამიანს კი შეუძლია ასეთი საშინელება ჩაიდინოს, მაგრამ არ უნდა დაივიწყოთ ის, რომ არიან ადამიანები, რომლებიც უფალთან ადიან, ადიან სრულყოფის კიბეზე და ანგელოზებს ემსგავსებიან. აი, რამხელა ამპლიტუდაა ადამიანის სულიერი ბუნებისა - ჯოჯოხეთიდან სამოთხემდე.
გავიხსენოთ, თუნდაც ადამიანის შეხედულება ცოდვა-მადლზე. ცოდვა და მადლი მუდამ არსებობდა, მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი ერქვა. ცოდვა მუდამ ცოდვად მიაჩნდათ. ახლა კი იმდენად შეიცვალა ადამიანი, რომ დღეს, XXI საუკუნეში, ცოდვას ჩვეულებრივ მოვლენად, ადამიანის თვისებად აღიქვამენ.
ადამიანი - ურთულესი ქმნილებაა უფლისა. და, რაც არ უნდა ვეცადოთ, ბოლომდე ვერასდროს ჩავწვდებით მის არსს, მის შესაძლებლობას, ან სადამდე დაეცემა იგი, ან რა სულიერ მწვერვალამდე ამაღლდება. ყველას თავისი გზა და ბედი აქვს.
კაცობრიობის წინაშე დგას ურთულესი საკითხი - როგორ განვითარდება ადამიანი XXI საუკუნეში, როგორი ცვლილება მოხდება მასში, საით მიიდრიკება - სიკეთისკენ თუ ბოროტებისკენ. სამწუხაროდ, დღევანდელი ადამიანის მდგომარეობა შეიძლება მთიდან დაგორებულ ქვას შევადაროთ. მხოლოდ უფლის ძალას და მადლს შეუძლია შეაჩეროს მისი დაცემა!
დღეს ჩვენ ვცხოვრობთ მეტად რთულ პერიოდში, როცა კაცობრიობამ მეცნიერებაში, ტექნიკაში უდიდესი ნაბიჯები გადადგა წინ, მაგრამ, ამავე დროს, ადამიანმა ზნეობაში უდიდესი ნაბიჯები გადადგა უკან.
ასევე ძალიან დიდი როლი შეასრულა ქართულმა გალობამ. ქართული გალობა - ეს მართლაც სასწაულმოქმედი ძალაა! ჩვენ რომ მოგვწონს და გვიყვარს ქართული გალობა, ეს საკვირველი არ არის, მაგრამ ქართული გალობა ასევე უყვარს და მოსწონს მთელ მსოფლიოს. მახსენდება ერთი შემთხვევა: ერთხელ საქართველოში ორი რუსი მონოზონი ჩამოვიდა. მითხრეს, - პირველად რომ მოვისმინეთ რადიოში ქართული ხალხური სიმღერები, გვეგონა, რომ ეს სულ გალობა იყოო. ქართულ საეკლესიო საგალობლებსა და ხალხურ სიმღერებს ერთი ფუძე და ერთი სული აქვთ! საგალობელიც და ხალხური სიმღერაც ქართველი კაცის გულიდან არის ამოსული და სწორედ ამიტომ აქვს მართლა სასწაულმოქმედი ძალა.
კავკასია ანუ ის რეგიონი, სადაც ჩვენი ქვეყანა მდებარეობს, ევროპისა და აზიის შესაყარზეა და ბუნებრივია, რომ იგი იყო და არის დიდი კულტურებისა და მათი ინტერესების გადაკვეთის ადგილი.
თუმცა დაპყრობის მსურველი ყოველთვის მრავლად გვყავდა და მუდმივად გვიწევდა ბრძოლა სამშობლოს დასაცავად, საქართველომ შეძლო მთელი ისტორიის მანძილზე საუკეთესო მაგალითი ეჩვენებინა იმისა, თუ როგორ შეიძლება საკუთარი მეობის, სარწმუნოებისა და სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის პარალელურად სხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფებისადმი ტოლერანტობის გამოჩენა.
ჩვენთან არასდროს ჰქონია ადგილი ეთნიკური და სარწმუნოებრივი ნიშნით დევნას, რაც, უპირველეს ყოვლისა, განაპირობა ქართულმა ხასიათმა და მასთან შერწყმულმა მოციქულთა მიერ ნაქადაგებმა ქრისტიანულმა აღმსარებლობამ.
მე კარგად ვიცნობ აფხაზებს იმიტომ, რომ 11 წელი აფხაზეთის ეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ვიყავი და მათ გვერდით ვცხოვრობდი. ქართველებსა და აფხაზებს საუკეთესო ურთიერთობა გვქონდა. ერთად ვხარობდით და ერთად განვიცდიდით, თუ მწუხარება დაგვატყდებოდა ხოლმე თავს. მე არაერთი ნათლული მყავს აფხაზი.
ყველას კარგად გვესმის, რომ ტრაგედია, რომელიც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დარტრიალდა - არ არის არც ქართველების, არც აფხაზების და ოსების ბრალი - ეს არის გარეშე ძალების მიერ ინსპირირებული და ყველამ ვიცით, თუ ვინ არის მთავარი მოქმედი პირი.
მაგრამ იმედი მაქვს, ყველა გაიგებს, რომ არსებობს ერთადერთი გამოსავალი - ესაა გზა მშვიდობისა, გზა შერიგებისა. ჩვენი მხრივ, ეკლესია ყველაფერს აკეთებს, რათა ეს შერიგება რაც შეიძლება მალე მოხდეს. ვიმედოვნებთ, რომ მალე საქართველო გამთლიანდება და ქართველები, აფხაზებთან ერთად, ერთ ძეგლს ააგებენ ძმათამკვლელ ომში დაცემულთათვის.
როცა აფხაზეთში ვიყავი, იქ, ახალ ათონში, ცხოვრობდა ერთი ბერი. მისმა მორჩილმა მიამბო, რომ ერთხელ ბერს განუზრახავს საქართველოდან რუსეთში წასვლა და სწორედ ამ დროს უნახავს სიზმარი. ახალ ათონზე ე.წ. ივერიის მთა კანდელებით გაბრწყინებული უნახავს და თურმე მოესმა ხმა: მთელი საქართველო ასეა გაბრწყინებული, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მფარველობს მას და შენ სად უნდა წახვიდეო?
მინდა შევთხოვო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას და უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს, რომ მართლა გაბრწყინდეს საქართველო და, უპირველეს ყოვლისა, გაბრწყინდეს ჩვენი ცოდვით დამძიმებული გულები.
საქართველოს ეკლესია მუდამ ახლოს იყო მეცნიერებასთან, მუდამ იცავდა და ხელს უწყობდა მის განვითარებას. თუ რა ურთიერთდამოკიდებულებაშია რწმენა და ცოდნა - ეს უძველესი საკითხია; ჯერ კიდევ I-II საუკუნეებში მსჯელობდნენ ამის თაობაზე. ისეთი დიდი ფილოსოფოსი და მეცნიერი, როგორიც იყო კლიმენტი ალექსანდრიელი, დაწვრილებით განიხილავს ამ საკითხს. ამბობს, რომ ორივე აუცილებელია: ცოდნაც და რწმენაც - და ასკვნის: მხოლოდ მორწმუნე ადამიანი არის მონა ღვთისა, ხოლო მორწმუნე და მცოდნე, განათლებული ადამიანი არის მეგობარი უფლისა. სწორედ ამ სრულყოფის კიბეზე უნდა ავმაღლდეთ.
კიდევ ორი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ. ერთი ფსიქიკურად ავადმყოფი ქალბატონი ხანდახან გამოდიოდა ხოლმე ამ მდგომარეობიდან. ავადმყოფებთან დადიოდა მღვდელი. ერთხელ, როდესაც ეს ქალბატონი საღ გონებაზე იყო, ჰკითხა მღვდელს: - მამაო, ეუბნებით უფალს მადლობას იმის გამო, რომ ჯანსაღი გონება მოგცათო? მღვდელი ამბობდა, - მანამდე არც მიფიქრია ამის შესახებ და ამ ქალბატონის კითხვის შემდეგ ყოველდღიურად ვწირავ უფალს მადლობას ჯანსაღი გონებისთვისო. ხშირად ვერ ვაცნობიერებთ, რა მოწყალეა ჩვენს მიმართ ღმერთი.
ერთი კაცი ხშირად რჩებოდა ტაძარში და უყურებდა მაცხოვრის ხატს. ერთხელ მღვდელი მივიდა მასთან და ჰკითხა: - თქვენ ლოცულობთო? არა, - მიუგო კაცმა. მაშ, მხატვრობას სწავლობთ? კაცმა კიდევ უარი უთხრა. აბა, რატომ რჩებით და უყურებთ ამ ხატს? მე ვუყურებ მას, ის მიყურებს მე და ჩვენ, ორივენი, ერთად კარგად ვართო. აი, ასეთი სულიერი კავშირი უნდა იყოს ხატსა და ჩვენს შორის. წმინდა მამები ამბობდნენ, რომ ხატი, ნებისმიერი და, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ნალოცი ხატი - ეს არის სარკმელი, რომლითაც ჩვენ პირველსახეს ვხედავთ. ის ადამიანიც მხოლოდ ხატის გარეგნულ სახეს კი არ უცქერდა, არამედ მისი საშუალებით უფალს უყურებდა და ზეცას ხედავდა.
დადგა დრო შენებისა. ვმადლობთ უფალს, რომ მოვესწარით ამ ჟამს შენებისასა.
კათოლიკოს-პატრიარქი ილია II