თუ მათ იციან მაცხოვრის მცნება უპოვარებაზე და მაინც ასეთი მანქანები ჰყავთ, როგორი ავტომობილები ეყოლებოდათ, ეს მცნება რომ არ ყოფილიყო!
25.11.2010
2009 წლის 15 ნოემბერს გარდაიცვალა სერბეთის სულიერი მამა, პატრიარქი პავლე.
როცა მის უბრალო, მაგრამ დიდებულ ცხოვრებას ეცნობი, გაოცება გიპყრობს. ამნაირი აკეტიზმი, სიმარტოვე, სიტყვის და საქმის თანხვედრა მხოლოდ ძველი დროის მამებს თუ ჰქონდათ.
მისი ბერობა სასწაულმა განსაზღვრა. ტუბერკულოზით დასნეულებულს სამი თვის სიცოცხლეს აძლევდნენ, მაგრამ სასწაულებრივად განიკურნა. ცამეტი წლის მერე, 1957 წელს, ხელი დაასხეს რაშკო-პრიზრენის ეპისკოპოსად, რომლის ეპარქიაშიც შედიოდა კოსოვო-მეტოქიის ეპარქია და მას მართავდა 1990 წლამდე, პატრიარქად არჩევამდე.
როგორც მართლმადიდებელი ბერი, ხორცს არ ჭამდა, ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს მკაცრად მარხულობდა. ყოველ დილით საპატრიარქოს მცირე ეკვდერში ლიტურგიას აღავლენდა. მსახურების წინ თვითონ შეიმოსებოდა და თვითონვე განიმოსებოდა. ის ანაფორა და კაბა ეცვა, რითაც 50 წლის წინ ბერად აღკვეცეს. თვითონ რეცხავდა მათ, კემსავდა, აუთოებდა. თვითონ იმზადებდა საჭმელს. მეწაღეობაც ეხერხებოდა და ერთხელ ქალის ფეხსაცმელებისგან მშვენიერი ჩექმები შეიკერა. ხშირად სხვადასხვა ტაძარში მსახურობდა და თუ დაინახავდა, რომ მღვდელს ანაფორა ან ოლარი გარღვეული ჰქონდა, ეტყოდა, - მომიტანე, გაგიკერავო. ერთხელ სტუმარმა ქალბატონმა დაინახა, რომ პატრიარქს დაკემსილი ჩექმები ეცვა და გაიფიქრა: - სირცხვილი ჩვენ, სერბებს, პატრიარქი რომ ასეთი ჩექმებით დადის. ნუთუ ახალს არავინ აჩუქებსო? ამ დროს პატრიარქი მიუბრუნდა და მხიარულად უთხრა: "ხედავ, რა მშვენიერი ჩექმებია. მე ის საპატრიარქოს წინ, ნაგვის ურნასთან ვნახე, ვიღაცას გადაუყრია. არადა სუფთა ტყავია. ცოტათი გავკერე და გამაგრდა". ერთხელ ერთმა ქალმა დაჟინებით მოითხოვა პატრიარქთან შეხვედრა. შეუშვეს. ქალმა აღელვებულმა უთხრა: - ღვთისმშობელი გამომეცხადა და მიბრძანა, თქვენთვის ფეხსაცმლის საყიდელი ფული მომეტანაო და კონვერტი გაუწოდა. პატრიარქს ფულისთვის ხელი არ უხლია, ალერსიანად ჰკითხა: - რომელ საათზე დაწექით დასაძინებლადო. გაოცებულმა ქალმა მიუგო, - დაახლოებით თერთმეტ საათზეო. "მე გვიან დავწექი დასაძინებლად, დაახლოებით დილის 4 საათზე, - უთხრა პატრიარქმა, - მეც მესიზმრა ღვთისმშობელი და მთხოვა, თქვენთვის გადმომეცა, რომ ეს ფული მისცეთ მათ, ვისაც მართლა სჭირდება დახმარებაო".
როცა მეუფე პავლე ბელგრადში გადავიდა, როგორც ყოველთვის, მხოლოდ ერთი მანტია ჰქონდა. ხორციელი და აგიცა, რომელიც ხშირად სტუმრობდა მას, გაეხუმრა, - რანაირი პატრიარქი ხარ, ერთი მანტია გაქვსო, რაზეც ახალარჩეულმა პატრიარქმა უპასუხა: - მეტი რად მინდა, ერთდროულად ორს ხომ არ ჩავიცვამო. თვითონ უბრალოდ ცხოვრობდა და სხვებსაც ასე ასწავლიდა. ერთხელ, ეპისკოპოსობის ჟამს, ერთ-ერთი მონასტრის დედებმა მანქანის შეძენაზე კურთხევა სთხოვეს, რათა ქალაქიდან უფრო ადვილად ჩამოეტანათ საჭირო ნივთები, რადგან ავტობუსებით მგზავრობისას განსაცდელებს ხვდებოდნენ. უარი უთხრა, - არ შეიძლება მანქანა იყიდო ქვრივებისა და გლახაკების შემონაწირი ფულით, თორემ შეიძლება ისეც მოხდეს, გუბეებში გაატაროთ და გაწუწოთ ისინიო.
პრიზრენის ეპისკოპოსობისას დიდხანს უარობდა ეპარქიის საჭიროებისთვის მანქანა ეყიდა: - ვიდრე კოსოვოში ყველა ოჯახს მანქანა არ ექნება, არც მე მექნებაო. ბოლოს ყველაზე იაფი მანქანის ყიდვაზე დაითანხმეს.
ბელგრადელები ხშირად ხედავდნენ პატრიარქ პავლეს ბელგრადის ქუჩებში, ტრამვაიში, ავტობუსში. ერთხელ პატრიარქი საპატრიარქოში ფეხით მიდიოდა. გზად წამოეწია ბელგრადის ერთ-ერთი ცნობილი ტაძრის სახელგანთქმული მღვდელი ახალთახალი მანქანით და წაყვანა შესთავაზა. პატრიარქი მანქანაში ჩაჯდა. თვალი მოავლო მდიდრულ სალონს და მღვდელს ჰკითხა, - ვისია ეს მანქანაო.
- ჩემია, უწმინდესო, - თავმოწონებით მიუგო მღვდელმა.
- შეაჩერე! - უბრძანა პატრიარქმა.
ჩამოვიდა მანქანიდან, ჯვარი გამოისახა და მღვდელს უთხრა, - ღმერთმა გიშველოსო და თავისი გზით წავიდა.
ერთხელ საპატრიარქოში ტრამვაით ბრუნდებოდა. ვაგონი გაჭედილი იყო. ვიღაცამ დაიძახა, - პატრიარქიო. ყველა კურთხევისთვის მიაწყდა და კინაღამ გადათელეს. მძღოლმა ტრამვაიდან მგზავრები დაბლა ჩაიყვანა, ერთი კარი დატოვა - ახლა სათითაოდ ამოდითო. ყველა რიგის მიხედვით მივიდა პატრიარქთან და კურთხევა აიღო.
საპატრიარქოში ხშირად იხსენებდნენ პარიარქისა და დიაკვნის დიალოგს, როცა ისინი აბანოს ბორცვზე მდებარე ტაძარში წასასვლელად ემზადებოდნენ.
- მანქანით წავიდეთ? - ჰკითხა დიაკონმა
- არა, ავტობუსით! - უპასუხა პატრიარქმა.
ისეთი პირი უჩანდა, პაპანაქება იქნებოდა, ამიტომ დიაკვანს არ უნდოდა ქალაქის ტრანსპორტით მგზავრობა და ცდილობდა პატრიარქის დაყოლიებას, - ჭყლეტა იქნება ავტობუსში, სული შეგვეხუთებაო. მაგრამ უწმინდესი უარობდა.
- მაგრამ, უწმინდესო, ზაფხულია, ახლა ბევრი ბოშათა ჯოჯოხეთში (ბელგრადის პლაჟი) მიდის, ავტობუსი ნახევრადშიშველი ხალხით იქნება სავსე და უხერხულია...
პატრიარქი წამით შეჩერდა, მიუბრუნდა თანაშემწეს და უთხრა: - მამაო, ყველა იმას ხედავს, რაც უნდაო.
ერთხელ პატრიარქმა თავის თანაშემწეებს უთხრა, - კოსოვოში უნდა წავიდეთო. დათქვეს გამგზავრების დღე. დილით მანქანები საპატრიარქოსთან მიაყენეს, მაგრამ პატრიარქი არ ჩანდა. ვიღაცამ ამბავი მოიტანა, - უწმინდესი ვაგზალზე ვნახე, მატარებელში იჯდაო.
2003 წელს, წმინდა სერაფიმეს დღესასწაულზე, მოსკოვიდან საროვომდე სპეციალური მატარებლით ჩამოვიდნენ საპატიო სტუმრები. საროვოში ერთი ბეწო ვაგზალია და მხოლოდ ერთი პლატფორმა აქვს. ჩამოდგა მატარებელი, სტუმრები მანქანებში ჩასხეს და წაიყვანეს. პატრიარქი პავლე დაავიწყდათ. როგორც ჩანს, გვიან გამოვიდა მატარებლიდან. პატრიარქი ვაგზლის ახლოს, თავის ჩემოდანზე მჯდომარე იპოვეს - მშვიდად ათვალიერებდა გარემოს. მხოლოდ სატვირთო "გაზელი" იდგა. პატრიარქი მშვიდად ჩაჯდა მასში სხვა სერბ სტუმრებთან ერთად და სასტუმროში მივიდა.
ერთხელ პატრიარქი საპატრიაქოს შენობას მიუახლოვდა. ალაყაფთან უამრავი უცხოური მარკის მანქანა შენიშნა. ვისიაო. მღვდელმთავრების გახლავთო. გაეღიმა: - თუ მათ იციან მაცხოვრის მცნება უპოვარებაზე და მაინც ასეთი მანქანები ჰყავთ, როგორი ავტომობილები ექნებოდათ, ეს მცნება რომ არ ყოფილიყოო.
ერთხელ პატრიარქი უცხოეთში მიფრინავდა. ზღვაზე გადაფრენისას თვითმფრინავი ტურბულენტურ ზონაში მოხვდა და შეჯანჯღარდა. პატრიარქის გვერდით მჯდარმა ახალგაზრდა მღვდელმთავარმა ჰკითხა, - რას ფიქრობთ, თვითმფრინავი ჩამოვარდებაო? უწმინდესმა აუღელვებლად უპასუხა: - პირადად ჩემთან დაკავშირებით ამას მივიღებ, როგორც სამართლიან აქტს: სიცოცხლეში იმდენი თევზი მაქვს შეჭმული, რა გასაკვირი იქნება, თუ ისინი მე შემჭამენო.
"პატრიარქი პავლე ყველას ხვდებოდა, - ჰყვებიან მასზე, - ვიდრე ცოცხალი იყო მისი და, მასთან ხშირად დადიოდა ფეხით. ისედაც უყვარდა ფეხით სიარული, დაცვისა და თანამგზავრის გარეშე. მასთან ნებისმიერ ადამიანს შეეძლო მისვლა და საუბარი. რეზიდენციაში ყოველდღე იღებდა ხალხს, პასუხობდა კითხვებზე, ყველასთვის პოულობდა ალერსიან სიტყვას. ძალზე ადრე დგებოდა, როცა ყველას ეძინა, ატარებდა საღვთო ლიტურგიას მთელი სერბი ერისთვის. მის გულში მთელი სერბეთი ეტეოდა. ტანად პატარა გახლდათ, მაგრამ სულით დიდებული... არავის განიკითხავდა, არავის საყვედურობდა, თუ ვინმე გასაკიცხი და დასატუქსი იყო, რაიმე შესაფერის ამბავს უყვებოდა ღიმილით. მის გვერდით მყოფთ გაკვეთილად ექცათ პატრიარქისეული გაკვეთილები, მისი ყოველდღიური საქმიანობა.
პატრიარქის რძალი საავადმყოფოში იწვა. სანახავად წავიდა. ადრე იყო ჯერ და არ შეუშვეს. თანამგზავრებს საავადმყოფოს დარაჯისთვის უნდა ეთქვათ, - თუ იცით, აქ ვინ მოვიდაო, მაგრამ პატრიარქმა ისინი შეაჩერა: - არა, არა, აბა, ჩვენ დიდს როგორ აღვასრულებთ, როცა მცირეს აღსრულება არ შეგვიძლიაო და მოთმინებით ელოდა ორი საათი, ვიდრე არ შეუშვეს.
მეუფე პავლე 33 წელი პრიზრენის ეპისკოპოსი გახლდათ და მის თვალწინ ხდებოდა კოსოვოში სერბთა ჩაგვრა. მეორე მსოფლიო ომის დროს ალბანელმა კოლაბორაციონისტებმა კოსოვოდან 100 000 სერბი განდევნეს, 1945 წელს მათ უკან დაბრუნება აუკრძალეს. 80-იანი წლების დასაწყისამდე კიდევ 200 000 სერბი აიძულეს, დაეტოვებინათ სერბული სახელმწიფოს აკვანი. მეუფე პავლესაც ორჯერ დაესხნენ თავს. რა თქმა უნდა, დამნაშავეები "ვერ" იპოვეს. მერე კი ომი ატყდა. სამწუხაროდ, არავინ მოუსმინა მეუფის მოწოდებას: "თუ ვიცხოვრებთ ვითარცა ღვთის ხალხი, ბალკანეთში მშვიდობიანობის ჟამსაც მიწა ყველას ეყოფა. ხოლო თუ კაენს მივემსაგვსებით, მთელი სამყარო ორი კაცისთვისაც მცირე იქნება".
შეუვალი და მკაცრი იყო პატრიარქი ომის დროსაც. 90-იან წლებში, როცა პატრიარქად გამოარჩიეს, მისი გაცნობის სურვილი ბევრმა დელეგაციამ გამოთქვა. მის თანაშემწეებს ეს არ მოსწონდათ. არ იცოდნენ, როგორ მოიქცეოდა, რამდენად გამოამჟღავნებდა დიპლომატიის უნარს იგი, რომელმაც სიცოცხლის უმეტესი მონასტერში გაატარა.
მასთან შეხვედრა მოითხოვა მაშინ ძალზე აქტიურმა უორენ ციმერმანმა, ბელგრადში ამერიკის ელჩმა. პატრიარქმა მიიღო. ელჩმა ამერიკელი ხალხის სახელით მისალმება გადასცა და ზოგად თემებზე საუბრის მერე ჰკითხა პატრიარქს: - რით შეგვიძლია დაგეხმაროთო.
პატრიარქმა შეხედა და უბრალოდ უპასუხა: - ბატონო ჩემო, ხელს ნუ შეგვიშლით და ამით დაგვეხმარებითო!
ციმერმანი დაიბნა. არ იცოდა, რა ეპასუხა, მაგრამ დრომ აჩვენა, რომ ეს ყველაზე ბრძნული თხოვნა იყო.
ომის დროს სლავონიის ერთ-ერთ სოფელში მივიდა პატრიარქი პავლე. მასთან მიიჭრა კბილებამდე შეიარაღებული მებრძოლი, დაუჩოქა და შესძახა: - უწმინდესო, მაკურთხე, უნდა წავიდე და ბოროტება ჩავიდინოო.
პატრიარქი შეძრა მისმა ნათქვამმა. ცოტა რომ დამშვიდდა, კაცს მხრებზე ხელი დაადო, თვალებში ჩახედა და უთხრა:
- შვილო, ნუ ითხოვ სერბეთის პატრიარქისგან კურთხევას ბოროტმოქმედებაზე, რომლის ჩადენასაც აპირებ.
- ეს უნდა გავაკეთო, - უპასუხა და გიმნასტურის გულის ჯიბიდან ფოტოსურათი ამოიღო, - ნახეთ, ესენი ჩემი ნაწამები შვილები არიან...
- საშინელებაა, - ძლივს ამოთქვა პატრიარქმა, - ერთი ბოროტება მეორეს შობს. გინდა, შური იძიო და ნაკლებდამნაშავე იყო, ვიდრე ის დამნაშავენი, ვინც შვილები დაგიხოცა?! ერთ რამეს გეტყვი: როცა ეს დაწყევლილი ომი დამთავრდება და გამოაშკარავდება ყველა ბოროტება და ყველა ბოროტმოქმედი, ბედნიერი იქნება მხოლოდ ის, ვისაც შეეძლება თქვას, - მე არც ერთი დანაშაული არ ჩამიდენიაო. დანარჩენი შენ განსაჯე...
როგორი ბრძნული პასუხია.
ერთხელ, ალბანელთა ჯანყისას, უწმინდესს პრიზრენის ხიდზე ორი ბიჭუნა მიჰყვებოდა. მეუფე გრძნობდა, რომ ბავშვები ავის ჩადენას აპირებდნენ... ესმოდა მათი თათბირი - მანტია სამართებლით როგორ მოვაჭრათო.
- მიდი, - აგულიანებდა ერთი მეორეს, - ვერავინ გვხედავს.
მეუფეს ალბანური ესმოდა. მანტია შეიკეცა და ბავშვებს მიუბრუნდა:
- ხედავთ, ბავშვებო!.. ღმერთი ხედავს!
ერთმა ჟურნალმა, რომელიც წლების მანძილზე კომუნისტურ ძალადობას ეწინააღმდეგებოდა, დაუფიქრებლად იხუმრა პატრიარქ პავლეზე - ფოტომონტაჟით ჯინსებში გამოაწყო, ხელში კალაშნიკოვი მისცა, ქამარზე ორი ყუმბარა და პისტოლეტი ჩამოჰკიდა, მაჯაზე კი მოდური საათი შეაბა. საპატრიარქოში განრისხდნენ. პატრიარქმა ეს მონტაჟი ნახა და თქვა: - ხედავთ, საათიც კი მოუციათ, ცხოვრებაში არ მკეთებიაო.
ერთხელ უწმინდესთან ერთ სოფლის მღვდელს უჩივლეს, - ეკლესიის ეზოს ყურადღებას არ აქცევს, იქაურობას სარეველამ გადაუარაო. მეუფე წავიდა იმ სოფელში, რათა ბრალდების ნამდვილობაში დარწმუნებულიყო.
- რატომ არ აწესრიგებ ეზოს, მამაო? - ჰკითხა ალერსიანად.
- ცელი არ მაქვს! - თავი იმართლა მღვდელმა, - არა, ცელი კია, მაგრამ ტარი არ უკეთია. სოფელი პატარაა, შემოსავალიც მცირეა.
მეორე დღეს მეუფემ ცელი მოუტანა, ტარიც თვითონ გაეკეთებინა და უთხრა: - ახლა კი დაასუფთავე ეზო და ხალხთან თავს ნუ შეირცხვენო.