საქართველოს მთავრობა, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კულტურული კავშირის საქართველოს საზოგადოების პრეზიდიუმი და გაზეთის რედკოლეგია თანაგრძნობას უცხადებდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უწმინდეს სინოდს უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ მეორის გარდაცვალების გამო.
ნეკროლოგში ეწერა, რომ პატრიარქი ეფრემი იყო მშვიდობისთვის აქტიური მებრძოლი, მონაწილეობდა რამდენიმე მსოფლიო ქრისტიანულ სამშვიდობო კონფერენციის მუშაობაში, რომელზეც არაერთხელ გამოსულა სიტყვით. იყო აზია-აფრიკის ერთა სოლიდარობის, საბჭოთა კავშირის მშვიდობის დაცვის კომიტეტის პრეზიდიუმის, სიძველეთა დაცვის კომიტეტის პრეზიდიუმისა და სხვა საზოგადოებათა წევრი. მიღებული ჰქონდა საქართველოს უმაღლესი საბჭოსა და მშვიდობის დაცვის საკავშირო კომიტეტის საპატიო სიგელები. დაჯილდოებული იყო მეორე პანაღიით, მიტრაზე ჯვრითა და უმაღლესი საეკლესიო ჯილდოთი - სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრით; რუსეთის ეკლესიის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, ბულგარეთის, არაბთა ქვეყნების, ჩეხოსლოვაკიის საერთო და საეკლესიო ორდენებით. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ ალექსისაგან მიღებული ჰქონდა ბრილიანტის ჯვარი. მრავალმხრივი საეკლესიო და საზოგადო მოღვაწეობისთვის, დიდი საღვთისმეტყველო ერუდიციისთვის ლენინგრადის (დღევანდელი სანკტ-პეტერბურგი) სასულიერო აკადემიის საბჭოს მიერ მინიჭებული ჰქონდა ღვთისმეტყველების დოქტორის სამეცნიერო წოდება.
1972 წლის 13 აპრილს, სიონის საკათედრო ტაძარში, დილის 10 საათზე წირვა დაიწყო. ურბნელ მიტროპოლიტთან დავითთან (დევდარიანი) ერთად თანამწირველები იყვნენ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი), თეთრწყაროელი ეპისკოპოსი ზინობი (მაჟუგა), ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსი რომანოზი (პეტრიაშვილი), წილკნელი ეპისკოპოსი გაიოზი (კერატიშვილი), უკრაინის ეგზარქოსი ფილარეტი, ყუბანისა და კრასნოდარის მთავარეპისკოპოსი ალექსი, ვოლოკოლამის მთავარეპისკოპოსი პიტირიმი, წირვას ესწრებოდნენ ყოველთა სომეხთა პატრიარქი ვაზგენ პირველი, ეჩმიაძინის არქიმანდრიტი გიორგი, საქართველოში მცხოვრებ სომეხთა ეპისკოპოსი კომიტასი.
სამგლოვიარო ცერემონიალი 14 საათზე დაიწყო. უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ მეორე სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.
დეკანოზი გიორგი (სიდამონიძე): - როცა უწმინდესი ეფრემი გარდაიცვალა, 14 წლის ვიყავი. ამიტომ იგი კარგად მახსოვს.
სანამ პატრიარქის ცხედარს სიონის საკათედრო ტაძრის შუაში დაასვენებდნენ, 2-3 დღე ამავე ტაძრის ჩრდილოეთით მდებარე მიქაელ მთავარანგელოზის მცირე საყდარში ესვენა.
პატრიარქ ეფრემს მაშინდელი საპატრიარქოს შენობაში პირველ სართულზეც ჰქონდა სამუშაო ოთახი და მეორეზეც. ახლაც თვალწინ მიდგას მის საწერ მაგიდაზე მოთავსებული ნივთები, განსაკუთრებით კი ლამაზ ჩარჩოში ჩასმული გრიგოლ ფერაძის ფოტოსურათი, რომელსაც დიდ პატივს ცემდა.
უწმინდესი ეფრემის გარდაცვალებიდან მეორე დღეს მეუფე ილიამ, რომელიც მაშინ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი გახლდათ, დალუქა საპატრიაქოს პირველი სართულის კაბინეტი. პატრიარქის დასაფლავებას უამრავი ხალხი დაესწრო.
არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვიტყვი, რომ უწმინდესი ეფრემი არაერთხელ აღმოჩენილა სიკვდილის პირისპირ. მისი მონაყოლიდან თუ სწორად მახსოვს, ერთ-ერთი საჰაერო კატასტროფა სვანეთში მომხდარა. ცუდი ხილვადობის გამო შვეულმფრენი, რომელშიც იგი იჯდა, ხეობაში ჩამოვარდნილა და ხეზე შერჩენილა. ექვსი მგზავრიდან ყველაზე უვნებელი პატრიარქი ეფრემი გადარჩა. მას მხოლოდ შუბლზე ჰქონია პატარა ნაკაწრი.
- მამა გიორგი, კიდევ რას გაიხსენებდით პატრიარქ ეფრემზე?
- ბაბუა ადრეული ასაკიდან მახსოვს. იგი საოცარი ადამიანი იყო. ვხვდებოდი, რომ ყველასგან განსხვავდებოდა ხასიათით.
ოჯახის წევრები ხშირად დავდიოდით საპატრიარქოში მის მოსანახულებლად. დედაჩემს ხშირად დავყავდით მასთან მე და ჩემი და თამრიკო. იმ დროს საპატრიარქოს შენობაში რკინის რიკულებიანი კარით უნდა მოხვედრილიყავი, რომელიც შიგნიდან ურდულით ირაზებოდა. როცა ზარს ჩამოვკრავდით, სამონაზვნე მანეფა გამოგვეგებებოდა, თბილად მოგვიკითხვდა, მერე პატრიარქს მოახსენებდა ჩვენი მოსვლის შესახებ, რათა მისგან ჩვენი მიღების ლოცვა-კურთხევა გამოეთხოვა. დაკვირვებული ვიყავი, მოუცლელიც რომ ყოფილიყო, ბაბუა მაინც გამონახავდა დროს ჩვენთან სასაუბროდ. მე და ჩემს დას დაწვრილებით გამოგვკითხავდა, როგორ ვსწავლობდით სკოლაში, როგორ ვიქცეოდით შინ თუ გარეთ. მერე თვითონაც გაიხსენებდა სემინარიაში სწავლის პერიოდს, გვიყვებოდა იმ ცნობილ ადამიანებზე, რომლებიც ამ სასწავლებელში აღიზარდნენ და მასთან მეგობრობდნენ. წამოსვლისას აუცილებლად გამოგვაცილებდა ლესელიძის ქუჩაზე. სპორტკომიტეტის შენობასთან (ეს შენობა დღეს საპატრიარქოს ეკუთვნის) მაშინ შადრევანი იყო. ბაბუა ყოველთვის ამ შადრევნამდე გამოგვყვებოდა. გამომშვიდობებისას შუბლზე გვემთხვეოდა და მანამდე იდგა, სანამ თვალს არ მივეფარებოდით. როცა უკან მოვიხედავდით, შორიდან ჯვარს გარდაგვსახავდა. თუ რაიმე მიზეზით მასთან მისვლას დავაგვიანებდით, თვითონ გამოივლიდა ჩვენთან ავტომანქანა "ზიმით", რომელიც ოდესღაც სტალინს უჩუქებია უწმინდესი კალისტრატე ცინცაძისთვის. დიდხანს არ სჩვეოდა გაჩერება. წასვლის წინ გაგვეხუმრებოდა ხოლმე, ზოგჯერ დაგვასაჩუქრებდა კიდეც. მახსოვს, ერთხელ გამოიარა, მაგრამ ძალიან ჩქაროდა - ჩვენს მღვდელმთავარს მამა გარდაეცვალა და ყაზბეგში მივდივარ დაკრძალვაზეო. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს მღვდელმთავარი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია შიოლაშვილი იყო. მამამისისთვის უწმინდეს ეფრემს აუგია წესი.
არასოდეს დამავიწყდება ჩემი ნათლობა. მაშინ 9 წლის ვიყავი. სვეტიცხოვლის პირდაპირ, სპეციალურ სანათლავ ოთახში მღვდელს ახალი დაწყებული ჰქონდა ლოცვების კითხვა, როცა ზარების რეკვა ატყდა და დამლაგებელმა შეგვატყობინა, - უწმინდესი მობრძანდაო. მღვდელმა იმწუთას შეაჩერა ნათლობა, რათა პატრიარქს მიჰგებებოდა, რომელიც ჩქარი ნაბიჯებით მიაბიჯებდა ტაძრისკენ. რამდენიმე წუთის შემდეგ სანათლავ ოთახში შემოვიდა. ჩემთვის იმდენად მოულოდნელი იყო მისი გამოჩენა, ჩემდა უნებურად, ხელებგაშლილი ამოვხტი ემბაზიდან, კისერზე ჩამოვეკიდე და გავწუწე. დედაჩემმა სასწრაფოდ ჩამომსვა ძირს და დამტუქსა. მღვდელი კარგა ხანს ვერ მიმხვდარიყო, რა ხდებოდა და გაკვირვებული გვიყურებდა. უწმინდესმა ეფრემმა ნებართვა აიღო მისგან, თვითონ გაეგრძელებინა ნათლობა.
როდესაც პატრიარქს 70 წელი შეუსრულდა, თბილისის საიუველირო ქარხანამ 200 ცალი მონეტა გამოუშვა უწმინდესი ეფრემის გამოსახულებით. ერთი მედალიონი მან მეც მაჩუქა, რომელსაც დღემდე დიდი სასოებით ვინახავ.
1972 წლის გაზაფხულიდან პატრიარქს ავადმყოფობა მიეძალა. ბოლოს ლოგინად ჩავარდა. ამიტომ ხშირად გვიხდებოდა მისი მონახულება. როცა მეუფე ილიამ 7-გზის ზეთისცხება ჩაატარა, თითქოს საჩვენოსკენ მოიხედა და მომჯობინდა კიდეც, მაგრამ რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
- უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს არაერთხელ უთქვამს ქადაგების დროს, რომ პატრიარქი ეფრემი ბევრჯერ დახმარებია. თქვენ თუ გიგრძნიათ როდესმე მისი შემწეობა და თანადგომა?
- ამის შესახებ საერთოდ არ მისაუბრია არავისთან, მაგრამ რადგანაც შემეკითხეთ, გიპასუხებთ. მისი დახმარება მეც ბევრჯერ მიგრძნია ცხოვრებაში. მეტსაც გეტყვით, სასულიერო პირი მისი მოწოდებით გავხდი.
მოგეხსენებათ, გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლო პერიოდი ძალიან ძნელი აღმოჩნდა საქართველოსთვის. მე პროფესიით ინჟინერი ვარ, მაგრამ იმ პერიოდში უმუშევარი დავრჩი. ერთხელაც უიმედოდ ჩავილაპარაკე შინ მარტოდარჩენილმა - აწი რაღა მეშველება-მეთქი. "ტაძარში წადი, ტაძარში წადი, სხვა გზა არ ეძიო, მალე წადი ტაძარში", - შუაღამის სიჩუმიდან შორეულ ექოსავით გარკვევით მომესმა ხმა. უცნაურმა ჟრუანტელმა დამიარა. წამოვხტი და ღია ფანჯრები მივხურე. როცა დავმშვიდდი, ამოვიცანი უწმინდესი ეფრემის შორეული ხმა. მისი სიტყვები კარგა ხანს ჩამესმოდა ყურში (სხვათა შორის, ის ხმარობდა სიტყვა "ტაძარს", არ მახსოვს, ოდესმე ეკლესია ეთქვას).
ყველაფერი ჩემს მოძღვარს, არქიმანდრიტ ანტონ გულიაშვილს ვუამბე. მისი კურთხევით სასწრაფოდ მოვინახულე თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის ლიტურგიკის ლექტორი ბიძინა გუნია, რომელიც ამჟამად თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძრის დეკანოზი გახლავთ. იგი თითქმის ერთი წელი მამზადებდა მედავითნეობის შესასწავლად. 2001 წლის გაზაფხულზე უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძრის მედავითნედ მაკურთხა, მაგრამ ნინოობას ისე ავად გავხდი, ფეხზე დგომა აღარ შემეძლო. მაღალ სიცხეს სეფსისი დაერთო. მძიმედ ვიყავი. ერთ ღამეს ასეთ სიზმარს ვხედავ: საცაა, სიონში მსახურება უნდა დაიწყოს. უცებ ზარების რეკვა ატყდა და ერთ-ერთმა სტიქაროსანმა გვაცნობა, უწმინდესი ეფრემი მოვიდაო. ადრე, როცა ბაბუაჩემს სიზმარში ვნახულობდი, ყოველთვის ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ჩვენგან წასული იყო, ახლა კი მედავითნის ნათქვამი სრულიად ჩვეულებრივად მივიღე, მაგრამ როცა ტაძარში უწმინდესი ეფრემის მაგივრად ჩვენი დღევანდელი პატრიარქი შემოვიდა, ძალიან გამიკვირდა. ვფიქრობ ჩემთვის: ან რატომ ითქვა, უწმინდესი ეფრემი მოვიდა, ან ტაძარში რატომ არ შემოდის-მეთქი. როცა მედავითნის კათედრიდან ჩემს საკითხავ ლოცვებს მოვრჩი, რატომღაც სიონის ეზოში მომინდა გასვლა. ძველი საპატრიარქოს შენობისკენ რომ გავიხედე, ისეთივე გზა და ეზო დავინახე, როგორიც უწმინდესი ეფრემის პატრიარქობის დროს იყო. შენობის წინ, გრძელ სკამზე ჩამომჯდარი სქემოსანი მოხუცი შევნიშნე, რომელსაც თავსა და მხრებზე ჯვრები და ცისფერი ქერბუმები ჰქონდა გამოსახული და ისეთივე შესამოსელი ეცვა, როგორიც სქემმონაზვნებს აცვიათ. მივუახლოვდი. დავაკვირდი. პროფილით უწმინდესი ეფრემის სახე გამოიკვეთა. ხელში უშველებელი სკვნილი ეჭირა, მიწას ჩაჰყურებდა და ისე ლოცულობდა, თითქოს ვერავის ამჩნევდა. დავუდექი წინ, მაგრამ არ მიყურებს. მაინც გავბედე და ვეუბნები: - სადა ხარ, ბაბუ, რამდენი ხანია არ გვინახიხარ, როგორ მოგვანატრე თავი-მეთქი და ჩვენიანებზე დავუწყე ლაპარაკი. მითხრა: "ყველაფერი ვიცი, ნუ ნერვიულობ, ერთი პერიოდი ყველაფერი აირევა და ამ დროს ენას კბილი დააჭირე, ბევრი არ ილაპარაკო, მერე ისევ კარგად იქნება ყველაფერი. ახლა კი დოესს მიხედეო". გამოვიღვიძე. ოფლში ვცურავდი, მაგრამ იმ წუთიდან იმხელა ენერგია მომეცა, რომ, ფაქტობრივად, იმ დღიდან დაიწყო ჩემი გამოჯანმრთელება.
როგორც კი ფეხზე დავდექი, სიონის ტაძარში ბზობის წინა საღამოს მსახურებაზე არქიდიაკონი დემეტრე დავითაშვილი მეუბნება, - უწმინდესი ილია გიხმობსო. პატრიარქმა მომიკითხა: "უწმინდეს ეფრემს ძალიან გაუხარდება, თუ დოესში იმსახურებ და იმ ტაძარს აღადგენ, რომელშიც შიო სიდამონიძე მსახურობდაო". იმწამსვე გავავლე პარალელი ამ სიტყვებსა და უწმინდესი ეფრემის ნათქვამს შორის და გასაგები გახდა, თუ როგორ უნდა მიმეხედა დოესისთვის. მას შემდეგ ვმსახურობ დოესის წმინდა სამების ტაძარში.
როცა გორისა და სამთავისის მღვდელმთავარს, მეუფე ანდრია გვაზავას დიაკვნად უნდა დაესხა ჩემთვის ხელი, წინა ღამით ისევ ვნახე სიზმარში უწმინდესი ეფრემი, ამჯერად კათოლიკოს-პატრიარქის შესამოსლით. შემეკითხა: უწმინდესი ილია მეორის მშობლებს - გიორგის და ნატალიას რატომ არ იხსენიებო? ამ შენიშვნის შემდეგ ყოველ წირვაზე ვიხსენიებ მათ. გარდაცვალებულთა შორის მეუფე ანდრიას მამასაც ყოველთვის ვიხსენიებდი. ერთხელ ისევ მივიღე სიზმარში უწმინდესი ეფრემის გაფრთხილება, ეპარქიის მღვდელმთავრის დედაც უნდა მოიხსენიოო. მეუფეს ვუამბე ამ სიზმრის შესახებ და ვკითხე დედის სახელი. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი ნინა ცოცხალია, უწმინდესი ეფრემის სურვილით, ცოცხალთა მოსახსენიებელში ყოველთვის ვიხსენიებ.
- მამა გიორგი, უკვე კარგა ხანია, რაც სოფელ დოესში ღვთისმსხურებას ეწევით. ამ ხნის განმავლობაში რა სამუშაოები ჩატარდა ტაძრის აღსადგენად, რომელშიც უწმინდესი ეფრემის მამა მსახურობდა?
- ტაძარი, რომელიც 30-იან წლებში კომუნისტებმა დაანგრიეს, ოქონის ღვთისმშობლის სახელობისა იყო. ამ ტაძრის დღესასწაული ქრისტეს ბრწყინვალე აღგომის ყოველ მეორე დღეს აღინიშნება, ამიტომ, ტრადიციულად, ბრწყინვალე ორშაბათს მეზობელი სოფლებიდანაც უამრავი ხალხი მოდის სანთლის დასანთებად.
ტაძრის საძირკვლის გათხრისას სასულიერო პირთა საფლავები აღმოჩნდა. ისინი დროებით ძვალთშესალაგში მოვათავსეთ და გადავიხადეთ პანაშვიდი მათი სულების საოხად.
ტაძრის წინ, სადაც ადრე შინმოუსვლელთა მემორიალი იყო, დაიდგმება ჯვარი და უწმინდესი ეფრემის ბიუსტი, რომელზედაც უკვე დაწყებულია მუშაობა.