საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველ წლებში მეუფე ეფრემსა და მის ძმას შორის არსებული სარწმუნოებრივი და მსოფლმხედველობრივი განსხვავების მიუხედავად, რაც ახალი ათეისტური ცხოვრების წესმა მოიტანა, უწმინდესი, როდესაც საქმე მოითხოვს, უანგაროდ ეხმარება თავისი ოჯახის წევრებს, უგზავნის მათ თავის ფოტოსურათებს, თავის მიერ გამოცემულ სახარებას, ლოცვების კრებულს, საეკლესიო კალენდარს მოკითხვითა და სამახსოვრო ავტოგრაფით. ძმისადმი გაგზავნილ წერილებსა და ღია ბარათებში მას ვლადიმერის ნაცვლად რატომღაც ლადიმერად მოიხსენიებს. "ჩემს ხორციელ ძმას ლადიმერ სიდამონიძეს ვულოცავ ბედნიერ ახალ წელს, შობას, მრავალს შესწრებოდე სულის სიმშვიდით, - ოჯახის სიცოცხლით", - სწერდა ეფრემი ძმას 1962 წელს გამოცემული საეკლესიო კალენდრის შიგა ყდაზე.
როგორც ამბობენ, პატრიარქის დაუზარელმა ლოცვამ და სულიერმა გარჯამ მოგვიანებით კეთილი ნაყოფი გამოიღო - ლადოს მოხუცებულობის ჟამს ინტენსიურად დაუწყია ტაძარში სიარული.
დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ლოტბარი ქ-ნი თაისი ტორონჯაძე იგონებს: "უწმინდესი ეფრემის ძმა ლადო, რომელიც დიდუბის ეკლესიის მახლობლად ცხოვრობდა, გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ უაღრესად მორწმუნე ადამიანი გახდა. არ გამოტოვებდა არც ერთ ლოცვას ჩვენს ტაძარში და ყველაფერს მორჩილად და წმინდად ასრულებდა. მთელი თავისი შინაგანი მოთხოვნილებითა და განწყობით ერთვებოდა ყოველ წირვა-ლოცვაში. მას ყოველთვის ჯიბით დაჰქონდა ლოცვების კრებული. რაც შეეხება პატრიარქ ეფრემისა და მის ფიზიკურ მსგავსებას, ვერ ვიყვით, რომ ისინი გარეგნულად ჰგავდნენ ერთმანეთს. ლადო უფრო მაღალი, გამხდარი კაცი იყო და სახეზეც სულ სხვა იერი გადაჰკრავდა. ზოგჯერ ტაძარში შვილიშვილიც მოჰყავდა".
უწმინდეს ეფრემ მეორეს სხვადასხვა დანიშნულების რამდენიმე ზარდახშა ჰქონია. მომცრო ზომის ზარდახშაში მამისგან მემკვიდრეობით მიცემულ თანხას ინახავდა, რომელსაც უმეტესად საქველმოქმედოდ იყენებდა და ზოგჯერ, თუ აუცილებლობა მოიტანდა, ოჯახის წევრებსაც შეეწეოდა.
ლადო სიდამონიძის რძალმა, ქალბატონმა ნაზიმ გაიხსენა: "უწმინდესი ეფრემი დიდ პატივს მცემდა და ცდილობდა დამხმარებოდა ბავშვების აღზრდაში. იგი ხშირად გამოივლიდა ჩვენთან დიდუბეში; როცა თვითონ ვერ მოიცლიდა, 2-3 თვეში ერთხელ ჩვენ მივდიოდით მის მოსანახულებლად. როგორც წესი, საზაფხულო არდადეგების წინ, ვიდრე ბავშვებს ქალაქიდან გავიყვანდი, მასთან უნდა მივსულიყავით ლოცვა-კურთხევის მისაღებად. ყოველ სექტემბერში, ახალი სასწავლო წლის დაწყების წინაც ლოცავდა ბავშვებს. მეტყოდა, "ხომ იცი, ამათ არაფერი არ უნდა დააკლოო". რაც შეეძლო, ფულითაც შემეწეოდა.
როცა გიორგი - 9 წლის, თამრიკო კი 5-ის გახდა, გამაფრთხილა: "ბავშვები აუცილებლად უნდა მოვნათლოთო". გადიოდა თვეები და ამ საქმეს რატომღაც ვერა და ვერ მოვაბი თავი, ამიტომ ვეღარ მივდიოდი მასთან, ბავშვები რომ მენახვებინა. ერთხელაც მტკიცე გადაწყვეტილება მივიღე, სვეტიცხოველში წავსულიყავი ბავშვების მოსანათლად. მეც მოუნათლავი ვიყავი და უწმინდესი რომ გამეხარებინა, მღვდელს ვუთხარი, მეც მოვენათლე ბავშვებთან ერთად. ნათლობა დიდი ხნის დაწყებული არ იყო, როცა სვეტიცხოვლის ზარების რეკვა ატყდა. გავიგონე ხალხის ერთმანეთში გადაძახილი - "პატრიარქი მობრძანდებაო". მან თითქოს სულიერად იგრძნო, რომ ჩვენ ვინათლებოდით და ტაძარში არც შესულა, პირდაპირ სანათლავ ოთახში შემოვიდა და მღვდელს სთხოვა: "ნათლობას მე განვაგრძობო". მღვდელი კარგა ხანს გაკვირვებული გვიყურებდა, რადგან არაფერი იცოდა ჩვენი ნათესაური კავშირის შესახებ. პატრიარქი ეფრემი კი იმ დღეს ძალიან გახარებული და ბედნიერი ჩანდა.
გიორგი რომ დაიბადა, სახელი ჩემმა მეუღლემ, კარლომ შეურჩია, ზურაბი უნდა დაგვერქმია, მაგრამ უწმინდესმა ეფრემმა გვითხრა: "რადგანაც გიორგობის თვეში დაიბადა, ამიტომ გიორგი უნდა დავარქვათო". ასე დარჩა მამა გიორგის დღემდე უწმინდესი ეფრემის დარქმეული სახელი.
უყვარდა ჩვენთვის საჩუქრების მოცემა. ჩემს ქალიშვილს თამრიკოს პიანინოს თანხა დაუგროვა, მე ფეხის საკერავი მანქანა მიყიდა, ყოველ 8 მარტს სამკაულებით გვასაჩუქრებდა. როცა შემოივლიდა, უყვარდა ბავშვების მოფერება, დასაჩუქრება. ძალიან თავშეკავებულად ვახშმობდა, ღვინოს სადღეგრძელოს წარმოთქმის შემდეგ სიმბოლურად თუ მოსვამდა. ძალიან მოსწონდა დედაჩემის გაკეთებული ჩურჩხელები. როცა მოსკოვის პატრიარქთან ჩავიდოდა, კახური ჩურჩხელები და მამაჩემის გამოხდილი არაყი ჩაჰქონდა. თვითონ არაყი არასოდეს დაულევია, უბრალოდ, რუსეთში იმიტომ ჩაჰქონდა, რომ სხვას გამასპინძლებოდა".
როგორც პატრიარქის ოჯახის წევრები აღნიშნავენ, უწმინდესი ყველაზე მომთხოვნი თავისი ახლობლების მიმართ ყოფილა. "ჩემი უფროსი და, რომელიც ფრიადოსანი მოსწავლე იყო და გამოირჩეოდა სიბეჯითითა და ნიჭიერებით, ჩემს დაბადებამდე გარდაცვლილა, ამიტომ ჩემი მშობლები და ბიძაჩემი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ ჩვენს ჯანმრთელობას, - ამბობს პატრიარქის ძმისშვილი ნათელა, - სკოლა რომ დავამთავრე, ავადმყოფობამ დამრია ხელი, ერთბაშად დავიკელი წონა და ძალაც დღითიდღე მეკარგებოდა. გამაშუქეს. პლევრიტი აღმომაჩნდა. შეშინებული მოვიდა ბიძაჩემი ჩემს სანახავად. სასწრაფოდ დაკლეს მამალი და ბულიონით სავსე თეფში დამიდგეს წინ. მე დამავიწყდა, რომ ექიმმა უმარილო, დიეტური საჭმელები გამომიწერა და თეფშში ბლომად ჩავყარე მარილი. ამან ბიძაჩემი გაანაწყენა, თეფში ამაცალა და უმარილო წვნიანი დამიდგა. თან კატეგორიულად გამაფრთხილა: "ეს სულ უნდა გაათავოო". მადა საერთოდ არ მქონდა და საჭმელს პირს ვერ ვაკარებდი, ისე ვიყავი დასუსტებული, მაგრამ მისი სიტყვა ჩვენთვის კანონი იყო. რას ვიზამდი, დავემორჩილე მის მოთხოვნას. ცოტა რომ მოვიხედე, ერთი თვით დასასვენებლად გამგზავნა. ექიმს ჩააბარა ჩემი თავი, უთხრა: "პირადად თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ გყავდეთო". აი, ასე ზრუნავდა ჩვენზე".
პატრიარქის ჯანმრთელობა ასაკის მომატებასთან ერთად დღითიდღე უარესდებოდა. რაც გადასახლების წლებში გადაიტანა, თითქოს ყველაფერმა ერთად იჩინა თავი სხვადასხვა სნეულების სახით.
ნათელა სიდამონიძე: "1972 წელი ავადმყოფობით დაიწყო მისთვის. ჩვენ მოვუხშირეთ საპატრიარქოში მასთან სიარულს და მონაცვლეობით ვმორიგეობდით მის საწოლთან, რადგან უმეტეს დროს დაწოლილი ატარებდა. ერთხელ, როცა მე და ბიძაჩემი მარტო დავრჩით, წამოდგომას შეეცადა, მაგრამ ვეღარ შეძლო გავლა. საწოლზე ჩამოჯდა და ერთხანს თავის დასივებულ ფეხებს აკვირდებოდა, მერე დანანებით თქვა: "ეჰ, ჩემო საბრალო ფეხებო, რა არ გადაგიტანიათ, სად არ გივლიათ, ბოლოს მაინც მიმტყუნეთო..."
ნაზი სიდამონიძე: "მისი ავადმყოფობის ბოლო თვეებში კვირაში 2-3 დღეს მე მიხდებოდა მასთან ღამის გათევა. ჩემი სამსახური ახლოს იყო სიონთან და მის სასთუმალთან ღამენათევი, პირდაპირ სამსახურში მივდიოდი. მთელი ღამე არ ეძინა. ხან მე მაყოლებდა ამბებს, ხან თვითონ მიყვებოდა თავისი განვლილი ცხოვრების შესახებ. თან უხაროდა და მადლიერებას გამოხატავდა, რომ ვუვლიდი, თანაც წუხდა: "მთელი ღამე უძილოდ გაატარე და სამსახურში როგორღა უნდა იმუშაოო". ასე ავად იყო და მაინც ჩემზე ფიქრობდა. მარტის ცივ ღამეებში ზოგჯერ პლედს მომახურავდა, რომ არ გავციებულიყავი. ხშირად სახუმარო ამბებსაც მიყვებოდა და ისე ეჭირა თავი, თითქოს არც კი ფიქრობდა სიკვდილზე..."
ანა დავითაშვილი: "ბიძაჩემი ლოგინად რომ ჩავარდა, მეც სწორედ იმ დროს მოვიტეხე ფეხი. იგი ჩემზე წუხდა, მითვლიდა, სასწრაფოდ დავწოლილიყავი ღუდუშაურის კლინიკაში. მის რჩევას დავყევი. ფეხი საოპერაციო შეიქნა. იგი არაფერს იშურებდა ჩემთვის, ვიდრე პირში სული ედგა. როცა ბიძაჩემი გარდაიცვალა, ფეხი თაბაშირში მქონდა და ძლივს შევძელი დაკრძლავაზე მისვლა".
თაისი ტორონჯაძე: "გარდაცვალების წინა დღეებში მეუფე ილია შიოლაშვილი, მე და სემინარიის პედაგოგები ხშირად მივდიოდით პატრიარქ ეფრემის მოსანახულებლად. ძალიან უხაროდა ჩვენი დანახვა. გვეტყოდა: "თქვენ რომ მოდიხართ, ეს უკვე კარგის მომტანია ჩემთვის, რადგან სულ სხვა მადლი მოგყვებათო". ჩვენც გვახარებდა მისი ნახვა, რადგან ძალიან გვიყვარდა. გარდაცვალებამდე მეუფე ილიამ შვიდგზის სცხო ზეთი.
ფიზიკურ სიკვდილს დანატრებულ პატრიარქს ჯერ კიდევ ქუთათელ-გაენათელ-ჭყონდიდელი მიტროპოლიტობის დროს შეუდგენია თავისი საფლავის ქვის ეპიტაფია: "მეყვსეულად განვეშორე მიწიერსა ღვთივმშვენიერსა საკურთხეველსა და მიწა მიწას შთავებნიე საწყალობელი; სული ჩემი იხმო ზეციერმან მსაჯულმან პასუხის-გებად, ამისთვისცა გევედრებით, ლოცვა ჰყოთ ჩემთვის, რათა გამომაჩინოსმცა მსახურად ზეციურსა საკურთხეველსა.
ხელდახმულ ვიქმენ მღვდელმთავრად 1927.III.27. დავიბადე 1896 წ. გარდავიცვალე... მიტროპოლიტი ეფრემი, სიდამონიძე".
სიკვდილის მოახლოების ჟამს პატრიარქ ეფრემს უთქვამს: "დროა უკანასკნელ გზას გავუდგე, ყველას ვათავისუფლებ, ვისთვისაც სასჯელი დამიდვია, ყველას ვპატიობ და პატიებას ვთხოვ მათ, ვისთვისაც მიწყენინებია, ღმერთმა განგვიკითხოს ყველა".
მიტროპოლიტი თადეოზი (იორამაშვილი): "უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს ჩემთვის მოუყოლია: "პატრიარქ ეფრემის გარდაცვალების დღეს ულამაზესი ნათელი ფრინველი შევნიშნე მის სარეცელთან. საკვირველია, ასეთი საუცხოო მშვენიერების ფრთოვანი არსება არც მანამდე და არც მის შემდეგ არსად არასდროს მინახავს... როგორც კი უწმინდესი ეფრემის სულმა მისი სხეული დატოვა, ეს არამიწიერი მშვენიერების საოცარი ფრინველიც უცებ გაქრა მისი ოთახიდანო".
სიმბოლური და წინასწარმეტყველური გამოდგა მეუფე ილია შიოლაშვილის მიერ უწმინდესი ეფრემის ანგელოზის დღეს ნათქვამი სიტყვები - "ვნების კვირიაკე წავიდა, წინ აღდგომაა" - რომლებიც მაშინ პატრიარქის სანუგეშოდ და გასამხნევებლად თქვა.
უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ მეორე სიდამონიძემ 76 წელი იცოცხლა ამქვეყნად და ღვთით განისვენა 1972 წლის 7 აპრილს, ვნების შვიდეულის მიწურულს, წითელ პარასკევს, რომელიც იმ წელიწადს ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს დაემთხვა. ამიტომ მისმა გარდაცვალებამაც სიმბოლური დატვირთვა შეიძინა. ვნების პარასკევი - წელიწადის ყველაზე მძიმე დღე, დღე მაცხოვრის ჯვარცმისა, წამებისა, უფლის მიწიერი სიცოცხლის დასრულებისა, თითქოს გამოძახილია ეფრემ მეორის ამქვეყნიური წამებული ცხოვრებისა და მისი ფიზიკური მიცვალებისა; მეორე მხრივ, ხარება - დღესასწაული კაცობრიობისთვის მაცხოვრის ქვეყნად მოვლინების იმედის გაცისკროვნებისა და ამასთან, თითქოს ზეციური ნიშანი ქვეყნისთვის დამაშვრალი პატრიარქის ღვთიურ სასუფეველში გადასახლებისა და ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის მოახლოებით გამოწვეული უდიდესი სიხარულისა...