გულმხურვალედ მოგესალმებით და მამაშვილურად გეამბორებით. თქვენ ჩემი ყოფილი მოწაფისათვის გ. ჯიბლაძისათვის დაგიბარებიათ: "თუ რამე სჭირდება იპოლიტეს, მაცნობოსო". უსათუოდ თქვენ გულისხმობდით ამ ფრაზას, თუ რაიმე მესაჭირობა მე, თქვენს ღრმად მოხუცებულ მასწავლებელს, პირადად მითანაგრძნობდით და დამეხმარებოდით. მართალია, მე ვერ ვიტყვი, რომ სრულყოფილად კმაყოფილი ვიყო ოჯახური პირობებით და საზოგადოებრივ-ლიტერატურული მოღვაწეობით და ამისთვის ზედმეტი იყოს ჩემთვის ვინმეს დახმარება, მით უმეტეს თქვენი, მაგრამ ჯერჯერობით მე არა მსურს თქვენი შეწუხება".
ასეთი შესავლის შემდეგ იპ. ვართაგავა სთხოვს თავის მოწაფეს, როგორც საქართველოს ეკლესიისა და ქართული სასულიერო მთარგმნელობითი და ორიგინალური ლიტერატურის გულწრფელ მოყვარესა და ავტორიტეტულ დამფასებელს, მხარი დაუჭიროს ისტორიული მნიშვნელობის პატრიოტულ საქმეში. "საქმე შემდეგშია, - წერს ბატონი იპოლიტე, - თბილისის სასულიერო სემინარიის ყველა ყოფილ მოწაფეს, რასაკვირველია, ესმოდა და დღესაც ესმის, თუ რა დიდი ისტორიული მნიშვნელობის იყო მათი გამზრდელი ალმა მატერი.
ყველა მისი ყოფილი მოყვარული მოწაფისთვის სამწუხაროდ, ეს სასწავლებელი მენშევიკების დროს ლიკვიდირებული იქნა და გადაკეთდა მერვე გიმნაზიად 1919 წელს. ეს აქტი უდრიდა ქართულ ეროვნულ შეგნების ერთი დიდი ნაკადის ამოშრობას.
მე გულისტიკივილით გამოვეხმაურე ამ ფაქტს და შეძლებისდაგვარად მოვხაზე და გავარკვიე ამ სასწავლებლის არსებობის უდიდესი მნიშვნელობა. მოვათავსე გაზეთ "საქართველოში" (1919 წ. #110) წერილი სათაურით: "ისტორიული სასწავლებელი" (თბილისის სემინარია).
კარგა ხანია, რაც მე დამებადა აზრი დაწერილიყო ამ სასწავლებლის საინტერესო ვრცელი ისტორია. ამ ისტორიის შესაქმნელად, როგორც გადმომცეს, ხელშეუხებელი, მთლიანი საარქივო მასალა არსებობს დღემდის. ამ არქივს შესწავლა-დამუშავება და სათანადო მეცნიერულ-მხატვრული ჩამოყალიბება და გაფორმება ესაჭიროება, - აღნიშნავს ბატონი იპოლიტე და წუხს, რომ მოხუცებულობის გამო თავად ვეღარ შეძლებს, ხელი მოჰკიდოს ამ საქმეს, ამასთან, არც საარქივო მასალებზე მუშაობის ჩვევა და სათანადო გამოცდილება გააჩნია, - ჩემი შეცდომა შეიძლება ის იყოს, რომ ჩემი აზრ-სურვილი ამ დიდი საქმის გაკეთების შესახებ არ გავუზიარე ნეტარხსენებულთ კალისტრატე ცინცაძეს, ქრისტეფორე ციცქიშვილს, მიხეილ ფხალაძეს (უწმინდეს მელქისედეკს გულისხმობს), კათოლიკოსებს, სემინარიის ყოფილ მოწაფეებს. რომ გამეზიარებინა, შეიძლება რომელიმე მათგანს ინიციატივა აეღო, ყოფილ სემინარიელებისთვის თავი მოეყარა, თათბირი გაემართა და დაევალებინა მათთვის საპატიო შრომის ჩატარება.
92 წლის ასაკში მე მსურს, ეს დანაშაული გამოვასწორო და მოგმართოთ თქვენ შემდეგი თხოვნა-წინადადებით: იყავით და იკისრეთ ამ დიდი საქმის მეთაურ-ორგანიზატორობა".
იპოლიტე ვართაგავა წერილში სახელდახელოდ ასახელებს ყოფილ სემინარიელებს: გოზალიშვილს, სერგი მაკალათიას, თედო ბეგიაშვილს, პროფესორ ევსიხი ცინცაძეს (სახალხო მკურნალს), პოეტ-აკადემიკოს გიორგი ლეონიძეს, პოეტ ვასო გორგაძეს, დოცენტებს მაქსიმე ბერძენიშვილს, ამბროსი ინწკირველს, მწერალსა და მკვლევარს ბენო გორდეზიანს, განათლების სამინისტროს საგამომცემლო განყოფილების გამგეს ტერენტი ტყემალაძეს, გერონტი ჯიბლაძეს, პროფესორ ალექსანდრე გორგაძეს და სხვებს.
ჩვენ არ ვიცით, რა პრაქტიკული ნაბიჯები მოჰყვა მხცოვანი პედაგოგის ამ ინიციატივას, თუმცა პატრიარქი ეფრემი რომ დიდ დაინტერესებას გამოხატავდა თავისი ყოფილი სასწავლებლისადმი, ეს კარგად ჩანს საარქივო მასალების გაცნობისას.
გერონტი ჯიბლაძისადმი გაგზავნილი წერილისთვის, რომელიც 1966 წლის 27 იანვრით არის დათარიღებული, პატრიარქ ეფრემს თან დაურთავს თბილისის მართლმადიდებლური სემინარიის რექტორთა და პედაგოგთა სია ამ სასწავლებელში თავისი სწავლის პერიოდიდან - 1913-დან 1919 წლის ჩათვლით. ამ სიის გაცნობა სრულ წარმოდგენას გვიქმნის, თუ ვინ იყვნენ მაშინ სასწავლებლის რექტორები და მასწავლებლები და რომელი საგნები იკითხებოდა სემინარიაში. ამის გამო საჭიროდ ჩავთვალეთ მკითხველისთვის მისი გაცნობა.
სემინარიის რექტორი ყოფილა არქიმანდრიტი იეროთეოზი, შემდეგ - არქიმანდრიტი მელქისედეკი. "ზოგნი მელქისედეკს წინ გულისხმობენ და შემდეგ იეროთეოზს - ეს არ არის სწორი, შეცდომაა", - განმარტავს უწმინდესი ეფრემი. ამათ შემდეგ დეკანოზი კორნელი კეკელიძე დაუნიშნავთ სემინარიის რექტორად.
სემინარიის ინსპექტორებად დასახელებულნი არიან პეტრე სმედინსკი, ბეკლემიშევი (ცოტა ხნით) და ერუსევიჩი. ერთხანს ინსპექციაში უმუშავია ნიკ. მამინაიშვილსაც.
რექტორის თანაშემწედ უმუშავიათ კონსტანტინე ნალპანისს, მღვდელმონაზონ ანტონ რომანოვსკის (უწმინდესი ეფრემის ცნობით, შემდეგ იგი სტავროპოლის მიტროპოლიტი გამხდარა. მისი გარდაცვალების თარიღად 1963 წელს ასახელებს) და ა. დ. ორნატსკის.
სემინარიაში ქართულ სიტყვიერებას ვასილ ბარნოვი ასწავლიდა, რუსულ სიტყვიერება - იპოლიტე ვართაგავა, მათემატიკას, ალგებრას, გეომეტრიას, ტრიგონომეტრიას - სერგი მალიკოვი და ვასილიევი, ძველ და ახალ სამოქალაქო ისტორიას - თეოდორე ციგანკოვი, ეგზეგეტიკას - სტეფანე მურახოვსკი, ლათინურ ენას - ონიფანტე გამზარდია, ქართულ გალობას - ია კარგარეთელი, რუსულ გალობას - ვიქტორ დანოვსკი, ფილოსოფიის ისტორიას - იანიშევიჩი, გერმანულ ენას - ივანე კლიონოვი, ფრანგულს - თედო სახოკია და პოლკოვნიკი ვესტიჩი, ჰომილეტიკას - ივანე ლადნი. პატრიარქ ეფრემის ვარაუდით, რუსული ლიტერატურის ისტორიას კითხულობდა ვანო ბერიაშვილი, რომელიც, მისივე ცნობით, ბოდბის წმინდა ნინოს მონასტრის ეზოში ყოფილა დასაფლავებული. "სემინარიის მოძღვრის, მღვდელ გრიგოლ გრძელიშვილის საფლავს ვერ მივაგენით", - მითითებულია ჩამონათვალში. ასევე დაუზუსტებელია სიაში მოხსენიებული სოკოლოვისა და ოსი სანაკოვის საქმიანობა, რომელიც მოგვიანებით არდონში გადასულა საცხოვრებლად.
სემინარიის ეკონომოსი ყოფილა მღვდელი რომანოვი, ექიმი - მღვდელი ექვთიმე, საქმის მწარმოებელი - სემიონოვი, გზირი (ფოსტალიონი) - ზვერევი.
ამავე წერილს დართული აქვს იმ რუსი ეგზარქოსების ჩამონათვალი (წლების მინიშნებით), რომლებიც 1811-დან 1917 წლამდე - საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენამდე მართავდნენ ქართულ ეკლესიას (მიტროპოლიტ ვარლამ ერისთავიდან (1811-1817 წ.წ.) საქართველოს უკანასკნელი, მე-19 ეგზარქოსის პლატონის (როჟდესტვენსკის) ჩათვლით).
ჩამონათვალის ბოლოს პატრიარქ ეფრემს განსხვავებული მელნით მიუწერია: "ცნობად: ეგზარქოსი პლატონით დასრულდა რუსეთის ეკლესიის ბატონობა საქართველოს ეკლესიაში. მთავარეპისკოპოსი პლატონი ეგზარქოსობდა 1915-1917 წლებში. 1917 წლის მარტის 12 (25)-ს ავტოკეფალია აღდგენილ იქნა რევოლუციის წყალობით".
თუ რა ტიტანური შრომის ფასად უხდებოდა მას ასეთი ცნობების მოძიება და დამუშავება, ამის შესახებ თვითონვე აღნიშნავდა: "გათენების 3-4 საათზე ვტოვებ სამუშაო ოთახს. სასწრაფო და გადაუდებელი სამუშაოები ბევრია. მე იმ საქმეს ვგულისხმობ, რომელიც სხვას არ მიეცემა და უშუალოდ ჩემი ხელიდან უნდა გამოვიდეს".
ამ წერილის გაცნობისას ერთ საგულისხმო ცნობასაც წავაწყდით: "ერთხელ ბატონ ვასილ ზახარიჩს (იგულისხმება მწერალი ვასილ ბარნოვი - ავტ.) მოვახსენე - თქვენი "ტრფობა წამებული" საუცხოვოზე-საუცხოვო იქნებოდა, რომ არ გქონდეთ სახარების სიტყვები შიგ მოყვანილი: "აღსრულდეს ნება შენი, აჰა, მხევალი შენიო" (დაახლოებით), რომელიც სულ სხვა პირისაგან და სხვა გარემოში ითქვა-თქო... აქ სიბილწეა, იქ კი სიწმინდე-თქო. "ეგზომ რომ არ დამეწერა, ჩემი რომანი მზეს არ იხილავდაო", - იყო პასუხი დიდი ვასილ ზახარიჩისგან".
საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ მეორის რამდენიმე წერილია დაცული.
გერონტი ჯიბლაძისადმი გაგზავნილ ერთ-ერთ დაუთარიღებელ წერილში ვკითხულობთ: "ბატონო ჩემო გერონტი!
თქვენი წერილი დიდი ხანია მივიღე და მოლოდინში, რომ უეჭველად გამოივლიდით და შევხვდებოდით - პასუხი დავაგვიანეთ. უკეთუ ღმერთი ხელს მოგიმართავთ და საქმე დაბეჭდვამდე მივა, მაშინ ჩემს საღმრთო მოვალეობად მიმაჩნია, საგრძნობი წვლილით დავეხმაროთ ამ ფრიად კარგ საქმეს. რა თქმა უნდა, უეჭველად უნდა წავიკითხო ჯერ, რომ არაფერი გაიპაროს მოღლილი მეხსიერებისა და დაქანცულობის გამო...
დაბეჭდვის ნებართვას რომ გამოიტანთ - მე დასაბეჭდად ქაღალდის ფასს ვეცდები გავიღო.
გული მეტს მეტყვის, მაგრამ დღევანდელი ჩვენი ეკლესიის მდგომარეობა თქვენ იცით".
წერილში, რომელსაც ხელს აწერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ მეორე, სამწუხაროდ, არ არის მინიშნებული, რის დაბეჭდვაზეა საუბარი.
უწმინდესი ეფრემი თვითონ მუშაობდა ყოველი საეკლესიო კალენდრის გამოცემაზე. მან მოიძია და დაამუშავა "ქრონოლოგიური ცნობარი ქრისტეს ეკლესიის პირველ საუკუნეთა ცხოვრებიდან" (37 წლიდან, ანუ პავლე მოციქულის მოქცევიდან, 315 წელს ნეოკესარიაში მოწვეული ადგილობრივი კრების ჩათვლით), "საქართველოს ეკლესიის მამამთავართა სია" (IV საუკუნიდან მის დრომდე), "ბიბლიური წინასწარმეტყველების და წმინდა სახელების ახსნა-განმარტებანი" (ანბანური თანმიმდევრობით), "დამოუკიდებლობის აღდგენიდან საქართველოში ჩატარებული ათი საეკლესიო კრებისა და მსოფლიო საეკლესიო კრებების მოკლე ცნობარები", წმინდანთა ცხოვრებანი და სხვა.
პატრიარქ ეფრემის მიერ გამოცემულ ყველა საეკლესიო კალენდარში მოხსენიებული იყო იმ კათოლიკოს-პატრიარქთა გარდაცვალების დღეები, რომლებიც ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ ედგნენ სათავეში ქართულ სამოციქულო ეკლესიას. ამ პატრიარქებს ყოველ კალენდარში თავიანთი ადგილი ჰქონდათ მიჩენილი.
დაბოლოს, ლიტერატურის მუზეუმის არქივში დაცულ კიდევ ერთ წერილს გავეცნოთ, რომელიც უწმინდესი ეფრემის მოღვაწეობის ადრეულ პერიოდს მიეკუთვნება:
"ჩემო ძვირფასო მასწავლებელო იპოლიტე!
ღმერთს ვთხოვ თქვენს მრავალჟამიერს ჯანმრთელობით სიცოცხლეს. ინებოს მან, კეთილად შეიწიროს ის თქვენს მიერ გაწეული შრომა და ამაგი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში უხვად მიგქონდათ თქვენი სამშობლოს კეთილდღეობის საკურთხეველზე... და ვფიქრობ, ძვირფასო მასწავლებელო, რომ შეწირულიმცა არს შრომა თქვენი: მწერლობისა და პედაგოგიური ასპარეზის ხნულში რამდენი კეთილი თესლი (ვინ მოსთვლის) დასთესეთ და ვინ მოსთვლის, რამდენი აღმოცენდა კეთილად! - ასე იწყებს ეპისკოპოსი ეფრემი იპოლიტე ვართაგავასადმი გაგზავნილ წერილს. შემდეგ კი დიდი მობოდიშებით გადადის პირად თხოვნაზე: - საქმე ჩემს ძმას, თქვენს მოწაფეს, ვლადიმერ სიდამონიძეს ეხება. ამ კაცმა 1918 წელს (შემდგომ მე-8 გიმნაზიის მე-7 კლასის სრულყოფისა) პედაგოგიური კურსები მოისმინა ტფილისში და შემდეგ გადაგზავნეს გორის მაზრაში მასწავლებად". როგორც წერილშია მოთხრობილი, დაწესებულების ხელმძღვანელობას ამ კურსების დამთავრების დამადასტურებელი საბუთი გორში არ გაუგზავნია. საჭირო გახდა დოკუმენტის განახლება, რომელზეც იპ. ვართაგავას ხელმოწერაც უნდა ყოფილიყო. სწორედ იმ საქმეში სთხოვს დახმარებას თავის ყოფილ პედაგოგს: "თვითონვე უნდა გხლებოდათ, მაგრამ მოგეხსენებათ - ღარიბი მასწავლებელი კაცია და ერთობ ძვირად უჯდება მოგზაურობა.
ძვირფასო მასწავლებელო! გაწუხებთ ისე, როგორც შვილნი თავის მშობლებს მიმართავენ ხოლმე ჟამსა გაჭირვებისასა..." წერილს, რომელიც 1930 წლის 5 აგვისტოთია დათარიღებული, ხელს აწერს: "უღირსი ეპისკოპოსი ეფრემი, თბილისი, ნავთლუღი".
როდესაც ამ წერილის შესახებ პატრიარქ ეფრემის ძმის შვილიშვილს, გოჩა სიდამონიძეს მოვუყევი, მან მითხრა: "ჩვენს ოჯახში ინახება შიო სიდამონიძის მიერ დოესიდან გამოგზავნილი ღია ბარათი, რომელშიც წერია: "შვილო გიგო! ლადოს ციება შეეყარა და თუ საშუალება გექნება, წამალი გამოაგზავნეო". ეს წერილი უწმინდესმა ეფრემმა მამისგან მაშინ მიიღო, როცა თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. როგორც უფროსი ძმა, ის ყოველთვის ზრუნავდა და ეხმარებოდა ბაბუაჩემსა და მის ოჯახს.
როცა უწმინდესი ეფრემი ავადმყოფობდა, ბაბუას ხშირად დავყავდი მის მოსანახულებლად. გამიღიმებდა, თავზე ხელს გადამისვამდა, მერე უჯრას გამოაღებდა, იქიდან კანფეტს ამოიღებდა და მომაწოდებდა. ასე მეორდებოდა ყოველთვის. ბოლოს, როცა ისე დასუსტდა, რომ ამის გაკეთებაც აღარ შეეძლო, ბაბუაჩემს ეტყოდა: "უჯრა გამოაღე და ბავშვს კანფეტი მიაწოდეო". დღემდე არ მავიწყდება მწოლიარე მოხუცი კეთილი ღიმილით. ასეთიც დარჩა იგი ჩემს ბავშვურ აღქმაში".