ერთ-ერთი ასეთი თავყრილობის დასრულების შემდეგ, ვიდრე სტუმრები სატრაპეზოდ გაწყობილ მაგიდას მიუსხდებოდნენ, საქართველოს ეკლესიის მეთაურს უთქვამს: "ვისაც სად გენებოთ, იქ დაბრძანდით, ბატონებო: ზოგი - თავში, ზოგიც - ბოლოში, ზოგი - მარჯვნივ, ზოგი კი - მარცხნივო". თან ხელით მიუთითებია. ბევრი მიხვდა, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა ამ ჟესტით სუფრას პირჯვარი გადასწერა და ტრაპეზი მართლმადიდებლური წესით აკურთხა, მაგრამ, სტუმარმასპინძლობის ეთიკეტიდან გამომდინარე, აღარავის გაუმახვილებია ამაზე ყურადღება და მომხდარი ხუმრობაში გაატარეს. ერთი შეხედვით, უჩვეულო არაფერი მომხდარა, უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ მეორე ისე მოიქცა, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური უნდა მოქცეულიყო, თუმცა ამ უმნიშვნელო დეტალიდანაც კარგად წარმოჩნდა მისი პიროვნული თვისება - მისთვის ყველგან და ყოველთვის დედაეკლესიისა და მშობლიური ქვეყნის სიყვარული უმთავრესი გახლდათ.
ჟურნალისტ ნაზი შამანაურის შეკითხვას - "თქვენთვის რომ ეკითხათ, სამშობლოს ცნებას როგორ განმარტავდით?" - უწმინდესი ეფრემი პასუხობს: "სამშობლო ერთადერთია, როგორც ღმერთი, ამ ქვეყანაზე და როგორც მგოსანი იტყოდა - "სამშობლო, დედის ძუძუი არ გაიცვლების სხვაზედა". იმავე ინტერვიუში, რომელიც პატიარქის გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე გამოქვეყნდა გაზეთ "სამშობლოში", რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც თავად იყო, იგი ასე განავრცობს ამ საკითხზე თავის მოსაზრებას: "მხოლოდ ის მიაბიჯებს ცხოვრების გზაზე მტკიცედ და დასახულ მიზანსაც ის აღწევს, ვისაც აქვს სიყვარული ერისა... ვინც თავის თავს დაწვავს, როგორც სანთელს, სხვისთვის გზის გამშუქებელი... თავს დავდებ მის საკურთხეველზე..." - ამბობს უწმინდესი ეფრემი, რომლისთვისაც სამშობლო უმთავრესი საფიქრალი, უპირველესი სალოცავი და უმაღლესი საკურთხეველია.
"თვითეულს ერს უჭირავს ხმელეთის განსაზღვრული ტერიტორია - მიწა-წყალი. იგი ამ მიწა-წყალზე იზრდება, შემოქმედების ასაკში შედის, ჰქმნის თავის ეროვნულ კულტურას - სულიერს და მატერიალურს, ზრდის მას ხარისხით და რიცხობრივ, უფრთხილდება და თვით ამით დამტკბარ-დაპურებული, შემდეგ თაობას გადასცემს უფრო გამრავლება-აღმავლობისა და გაკეთილშობილებისათვის.
ბინადარს უყვარს თავისი მშობელი კუთხე ისე, როგორც ბავშვს თავისი დედა; ერს ახსოვს ის ტკბილი რძე, რომელსაც სწოვდა დედის მკერდის საღმრთო ჭურჭლიდან და თუ საჭირო შეიქმნა, თავს დასდებს მისთვის, არ დაიშურებს თავის სიცოცხლესაც, - წერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ მეორე 1970 წლის დამდეგს თავის საახალწლო მილოცვაში, - ქართველი ერი არასდროს ბოგანო არ ყოფილა; მისი სამშობლოა, ყოფილა და არის ის პატარა მონაკვეთი, რომელიც თვალ-მარგალიტივით მოჭედილ ძვირფას ხატივით ასვენია ორ გაყრილ ძმათა - შავი და კასპიის ზღვას შორის, ორ ისლამის ოკეანეთა - სპარსეთისა და ოსმალეთის შორის.
ბევრს სურდა და სურთ - ხელში ჩაეგდოთ ეს ნამდვილი "ცა - ფირუზ, ხმელეთ - ზურმუხტი" მხარე და ვერა და ვერ მოახერხეს დაპყრობა მისი... მხოლოდ კალთები ჩამოაჭრეს. დიახ, ამ გამუდმებულ ხმლისა და ფარის ტრიალში, ამ მძიმე პირობებში ქართველმა არამცთუ დაივიწყა წიგნი და მწერლობა, - პირიქით, მოახერხა საკუთარი კულტურის ენა და მწიგნობრობა მისი განვითარების უმაღლეს წერტილამდე აეყვანა".
მწერალ გიორგი ხორგუაშვილს, უწმინდეს და უნეტარეს ეფრემ მეორესთან მრავალი წლის ნაცნობობა და სიახლოვე აკავშირებდა. იგი მონაწილე იყო 1969 წელს თბილისში ჩატარებული საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების ყრილობისა, რომელზეც მეცნიერების, ხელოვნების, საზოგადო მოღვაწეთა, მთავრობისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიც მიუპატიჟებიათ.
მოვიყვანთ რამდენიმე ფრაგმენტს მწერალ გიორგი ხორგუაშვილის ნარკვევიდან "რწმენის რაინდი", რომელიც გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" რამდენიმე ნომერში იბეჭდებოდა:
"ეფრემ მეორის მარცხნივ იჯდა ქართული სიტყვის დიდოსტატი კონსტანტინე გამსახურდია, რომელიც ძალიან თავისუფლად იქცეოდა. უცებ წამოდგა ფეხზე და ბრძანა: "რას მოვესწარი, მწერალი-აკადემიკოსი ორ დიდ პიროვნებას შორის ვზივარ - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და საქართველოს კომპარტიის ცეკას მდივანს შუაო. ეს კარგის მომასწავებელია, ღმერთიც ჩვენთანაა და მთავრობაცო. ღმერთო, მომასწარი მათი აზრების შეთვისებასაო".
ხუთიოდე გამომსვლელის მერე სიტყვა სთხოვეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეფრემ მეორეს, რომელიც, როგორც ითქვა, თვალტანადობითაც გამოირჩეოდა, სამოსითაც და თეთრი წვერითაც, სულხან-საბა ორბელიანს რომ მოგვაგონებდა. მიუხედავად ხანდაზმულობისა, ვაჟკაცურად, წელგამართულად, ზვიადად აბრძანდა კათედრაზე და დინჯად წარმოთქვა მოკლე, მაგრამ საქმიანი და სიბრძნით გაჯერებული სიტყვა, რასაკვირველია, ზეპირად, და თავისი მჭევრმეტყველებით თავისდაუნებურად დაჩაგრა მის წინ გამომსვლელებიც და მომდევნონიცა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მადლიერება გამოთქვა მთელი საზოგადოების, მთელი ქართველი ხალხის მიმართ ეკლესიებზე საყოველთაო-სახალხო ზრუნვისათვის, დაემადლიერა აგრეთვე ირაკლი ციციშვილს, რომელსაც შეუქო ნიჭიც და ძალისხმევაც ქართულ ეკლესიებზე გაწეული ამაგისათვის. დაემადლობა საქართველოს მთავრობასაც და დასძინა: ვინატროთ, რომ ყველა ქართული ეკლესია და ტაძარი აღდგეს და, არანაკლებ არის მთავარი, ამოქმედდეს კიდეც. კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ მეორემ ყურადღება გაამახვილა საზღვარგარეთ არსებული ქართული ეკლესიების მდგომარეობაზე, რომელთა შესახებ, როგორც ჩანდა, საკმაო ინფორმაცია ჰქონდა. ითქვა ისიც, საზღვარგარეთ, განსაკუთრებით კი თურქეთში, ვერაგულად ექცვიან ქართულ ეკლესიებსო".
წერილის დასკვნით ნაწილში მწერალი შეეცადა აღედგინა უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ მეორის გამოსვლის ის ნაწილი, რომელსაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოუხდენია ფორუმზე შეკრებილ საზოგადოებაზე:
"თქვენთვის ცნობილია ის, თუ თურქეთში არსებული ქართული ეკლესიები რა დღეშია. სამარცხვინოა და სავალალოა, რომ ბოსლებად და საწყობებად არიან ქცეულნი, ზოგი მათგანი მეჩეთებადაც კი გადააკეთეს. ეკლესიების უმრავლესობა უღმერთოდ ნადგურდება...
რაოდენ სამწუხაროა, რომ იქ, თურქეთში, ხელი ვერ მიგვიწვდება და ვერაფრით ვერ გვიშველია, მაგრამ ამ ჩვენს საინგილოში რაღა გვემართება, რატომ ვერა ვპატრონობთ?! თუკი საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების მეგობრები ვიყავით და ვართ, როგორც იტყვიან, ხელისგულზე ვატარებთ და მათ სალოცავებს პატივსა ვსცემთ და ვიცავთ კიდეც, რატომ ისინი არ აქცევენ ყურადღებას საინგილოში არსებულ ჩვენს ქართულ ქრისტიანულ ეკლესიებს, რომლებიც ინგრევა და, თურქეთისა არ იყოს, სინაგოგებად და მეჩეთებად აქვთ გადაქცეული და გამოყენებული? კი, მეც თქვენთანა ვარ, აზერბაიჯანელები ჩვენი კარის მეზობლები არიან, მაგრამ მახსენდება ქართული ხალხური ნათქვამი:
"ყველა ადამის შვილი ვართ, თათარიც ჩვენი ძმა არის,
ჩვენსა და სომხებს შორისაც გასაყოფელი რა არის?!"
ჰოდა, ქართველ ხალხს რომ ასე გაუღია გული და იმათაც ძმად სთვლის, რატომ ისინი არ გვეძმობიან?! თუ ჩვენ ვიძმობთ აზერბაიჯანელებსაც და სომხებსაც, რატომ ისინი არ გვიძმობენ და გვიმეგობრებენ? ცალმხრივი მეგობრობა სადა თქმულა?"
დარბაზი გასუსულიყო. პრეზიდიუმში მსხდომნი, მეტადრე მთავრობის წარმომადგენლები, უხერხულად შეიშმუშნენ, ეფრემ მეორე კი კვლავ დინჯად განაგრძობდა:
"ქართველებს გვაქვს ბრძნული ნათქვამი: "ძმამ ძმას ანგარიში უყო, ისევ ძმები იყვნენო". ჩვენც ასე მოვიქცეთ: ჩემი ეკლესიები მე მქონდეს, იმათ თავისი ღმერთმა მოახმაროს".
დარბაზში მსხდომნი კვლავ ჩაფიქრდნენ და პრეზიდიუმშიც ბარე ორს აუცახცახდა ტანი და ჭერს შეაპყრო თვალები".
ვფიქრობ, აქ მოთხრობილმა ამბავმა ბევრი ჩვენი თანამედროვე უნდა დააფიქროს, რადგან ეს საკითხი, რომლის შესახებაც უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ მეორე 40 წლის წინ მწვავედ საუბრობდა, სამწუხაროდ, დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება და კვლავაც ინარჩუნებს აქტუალობას ჩვენს ქვეყანაში.
ისევ მოვიშველიებ უწმინდესის სიტყვებს ეპისტოლედან:
"ქართველს კარგად ესმოდა, რომ იგი თავისი საკუთარი ბედის მჭედელი თვითონვე იყო და სულ ადრე დაადგა დიდ სულიერ და მატერიალურ-კულტურულ ცხოვრებას... სულ ადრე - ხუთსავე ხელოვნებაში მოიპოვა გამარჯვება და მსოფლიო ოჯახის დიდ საგანძურში შევიდა საკუთარი განძით, ვითარცა თანასწორი თანასწორთა შორის.
უყვარდა და უყვარს თავისი მამული... პატივს სცემდა და სცემს მეზობელთა. დიახ, პატივს სცემს პატიოსან მშრომელთ, კეთილად აღზრდილ ადამიანს და უწინარეს - კარის მეზობელს. ასე მსჯელობდა და მსჯელობს თითოეული პატიოსანი მშრომელი ქართველი ადამიანი. მთის არწივის - ვაჟას სიტყვით რომ ვთქვათ, - "სამშობლოს არვის წავართმევთ, ჩვენც ნურვინ შეგვეცილება, თორემ ისეთ დღეს დავაყრით, მტერსაც კი გაეცინება".
ერთხელ მინისტრთა საბჭოს სხდომაზე უწმინდეს და უნეტარეს ეფრემ მეორეს ბატონი გივი ჯავახიშვილისთვის ხმამაღლა უთქვამს: "ჩაიზე მოლა მეპატიჟება, სადილად - იუდეველი, ვახშმად - გრიგორიანელი. როდემდე უნდა გავუძლო ასეთ ყოფასო". აღელვებულს კვერთხიც დაურტყამს ძირს და პროტესტის ნიშნად ჩქარი ნაბიჯით დაუტოვებია მთავრობის მეთაურის რეზიდენცია (არქიმანდრიტ გაბრიელის (ჩოჩიშვილი) ნაამბობიდან).
მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს მისი უწმინდესობა არ გამოხატავდა კეთილგანწყობას საქართველოში მცხოვრები ეროვნულ-სარწმუნოებრივი უმცირესობებისადმი. დეკანოზმა ელგუჯამ (ლოსაბერიძე) ასეთი რამ გვიამბო: "რამდენიმე თვის განმავლობაში უწმინდესი ეფრემის მორჩილებაში ვიმყოფებოდი. ერთ დილას სიონის ტაძრის ეზოში ვისხედით მე და კიდევ რამდენიმე სასულიერო პირი. ამ დროს აზერბაიჯანელმა მუსულმანებმა ჩამოიარეს. როცა ტაძარს გაუსწორდნენ, შეჩერდნენ და თავი დაუკრეს. კარგა ხანს ასე იდგნენ, შემდეგ ჩვენკენ შემოტრიალდნენ და პატრიაქსაც მოწიწებით მიესალმნენ. რა თქმა უნდა, ჩვენც სალმითვე ვუპასუხეთ. როცა გზა განაგრძეს, უწმინდესმა შემოგვხედა და გვითხრა: "ნახეთ, შვილებო, როგორ მოიქცნენ ეს ბიჭები. მართალია, ისინი ქრისტიანები არ არიან, მაგრამ იმოდენა შიში და რიდი აქვთ უფლისა, რომ ჩვენს ტაძარს თავი მოუდრიკეს და გულში ლოცვით განადიდეს უფალი. ჩვენ, როგორც ქრისტიანებს, მით უფრო გვმართებს ადამიანებისადმი უდიდესი სიყვარულისა და ყურადღების გამოვლენა, რა ეროვნებისა და სარწმუნოებისაც არ უნდა იყვნენ ისინი, რადგან ამას გვავალებს ჩვენი სარწმუნოება".
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ მეორე შეშფოთებული იყო იმით, რომ სახელმწიფო ყოველწლიურად უზრდიდა ეკლესიას საშემოსავლო გადასახადს. სასულიერო პირს ძალიან უჭირდა თვიდან თვემდე თავის გატანა და ოჯახის რჩენა. ღვთისმსახურს, ფაქტობრივად, აღარაფერი რჩებოდა იმ მცირედი შემოწირულობიდან, რომელიც მას ნათლობის, ჯვრისწერის, პარაკლისის, წესის აგების, პანაშვიდისა თუ სხვა საეკლესიო მსახურებისთვის უნდა მიეღო. ამასთან, ყოველი საიდუმლოება ფარულად უნდა ჩაეტარებინა, რადგან სახელმწიფო ამასაც აკონტროლებდა.
60-იანი წლების დასაწყისში სახელმწიფოს მიერ იბეგრებოდა საეკლესიო შემოსავლების დაახლოებით 80 პროცენტი.
"უწმინდეს ეფრემს არ უყვარდა ლაპარაკი თავისი საქმიანობის შესახებ. მით უმეტეს, არასოდეს უსაუბრია ოჯახის წევრებთან თავის პრობლემებზე, - გვითხრა პატრიარქის ძმისშვილმა ქალბატონმა ნათელამ, - ჩვენს სანახავადაც იშვიათად მოდიოდა, მაგრამ როცა შემოივლიდა, ყოველთვის ჩვენს გამხიარულებას ცდილობდა. ერთხელ ჩვეულებრივზე მეტად ჩაფიქრებული მეჩვენა, ლაპარაკსაც თავს არიდებდა. წასვლის წინ დაღონებულმა თქვა: "ეკლესიას ძალიან დიდ გადასახადს ადებენ. თუ ასე დაგვბეგრავენ, გადახდა შეუძლებელი იქნება და არ ვიცი, მერე რა მოხდება. ამაზე ახლა ერთი მაღალი თანამდებობის პირს ვესაუბრე და სწორედ იქიდან მოვდივარო". მას არ დაუკონკრეტებია, ვის ესაუბრა და ვერც ჩვენ შევბედეთ, რაიმე გვეკითხა".
1961 წლის 1 სექტემბერს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მამა მექი (ხელაძე) უწმინდეს ეფრემს ატყობინებდა: "მთელი ზაფხულის განმავლობაში ძალიან მცირე შემოსავალია მღვდელმოქმედების შესრულების ხაზით. მომეტებულ შემთხვევაში, მთელი კვირა ისე გავა, გულზე პირტახილის დადება მენატრება. არავინ არ მოდის არც მარილის საკურთხებლად, არც მოსანათლად და აქ მეტის მოთხოვნილებაც არაფრის არის. ამის გამო ძალაუნებურად მიხდება ამ უდაბნო ადგილას, ოჯახურ სიყვარულს მოკლებული, მთელი კვირა ჯდომა, რომ ეგების, ის მცირეოდენიც არ დავკარგო, რომელიც შესაძლებელია იქნეს-თქო".
საგონებელში ჩავარდნილი პატრიარქი გამოსავლის ძიებაშია, რადგან თუ ეს საკითხი ნაწილობრივ მაინც არ მოგვარდება, აღარც მოხუცებული ღვთისმსახურები გაუჩერდებიან, რომლებიც ისედაც თითებზე ჩამოსათვლელნი არიან და ამდენი ბრძოლით დაღლილ-დაუძლურებულნი, პენსიაზე გასვლას ითხოვენ. "საკათალიკოსოს საეკლესიო მმართველობის მოხელენი აქამდე იბეგრებოდნენ საშემოსავლო გადასახადით მე-9 მუხლით. ახლა კი მოვითხოვთ, მე-5 მუხლით იყვნენ დაბეგრილნი. ეს შეღავათიანია ყოველმხრივ", - წერს უწმინდესი ეფრემი იპოლიტე ვართაგავას და შექმნილ ვითარებას "მძიმე დამნაშავის ყელზე გასანთლულ თოკის ყულფს" ადარებს.