ამის მიუხედავად, საქართველოს ეკლესიის წარმატებები მაინც თვალსაჩინოა. გამოიცა საუკეთესოდ შედგენილი "საეკლესიო კალენდარი", სულ მალე მას მოჰყვა იმ დროისთვის მაღალპოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული "ლოცვანი" და "ახალი აღთქმა". "იგი უშუალოდ გიორგი მთაწმინდელის ხელიდან არის გამოსული 1065 წელს. ბედნიერად ვთვლი ჩემს თავს, რომ წილად მხვდა ასეთი იშვიათი ძეგლის გამოცემა", - მადლიერებას გამოთქვამს უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ მეორე ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში ამერიკელ კორესპონდენტთან საუბრისას. მისი განცხადებით, ეკლესია ინარჩუნებს ლოიალურ კურსს სახელმწიფოს მიმართ იმის გათვალისწინებით, რომ ერთობლივი ძალით ქვეყნისთვის მეტი სასარგებლო საქმის გაკეთება შეძლონ. ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ სად იძენს მოზარდი თაობა ცოდნას რელიგიის შესახებ, კათოლიკოს-პატრიარქი პასუხობს: "როგორც აღვნიშნეთ, სკოლა გამოყოფილია ეკლესიისგან, ხოლო ეკლესია - სახელმწიფოსგან. რჯულის საკითხი კერძო საკითხად ითვლება ჩვენში, ამიტომ ეს საკითხი მთლიანად დამოკიდებულია პიროვნებაზე და ოჯახზე. გვაქვს საეკლესიო სკოლები, სადაც მსურველთ შეუძლიათ შევიდნენ სასწავლებლად". ასეთი დიპლომატიური პასუხით კათოლიკოს-პატიარქი ტაქტიანად მიანიშნებს უმაღლეს ხელისუფალთ, კანონების შექმნასთან ერთად, პატივი სცენ საბჭოთა კავშირის კონსტიტუციას და ამით ბევრ უხერხულობას აიცილებენ თავიდან.
გასული საუკუნის 60-იან წლებში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, რუსული მართლმადიდებელი და სომხური გრიგორიანული ეკლესიების გარდა, ეკრძალებოდა სხვა ქვეყნების ეკლესიებთან კონტაქტის დამყარება, ვიდრე 1962 წლიდან ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ოფიციალურად არ გაწევრიანდა მსოფლიო საეკლესიო საბჭოში. დღემდე ცხოველ ინტერესს იწვევს, რამ განაპირობა ჩვენი ეკლესიის შესვლა ეკუმენურ გაერთიანებაში - სახელმწიფოს ძალდატანებამ ითამაშა გადამწყვეტი როლი თუ ეს საქართველოს ეკლესიის მეთაურსა და წმინდა სინოდის წევრებს აძლევდა ხელს. ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, მაგრამ ალბათ ორივე ფაქტორი მნიშვნელოვანი იყო. "როცა პატრიარქ ეფრემს უთხრეს, ეკუმენურ გაერთიანებაში შესულიყო, ის აღელვებული დაბრუნდა რელიგიის საქმეთა რწმუნებულისგან, მაგრამ არავის უთხრა, რა მოხდა, მარტო მონაზონმა გაიგონა, როგორ თქვა თავისთვის: "მათ უნდათ, ყველაფერი სხვანაირად იყოს", - წერს არქიმანდრიტი რაფაელი.
როგორც დრომ დაგვანახა, საქართველოს ეკლესიის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებას დადებითი მხარეც ჰქონდა - იმ პერიოდში შეუძლებელი იქნებოდა სხვაგვარი არჩევანის გაკეთება, რადგან საქმე ჩვენი ეკლესიის გადარჩენას ეხებოდა. მივყვეთ მოვლენათა განვითარებას.
1962 წლის 4 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ მეორე მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს გენერალურ მდივანს ვისერტ-ხუვეტს ასეთი შინაარსის წერილს უგზავნის: "საქართველოს უძველესი მართლმადიდებელი ეკლესიის საღმრთო სინოდის და ჩემი სახელით, როგორც ეკლესიის თავი, მოგმართავთ ამა განცხადებით - საქართველოს ეკლესიის მსოფლიო საეკლესიო საბჭოში წევრად შესვლისათვის.
თანახმა ვარ იმ ბაზისისა, რომელიც ნათქვამია მსოფლიო საეკლესიო საბჭოს კონსტიტუციის პირველ მუხლში.
ჩვენ ვაცხადებთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც დასაბამი აქვს IV საუკუნიდან - ავტოკეფალიურია და აქვს ურთიერთკავშირი სხვა ავტოკეფალიურ ეკლესიებთან, რაც აუცილებელი პირობაა მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს წესდებით.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მუდამ ანიჭებდა პირველხარისხოვან მნიშვნელობას ეკლესიათა ურთიერთდაახლოების საკითხს - განსამტკიცებლად ძმობისა, სიყვარულისა, მშვიდობისა ხალხთა შორის.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს ერთსა წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას, რომელიც ლოცულობდა და ლოცულობს "კეთილად დგომისათვის წმიდათა ღვთისა ეკლესიათა და ერთობისა მათისათვის", - ნათქვამი იყო ჟენევაში გაგზავნილ წერილში.
სხვა საბჭოთა რესპუბლიკების ეკლესიებთან ერთად (რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ჩათვლით) მსოფლიო საეკლესიო საბჭოში განსხვავებული მრწამსისა და რელიგიური აღმსარებლობის წარმომადგენლებიც გაერთიანდნენ.
ყველასთვის უცხო და უცნობ ორგანიზაციაში შესვლა ისე სწრაფად მოხდა და იმდენად სტიქიური იყო, რომ ბოლომდე ალბათ ვერავინ აცნობიერებდა, რა მიზანს ისახავდა მასში გაერთიანება ან რა საფრთხე იმალებოდა ყოველივე ამის უკან. თუმცა, როდესაც მოვლენებს დღევანდელი გადასახედიდან ვაფასებთ, ვხედავთ, რომ მსოფლიო საეკლესიო საბჭოში გაწევრიანებამ ათეისტური სახელმწიფო უფრო მეტად დააზარალა, ვიდრე ჩვენი ეკლესია, რომელმაც ამ ორგანიზაციის წევრობა თავისი მიზნებისთვის გამოიყენა, საბჭოთა ხელისუფლებას კი ახალი მსოფლიო წესრიგის პირისპირ ბევრ დათმობაზე მოუწია წასვლა.
გამოხდა ხანი და ათეული წლების გამოცდილებამ ისიც კარგად დაგვანახა, რა საშიშროების შემცველი იყო ეკუმენურ გაერთიანებაში ყოფნა ისეთი დიდი კულტურული მემკვიდროებისა და მართლმადიდებლური ტრადიციის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, მაგრამ, უფლის შემწეობით, როცა ამის აუცილებლობა შეიქნა, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს ეკლესიამ მოახერხა ამ ორგანიზაციიდან თავის დაღწევა.
"მსოფლიო საეკლესიო საბჭოში გაწევრიანების შემდეგ უწმინდესსა და უნეტარეს ეფრემ მეორეს ხშირად უწევდა საზღვარგარეთ მოგზაურობა, - მოგვითხრობს დეკანოზი გ.ს., - ერთ-ერთ შეკრებაზე, როცა ეკლესიათა მეთაურები ჩამოთვლიდნენ, რომელ ქვეყანაში რამდენი სასულიერო სასწავლებელი, სემინარია და აკადემია ფუნქციონირებდა, სანამ ჯერი ჩვენი პატრიარქის გამოსვლაზე მიდგებოდა, მთავრობის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა უწმინდეს ეფრემს ჩუმად გადაულაპარაკა: "იქნებ თქვენც თქვათ, რომ ჩვენთანაც არსებობს ასეთი სასწავლებელიო". უწმინდესმა ეფრემმა მაშინ მართლაც არ გააწბილა ეს პიროვნება და თხოვნა შეუსრულა, მაგრამ როგორც კი სამშობლოში დაბრუნდა, უთხრა: "სულ მალე იმ ქვეყნის დელეგაცია თბილისში ჩაატარებს შეკრებას და, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიცრუეში რომ არ გამოიჭირონ, სასწრაფოდ უნდა გაიხსნას სასულიერო სასწავლებელიო". ასე გაიხსნა მცხეთის საღვთისმეტყველო კურსები, რომელიც ცოტა ხანში სემინარიად გადაკეთდა".
"მშვიდობის მოპოვებითა და შრომის ნაყოფიერებით განისაზღვრება დრო და სიგრძე ბედნიერი ცხოვრებისა. კურთხეულია მშვიდობა, რომლის შესახებაც დაუცხრომლად ლოცულობს წმინდა ეკლესია, რისთვისაც იღვწიან და შრომობენ კეთილგონიერნი და შორსმჭვრეტელნი სახელმწიფოს ხელისუფალნი", - წერდა უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ მეორე საშობაო ეპისტოლეში. მას მშვიდობიანი ცის ქვეშ ცხოვრება შრომის, სიუხვის, კეთილდღეობის, საზოგადოებრივი წესრიგისა და სასარგებლო მოქმედების გარდაუვალ პირობად მიაჩნდა.
მეორე მსოფლიო ომი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, როდესაც შორეული გადასახლებიდან ახალდაბურნებულმა ეპისკოპოსმა ეფრემმა საპენსიო სალარო დააარსა, რომლიდან შემოსული თანხაც ფრონტზე იგზავნებოდა ჯარის დასახმარებლად. კათოლიკოს-პატრიარქობის წლებშიც იგი დაუცხრომლად იღვწოდა სამშვიდობო ასპარეზზე. 1960 წელს პრაღაში გამართულ ქრისტიანულ სამშვიდობო კონფერენციაზე მის სიტყვას ფართო გამოხმაურება მოჰყა მსოფლიო პრესაში. "კაცობრიობისთვის ბედნიერება მოაქვს მშვიდობასა და სიყვარულს და არა მახვილს. ღმერთი ჩვენი არის ღმერთი მშვიდობისა და სიყვარულისა. ვინც ეწინააღმდეგება მშვიდობას, იგი ეწინააღმდეგება ღმერთს", - ასეთი სამშვიდობო მოწოდებებით უწმინდესმა და უნეტარესმა ეფრემ მეორემ მსოფლიოში გაითქვა სახელი. იგი აირჩიეს მშვიდობის დაცვის კომიტეტის წევრად.
ერთხელ, როდესაც მსოფლიო საბჭოს კონფერენციაზე მისთვის სიტყვის წარმოთქმა უთხოვიათ, ტრიბუნაზე ასულ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს პირველ რიგში მჯდომი ამერიკელისთვის მიუმართავს: "შენ, ამერიკელს, გინდა ომი?" მას უპასუხია: "რასაკვირველია, არა". "არც მე მინდა", - უთქვამს უწმინდეს ეფრემს და სასწრაფოდ ჩამოსულა ტრიბუნიდან. როგორც ამბობენ, მის ამ ყველაზე ხანმოკლე გამოსვლას ხანგრძლივი აპლოდისმენტები მოჰყოლია. სამაგიეროდ, ეს დრო მას 1962 წელს, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მორიგ კონფერენციაზე აუნაზღაურებია, როცა, რეგლამენტით გათვალისწინებული 40 წუთის მაგივრად, სამი საათის განმავლობაში უსაუბრია ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის დიდ ისტორიულ წარსულზე და ამ გამოსვლითაც მოუხიბლავს აუდიტორია.
კონფერენციის დასრულებისთანავე, 1962 წლის აგვისტოს დასაწყისში, მისი უწმინდესობა საფრანგეთში გაემგზავრა ლევილის ქართველთა სათვისტომოს მიწვევით, რომელმაც 1927 წლიდან გაწყვიტა სულიერი კავშირი ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან - ლევილის ქართველთა საძმო წმინდა ამბროსის (ხელაია) გარდაცვალების შემდეგ საქართველოს ყველა კათოლიკოს-პატრიარქს ბოლშევიკურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობასა და მათ მიმართ შემწყნარებლობაში სდებდა ბრალს.
ლევილის ქართველობამ კარგად იცოდა, რომ უწმინდესმა და უნეტარესმა ეფრემ მეორემ კომუნისტური მმართველობის წლებში პატიმრობის, გადასახლებისა და საკონცენტრაციო ბანაკების ძნელი გზა გამოიარა, რის გამოც გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს, აღიარეს წმინდა ამბროსი აღმსარებლის ღირსეულ მემკვიდრედ და სამღვდელმთავრო შესამოსელიც გადასცეს საჩუქრად.
უწმინდესმა და უნეტარესმა ეფრემ მეორემ ლევილის ძმათა სასაფლაოზე გარდაცვლილ ქართველ მამულიშვილთა მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
"მამაჩემისგან მსმენია, როდესაც უწმინდესი ეფრემი პარიზიდან მოსკოვში მოფრინავდა, თვითმფრინავმა საავარიო დაშვება დაიწყო და შურდულივით მოექანებოდა თურმე ქვემოთ ასეულობით მეტრის მანძილზე. ეკიპაჟის წევრები, რომელთა შორისაც საბჭოთა კავშირის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ყოფილან, შიშსა და პანიკას მოუცავს, - მოგვითხრობს პატრიარქის ძმისშვილიშვილი დეკანოზი გიორგი (სიდამონიძე), - უწმინდეს ეფრემს, რომელსაც განსაცდელის დროს ყველა იმედით შეჰყურებდა, როგორც კი მუხლმოდრეკით დაუწყია ლოცვა და რამდენიმე მეტანიაც გაუკეთებია, თვითმფრინავი მაშინვე გამოსულა საავარიო სიტუაციიდან და ჰორიზონტალურად გაუგრძელებია ფრენა. მომხდარის გამო ხალხი კარგა ხანს ყოფილა შეშინებული და პატრიარქს მანამდე არ მოსცილებია, სანამ თვითმფრინავი მშვიდობიანად არ დაეშვა მიწაზე".
2010 წლის 21 თებერვალს მართლმადიდებლობის ზეიმი აღინიშნა. ეს თარიღი იმითაც იქცა ღირსსახსოვარ მოვლენად ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ამ უდიდესი დღესასწაულის განსაკუთრებულად აღსანიშნავად კონსტანტინოპოლში სპეციალურად წარგზავნილმა დელეგაციამ საქართველოში ჩამოიტანა ორი მეტად მნიშვნელოვანი ისტორიული დოკუმენტი: 1. მსოფლიო საპატრიარქოს მიერ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობისა და აღიარების და 2. ამ ეკლესიის მეთაურისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წოდების მინიჭების ოფიციალურად დადასტურებული და ხელმოწერილი სიგელები.
საქართველოს ეკლესიის წინამძღვარმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს წარუდგინა ამ სიგელების დედნები: "ჩვენ ვმადლობთ ღმერთს ამ დიდი წყალობისათვის. მე ვფიქრობ, რომ ამის შემდეგ ვერვინ გაბედავს საქართველოს ეკლესიის დაპყრობას, ვერვინ შეძლებს ჩვენი ეკლესიის დამორჩილებას. არ შეგეშინდეთ, ჩვენთან არს ღმერთი!" - აღნიშნა მისმა უწმინდესმა ილია მეორემ.
ამით ასრულდა ქართველ მართლმადიდებელ ქრისტიანთა მრავალსაუკუნოვანი ოცნება, რის გამოც ეს დღე განსაკუთრებულად საპატიო ადგილს დაიკავებს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
დეკანოზმა თეოდორემ (გოგოლაძე) წმინდა სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს გააცნო საქართველოს საპატრიარქოს განცხადება, რომელშიც შეფასებული იყო, თუ რა ძნელი გზა განვლო ჩვენმა ეკლესიამ კომუნისტური მმართველობის წლებში; აღნიშნა ის უდიდესი წვლილიც, რომელიც ნეტარხსენებულმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ეფრემ მეორემ შეიტანა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში.
"ბოლშევიკური მმართველობის ხანაში სხვა მართლმადიდებელ ავტოკეფალიურ ეკლესიებთან კონტაქტი გაძნელებული იყო. კონსტანტინოპოლის საპატრიარქო საბჭოთა კავშირის მიერ მტრულად შერაცხული სამხედრო ორგანიზაციის "ნატოს" წევრი ქვეყნის, თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა და ოფიციალური ხელისუფლება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მსოფლიო საპატრიარქოსთან თავისუფალ ურთიერთობას უკრძალავდა.
დღეს ხშირად კამათობენ იმის თაობაზე, რამდენად იყო გამართლებული 1962 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ეფრემ მეორის თანხმობა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მსოფლიო ეკლესიათა საბჭოში გაწევრიანების შესახებ.
ამ ორგანიზაციის ეგიდით მოწყობილ სამშვიდობო ფორუმზე საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებს მიეცათ საშუალება, მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებისთვის მკაფიოდ განემარტათ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის მნიშვნელობა.
1963 წელს შემოქმედელი ეპისკოპოსი ილია მონაწილეობდა კუნძულ როდოსზე გამართულ მართლმადიდებელ ეკლესიათა სამშვიდობო ფორუმში, რომელზეც საქართველოს ეკლესია ყველაზე ახალგაზრდა ავტონომიურ ეკლესიად გამოაცხადეს. ამას მოჰყვა მეუფე ილიას მწვავე რეაქცია. მან დამსწრეთ განუმარტა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უძველესი სამოციქულო ავტოკეფალიური ეკლესიაა და შესაბამის პატივისცემას მოითხოვს. როდოსიდან დაბრუნებულმა ეპისკოპოსმა ილიამ ვრცელ მოხსენებით ბარათში უწმინდესსა და უნეტარეს ეფრემ მეორეს აუხსნა საქართველოს ეკლესიის ირგვლივ შექმნილი ვითარება. უწმინდესმა და უნეტარესმა ეფრემ მეორემ მას დაავალა ემუშავა საქართველოს ეკლესიის საერთაშორისო აღიარების საკითხზე; მეცნიერებთან თანამშრომლობით მოეძია ავტოკეფალიის ისტორიული მტკიცებულებანი. დაიწყო დაძაბული მუშაობა.
1970 წლის 2 მარტს, უწმინდესსა და უნეტარეს ეფრემ მეორეს სამუშაო დღიურში ჩაუწერია: "კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქი ჩვენს ეკლესიასთან არ არის კეთილად განწყობილი. ცნობილმა ვიღაცამ ყურში ბოროტად ჩასჩურჩულა, ჩვენს პატრიარქობას არ სცნობს. ჩვენ ჩვენს გზას ვაგრძელებთ", - ნათქვამი იყო საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც 2010 წლის 21 თებერვალს, წლევანდელ მართლმადიდებლობის ზეიმზე, გააცნეს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს.