"ღრმა პატივისცემით გაცნობებთ, რომ კვირას, 21 თებერვალს, წირვაზე, მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მოხდება ინტრონიზაცია ახალარჩეული პატრიარქისა. იმავე დღეს, საღამოს 6 საათზე, სასტუმრო "ინტურისტის" საბანკეტო დარბაზში წინადაგებული იქნება საზეიმო ვახშამი. თქვენი მობრძანება ფრიად სასურველი და სასიამოვნოა", - ეწერა საქართველოს საპატრიარქოს მიერ 1960 წლის 17 თებერვლით დათარიღებულ მოსაწვევ ბარათებში, რომელთაც ხელს აწერდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრე, მიტროპოლიტი ეფრემი. ბევრ ოჯახს დღემდე შემოუნახავს უწმინდესი ეფრემის ხელით ჩამატებული ტექსტითა და მისი ავტოგრაფით დამშვენებული მოსაწვევი, როგორც ამ ისტორიული მოვლენის აღმნიშვნელი ძვირფასი რელიკვია.
1960 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ეფრემ მეორის მეთაურობით, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდში შედიოდნენ ქუთათელ-გაენათელი მიტოპოლიტი ნაომი (შავიანიძე), ურბნელი მიტროპოლიტი დავითი (დევდარიანი), ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტი რომანოზი (პეტრიაშვილი), ალავერდელი მიტროპოლიტი დიმიტრი (იაშვილი), თეთრიწყაროელი მიტროპოლიტი ზინობი (მაჟუგა), ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი ლეონიდე (ჟვანია), ბოდბელი ეპისკოპოსი დავითი (ბურდილაძე), პროტოპრესვიტერი ალექსანდრე (გაბუნია). იმ პერიოდში დაახლოებით 80-მდე მოქმედი ეკლესია და ამდენივე სასულიერო პირი თუ იქნებოდა.
გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან საბჭოთა იდეოლოგიური მანქანა ახალი ძალით იწყებს შეტევას ეკლესიის წინააღმდეგ.
"რთული აღმოჩნდა უწმინდესი ეფრემ მეორის პატრიარქობის წლებიც, - განაცხადა ჩვენთან საუბრისას პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, - ჯერ ნიკიტა ხრუშჩოვის "კომუნიზმის გაშლილი მშენებლობის" პერიოდი, შემდეგ ლეონიდ ბრეჟნევის მმართველობის "უძრაობის ხანა", მასობრივი ათეიზმის ქვეყნად გადაქცევის ტენდენცია და ამ ფონზე გადასახლებაგამოვლილი პატრიარქის მოღვაწეობა. "როდესაც პატრიარქი გავხდი, ღრმად ჩავწვდი ჩემთვის არასასურველ რეალობას, თუ რა ძნელია ჩვენი ეკლესიის ხვედრი. სარწმუნოებისა და ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა მავალდებულებს მოგახსენოთ, თუ ასე გაგრძელდა, ცოტა ხანში ეკლესია აღარ იარსებებს. არ გვაქვს სასულიერო სასწავლებელი, არ გვაქვს საკუთარი ჟურნალი, იზღუდება ჩვენი ყოველგვარი ურთიერთობა საზოგადოებასთან. ჩვენი ქვეყნის მეზობელ რესპუბლიკებში ბევრად უკეთესი ვითარებაა ამ მხრივ, რადგან ასეთი რამ არსად არ ხდება", - გულისტკივილით ამბობდა უწმინდესი ეფრემი.
მცხეთის სამოძღვრებო კურსების გახსნა მისი დიდი მონდომებისა და ძალისხმევის შედეგად მხოლოდ 1963 წლისთვის გახდა შესაძლებელი. დღევანდელი გადასახედიდან იქნებ ვინმეს ეს არცთუ ისე დიდ მონაპოვრად მოეჩვენოს და თქვას, სამოძღვრებო კურსების გახსნა გელათისა და იყალთოს აკადემიების ტრადიციის მქონე ქვეყნისთვის რა მოსატანიაო, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რა დროს გახდა ეს შესაძლებელი, მაშინ დიდ მიღწევად და წინ გადადგმულ ნაბიჯად მოგვეჩვენება".
"გართულებულ გარემოცვაშია ჩვენი ეკლესია. შესაძლებელია, გულშემატკივარნი მას ბევრნი ჰყავდეს, მაგრამ აქტიურ მოქმედთ კი ვერ ვხედავ", - წერს უწმინდესი ეფრემი თავის მასწავლებელს, იპოლიტე ვართაგავას.
შექმნილი ვითარების გამო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დახმარებისთვის მიმართავს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს ვასილ მჟავანაძეს, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს გივი ჯავახიშვილს და რელიგიის საქმეთა რწმუნებულს მიხეილ მექვაბიშვილს, რომელიც მალე მიხეილ შალუტაშვილით შეცვალეს. საქართველოს ეკლესიის წინამძღვარი კატეგორიულად მოითხოვდა ახალი რწმუნებულისგან ხელისუფლებისა და მთავრობის პირველი პირებისგან მიღებული სიტყვიერი დაპირებების განხორციელებას, რათა დროულად გადაწყვეტილიყო სამოძღვრებო კურსების ოფიციალურად გაფორმების საკითხი, რაც საქართველოს მთავრობის შესაბამისი ბრძანებითა და ოფიციალური წერილობითი ნებართვით უნდა ყოფილიყო დადასტურებული.
ეფრემ მეორის კათოლიკოს-პატრიარქად კურთხევა დაემთხვა პერიოდს, როცა, კრემლში მიღებული შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, ყველგან იხურებოდა სასულიერო სასწავლებლები და ეკლესია-მონასტრები. საქართველოს ყველა რეგიონში ერთი ან ორი ტაძარი იყო მხოლოდ მოქმედი. თბილისში ქაშვეთის წმინდა გიორგის, სიონისა და მთაწმინდის მამადავითის ტაძრები მოქმედებდნენ მხოლოდ და აქედან ერთი ტაძარი კიდევ უნდა დახურულიყო. როცა უწმინდესი ეფრემისთვის ცნობილი გამხდარა, რომ მთავრობამ მამადავითის ტაძარი აირჩია, მაშინვე მინისტრთა საბჭოში მისულა და ოფიციალურად განუცხადებია: "თავს შევაკლავ და ამ ტაძრის დახურვას არ დავუშვებ, მანამდე კი მთელ მსოფლიოს გავაგებინებ, რომ თქვენ მაიძულეთ, ასე მოვქცეულიყავიო". დაიბნენ, შეეშინდათ, უწმინდეს ეფრემს მართლაც არ შეესრულებინა თავისი დანაპირები. მართალია, კრემლში კი გაგზავნეს შეტყობინება ტაძრის დახურვის შესახებ, მაგრამ ეს მორიგი სიცრუე იყო, რადგან მამადავითზე ერთი დღითაც არ შეწყვეტილა წირვა-ლოცვა, ხოლო როცა მთელ საბჭოთა კავშირში დაიხურა სასულიერო სემინარიები, უწმინდესმა ეფრემმა შეძლო, მცხეთაში ორწლიანი საღვთისმეტყველო-სამოძღვრებო სასწავლებელი გახსნილიყო, რომელიც სულ მალე, როგორც ჩაფიქრებული იყო, სასულიერო სემინარიად გადაკეთდა, რაც მაშინ ჰაერივით სჭირდებოდა ჩვენს ეკლესიას.
უბრალოება უწმინდესი ეფრემის განუშორებელი სამკაული რომ გახლდათ, ამის შესახებ ბევრი ითქვა და დაიწერა. მამა დემეტრემ (დავითაშვილი) მოგვითხრო ორი ამბავი, რომლებიც მისთვის უწმინდეს ეფრემთან დაახლოებულ სასულიერო პირებს მოუყოლიათ: "პატრიარქი ეფრემი მოცალეობის ჟამს ლესელიძის ქუჩაზე გამოდიოდა თურმე სასეირნოდ. სიონის კიბეებთან ერთი მათხოვარი ჯდებოდა მოწყალების სათხოვნელად. უწმინდეს ეფრემს მასთან ჩამოჯდომა და საუბარი უყვარა. ერთხელ ტაძართან სტუდენტს ჩამოუვლია და მათხოვრის გვერდით ჩამომჯდარი ძველი ტანსაცმლით შემოსილი პატრიარქისთვის შაურიანი ჩაუდია ხელში. ამ შაურიანს უწმინდესი ეფრემი თურმე მთელი ცხოვრება ინახავდა. ამბობდა, ეს ფული მე ჩემი შრომით მოვიპოვეო.
ერთხელ რუსეთიდან ორი მღვდელმთავარი ჩამოსულა კათოლიკოს-პატრიარქის გასაცნობად. ვიდრე ეწვეოდნენ, სიონის საკათედრო ტაძარში შეუვლიათ მოსალოცად. ამ დროს უწმინდესი ეფრემიც ტაძარში ყოფილა ხატების გასაწმენდად. დიდებულად შემოსილ მღვდელმთავრებს ხის ხარაჩოზე ასული ჭაღარათმიანი, უბრალო კაბაში გამოწყობილი მოხუცი რომ დაუნახავთ, ასე მიუმართავთ:
- Ей, послушник!
- Я не послушник, - მშვიდად მიუგია პატრიარქს, ისე, რომ საქმე არ შეუწყვეტია.
- Ну кто ты, монах?
- Выше бери.
- Что, иеромонах?
- Нет, еще выше.
- Архимандрит?
- Ещо выше.
- Епископ?
- Ещо выше.
- Патриарх! - აღმოხდათ მღვდელმთავრებს და მუხლი მოიყარეს მის წინაშე".
ეს შემთხვევა მამა დემეტრესთვის იმ სასულიერო პირს მოუყოლია, რომელიც შემთხვევით შესწრებია ამ ამბავს.
უწმინდესი ეფრემ მეორე მრავალსაუკუნოვან უძველეს ქართულ ტრადიციებზე აგებული წირვა-ლოცვის განკრძალულად აღმსრულებელი ყოფილა. "ისეთი უნიკალური სმენა და მუსიკალური ჟღერადობის ხმის ტემბრი ჰქონდა, როდესაც ასამაღლებელსაც თვითონვე წარმოთქვამდა, მის ხმას შუასაუკუნეების დროინდელ საქართველოში გადავყავდითო", - იგონებს გ. კ. მაგრამ მთავარი ის იყო, რომ უწმინდესი ეფრემის მიერ წარმოთქმული ლოცვა არა მარტო სასიამოვნო მოსასმენი ყოფილა, არამედ უდიდეს ზემოქმედებასაც ახდენდა.
ერთხელ უწმინდესს, როდესაც სიონის ტაძრის ეზოში შეკრებილ ახალგაზრებს მათი კითხვის საპასუხოდ კეთილი ძალის არსებობის შესახებ ესაუბრებოდა, მოუყოლია ერთი უჩვეულო ამბავი, რომელიც თბილისის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში გადახდენია თავს: "ეს ამბავი იმ დროს მოხდა, როცა ხალხი დაშინებული იყო და ეკლესიაში ცოტა დაიარებოდა. მზის ჩასვლის ჟამი იყო. ამ დროს შემოვიდა ერთი ქალი პატარა გოგონათი. მიიყვანა გოგონა წმინდა ბარბარეს ხატთან, შემდეგ ჰკრა ხელი ბავშვს, მიახეთქა ხატს და უთხრა: "აჰა, მოგიყვანე, თუ შეგიძლია, მოარჩინე, შენც ხომ ქალი ხარ და დამეხმარე; თუ არ შეგიძლია მორჩენა, მოკალი და წაიყვანე. მე ამის საცოდაობის ყურება აღარ შემიძლიაო".
გოგონამ ტირილი დაიწყო. მე შემეცოდა ბავშვი. ვიფიქრე: "თუ არ სწამს ამ ქალს, რატომ მოიყვანა ბავშვი, ხოლო თუ სწამს, რატომღა ეპყრობა ასე უდიერად ან ბავშვს, ან ხატს-მეთქი". მივედი მათთან და შევეკითხე - რატომ მოიქეცით ასე-მეთქი. ქალმა მიპასუხა, რომ გოგონა მისი შვილი იყო. თვალის ავადმყოფობით დაავადდა. ბავშვი ვერ მოარჩინეს ვერც ჩვენმა და ვერც უცხოელმა ექიმებმა. "ახლა მოვიყვანე აქ. თუ ძალა აქვს ღმერთს, მომირჩინოს შვილი და ამის შემდეგ მისი მოსამსახურე ვიქნებიო". შემოვაბრუნე ბავშვი და შემზარა - თვალები არც კი ეტყობოდა. გოგონას მოვეფერე, დავამშვიდე, მერე ვულოცე წმინდა ბარბარეს პარაკლისი. წყალი ვაპკურე, იმ წყლით წმინდა ბარბარეს ხატი განვბანე, ამავე წყლით ბავშვს თვალები მოვბანე, დანარჩენი კი სახლში გავატანე და ქალს ვურჩიე, ყოველ დილით მოებანა მისთვის თვალები.
ამის შემდეგ ცოტა ხანი გავიდა. ერთხელ, როცა გასული ვიყავი ტაძრიდან ნავთის მოსატანად და ნელ-ნელა მოვეშურებოდი ნავთის ბიდონით შინისაკენ, უცებ ვიღაცამ მომკიდა ანაფორის კალთაზე ხელი და ნაზად მომქაჩა. მივიხედე და ჩემს წინ პატარა ლამაზი გოგონა იდგა. ბავშვს მოვეფერე და ვკითხე, რა უნდოდა. "დედიკომ მთხოვა, დაეწიეო", - მიპასუხა. მოვიხედე და დავინახე ქალი. მითხრა: "ვერ იცანით ბავშვიო? ეს ის თვალცრემლიანი გოგონაა, თქვენ რომ თვალები მობანეთ ნაკურთხი წყლით და სახლშიც გამატანეთო". ბავშვს თვალები მორჩენოდა და კვალიც კი არ ემჩნეოდა ავადმყოფობისა. ამის შემდეგ დედამისი წმინდა ბარბარეს მრევლი გახდა, სულ ეკლესიაში დაიარებოდა, ეხმარებოდა ეკლესიას ეკონომიურად და სიკვდილამდე არ უღალატია ღვთისთვის".
როცა იგივე ახალგაზრდა ბოროტი ძალის არსებობითაც დაინტერესდა, უწმინდესმა ეფრემმა გაიხსენა შემთხვევა, როცა ამავე ტაძარში მღვდელმსახურების წლებში, ვიდრე გადაასახლებდნენ, ძილის წინ ხორცესხმული ეშმაკი გამოეცხადა. "მე ორივე შემთხვევა მოგიყევით, ახლა კი თქვენ თავად განსაჯეთ, არსებობენ თუ არა ეშმაკები და ანგელოზები, ბოროტი და კეთილი ძალებიო", - უთქვამს ბოლოს სიონის ეზოში შეკრებილი ახალგაზრდებისთვის.
როგორც გადმოგვცემენ, უწმინდეს ეფრემ მეორეს ორატორული ხელოვნების განსაცვიფრებელი უნარი ჰქონდა. მისი ქადაგებები ღვთისმეტყველების ღრმა ცოდნით, ფაქტების სიუხვით, მრავალფეროვნებით, სიბრძნითა და მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩეოდა. სათქმელს მარტივად და გასაგებად გადმოსცემდა. ამიტომ მრევლში დიდ ინტერესს აღძრავდა. რაც არ უნდა მოუცლელი ყოფილიყო, კათოლიკოს-პატრიარქობის წლებშიც პოულობდა დროს იმისათვის, რომ სიონის ტაძრის ეზოში გამოსულიყო და ხალხთან ესაუბრა, რადგან მრევლთან სიახლოვეს და უშუალო, ცოცხალ ურთიერთობას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა.