XX საუკუნის 30-იანი წლების II ნახევრიდან ხელისუფლების მიერ ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული სადამსჯელო ღონისძიებები კიდევ უფრო ყოვლისმომცველი და უკომპრომისო გახდა. ბრძოლის არეალი იმდენად გაიზარდა, რომ რეპრესიების ახალმა ტალღამ სამღვდელოებასთან ერთად ქართული ინტელიგენციის საუკეთესო ნაწილიც მოიცვა. ამოქმედდა დასმენის ინსტიტუტი, რამაც საგრძნობლად გაზარდა უდანაშაულო მსხვერპლთა რიცხვი, დახვრეტა და გაციმბირება ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა და ადამიანის სიცოცხლესაც ჩალის ფასი დაედო.
"ურთულესი ხანაა, სამღვდელოებას პატივისცემა-მოკრძალებით კი არა, მტრულად ეპყრობიან", - წერს პროფესორი ნოდარ ტაბიძე და ამ პერიოდის დასახასიათებლად პოეტი-აკადემიკოსის ირაკლი აბაშიძის სიტყვები მოჰყავს: "ყოველ მებრძოლ ათეისტს შეეძლო კულტის მსახურისთვის ხელი ჩაევლო წვერში და გემოზე მოექაჩა, მისი სახლის ფანჯრებისთვის მინები ჩაელეწა ისე, რომ პასუხისმგებლობის არ შეშინებოდა. შეიქმნა კიდეც "უღვთოთა კავშირი", რომლის უპირველესი ამოცანაც ანტირელიგიური პროპაგანდა იყო. დაანგრიეს არაერთი მშვენიერი ტაძარი, საჯინიბოებად და საწყობებად გადააქციეს ის ადგილები, სადაც ადრე ლოცვას აღავლენდნენ... მკრეხელობის უიშვიათესი შემთხვევაა".
ერთხელ უწმინდეს ეფრემს მიტროპოლიტ ათანასესთვის (ჩახვაშვილი) შეუჩივლია: "ეს ბანდა ხელისუფლებაში რომ მოვიდა, ეკლესიის საწყობები დალუქეს, საეკლესიო ქონება სულ გაძარცვეს, დაიტაცეს ძვირფასი ხატები, პანაღიები, საეკლესიო სიწმინდეები, ზოგი დაწვეს, ზოგს თავად დაეპატრონნენ, რაც არ უნდოდათ, გადაყარეს, ოჯახებით დააწიოკეს სასულიერო პირები, ისე, როგორც მგლებმაო", - მითხრა კომუნისტებისგან მრავალტანჯულმა ეფრემ პატრიარქმა, რომელმაც 7 წელი ციმბირის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გაატარა. იგი, ერთი შეხედვით, დაღლილ-დაქანცული ჩანდა თითქოს მათთან ბრძოლით, მაგრამ ეკლესიის დევნა-შევიწროების პერიოდში ერთი წუთითაც არ დაუთმია ბრძოლის ასპარეზი, ბოლომდე მუხლჩაუხრელად იბრძოდა, ხმალი არასდროს ჩაუგია ქარქაშში. დიდია მისი დამსახურება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რადგან ეფრემ მეორე თვითონ არის დიდი ისტორია თავისი აღმსარებლობითი ცხოვრებით. ამიტომ ძნელია ჩემთვის მასზე საუბარი... როგორ შეიძლება, ჩემისთანა უბრალო, ჩემნაირმა უღირსმა ადამიანმა თავს მასზე საუბრის უფლება მივცე? მსოფლიო აღიარებით შენდობას ვითხოვ მისი ნათელი სულის წინაშე..." - ბრძანა 2006 წალს ჩვენთან საუბრისას თვალცრემლიანმა მიტროპოლიტმა.
30-იანი წლებიდან საბჭოთა ხელისუფლება ორ ფრონტზე აწარმოებს სამღვდელოებასთან ბრძოლას. თითქოს შემცირდა, მაგრამ არ შეწყვეტილა სასულიერო პირთა დახვრეტები და დაპატიმრებები. ამის პარალელურად, ეკლესიაზე კონტროლისა და სრული ძალაუფლების შესანარჩუნებლად, უშიშროების სპეცსამსახურები ცდილობენ, გაატარონ "გათიშე და იბატონეს" პოლიტიკა, რათა მაღალი სასულიერო წოდების პირთა ურთიერთდაპირისპირებითა და წაქეზებით, ანუ "ციხის შიგნიდან გატეხის" პრინციპით, მიაღწიონ სასურველ შედეგს.
ახალარჩეულმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ (ცინცაძე) სასულიერო მოღვაწეობა რეორგანიზაციით დაიწყო. იმ უთანხმოებათა თავიდან აცილების მიზნით, რაც შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში ზოგიერთ მღვდელმთავარსა და კათოლიკოსს შორის არსებობდა, საჭირო გახდა ეკლესიის მეთაურის გავლენისა და ავტორიტეტის გაზრდა. უწმინდესი კალისტრატეს ინიციატივით მოწვეულმა მეშვიდე და მერვე საეკლესიო კრებებმა გააუქმა მანამდე არსებული "საკათალიკოზო საბჭო" და მის ნაცვლად შემოიღო ერთპიროვნული სინოდალური მართვა-გამგეობა, რომელსაც "კათოლიკოს-პატრიარქის თანასინოდი" ეწოდა.
უწმინდესი კალისტრატე შეეცადა ხელისუფლებასთან ლოიალური კურსის გატარებას, რათა ეკლესია-მონასტრების განადგურებისა და ძარცვა-დარბევის პროცესი ოდნავ მაინც შეჩერებულიყო.
კათოლიკოსის მიერ დაწყებული საეკლესიო რეფორმა, მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა მიერ ქართული სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობასთან ერთად, საბჭოთა ხელისუფლების მიერ საეკლესიო პირთათვის დაწესებული საგადასახადო კანონმდებლობის ლიბერალიზაციისთვის ბრძოლასაც ითვალისწინებდა, რაც ათეისტური სახელმწიფოს პირობებში, მოგეხსენებათ, მეტად რთული გახლდათ.
გიორგი მაჩურიშვილი, საქართველოს ეკლესიის ისტორიის მკვლევარი: "უწმინდესი კალისტრატე ცინცაძის პატრიარქობაც რეპრესიებითა და სამღვდელოების ფიზიკური განადგურებით დაიწყო. 1932 წელს დახოცეს მცხეთის ჯვრის მონასტრის მეთვალყურე მღვდელმონაზონი ილარიონ ოზიაშვილი, ქვათახევის მონასტრის მეთვალყურე მღვდელმონაზონი ნეოფიტე ვარდოსანიძე, შიომღვიმის მონასტრის სქემმღვდელმონაზონი მოსე სუმბაძე, 1933 წელს - ძეგვის ყოვლადწმინდა სამების სახელობის მონასტრის მღვდელმონაზონი რაფაელ კუდინოვი, 1934 წელს, ბეთანიის მამათა მონასტრის დარბევისას, სასტიკად სცემეს იქ მოღვაწე მამებს იოანე მაისურაძესა და გიორგი მხეიძეს, დაარბიეს და გაძარცვეს მარტყოფისა და აწყურის მონასტრები. 1934 წელს ათეისტურმა ხელისუფლებამ გააუქმა ბათუმ-შემოქმედის ეპარქია, მისი მღვდელმთავარი მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე) აიძულა, დაეტოვებინა ეპარქია და ქუთაისში გადასულიყო საცხოვრებლად.
1937 წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ვარლამი (მახარაძე) და მასთან ერთად სამღვდელოების დიდი ნაწილი, რომელთა უმრავლესობა გადასახლებაში გარდაიცვალა. ის სასულიერო პირები, რომლებიც 20-იან წლებს სასწაულით გადაურჩნენ, 30-იან წლებში დახვრიტეს. გარდაცვლილთა სიები მოგვიანებით გადაეცა საქართველოს ეკლესიას. რეპრესიები 1943 წლამდე გრძელდებოდა".
ინტერვიუ პროფესორ სერგო ვარდოსანიძესთან 2006 წლის შემოდგომაზე ჩავწერეთ, მაშინ, როცა უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრების 30-ე წლისთავთან დაკავშირებით საიუბილეო კრებულის გამოსაცემად დოკუმენტურ მასალას ეცნობოდა საქართველოს საპატრიარქოს არქივში. გთავაზობთ რამდენიმე ფრაგმენტს ამ ინტერვიუდან.
- ბატონო სერგო, უწმინდეს ეფრემს ეპისკოპოსობისას რამდენიმე ეპარქიის მართვასთან ერთად ტაძრის წინამძღვრის მოვალეობის შესრულებაც უხდებოდა. თუ გახსენდებათ მსგავსი შემთხვევა ჩვენი ეკლესიის ისტორიიდან?
- გასული საუკუნის 20-30-იან წლებში ეპისკოპოსობა და, საერთოდ, მღვდელმთავრის მიერ ეპარქიის მართვა ნომინალურ ხასიათს ატარებდა, ვინაიდან ეკლესიები, ფაქტობრივად, აღარც არსებობდა, თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა. სახელმწიფოს მიერ გაჩაღებულ ანტიეკლესიურ კამპანიას ეკლესია-მონასტრების ნგრევა და გაუქმება მოჰყვა. თბილისში შემორჩა რამდენიმე მოქმედი ეკლესია, მაგრამ ისეთი დრო იყო, ხალხს მათ სიახლოვეს გავლისაც კი ეშინოდა. ურბნისის, ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის ეპარქიები საერთოდ გაუქმდა. იყო დრო, როცა ქუთაის-გაენათის ეპარქიას მღვდელმთავარიც არ ჰყავდა, რადგან სასულიერო პირები სანთლით საძებარი გახდნენ. ეფრემ მეორის ეპისკოპოსობისას ეპარქიები მხოლოდ ქაღალდზე არსებობდნენ. იმდროინდელი პატრიარქები ცდილობდნენ, ამ ეპარქიების სახელწოდებები მაინც შეენარჩუნებინათ. ამიტომ ეპისკოპოსს სამი-ოთხი, ზოგჯერ მეტი ეპარქიის მართვაც უხდებოდა. როცა 40-იანი წლების დასაწყისში კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს მოსთხოვეს, ზუსტად აღენუსხა იმ დროს მოქმედი ტაძრები და სასულიერო პირები, აღმოჩნდა, რომ თითებზე ჩამოსათვლელი ეკლესია და სულ რაღაც 40-ოდე სასულიერო პირი შემორჩენილიყო, რომელთაგან ბევრი, სამწუხაროდ, უშიშროების მიერ გარკვეული დავალებით იყო შემოგზავნილი.
რადგან ეპარქიებში ტაძრები და ეკლესია-მონასტრები აღარ ფუნქციონირებდა, ამიტომ მღვდელმთავარს თბილისში ან ზოგიერთ რეგიონში სასწაულებრივად შემორჩენილ მოქმედ ეკლესიაში უწევდა მღვდლად, წინამძღვრად სამსახური. ასე რომ არ მოქცეულიყვნენ, რით უნდა ერჩინათ თავი?
გავიხსენოთ ის პერიოდი, როცა ეპისკოპოსად ახალხელდასხმულმა მეუფე ეფრემმა უარი განაცხადა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტობაზე. ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია ყოველთვის მოქმედი იყო, მაგრამ იმხანად ურთულეს რეგიონად თვლებოდა. იქ ვერც ერთი ეპისკოპოსი ვერ გაძლებდა, რადგან ადგილობრივი ბოლშევიკური ხელისუფლება რუსეთის უშიშროების სამსახურის ხელშეწყობით იმდენად აუტანელ პირობებს უქმნიდა იქ ჩასულ მღვდელმთავრებს, რომ იძულებულს ხდიდნენ, დროზე ადრე დაეტოვებინათ იქაურობა. სამაგიეროდ, მშვენივრად გრძნობდნენ თავს ე.წ. ობნავლენცები, რომელთაც "განახლებისა და რეფორმის მოძრაობის წევრებადაც" მოიხსენიებდნენ. ისინი ხალხს მოუწოდებდნენ, ეთანამშრომლათ და მხარი დაეჭირათ ხელისუფლებისთვის. ამდენად, მეუფე ეფრემის ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში გადასვლაზე უარის თქმის ერთ-ერთ მიზეზი, ჩემი აზრით, ისიც უნდა ყოფილიყო, რომ მას უნდა დაეტოვებინა თბილისის წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია და წასულიყო ისეთ რთულ რეგიონში, როგორიც აფხაზეთი იყო, სადაც არც თავშესაფარი ექნებოდა და არც იმის საშუალება, თავის გამოსაკვებად პური ეყიდა.
- უწმინდესი ეფრემ მეორის საარქივო-დოკუმენტური მასალების გაცნობის შემდეგ როგორ წარმოჩნდა იგი თქვენს თვალში?
- საარქივო მასალები კარგად წარმოაჩენს უწმინდესი ეფრემის წიგნიერებასა და მრავალმხრივ ინტერესთა სფეროს. მას ბერად აღკვეციდან მოყოლებული არქივი აკურატულად უკეთებია, ყველა დოკუმენტი საგულდაგულოდ შეუნახავს. მის არქივში დაცულია სასულიერო პირთა სურათები და წერილები. ზოგ მათგანზე ფანქრით, მკრთალად და ფაქიზად გაუკეთებია მინაწერი, ზოგზე - გარდაცვალების თარიღი სახელის, გვარისა და სასულიერო წოდების მინიშნებით, რაც გვიადვილებს მუშაობას.
ამასთან, მისი არქივის გაცნობის შემდეგ იგი უდიდეს ტრაგიკულ პიროვნებად წარმოგვიდგება. რთული იყო მისი ცხოვრების ყველა მონაკვეთი, დაწყებული იმ დროიდან, როცა პირველ დამოუკიდებელ ნაბიჯებს დგამდა ცხოვრებაში და პატრიარქობით დამთავრებული.
დაბოლოს, მინდა მოგახსენოთ პირადად ჩემი შეხედულება: XX საუკუნის უდიდეს ქართველ პატრიარქთა ოთხეულში უწმინდეს ეფრემ მეორეს ღირსეული ადგილი უკავია წმინდა კირიონთან, წმინდა ამბროსი აღმსარებელთან და უწმინდეს კალისტრატესთან ერთად.
"უწმინდეს ეფრემს ისეთ დროს მოუწია ცხოვრება და სასულიერო მოღვაწეობა, როცა ღვთისმსახურება კი არა, ეკლესიაში შესვლაც დიდ საშიშროებას წარმოადგენდა, - ამბობს იეროდიაკვანი დემეტრე (დავითაშვილი), რომელმაც არაერთი საინტერესო მოგონება ჩაიწერა კათოლიკოსის ცხოვრებიდან, - უწმინდესს ყოველთვის ბრძოლის წინა ხაზზე უწევდა ყოფნა. ეს იყო სულიერებისთვის, ერისა და ეკლესიისთვის წარმოებული სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა. ეს ის დროა, როცა კომუნისტები ეპისკოპოსებს უკრძალავდნენ თავიანთ ეპარქიებში ჩასვლას. მათ არც იმის უფლება ჰქონდათ, ტაძარში შესულიყვნენ და წირვა-ლოცვა დაეყენებინათ. ურბნელი მიტროპოლიტი - ქაშვეთში, ნინოწმინდელი - წმინდა სამების ტაძარში, თეთრიწყაროელი - ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში მსახურობდა. ეპისკოპოსი ეფრემი თბილისში, 5 დეკემბრის ქუჩაზე მდებარე წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში აღასრულებდა ღვთისმსახურებას. ტაძრის მახლობლად ორი პატარა ოთახი ჰქონდა დაქირავებული და იქ ცხოვრობდა თავის მორჩილთან ერთად.
იმხანად მეტად ხშირი იყო სასულიერო პირებზე თავდასხმა, მათი დაყაჩაღება. ამიტომ დაწოლის წინ ყოველთვის საგულდაგულოდ ამოწმებდნენ კარს. "ჩემს მორჩილს ჰქონდა დავალებული კარის დაკეტვა, რომელიც დაწოლის წინ მე უნდა შემემოწმებინა. იმ ღამითაც, როცა დავრწმუნდი, რომ კარი საიმედოდ იყო დაკეტილი, სწორედ ამის შემდეგ შევედი ჩემს ოთახში მოსასვენებლად, - იხსენებდა მეუფე ეფრემი, - როგორც კი დასაძინებლად დავწექი, კარმა დაიჭრიალა. ბნელ ოთახში, კანდელის მქრქალ შუქზე, შევნიშნე, შავი ჩრდილი თხის ფეხთა ბაკუნის ხმით მომიახლოვდა. აუტანელი სიმყრალის სუნი ვიგრძენი. სახეზე გაშლილი უხეში ხელი დამადო და რატომღაც რუსულად მიხრა: "ოტრეკის ოტ გოსპოდა!" თვალი ავაყოლე და მის ბალნიან თითთა შორის დავინახე შიშისმომგვრელი კაცისმაგვარი საშინელება. შევეცადე დამეძლია შიში და უცებ სახარებისეული სიტყვები აღმომხდა: "ოტრეკის ოტ მენია, სატანა, გოსპოდუ მოემუ პოკლონიაუს ი ემუ ედინომუ სლუჟუ!" ამის თქმა და მისი ამოგმინვა ერთი იყო, თითქოს დაუძლურდა და თხის ფეხთა ბაკუნით უკუსვლით გაქრა, როგორც მოჩვენება.
სიცივემ ისე ამიტანა, კანკალი დამაწყებინა. ვფიქრობდი, მოჩვენება იყო თუ ბოროტი სული მეწვია-მეთქი. თავს ძალა დავატანე და წამოვდექი. კარი გაღებული დამხვდა. მორჩილიც წამომდგარიყო. მისთვის არაფერი მომიყოლია, მხოლოდ ეს შევეკითხე: კარი შენ ხომ არ გაგიღია-მეთქი. მიპასუხა: არ გამიღია, მაგრამ კარის გაღების ხმა კი გავიგონეო. მასთან საუბრის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ეშმაკი მესტუმრა.
მეორე დღესვე წავედი სიონის ტაძარში მოძღვრის სანახავად და ყველაფერი მოვუყევი. ვუთხარი: დავიღუპე, იმდენად დიდი ცოდვილი ვარ, ეშმაკმა თავისით მომაკითხა კელიაში-მეთქი. მან გაიღიმა და მითხრა: ნაკლის გამო კი არ მოვიდა შენთან ეშმაკი, შენი მადლის შეშურდა, ამიტომ ნუ დაგამწუხრებს ეს ამბავი და ღმერთს მადლობა შესწირე, თუმცა შესაძლოა, განსაცდელით გამოიცადოო".
არ გაუვლია ხანს და განსაცდელიც გამოჩნდა - 1937 წლის 10 დეკემბერს მეუფე ეფრემი ხალხის მტრის ბრალდებით დააპატიმრეს", - გვიამბო მამა დემეტრემ.
30-იანი წლების მეორე ნახევარი კიდევ უფრო ძნელი ჟამის მაუწყებელი გახდება საქართველოს უახლეს ისტორიაში. უწმინდესი ეფრემის სიტყვებით, დგება "ჟამი საშინელი და სანატრელი". პატიმრობისა და გადასახლების 7 წელიწადი ყველაზე ძნელი და, ამავე დროს, მნიშვნელოვანი ეტაპია უწმინდესის ბიოგრაფიაში. ამ წლებმა უკვდავების შარავანდედით განაბრწყინა მისი ცხოვრება.