პატრიარქის სიკვდილი ქართველი ერისთვის უდიდესი ტრაგედია იყო, რომელსაც მხოლოდ ილია ჭავჭავაძის მუხანათურ მკვლელობას თუ შევადარებთ.
რატომ დარჩა გაუხსნელი ეს შემზარავი დანაშაული?
პატრიარქის იდუმალებით მოცული გარდაცვალების თაობაზე რამდენიმე ვერსია წარმოიშვა. პირველი ასეთი გახლდათ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საკუთარი რევოლვერით მოიკლა თავი. ეს შემზარავი სიცრუე კირიონ II-ის მტრებმა მისი სიკვდილის ნამდვილი მიზეზების მისაჩქმალავად გაავრცელეს. დაუჯერებელია! ადამიანი, რომელმაც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისთვის ბრძოლისას ათასგვარი დამცირება, შევიწროება და განსაცდელი გადაიტანა, მაგრამ სულით არასოდეს დაცემულა, ეკლესიის მეთაურობის ჟამს მოიკლავდა თავს?! ცხედართან მართლაც ეგდო რევოლვერი, მაგრამ გამოძიებამ დაადასტურა, რომ კათოლიკოსი ამ იარაღით არ იყო მკვდარი.
როგორც ქრისტეფორე კაპანაძის მოგონებებიდან ირკვევა, კათოლიკოს-პატრიარქს 26 ივნისს მარტყოფის საპატრიარქო რეზიდენციაში წასვლა გადაუწყვეტია, სამუშაო მასალებიც წაუღია, მაგრამ ეტლში ჩაჯდომისას გახსენებია, რომ საპატრიარქო ბიბლიოთეკიდან წიგნები უნდა წამოეღო. იმ დღეს ეს უკვე ვეღარ მოესწრებოდა, ამიტომ ქრისტეფორე დარჩენილა და მეორე დღეს წიგნებითურთ გამგზავრებულა მარტყოფში, სადაც კათოლიკოსის ნეშტი დახვედრია. საკვირველია - კაცი, რომელსაც თავის მოკვლა ჰქონდა განზრახული, სამუშაოს რატომღა წაიღებდა თან?
გამოძიებამ, რომელსაც ი. კობიაშვილი უძღვებოდა, ვერავითარი ეჭვი ვერ შეიტანა კათოლიკოსის თვითმკვლელობაში.
მეორე ვერსიით კირიონ II-ის მკვლელობა დაბრალდა არქიმანდრიტ ტარასის (კანდელაკს), რომელიც მარტყოფში ახლდა პატრიარქს. ამ ვერსიის მომხრენი ირწმუნებოდნენ, ოთახი, სადაც კათოლიკოსის ცხედარი იპოვეს, ცალი მხრიდან ციცაბო კლდეს ემიჯნებოდა და იქ მხოლოდ იმ ოთახიდან შეიძლებოდა შესვლა, სადაც არქიმანდრიტი ტარასი იყოო.
ცნობილი საზოგადო მოღვაწე იოსებ იმედაშვილი წერდა, არქიმანდრიტი ტარასი მოისყიდეს და გააჩუმესო. ეს მოსაზრება არცთუ სარწმუნო ჩანს - არქიმანდრიტი ტარასი კირიონ II-ის პირადი მდივანი და იკონომოსი იყო, გადასახლებაში თან ახლდა და როგორც შეეძლო, გასაჭირს უმსუბუქებდა. მანვე უპატრონა კირიონ II-ის მდიდარ მემკვიდრეობას და მოწესრიგებული გადასცა სიძველეთა მუზეუმს.
მესამე ვერსიის თანახმად, კათოლიკოს-პატრიარქის მკვლელობის გამო ზნეობრივი პასუხისმგებლობა ჟურნალ "ახალი სიტყვის" გარშემო შემოკრებილ კალმოსნებს აკისრიათ. სწორედ "ახალმა სიტყვამ" გაავრცელა პატრიარქის თვითმკვლელობის ცრუ ვერსია და ძალისხმევა არ დაიშურა, რომ კათოლიკოს-პატრიარქის ნეშტი მარტყოფშივე ჩუმად დაეკრძალათ. საბედნიეროდ, ეს არ გამოუვიდა.
ჟურნალში სისტემატურად ქვეყნდებოდა წერილები, რომელთა ავტორები მოურიდებლად შეურაცხყოფდნენ კირიონ II-სა და მის ერთგულ სასულიერო პირებს: მიტროპოლიტ ანტონს (გიორგაძეს), დეკანოზ ნ. თალაკვაძესა და სხვებს. "ეგზარქოსის კარეტით კათოლიკოსი დასეირნობს ხოლმე თბილისის ქუჩებში... ერთი კათედრიდან ექსორია ვუყავით ერთ ეპისკოპოსს და მის ადგილზე დავსვით ბევრად უარესი". სტატიის ავტორი გულისხმობდა იმერეთის ყოფილ ეპისკოპოსს გიორგი ალადაშვილს, რომელსაც ეგზარქოს პლატონის მომხრეობის გამო. ეპარქია ჯერ კიდევ საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის მიერ ჩამოერთვა.
სტატიაში "კირიონ კათალიკოზის წირვა და სიონის წაბილწვა" ავტორი კადნიერად წერდა: "დროა, კათალიკოზის თვითნებობას და თავგასულობას ბოლო მოეღოს, მან საკმარისად შეგვარცხვინა ჩვენ მთელ ქვეყანაზე... კირიონი საქართველოს ეკლესიას დაღუპვის მეტს ვერაფერს მოუტანს და კიდევაც დაღუპავს მას... ჩვენ ვგმობთ კათალიკოზის მოქმედებას". ასეთი წერილები შეუფარავად აქეზებდა კათოლიკოს-პატრიარქის მტრებს.
მტერი კი ყოველთვის ურიცხვი ჰყავდა. ჯერ კიდევ 1917 წლის 1 ოქტომბერს, როცა სვეტიცხოველში დიდი ზეიმით ჩატარდა კათოლიკოს-პატრიარქად კირიონ II-ის აღსაყდრება, წირვის შემდეგ პატრიარქი სამღვდელოებასთან ერთად გაემართა გასასვლელისკენ. ამ დროს მას გადასცეს წერილი, რომელშიც ეწერა, რომ ტაძრიდან გასვლისთანავე ხალხში მიმალული მკვლელი ესროდა. ხალხი აჩოჩქოლდა. ამ დროს პატრიარქს მიეახლა ყარამან კიკნაველიძე და შესძახა: "მომეცით ხელი, თქვენო უწმინდესობავ, აბა, ვინმემ გაბედოს სროლა!" - და ასე გაიყვანეს პატრიარქი სამშვიდობოს.
მეორე დამაფიქრებელი ინციდენტი 1917 წლის ოქტომბრის მიწურულს მოხდა. კირიონმა საქართველოს საკათალიკოსოს საქმეთა მმართველად და მდივნად არ დაამტკიცა ეგზარქოსების ჯაშუში დავით დავიდოვ-დავითაშვილი. განაწყენებული პრეტენდენტი ორჯერ რევოლვერით შეუვარდა კათოლიკოს-პატრიარქს სამუშაო კაბინეტში და რომ არა მორჩილ გერმოგენეს ვაჟკაცობა, შეიძლება, უბედურება უფრო ადრე დატრიალებულიყო.
კირიონ II-ს უკომპრომისო პოზიცია ეკავა ე. წ. რუსული ეპარქიის საკითხის მიმართ. მან პასუხის ღირსადაც არ მიიჩნია რუსეთის პატრიარქის ტიხონის ქედმაღლური წერილი. ასე დაემთხვა ერთმანეთს გარეშე და შინაური მტრების ინტერესები. კირიონ II-ის მკვლელობა განხორციელდა ფრიად გააზრებულად. კვალის დაფარვის მიზნით მკვლელებმა თვითონვე შეთხზეს და საზოგადოებას მიაწოდეს მკვლელობის ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები. საქმე რომ ორგანიზებულ დანაშაულთან გვქონდა, ამას ადასტურებდა კათოლიკოს-პატრიარქის კირიონ
II-ის მკვლელობის შემდეგ მომხდარი ამბები. 1918 წლის სექტემბერში მოწამლეს (საკუთარმა სიძემ) ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე), საუთარ სახლთან მოკლეს მღვდელი ტიმოთე ბაკურაძე (კირიონ II-ის საარჩევნო აგიტაციის მეთაური პროვინციებში), მცხეთაში მოკლული ნახეს არქიმანდრიტი მირიანი.
ქართველ მენშევიკებს, რომელთა მებაირახტრე ნოე ჟორდანია იყო, არ სწამდათ ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის შესაძლებლობა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია სოციალ-დემოკრატებს საქართველოს ავტონომიის პროგრამის ნაწილად მიაჩნდათ, ამიტომაც იბრძოდნენ მის წინააღმდეგ, ძირითადად - ფარულად, ავტოკეფალიის აღდგენამ კი ისინი გაანაწყენა. ამიტომაც იყო, რომ ეკლესიის მეთაურთა წინააღმდეგ ჩვეულ ცილისწამებასა და ტერორს მიმართავდნენ.
სოციალ-დემოკრატებს ქართული ეკლესიის მიმართ დამოკიდებულება არც მას შემდეგ შეუცვლიათ, რაც რუსულმა ჯარმა ამიერკავკასია დატოვა, საქართველო უცხოეთის მოთხოვნით დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა, ხოლო თავად (მათთვისვე მოულოდნელად!) ხელისუფლების სათავეში აღმოჩნდნენ. და აი, სულ მალე ტრაგიკულად დაიღუპა კირიონ II.
ასე იყო თუ ისე, ეს მკვლელობა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო ლაქად დარჩა. ეს ტრაგედია იმხანად ბოლომდე ვერც კი გაიაზრეს. სამაგიეროდ, კომუნისტური დიქტატურის წლებში საქართველომ ერთიათად ზღო კათოლიკოსის უდანაშაულო სისხლი.
ლევან მათეშვილმა