დოისის ოქონის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მედავითნე შიო, რომელიც ცოლ-შვილთან ერთად ამავე ტაძრის ეზოში სახლობდა, მაშინ ალბათ ვერც წარმოიდგენდა, მისი პირველი ვაჟიშვილი გრიგოლი მომავალში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რომ გახდებოდა. პატარა გრიგოლის ქვეყნად მოვლინების პირველივე წლებიდან მშობლები არაერთი სასწაულის მხილველნი გამხდარან. მადლმოსილ ყრმას ლაპარაკი არ ჰქონდა დაწყებული, როცა "დედის" წარმოთქმისთანავე შეიტკბო სიტყვა "ალილუია" და ასე განადიდებდა უფალს.
შიო და მარიამ სიდამონიძეები, მართალია, ხელმოკლედ ცხოვრობდნენ, მაგრამ ამ გარემოებას ხელი არ შეუშლია მათთვის, მრავალშვილიანი ოჯახი შეექმნათ. არ შეუშინდნენ სიღარიბეს და სამი ქალიშვილი და სამი ვაჟი შემატეს ქვეყანას (სამწუხაროდ, ერთი ვაჟი ადრეულ ასაკში გარდაეცვალათ).
უწმინდესი ეფრემი ყოველთვის დიდი სიყვარულით მოიხსენიებდა მშობლებს: მამას, შიო გრიგოლის ძე სიდამონიძეს, რომლისგანაც ადრეულ ბავშვობაში შეუსწავლია მედავითნეობა, საღვთო სჯულის განსაკუთრებული პატივისცემა, ლოცვისა და შრომის სიყვარული, და დედას, მარიამ ანდრიას ასულ სიდამონიძეს, ქარგვისა და ქსოვის მიმდევარს, გამორჩეულ დიასახლისს, ქმარ-შვილზე გადაგებულ და მზრუნველ ადამიანს.
პირველდაწყებითი განათლება მშობლებმა შვილებს ჯერ კიდევ სასკოლო ასაკამდე, ოჯახში მიაღებინეს.
გრიგოლი პატარაობიდანვე გამოირჩეოდა თანატოლებისგან ღვთისმოშიშებითა და ასკეტური ცხოვრებისადმი თანდაყოლილი ლტოლვით, რასაც იოანე სენაკელის ერთი მოგონებაც ადასტურებს: "კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ მეორის მშობლები ღრმადმორწმუნენი იყვნენ. ასეთ ოჯახში აღზრდილს პატარაობიდანვე შეუყვარდა მონასტერი და გადაწყვიტა ბერობა. წასულა პატარა გრიგოლი ქვათახევის მონასტერში და წინამძღვრისაგან მორჩილად მიღება უთხოვია. წინამძღვარს იგი მიუღია. უკითხავს, ვინ იყვნენ მისი მშობლები, მიუცია სამორჩილო კაბა და დაუტოვებია მონასტერში. მონასტრის წინამძღვარი მეტად განათლებული კაცი იყოო, - იგონებდა უწმინდესი ეფრემი, - "მე არაფერი შემამჩნევია, იმიტომ რომ მაშინ ასაკით პატარა ვიყავი და მშობლებს შეატყობინა ჩემი ადგილ-სამყოფელი. იგი შიშობდა, უარი რომ ეთქვა ჩემთვის, სადმე არ წავსულიყავ და რაიმე უბედურებას არ გადავყროდი. მოვიდა მამაჩემი, ჯერ წინამძღვრისგან მიიღო დალოცვა, მერე რიგ-რიგობით მიესალმა ბერებს და ხელზე ემთხვია. ბოლოს მე ვიდექი, მოვიდა ჩემთან და ორივე ხელი მუჭად გამომიშვირა წყალობის მისაღებად და მითხრა: "მაკურთხე, პატარა მამაო". მამაჩემი არ გამიწყრა, დამიყვავა, წინამძღვარმაც დამარიგა - ახლა ადრეა შენი ბერობა, ჯერ ბევრი უნდა ისწავლო, რათა სამშობლოს მეტი სიკეთე მოუტანოო და წამიყვანა სახლში". იმდენად დიდი ყოფილა პატარა გრიგოლის მონასტრისადმი ლტოლვა და იქ დარჩენის სურვილი, მოძღვარს აღუთქვამს, როგორც კი საშუალება მიეცემოდა, წერილობით შეატყობინებდა მონასტერში მიღების თაობაზე.
კარგად განსაზღვრა მამამ შვილის მოწადინება და 7 წლის გრიგოლი გორის სასულიერო სასწავლებელში შეიყვანა, სადაც მას სულიერი მისწრაფებისა და გონებრივი შესაძლებლობების გამოვლენის მეტი შესაძლებლობა მიეცა. ღვთის მადლით, გრიგოლს რწმენასა და გონიერებასთან ერთად თავისი ქვეყნისა და მშობელი ხალხის განუზომელი სიყვარულიც დაჰყვა. ამიტომ იგი ძნელად ეგუებოდა სასულიერო სასწავლებელში გამეფებულ ატმოსფეროს, იქ ხომ მასწავლებელთა უმრავლესობას რუსი პედაგოგები შეადგენდნენ. ბევრი მათგანი ცდილობდა, ჩაექრო მოსწავლეებში ეროვნული გრძნობა, რაც რუსული პოლიტიკის უშუალო გამოძახილი იყო. ისინი კრძალავდნენ სასწავლებელში ქართულ მეტყველებას, ცდილობდნენ საქართველოს ისტორიის გაყალბებას, გამიზნულად ცვლიდნენ ქართული გვარების დაბოლოებებს. ყოველი ასეთი შოვინისტური გამოვლინება ისე აშკარა და მიზანმიმართული იყო, რომ მოსწავლეებს შინაგანი პროტესტი უჩნდებოდათ, რადგან ვერ ურიგდებოდნენ ძალადობასა და უსამართლობას. უწმინდეს ეფრემს ბევრისთვის მოუყოლია ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი ერთი შემთხვევა: "შემოვიდა საეკლესიო ოთახში ეროვნებით რუსი პედაგოგი და გაკვეთილის დაწყების წინ, ჩვეულებრივ, სიის ამოკითხვას შეუდგა. ჩემი გვარის ამოკითხვის ჯერიც დადგა. სიდამონოვ! - დაიძახა მასწავლებელმა. მე, თითქოს არც გამიგონია, არაფერი ვუპასუხე. ცოტა ხანში განმეორებით ისევ დამახინჯებულად წარმოთქვა ჩემი გვარი. კვლავაც დუმილი ვარჩიე. სიდამონოვ! - ხმას აუწია მან და თან მკაცრი მზერა ჩემკენ მოაპყრო. პასუხი ამჯერადაც რომ ვერ მიიღო, სწრაფად წამოდგა, ხელში სახაზავი მოიმარჯვა და ჩქარი ნაბიჯებით გამოემართა ჩემკენ. ჯერ ყურები ამიწითლა, მერე ხელები მერხზე დამაწყობინა და უმოწყალოდ სახაზავის ცემა დამიწყო თითებზე. წამოვდექი უცებ ბრაზმორეული და ამჯერად პასუხიც აღარ დავაყოვნე: "ია ნე სიდამონოვ, ია სიდამონიდზე". უწმინდესი ეფრემის მიერ მოყოლილი ეს შემთხვევა ამას წინათ გაიხსენა ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.
ასეთი გამონაკლისი შემთხვევების მიუხედავად, გრიგოლ სიდამონიძე გორის სასულიერო სასწავლებლის პედკოლექტივში და თანატოლებს შორისაც ავტორიტეტით სარგებლობდა. მისი განსაკუთრებული ნიჭიერების, უანგარობისა და ხაზგასმული კეთილშობილების გამო ბევრს უჩნდებოდა მასთან მეგობრობისა და დაახლოების სურვილი.
იგი დიდ ინტერესს იჩენდა სასოფლო-სამეურნეო საკითხებისადმი, ეხმარებოდა მშობლებს საოჯახო და საყოფაცხოვრებო პრობლემების გადალახვაში. ადრეულ ასაკში შეისწავლა ხვნა, თესვა, ბარვა, დარგვა. უყვარდა შინაურ ცხოველებსა და ფრინველებზე დაკვირვება და მათი მოვლა-პატრონობა.
სოფელ დოესში, სადაც მომავალმა პატრიარქმა ყრმობისა და სიჭაბუკის უმნიშვნელოვანესი წლები გაატარა, მაშინ მრავლად სახლობდნენ ჯავახიშვილები, რომელთაც აღარ სწყალობდნენ თურმე მაზრის იმდროინდელი გამგებლები. თავადური წარმომავლობის გამო აიძულებდნენ, დაეტოვებინათ თავიანთი სამოსახლო და კარ-მიდამო, რათა მათ ადგილ-მამულებს თავად დაპატრონებოდნენ. სოფლის მოსახლეობა თანაუგრძნობდა დევნილობაში მყოფ თავადებს, მაგრამ მაინც ვერ დგამდა ნაბიჯს მათ დასახმარებლად. მაშინ მედავითნე შიოს გამოუჩენია გამბედაობა. გაუსუფთავებია საქონლის ბოსლის ერთი ნაწილი, ხის კედლით გაუტიხრავს და ჯავახიშვილებისთვის დაუთმია საცხოვრებლად. ამ საქციელით მან არა მხოლოდ ქრისტიანული შემწყნარებლობა გამოავლინა უსამართლოდ დაჩაგრულ თანასოფლელთა მიმართ, არამედ დაანახა სოფლის მკვიდრთ, თუ ისინიც მხარში ამოუდგებოდნენ განსაცდელში ჩავარდნილ ჯავახიშვილებს, ამით გადაარჩენდნენ სოფლიდან გასახლებისა და დამცირებისგან. ის, რომ ეფრემ მეორის პატრიარქობის პერიოდში მინისტრთა საბჭოს იმჟამინდელი თავმჯდომარე ბ-ნი გივი ჯავახიშვილი ცდილობდა, შეძლებისდაგვარად დახმარებოდა საქართველოს ეკლესიას, გარკვეულწილად ამითაც ყოფილა განპირობებული.
უწმინდეს ეფრემს ერთ-ერთი შეხვედრის დროს შეუხსენებია მთავრობის მეთაურთათვის, რომ პირადად მას და მის ოჯახს გარკვეული წვლილი ჰქონდათ შეტანილი დოესელი ჯავახიშვილების გადარჩენაში: "დედაჩემი პურს რომ გამოაცხობდა, რამდენიმე ცალს ტილოში გაახვევდა და მათთან გამატანდა. მეც სიამოვნებით ვასრულებდი ამ დავალებას. მაშინ პატარა ვიყავი და ბევრ რამეს ვერ ვხვდებოდი, მაგრამ რასაც ვაკეთებდი, იმით კმაყოფილებას ვგრძნობდი. ჩემთვის უჩვეულო იყო და გაუგებარი, რატომ იფარებდნენ ისინი კისერზე ხელსახოცებს ყოველი ჭამის დაწყების წინ, - იხსენებდა უწმინდესი ეფრემი ბავშვობის დროინდელ შთაბეჭდილებებს, - სამარხვო საჭმელებს განსაკუთრებით ვეტანებოდი. მახსოვს, ერთხელ დედაჩემმა ლამაზად დაჭრილი გოგრა გახურებულ თონეში ჩააწყო შესაწვავად. როგორც კი ეს დავინახე, სასწრაფოდ გავიქეცი და ისე ჩავეკიდე თავით თონეში გოგრის ამოსაღებად, მარტო ფეხები მიჩანდა თურმე და ბიცოლაჩემს დროზე რომ არ შეეშველებინა ჩემთვის ხელი, არ ვიცი, რით დამთავრდებოდა ყოველივე. გადავრჩი, მაგრამ დამწვრობა, რომელიც საფეთქელთან მივიღე, მთელი ცხოვრება ლაქად აღიბეჭდა ჩემს სახეზე", - გაიხსენა ბიძის მონაყოლი მისმა ძმისშვილმა ნათელა სიდამონიძემ.
ზაფხულის არდადეგებს უწმინდესი ეფრემი თავისი დიდი წინაპრისა და ნათესავის ალექსანდრე ეპისკოპოსის გვერდით ატარებდა შიომღვიმის მონასტერში. უწმინდესი ეფრემის დახასიათებით, მღვდელმთავარი ალექსანდრე უაღრესად განათლებული და ქველმოქმედი პიროვნება გახლდათ, რომელმაც თავისი ცხოვრება ეროვნული ცნობიერების გაღვიძებას და ქართული ენის დაცვასა და განმტკიცებას მიუძღვნა. უწმინდესი ეფრემი მადლობდა უფალს, რომ ალექსანდრე ოქროპირიძის სიცოცხლის ბოლო წლები მის მორჩილებაში გაატარა შიომღვიმის მონასტერში. აქედან გამომდინარე, გასაკვირი აღარ არის, რატომ იზიდავდა უწმინდეს ეფრემს შიომღვიმე ასე განსაკუთრებით.
1907 წელი მძიმე აღმოჩნდა 11 წლის გრიგოლ სიდამონიძისთვის. ამ წელიწადს მან ორი უსაყვარლესი პიროვნება მიაბარა მიწას: მშობელი დედა და სულიერი მოძღვარი - ალექსანდრე ეპისკოპოსი.
1912 წელს, გორის სასულიერო სასწავლებლის დასრულებისთანავე, სასწავლებლის დირექციამ გრიგოლ სიდამონიძე სპეციალური რეკომენდაციით მიავლინა თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის გასაგრძელებლად. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მისი ოჯახი სწავლის საფასურს აღარ გადაიხდიდა.
გრიგოლ სიდამონიძეს ყოველთვის ჰქონდა უნარი, შემოეკრიბა საზოგადოების საუკეთესო ნაწილი და კეთილისმყოფელი გავლენა მოეხდინა მათზე. იმდენად მადლმოსილი იყო, რომ ვინც მასთან ურთიერთობას დაამყარებდა, იმთავითვე უჩნდებოდა ფერისცვალებისა და სულიერი განახლების სურვილი.
სემინარიის წლებიც წარმატებული აღმოჩნდა მისთვის. თანაკლასელთაგან კარგი ურთიერთობა ჰქონდა გოგლა ლეონიძესთან, რაც შემდგომში დიდ მეგობრობასა და ურთიერთპატივისცემაში გადაიზარდა. "ბეჯითი მოსწავლე იყო, სხვებისგან იმით გამოირჩეოდა, რომ დიდად ეთაყვანებოდა ქართულ სარწმუნოებას. ხშირად დასვენების წუთებშიც რომელიმე ხატთან ჩერდებოდა, პირჯვარს იწერდა, გულმხურვალედ ლოცულობდა. ჩვენ, თანაკლასელები, ვვარაუდობდით, რომ მისგან უთუოდ საეკლესიო პირი უნდა გამოსულიყო", - იგონებდა გოგლა ლეონიძე, რომელიც იმდენად დიდ ანგარიშს უწევდა უწმინდესი ეფრემის აზრს, რომ საგანგებოდ მიავლინა მასთან ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ბატონი შალვა მარკოზიშვილი, რომელიც გოგლას დავალებით იწერდა მოგონებებს პოეტის წარსულიდან. "საინტერესოა, ის რომ გაიხსენებს, რას იტყვის ჩემზე. შენ გთხოვ, როგორმე შეხვდე უწმინდესს და ჩაიწერო მოგონება. მას უთუოდ სიონში შეხვდები", - სთხოვდა გოგლა მეცნიერს, რომელმაც წარმატებით გაართვა თავი ამ დავალებას.
"ბებიაჩემი მარიამი ძალიან ახალგაზრდა გარდაცვლილა. ვიდრე ბაბუა შიო მეორე ცოლს შეირთავდა, დაობლებულ და-ძმებს დედასავით ზრდიდა თურმე დედაჩემი თამარი, რომელიც დედმამიშვილებს შორის ასაკით ყველაზე უფროსი იყო, - გვიამბობს უწმინდესი ეფრემის დისშვილი ანა დავითაშვილი, - მართალია, უკვე 85 წელს გადავაბიჯე, თუმცა ჩემი გამოცდილებით დავრწმუნდი, რომ რაც ადამიანს წლები გემატება, შენი ბავშვობის და ახალგაზრდობის დროინდელი მოგონებები უფრო გახსენდება, ვიდრე თუნდაც დღეს შენს თავს გადახდენილი ამბავი. იმდენად ადრეულ ასაკში დავობლებულვარ, დედა აღარ დამამახსოვრდა. მის შესახებ ბევრი რამ მხოლოდ ბიძაჩემის მონაყოლიდან გახდა ჩემთვის ცნობილი, რომელსაც განსაკუთრებულად უყვარდა დედაჩემი. დედინაცვალი დიდად არ გვწყალობდა, მაგრამ, მადლობა ღმერთს, რაც კი დედაჩემს დედმამიშვილების მიმართ დახმარება გაუწევია, წინ დამხვდა ბიძაჩემისგან. უწმინდესი ეფრემი და დედაჩემი გარეგნულადაც ძალიან ჰგავდნენ თურმე ერთმანეთს. ვინც პატრიარქ ეფრემს სიცოცხლეში შეხვედრია, ჩემსა და მას შორისაც აღმოაჩენს გარეგნულ მსგავსებას. "დედაშენს ისე ჰგავხარ, შენ რომ მოდიხარ, მგონია, ჩემი თამრიკო მოვიდა ჩემთანო", - მეტყოდა ბიძაჩემი, გულში ჩამიკრავდა, თმაზე ხელს გადამისვამდა და მოფერებით იტყოდა: "მოვიდა ჩემი ანანო და თითქოს ჩემი თამრიკო გამიცოცხლდაო". გამომშვიდობებისას ფრთხილად გამიხსნიდა ჩანთას და შიგ ფულს ჩამიდებდა. ამას ისეთი სიხარულით აკეთებდა, ძალიანაც რომ მომენდომებინა, მაინც ვერ შევეწინააღმდეგებოდი".
მეორე ქორწინების შემდეგ ეფრემის მამას, შიოს, ტაძრის ეზოში აღარ უცხოვრია, თუმცა იქვე ახლოს შეუძენია საკარმიდამო ნაკვეთი და პატარა სახლიც ჩაუდგამს. დღეს მის ეზოში ამ სახლის მხოლოდ კედლის პატარა ნაწილი და შიოსდროინდელი ბუხარია შემორჩენილი. ორსართულიანი შენობა ამ ეზოში უწმინდესი ეფრემის ძმისშვილს ქართლოს სიდამონიძეს მოგვიანებით აღუმართავს.
შიო სიდამონიძე პოეზიის დიდი მოყვარული და დამფასებელი ყოფილა. მას თავისი ხელით საგულდაგულოდ აკინძულ კრებულში საკუთარი გემოვნებით შეურჩევია და ლამაზად გადაუწერია აკაკი წერეთლის შედევრები: "განთიადი", "ნათელას სიმღერა", "ამირანი" და სხვა. კრებულში შიოს თავისი ლექსებიც შეუტანია. მოვიყვანთ ფრაგმენტს მისი ლექსიდან "მწუხარებასთან ბრძოლა", რომელიც პირველად იბეჭდება.
"გამშორდი, სევდავ ტიალო, ნუღარ მაწვები გულზედა,
დრო მამე, მაზედ ვიფიქრო, ვინც უტკბესია სულზედა,
ვინც გული გამიხალისა, ავსილი მუდამ ვნებითა,
ვინც მაგრძნობინა სიცოცხლის წუთი ტკბილ ნეტარებითა.
მას ვეტრფი, ვისი ხსენებაც მიღირს და მიჩანს ძვირადა,
დაღონებული სურათი თვალწინ მიდგია ხშირადა.
შორს არის, მაგრამ იქა ვარ ოცნებით დღე და ღამითა,
ვეღარ შემირყევ მაზედ ფიქრს, ნაღველიც მასვა შხამითა,
ვერც შემაშინებ, სამარევ, გულჩახურულო შავადა,
უნდა ვიცოცხლო ვაებით შობილმა სატანჯავადა.
ვერცა ვის დაგმორჩილდებით ჩემი ცოცხლის თავითა,
ვიბრძოლებ, მანამ ზღვას გაღმა გავცურდებოდე ნავითა".
ამბობენ, ეფრემის მამას მეფის რუსეთის დროს გარკვეული თანამდებობა ეკავა ეკლესიაში. მისი ნაქონი წიგნი "ხელთაი", რომელიც პასქალიის ანუ აღდგომისა და სხვა საეკლესიო დღესასწაულების გამოანგარიშებას შეეხება და ყოველი დროის სასულიერო პირისთვის აუცილებელი და სამაგიდო წიგნია, მაშინ დაკარგულა, როცა უწმინდესი ეფრემის დაპატიმრების შემდეგ "უღმრთოთა კავშირის" წევრებს საშუალება მიეცათ, მისი მდიდარი ბიბლიოთეკიდან მრავალი უნიკალური წიგნი დაეტაცებინათ. როგორც უწმინდეს ეფრემთან დაახლოებული პირი გ.კ. აღნიშნავს, პატიმრობიდან და გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ უწმინდეს ეფრემს თხოვნით მიუმართავს საქართველოს უშიშროების მაშინდელი ხელმძღვანელობისთვის ჩამორთმეული ქონების უკან დაბრუნების თაობაზე, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია. მოგვიანებით "ხელთაი" აღმოჩენილა მიტროპოლიტ დავითის ხელში, რომელიც მისთვის მიუტანია "უღმრთოთა კავშირის" ყოფილ წევრს ნესტორ წივწივაძეს მას შემდეგ, რაც მოუნანიებია თავისი საქციელი და მღვდლადაც კი უკურთხებიათ. გ.კ-ს ინფორმაციით, "ხელთაი" ამჟამად საჯარო ბიბლიოთეკაში ინახება და დროა, საქართველოს ეკლესიას გადმოეცეს.
მამა-შვილი შიო და გრიგოლ სიდამონიძეები 1917 წლის მარტში დასწრებიან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენასთან დაკავშირებულ საეკლესიო კრებას მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში და ხელიც მოუწერიათ ავტოკეფალიის აღდგენის აქტზე. ამის შემდეგ შიო სიდამონიძეს დიდხანს აღარ უცოცხლია. უწმინდესი ეფრემი თავის ერთ-ერთ ავტობიოგრაფიაში მამის გარდაცვალების თარიღად 1917 წელს ასახელებს.
თბილისის სასულიერო სემინარიის წარმატებით დასრულების შემდეგ გრიგოლ სიდამონიძემ ახალგახსნილ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება ჰუმანიტარულ, ფილოსოფიურ და ისტორიულ მეცნიერებათა განხრით.
ქართული უნივერსიტეტის გახსნა წინ უსწრებდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. იგი 1918 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, გაიხსნა. გრიგოლ სიდამონიძე, რომელიც უნივერსიტეტელთა პირველ თაობას ეკუთვნოდა, ალბათ დაესწრებოდა უნივერსიტეტის გახსნას, რომელიც აკურთხა და პირველი საზეიმო პარაკლისი გადაიხადა საქართველოს იმდროინდელმა კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა კირიონ მეორემ.
ივანე ჯავახიშვილის მიერ დაარსებული ქართული უნივერსიტეტის სტუდენტთა პირველი ნაკადი ის ფეხბედნიერი თაობა აღმოჩნდა, რომელმაც ღირსეულად განაგრძო თავიანთ წინამორბედ ქართველ მეცნიერთა და სახელოვან მამულიშვილთა მიერ გაკვალული გზა და თავადაც საპატიო ადგილი დაიმკვიდრა მე-20 საუკუნის მოწინავე ქართველ ინტელიგენციას შორის. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ მეორე ყოველთვის სიამაყითა და მადლიერებით იხსენებდა უნივერსიტეტის კედლებში გატარებულ წლებს, იმ პროფესორ-მასწავლებლებს, რომელთაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს ეროვნული სამეცნიერო კადრების აღზრდაში და სულიერ ფორმირებაში. "მადლობით ვიხსენებ ჩემს ახლადანთებულ ლამპარს, თბილისის უნივერსიტეტის აღმშენებელთ, რომელთა ხელმძღვანელობით მე ვივსებდი ცოდნას ოთხი წლის განმავლობაში", - იტყვის იგი 1927 წლის 27 მარტს, ეპისკოპოსად კურთხევის წუთებში. უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა სიყვარული უწმინდეს ეფრემს სიცოცხლის ბოლომდე არ განელებია. "ჩემი პიროვნების, ჩემი შეხედულებების ჩამოყალიბება-განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით უნივერსიტეტის მოძღვართ-მოძღვრებს: ივანე ჯავახიშვილს, კორნელი კეკელიძეს, აკაკი შანიძეს, დიმიტრი უზნაძეს, გიგო ნათაძეს, გიორგი ახვლედიანს და სხვებს", - აღნიშნავდა პატრიარქი ეფრემი 1972 წლის 28 იანვრის გაზეთ "სამშობლოში".
პირველკურსელ გრიგოლ სიდამონიძეს ქართულ ჩოხაში სურათიც გადაუღია, რომელიც მოგვიანებით თავისი ძმის ვლადიმერისა და რძლის დარიკოს ოჯახისთვის, მათი შვილების ქართლოსისა და ნათელასთვის უსახსოვრებია. "სურათი ესე - გრიგოლ შიოს ძე სიდამონიძისი გადაღებულია მაისს - თბილისის უნივერსიტეტში პირველ კურსზე ყოფნის დროს 1919 წელს. აღსანიშნავად საყვარელი ჩემი მშობლების შიოს და მარიამის ოჯახის გაუქრობელი სიყვარულისა, რომლის წევრადაც მე ვითვლებოდი, როგორც მათი შვილი - 1922 წლის იანვრის 3-მდე..." - ეს მინაწერი მას სურათის მეორე გვერდზე გაუკეთებია. სამწუხაროდ, უწმინდესი ეფრემის საოჯახო ალბომში ამაზე ადრინდელ ფოტოს ვერ მივაკვლიეთ. უწმინდესის გარდაცვალების შემდეგ მისი მშობლების საფლავების კვალიც გაქრა. აღარც დედამისის გვარი შემოგვინახა ისტორიამ. დროის ულმობელ სრბოლას სოფელ დოესშიც ყველაფერი შეუცვლია და გარდაუქმნია...
უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად 1921-1922 წლებში გრიგოლ სიდამონიძე სლავური ენის პედაგოგად მუშაობდა თბილისის რეალურ სასწავლებელში.
ფოლიანტებს შეჭიდებულ ყველასგან გამორჩეულ და წარმატებულ სტუდენტს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ასპირანტურაში დარჩენას და საქმიანობის სამეცნიერო ხაზით გაგრძელებას ურჩევს, მაგრამ დამამთავრებელ კურსზე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის (ხელაია) ლოცვა-კურთხევით, იგი ყველასგან მოულოდნელად მიიღებს გადაწყვეტილებას სწავლის შეწყვეტისა და ბერად აღკვების თაობაზე.
"მამაჩემმა და დედაჩემმა ერთი შვილი საკურთხეველს გაუზარდეს ჩემი სახით. ჩვენი ქვეყანა ძლიერი მაშინ იქნება, თუ ყოველი ოჯახი ერთ შვილს მაინც შესწირავს საკურთხეველს", - ეს სიტყვები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარეს ეფრემ მეორეს ამბიონიდან წარმოუთქვამს.