- როგორც ვიცი, მის უწმინდესობას ახლობლებისთვის საჩუქრების გაცემა უყვარდა. თქვენ თუ შემოგრჩათ მისგან რაიმე ნივთი ან საჩუქარი?
- ჩემს სალოცავ კუთხეს დღემდე ამშვენებს უწმინდესი ეფრემის მიერ ნაჩუქარი ჯვარი და კონდაკი. "ჩემს სულიერ შვილს და მამას - მამა ალექსანდრეს ანდერძით ვუტოვებ ჩემს ლოცვა-კურთხევას და სიყვარულს. ეკლესიურ საქმეებში დიდი და მცირე არ არის, ყველა ერთნაირი სიყვარულით, სერიოზულობითა და სარწმუნოებით აღასრულე. ეფრემ მეორე, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი და ბათუმ-ჭყონდიდის მიტროპოლიტი. 1966.III.15" - ასეთი წარწერა გაუკეთა კონდაკს. ეს წიგნი სალოცავ კუთხეში მიდევს და როგორც კი რაიმე განსაცდელი მეწვევა, გადავშლი, ვკითხულობ წარწერას და მაშინვე სიმშვიდე მეუფლება. ჩემს სალოცავ კუთხეს ამშვენებს უწმინდესი ეფრემის მიერ ნაჩუქარი ვერცხლის ჯვარიც. ეს დეკანოზის ჯვარი უწმინდესისთვის აკადემიკოს კორნელი კეკელიძეს მაშინ მიუცია, როცა ეკლესია დაუტოვებია და უნივერსიტეტში გადასულა სამუშაოდ. უთქვამს: "მე ვიცი, ერთ დროს შენ პატრიარქი გახდები, ამიტომ ეს ჯვარი, ჩემი ჭკუის მღვდელი რომ შეგხვდება, იმას გადაეციო".
სიონის ტაძრის დეკანოზ კორნელი კეკელიძესთან ერთად ღირსი მამის, ალექსი შუშანიას ძმამაც დატოვა მაშინ ეკლესია. ისინი ამას იმით ხსნიდნენ, რომ აუცილებელი იყო, ახალგახსნილ უნივერსიტეტში მოესინჯათ თავიანთი უნარი სამეცნიერო მუშაობისა - ასე ჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას.
- მამა ანტონ, ალბათ უწმინდესი ეფრემის მაგალითმაც განსაზღვრა თქვენი არჩევანი - სასულიერო მოღვაწეობა შავი სამღვდელოების გზით გაგეგრძელებინათ...
- არა, თქვენ წარმოიდგინეთ. 2-3-ჯერ მაინც ვთხოვე მის უწმინდესობას, ბერად აღკვეცის ნება დაერთო, მაგრამ უარი მივიღე. მეტყოდა ხოლმე: "ამის დრო ჯერ არ დამდგარაო". მერე აღარც შემიწუხებია. ჩემი ბერად აღკვეცა უწმინდესი ილია მეორის პატრიარქობის ჟამს მოხდა.
- რომელი სასულიერო პირების მიმართ ამჟღავნებდა უწმინდესი ეფრემი განსაკუთრებულ სიმპათიას? ვინ მიაჩნდა თავის სულიერ წინამძღვრად?
- როგორც ამბობდა, გურიისა და სამეგრელოს ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე და მისი ძმისშვილი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე მისი ნათესავები და დიდი წინაპრები იყვნენ. მათთან განსაკუთრებული სიყვარული და სულიერი ახლობლობა აკავშირებდა. ისინი ჩემი ბიძები არიანო, - იტყოდა. ბავშვობის წლებში მეუფე ალექსანდრეს მორჩილებაში ყოფილა შიომღვიმის მონასტერში. 11 წლის გრიგოლს (უწმინდესის საერო სახელი გრიგოლი გახლდათ) ძალიან განუცდია წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის გარდაცვალება 1907 წელს.
უწმინდეს ეფრემს არაჩვეულებრივი ურთიერთობა აკავშირებდა პატრიარქ კალისტრატე ცინცაძესთან. საუბრისას ხშირად მოიხსენიებდა მის სახელს და მას უდიდეს პატრიარქად და ავტორიტეტულ პიროვნებად აღიარებდა. გავიხსენებ ერთ საჩოთირო ისტორიას, რომელიც უწმინდეს ეფრემს შეემთხვა. "ერთხელ პატრიარქ კალისტრატესთან მივედი, - მიამბობდა, - ჩემი შესვლა და მისი ცხვირის დაცემინება ერთი იყო. მეც აღარ დავაყოვნე და მივაძახე: "ღვთის ცეცხლი-მეთქი". გაკვირვებულმა შემომხედა. მეც უცებ მივხვდი ჩემს შეცდომას და შევყვირე: "ვაიმე, უწმინდესო, ეს რა ჩავიდინე-მეთქი!" იმწუთას ისე შევწუხდი, მოვმკვდარიყავი, მერჩია. მოცელილი დავვარდი მის ფერხთა ქვეშ და წამოდგომას ვეღარ ვბედავდი. პატრიარქისგან შენდობას ველოდი. უცებ გაიღიმა, ხელი მომკიდა, წამომაყენა და ჩემს გამხნევებას შეეცადა. "ასე ნუ განიცდი, შვილო, ამ ამბავსო, - მითხრა, - ყველას შეიძლება მოგვივიდეს ასეთი რამ. ხომ იცი, ყოველ კეთილ საქმეს ბოროტიც თან სდევს და შენც ეს სიტყვები შენდა უნებურად ბოროტმა წარმოგათქმევინაო".
უწმინდეს ეფრემს დიდი სიყვარული აკავშირებდა ჩვენს დღევანდელ პატრიარქთან უწმინდეს ილია მეორესთან. მას მოფერებით ილიკოს ეძახდა. თავის მემკვიდრედ თვლიდა. ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, რადგან ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი უწმინდესი ეფრემის სიტყვები მეუფე ილიასადმი: "ისე უნდა დაგიტოვო ეკლესია, რომ 10 წელი მაინც არავითარი საზრუნავი აღარ გქონდესო". ამ სიტყვებიდან დავასკვენი, რომ იგი მას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ამზადებდა, რაც მისი ანდერძითაც დასტურდებოდა, რომელიც უწმინდესი ეფრემის გარდაცვალების შემდეგ მეტად საეჭვო ვითარებაში დაიკარგა.
ეს სიტყვები პატრიარქმა თავისი მფარველი ანგელოზის დღეს რამდენიმე უახლოესი ადამიანის თანდასწრებით წარმოთქვა. სამწუხაროდ, ეს მისი უკანასკნელი ანგელოზის დღე აღმოჩნდა.
უწმინდეს ეფრემს კარგი ურთიერთობა ჰქონდა რუსეთის პატრიარქ ალექსისთან (სიმანსკი). როცა პატრიარქი ეფრემი ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი გახლდათ, პატრიარქი ალექსი ხშირად სტუმრობდა საქართველოს - წყალტუბოში მკურნალობდა, სტალინის #6 აბაზანაში. 1948 წელს მან თავისი პანაღია უსახსოვრა უწმინდეს ეფრემს. პატრიარქი ეფრემიც ხშირად სტუმრობდა მას მოსკოვში. ერთ-ერთი ვიზიტის დროს მეც თან გამიყოლა. უწმინდესი ალექსი გრაფის შთამომავალი იყო და საქართველოს პატრიარქს ფრანგულად მიესალმა. ჩვენმა პატრიარქმა ხელი აუწია და ქართულად მიაძახა: "გაუმარჯოს ალექსისო!" სადაც უნდა ყოფილიყო, თავის ქართველობას არასდროს დათმობდა.
ალექსი პატრიარქი, როგორც მოგვიანებით უწმინდესი ეფრემი, დიდმარხვის ვნების კვირიაკეს გარდაიცვალა. მის დაკრძალვას უამრავი ხალხი დაესწრო, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან ჩამობრძანდნენ უწმინდესი პატრიარქები და სასულიერო პირები. მახსოვს, უწმინდესი ეფრემი მიუახლოვდა ალექსის ცხედარს, რომელსაც თავზე დაფარნა ეფარა, ემთხვია გარდაცვლილს და ცოცხალივით დაუწყო საუბარი: "Алексей, куда уходишь..." პაუზის შემდეგ განაგრძო: "Уходишь, да? А меня на кого оставляешь?.." ბოლო სიტყვები ისევ გაიმეორა. ეს იმდენად ბუნებრივად გააკეთა, იმდენად დამაჯერებელი და გულიდან ამომავალი იყო, რომ პროცესიაზე მოსული ხალხი კი არ ტიროდა, ქვითინებდა. დღესაც, თუკი ვინმეა ცოცხალი ამ ამბის შემსწრე რუსეთის სამღვდელოებიდან, ყველა იხსენებს ამ შეთხვევას.
უწმინდესი ეფრემი ხშირად იხსენიებდა უწმინდეს ამბროსი ხელაიას, რომელიც ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. დასწრებია მის სასამართლო პროცესსაც: "ჩემი თვალით ვხედავდი, როგორ ესროდნენ სასამართლო პროცესზე პატრიარქ ამბროსის ლაყე კვერცხებს. ის დიდსულოვნად იტანდა ყოველივე ამას. მთელი სახე და წვერ-ულვაში ლაყე კვერცხით ჰქონდა მოსვრილი, მაგრამ მაინც ვერ გატეხეს, ვერ დაიმორჩილესო", - იგონებდა პატრიარქი ეფრემი.
არქიმანდრიტი პართენი მაშინ მისულა მონასტერში, როცა უწმინდესი ეფრემისთვის იღუმენობა მიუციათ. მოგეხსენებათ, მონასტერში ყველაფერი მორჩილებაზეა დამყარებული. ვინაიდან მწყემსი არ ჰყავდათ, ეს საქმე, ხარისხის მიუხედავად, იღუმენისთვის შეუთავაზებიათ. "მომცეს დიდი ჯოხი და საქონლის ნახირი ჩამაბარეს სამწყემსადო", - იგონებდა პატრიარქი. როგორც მოგახსენეთ, მას საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა. "ერთხელაც მოვდივარ დაღლილ-დაქანცული, მომყავს ეს ძროხები და ვხედავ - ალაყაფის კართან ვიღაც პატარა ბიჭი დგას და სახეზე წვინტლები ჩამოსდის. როცა ვკითხე, აქ რა გინდა, რატომ დგახარ-მეთქი, სერიოზულად გამომიცხადა: "ბერობა მინდაო". მეც მეტი რა მინდოდა: "აჰა შენ ჯოხი და მწყემსე ნახირი, ნუ გეშინია, მალე გახდები ბერი-მეთქი". ასე გავანებე თავი მწყემსობას. მოგვიანებით ის ბიჭი არქიმანდრიტი პართენი გახდა".
უწმინდეს ეფრემს ძალიან უყვარდა ადამიანების გამოცდა და თავმდამბლობით დარიგება. ერთხელ მეკითხება: "აბა, მითხარი, რატომ აქვს ადამიანს ორი ყური?" ვუთხარი, რა ვიცი, ალბათ, ცალი ყურით ულამაზო იქნებოდა და იმიტომ დაუშვა ღმერთმა ასე-მეთქი. არა, არ ვარგებულხარ შენაო, - მითხრა. ისევ დავიწყე ფიქრი და რომ ვერ ვუპასუხე, ასე განმიმარტა: "ადამიანს ორი ყური იმიტომ აქვს, რომ ერთს ჰქვია "ისმინე", მეორეს - "ისხლიტე". რომელსაც "ისმინე" ჰქვია, იქიდან ყველაფერი თავში უნდა შეუშვა, "ისხლიტე" რომელსაც ჰქვია, რაც სჭირო არ არის, სწორედ ამ ყურიდან უნდა გამოუშვა. ამ ორ ყურს შორის რომ ტვინი გაქვს, საცერია, ამ საცერში უნდა გავცხრილოთ ჩვენი აზრები - რაც არ ვარგა, გამოვდევნოთ და რაც კარგი დარჩება, დავიტოვოთო". უყვარდა ასეთი რჩევა-დარიგებების მიცემა, რაც მონასტრიდან გამოჰყოლოდა.
- მამა ანტონ, საინტერესოა, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა უწმინდეს ეფრემს ათეისტურ ხელისუფლებასთან...
- მიუხედავად იმისა, რომ კლდე იყო თავის საქმეში, ხელისუფალთა მიმართ მტრობა და სიძულვილი ნამდვილად არ ჰქონია. ყოველთვის ცდილობდა, არ გაემწვავებინა მათთან ურთიერთობა, და ამით თავისთვის სასურველ შედეგსაც აღწევდა. თუმცა, როცა საჭირო იყო, სიმკაცრესაც იჩენდა. რამდენიმე შემთხვევას გავიხსენებ.
გასული საუკუნის 60-იან წლებში, ნიკიტა ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდში, სპეციალური დადგენილება მიიღეს რუსეთის ეკლესიის სასულიერო პირების ხელფასზე გადაყვანის თაობაზე. დროთა განმავლობაში ეს სიახლე სხვა საბჭოთა რესპუბლიკებშიც უნდა გავრცელებულიყო. პატრიარქი ეფრემი მინისტრთა საბჭოში გამოიძახეს ამ საკითხის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად. მან სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია ამ წინადადებას. თქვა: "სანამ ცოცხალი ვარ, ჩემი მღვდლები თქვენგან დანიშნულ ჯამაგირს არ მიიღებენ, თავიანთი შრომით რასაც დაიმსახურებენ, ხალხიც იმდენს გადაუხდისო". როცა ამავე საკითხზე საქართველოს ცენტრალურ კომიტეტში დაიბარეს და მის მტიცე პასუხზე ცეკას იმჟამინდელმა პირველმა მდივანმა ოდნავ აუწია ხმას, პატრიარქმა მშვიდად მიუგო: "გეთაყვა, ხომ არ გავიწყდებათ, ვის ელაპარაკებით?! თქვენ წინაშე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია!" ამის შემდეგ მჟავანაძეს ტონი შეუცვლია და ბოდიში მოუხდია.
იმავე პერიოდში რუსეთში ეკლესიებისა და სასულიერო სასწავლებლების დახურვა დაიწყო. შეიქმნა საშიშროება, ეს მოძრაობა საქართველოშიც გავრცელებულიყო. საქართველოს მაშინდელმა მთავრობამ სთხოვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, სოლიდარობა გამოეცხადებინა საკავშირო მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის - დაეხურათ ორი ან თუნდაც ერთი ეკლესია მაინც. მაშინ უწმინდეს ეფრემს უთქვამს: "ისეთ საქმეს ნუ ჩამადენინებთ, მთელ მსოფლიოში შეგარცხვინოთ. როგორც კი ერთ ეკლესიასაც კი შეეხებით, იმ წუთას თავს მოვიკლავ, მანამდე კი ყველას გავაგებინებ, რამ მაიძულა, ასეთი რა გამეკეთებინაო". ყველაფერი ეკლესიის გამარჯვებით დამთავრდა.
სწორედ იმ პერიოდში შიომღვიმის მონასტერში, რომელიც დიდი ხნის წინათ დაკეტეს და ოფიციალურად ძეგლთა დაცვის მთავარ სამმართველოს ეკუთვნოდა, პატრიარქ ეფრემის კურთხევით ყოველ შაბათ-კვირას ტარდებოდა წირვა-ლოცვა. მთავრობა იძულებული გახდა, თვალი დაეხუჭა ამ ფაქტზე. ეფრემ მეორის ფაქტორი აიძულებდათ, ასე მოქცეულიყვნენ. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ პრესაში, სამწუხაროდ, აზვიადებენ ამ ფაქტებს. ამბობენ, თითქოს უწმინდესი ეფრემი გაზეთში გახვეული ნაჯახით დადიოდა ცეკაში. როგორ გგონიათ, ასეთი დიპლომატიური ნიჭით დაჯილდოებული პიროვნება ნაჯახით ივლიდა მოლაპარაკებებზე? რა თქმა უნდა, არა. იქნებ, ვინც ამას წერს, კეთილი მიზნები ამოძრავებდეს, მაგრამ სინამდვილეში ჩრდილს აყენებს უწმინდესი ეფრემის ავტორიტეტს და საბოლოოდ ცუდ სამსახურს უწევს მას.
- მამაო, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა უწმინდესს ახლო ნათესავებთან, ოჯახის წევრებთან?
- ვერ გეტყვით, განსაკუთრებული-მეთქი. ის ბერი იყო და ამითაც მაგალითს გვაძლევდა. შინაურებს სხვებისგან არ გამოარჩევდა. რა თქმა უნდა, მასთან ზოგჯერ მოდიოდნენ მისი და-ძმა, ძმისშვილები, დისშვილები, მაგრამ ის ერთნაირი შემწყნარებლობითა და ყურადღებით ეპყრობოდა ყველას. რა გასაკვირია, თავის თავს ხომ ყველაზე ბოლოს აყენებდა, თავისთვის არაფერი ემეტებოდა. ზოგჯერ მოშივდებოდა, მაგრამ პურის საყიდლადაც ვერ იმეტებდა ფულს. "როგორ, ჩემი ჭამის გამო ეკლესიის შემოწირულობა დავხარჯოო!" - იტყოდა, ამ დროს კი სხვისთვის არაფერს დაიშურებდა.
ტრაპეზის დროს უაღრესად თავშეკავებული იყო. სქემიღუმენია ანგელინა პატრიარქის სულიერ დედად ითვლებოდა. გადასახლების წლებში პატრიარქ ეფრემს მხოლოდ მასთან ჰქონდა მიმოწერა. სქემიღუმენიას მორჩილსც ანგელინა ერქვა. ზოგჯერ, ზეთი რომ არ ჰქონდათ, მორჩილი ანგელინა კანდელიდან იღებდა, პატრიარქისთვის კარტოფილი რომ შეეწვა. მაგრამ როცა უწმინდესი სტუმრებს ელოდა, მათთვის არაფერი ენანებოდა.
ერთხელ უწმინდეს ეფრემს განუზრახავს, რაიმე ფარული ტვირთი აეღო, რომელიც ტანჯვას განაცდევინებდა. "ბერის პარამანს ზონრების მაგიერ ჯაჭვები გავუკეთე და კარგა ხანს ვატარე. ერთ დღეს ჩემი და თამარი მოვიდა საპატრიარქოში, ჩემი სამოსი რომ გაერეცხა. მე არც კი შემიმჩნევია, რომ ოფლისგან თეთრ პერანგზე ჟანგი გადასულიყო. შეწუხებულმა მკითხა: "ეს რა არისო". იმ დღიდან მოვიხსენი ჯაჭვები და აღარც გამიკეთებია, რადგან რასაც დაფარულად იქმ შენი სულისთვის, იმის გამო დარდი სხვას არ უნდა შეამთხვიო".
აი, ასე ცხოვრობდა პატრიარქი ეფრემი. აკეთებდა იმას, რაც ღვთისთვის სათნო იყო. ახალგაზრდა ვიყავი და მაშინ მიკვირდა ბევრი რამ, დღეს კი კარგად მესმის მისი. როცა ჩემს განვლილ ცხოვრებას თვალს გადავავლებ, დარწმუნებული ვარ, ხელმეორედ რომ დავიბადო ამქვეყნად, ისევ ამ გზას დავადგებოდი, ისევ ასეთ ცხოვრებას ავირჩევდი, იმავე ტანჯვითა და იმავე სიხარულით, იმავე ხალხთან, ვისთანაც მიწევდა ცხოვრება და მსახურება.
ამბობენ, ძნელია სიკვდილი და მასზე ფიქრიც შემაძრწუნებელიაო. მაგრამ როცა იხსენებ შენთვის ძვირფას გარდაცვლილ ადამიანებს, იმედი გეძლევა, რომ მომავალ ცხოვრებაში მათთან შეხვედრა მოგიწევს. ამის გაცნობიერების შემდეგ, თუ სანატრელი არა, უფრო ადვილი ხდება სიკვდილზე ფიქრი.
მე ორი მამა დავკარგე, - ცხადია, სულიერ მამებს ვგულისხმობ, - უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ მეორე და არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი), რომელიც ფსკოვ-პეჩორის სავანეში მოღვაწეობდა. მათი სახეები მუდამ იცოცხლებენ ჩემს გულსა და გონებაში. ვისურვებდი, ჩემი სიცოცხლის ბოლოს არ გამწიროს ღმერთმა და მომცეს უფლება, ვიხილო ისინი იქ, სადაც მართალთა სულები განისვენებენ.