თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის დეკანი, დიდი სამების ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელმონაზონი დოსითეოზი (ბოგვერაძე) სიხარულით აღნიშნავს, რომ ბედნიერია, ვინაიდან მისი უწმინდესობის რექტორობის დროს უწევს მოღვაწეობა და სასულიერო პირიც მისი უწმინდესობისავე კურთხევით გახდა.
"მისი უწმინდესობის აღსაყდრებისას სულიერი თვალსაზრისით ძალზე რთული პერიოდი ედგა საქართველოს. მაშინდელი იდეოლოგიური რეჟიმისთვის უცხო გახლდათ თავისუფლება, სიყვარული, ჭეშმარიტება. მოქმედი ეკლესია ძალიან ცოტა იყო, - გვიამბობს მამა დოსითეოზი, - ღვთისმსახურება მხოლოდ 52 ეკლესიაში აღევლინებოდა. რამდენიმე მათგანის დახურვა მთავრობას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა.
ასეთ ვითარებაში აბრძანდა საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტახტზე, ღვთის განგებითა და წყალობით, მისი უწმინდესობა.
პატრიარქის მოღვაწეობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უახლესი ისტორიის განსაკუთრებული საფეხურია. აქედან იწყება ერის სულიერი გამოფხიზლება, ეკლესია-მონასტრების აღორძინება და გაძლიერება. მისივე ღვაწლის ნაყოფია საქართველოს ეკლესიის ავტორიტეტი მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში.
ბევრი რამ შეიძლება ითქვას მის უწმინდესობაზე, - ბრძანებს მამა დოსითეოზი, - მაგრამ ვერც კი შევკადრებ, მისი მოღვაწეობა შევაფასო. ვიტყვი მხოლოდ, რომ ვისაც უნახავს, როგორ დგას მისი უწმინდესობა ლოცვაზე, ის ყველაზე უკეთ ხედავს პატრიარქის გასაოცარ სულიერებას.
სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორატი, პრორექტორები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები ყოველ დილით ველით მისი უწმინდესობის გამოჩენას. სტუდენტები "მრავალჟამიერით" და გალობით ემზადებიან მასთან შესახვედრად. ლოცვა-კურთხევის მიღების შემდეგ დილას ლოცვით ვიწყებთ. ცხრა საათის ლოცვას პატრიარქი ჩვენთან ერთად აღავლენს, შემდეგ კი სხვადასხვა თემაზე გვესაუბრება, გვარიგებს, მიგვითითებს, რაზე გავამახვილოთ ყურადღება: ღვთისმეტყველებაზე, ლიტერატურაზე, ფილოსოფიაზე... აინტერესებს, რას ფიქრობენ სტუდენტები ამა თუ იმ საკითხზე და ყოველ მათგანს გულისყურით უსმენს.
რაც არ უნდა მოხდეს, პატრიარქი არასდროს გვსაყვედურობს, დიდი-დიდი, თბილი შენიშვნა მოგვცეს. მაშინაც კი, როცა სასწავლებლიდან სტუდენტის გარიცხვის საკითხი დგება, მისი უწმინდესობა ყოველნაირად ცდილობს მის დაცვას. ჩვენც ლოცვა-კურთხევა გვაქვს, გავუფრთხილდეთ სტუდენტებს.
...მე მინახავს ცრემლი მისი უწმინდესობის თვალზე ლოცვის დროს, მომისმენია მისი გაბზარული ხმა. ერთხელ პატრიარქს საინგილოდან ერთი ახალგაზრდა ესტუმრა. მასთან შეხვედრის წინ უწმინდესს უეცრად სახე ეცვალა და თვალზე ცრემლი მოადგა. მცირე ხნის შემდეგ საოცარი, გულში ჩამწვდომი ხმით თქვა: როგორ უნდა მოისვენოს მისმა სულმა, ვინც ეს ხალხი საქართველოს მოსწყვიტაო...
მეტისმეტად გვიან მოვინათლე - 25 წლის ვიქნებოდი. იმავე წელს გადავწყვიტე სასულიერო სემინარიაში ჩაბარება. მისი უწმინდესობა თითოეული სტუდენტის მიმართ უსაზღვრო სიყვარულსა და სითბოს იჩენდა. საზოგადოდ, პატრიარქი ახალგაზრდების მიმართ უსაზღვროდ მოწყალეა. იცის, რომ მათში სიკეთეც ბევრია და პრობლემაც.
ბედნიერნი ვართ, როდესაც საშუალება გვეძლევა, მივულოცოთ დაბადების დღე და მის ახლოს ვიყოთ. სტუდენტებისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
პატრიარქის დაბადების დღეს საპატრიარქოში უამრავი ხალხი მოდის მოსალოცად. ჩვენ, სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, ყველა ურიგოდ გვიშვებს. ზოგი სტუდენტი საპატრიარქოს სტუმრების მიღებაში ეხმარება - ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ დღესასწაულში. მოკრძალებულ საჩუქარსაც ვუძღვნით. გოგონები მისი უწმინდესობისთვის რაიმე განსაკუთრებულს ქარგავენ, ვაჟები ხეზე კვეთენ... უწმინდესმა ერთხელ ასეთი რამ ბრძანა: ამ საზეიმო დღეებში უამრავ ნივთს მჩუქნიან, ძალიან ძვირფასი საჩუქარიც ბევრჯერ მოურთმევიათ, მაგრამ ყველაზე უკეთ დამამახსოვრდა ერთი ქალბატონი, რომელმაც საჩუქრად ქილა მაწონი მომიტანა; ჩემთვის ეს ყველაზე ძვირფასი საჩუქარი გახლდათო.
თქვენი ნებართვით, სასულიერო სემინარიისა და აკადემიის სახელით წინასწარ მივულოცავ მის უწმინდესობას დაბადების დღეს. ის დიდი ძალაა ჩვენთვის - არა მხოლოდ მღვდელმსახურთა დასისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის, ზეპურთათვის თუ უბრალო გლეხისთვის. ღმერთმა არ მოგვაკლოს მისი უწმინდესობის ლოცვა, მრავალჟამიერ მის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, მის სულიერ სიმტკიცეს, მის მოღვაწეობას".
დაბადების დღეს და ჯანმრთელობასა და სამწყსოს სულიერ წინსვლას უსურვებს.