მეუფე გრიგოლი: "ოცდახუთ წელიწადს მოკეცილი ვიჯექ თეთრი გიორგის მონასტერში და ყოვლისმცოდნე ბერები განმსწავლიდნენ..."
მეუფე გრიგოლი: "ოცდახუთ წელიწადს მოკეცილი ვიჯექ თეთრი გიორგის მონასტერში და ყოვლისმცოდნე ბერები განმსწავლიდნენ..."
სწორედ მეუფე გრიგოლმა დაადგა საპატრიარქო გვირგვინი ილია მეორეს
"თუ რამ ვიცი, - თეთრი გიორგის მრავალჭირნანახ ბერთაგანო, - იტყოდა ხოლმე გამზრდელ მამებზე თავადაც დიდად ნაღვაწი ალავერდელი მიტროპოლიტი გრიგოლი (ცერცვაძე, +1992) და დასძენდა, - ოცდახუთ წელიწადს მოკეცილი ვიჯექ იქ და ყოვლისმცოდნე ბერები განმსწავლიდნენო..."

კახეთის თავზე, აწყურსა და იყალთოს შორის, ცად აზიდულმა ამ უძველესმა თეთრმა საყდარმა მრავალი დიდი ბერი გაზარდა და თითქოს სამუდამოდ გამოითხოვა ჩვენთვის განსაკუთრებული მადლი ღვთისგან... ტაძრის სითეთრე მხოლოდ სიმბოლო კი არა, მისი სულიერი შინაარსია, ალბათ, ამიტომ იზიდავს ახლაც ასე ძლიერ აქაურობა ადამიანებს...

სავანის ამჟამინდელი წინამძღვარი, მეუფე გრიგოლის აღზრდილი, დეკანოზი ალექსი (ძამუკაშვილი) იგონებდა ერთი მოხუცი კაცის ნაამბობს, რომელმაც ბავშვობაში საკუთარი თვალით იხილა, რა ხვედრი ეწიათ ამ უძველესი და უძლიერესი მამათა სავანის მოხუც ბერებს:

"ფარულად ვუთვალთვალე, რა სისასტიკით დაარბიეს კომუნისტებმა მონასტერი, როგორ გამოყარეს იქიდან მამები, ზოგიერთები როგორ ჩაყარეს ტომრებში და ცემით სული ამოხადეს. მერე ადგნენ და მათი გვამები მდინარეს მისცეს... დაველოდე და თვალს რომ მიეფარნენ, გაჭირვებით ამოვიტანე ტომრებშივე დახოცილები და როგორც ბავშვს მომიხერხდა, ისე დავმარხეო".

ამ ღირს მამათა ცხოვრებას მოგვიანებით მივუბრუნდებით, ამჯერად მათი სულიერი შვილის, ჭირისუფლისა და მემატიანის, მეუფე გრიგოლის შესახებ გვინდა გიამბოთ. მუდამ გვმეოხებდეს თეთრი გიორგის ძალი და მის მსახურ მართალ მამათა ლოცვა!

აღთქმული შვილი
მონასტერში შეწირული კრავივით ურემს გამობმული მიიყვანეს მშობლებმა და მისი შემდგომი ცხოვრებაც თითქოს ამ გზის გაგრძელება იყო.

1910 წელს გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში, ალექსანდრე და სოფიო ცერცვაძეების კეთილმორწმუნე ოჯახში მოევლინა ქვეყანას...

უცნაური იყო მისი დაბადება: მეუფე გრიგოლის შობამდე ოჯახს ოთხი შვილი დაჰკარგვია, ბოლოს დამწუხრებულ დედას უფლისთვის აღუთქვამს, - ოღონდ შვილი შემარჩინე და შენს მსახურად აღვზრდიო.

მართლაც, უსმენია უფალს მისი ლოცვა და ვაჟი უჩუქებია, რომლისთვისაც გიორგი დაუნათლებიათ.

მიუხედავად ღვთისმგმობი დროებისა, მშობლებს აღთქმა არ გაუტეხიათ და სიყრმიდანვე ღვთისმოშიშად გაუზრდიათ ვაჟი. ეკლესიისა და ლოცვის სიყვარული ხომ, რაღაც უცნაური განგებულებით, თითქოს დედის მუცლიდანვე დაჰყვა გიორგის...

ერთ დღეს კომკავშირელებს ჩვეული სიავით დაურბევიათ სოფლის ეკლესია და წმინდა წიგნებიც ცეცხლისთვის მიუციათ. გადარჩენილი სიწმინდეები კი იქვე მიმალულ ყმაწვილ გიორგის შინ წაუღია და თავიანთი ვენახის ბოლოს, ზვინის ქვეშ საგულდაგულოდ გადაუმალავს. დედამისს წიგნები ვენახიდან სახლში დაუბრუნებია, ამის შემხედვარე გიორგის კი მთვარის შუქზე, მალულად მათი ვენახში ზურგით გადაზიდვა ხელმეორედ მოუწია. არ გასულა დიდი დრო და ოჯახს მილიცია დასცემია, - ახლავე ჩაგვაბარეთ ყველაფერიო... მთელი სახლი კი გადაჩხრიკეს, მაგრამ წიგნები მაინც ვერსად იპოვეს...

როგორც ამბობენ, მეუფე გრიგოლი ყრმობიდანვე მშობლების დამხმარე და უსიტყვოდ მორჩილი იყო, სწავლისგან თავისუფალ დროს თურმე ნახირში ატარებდა ხოლმე.

მეუფეს მღვდელმონაზონ ნაომისთვის (ვაჭრიძე) თავად უამბია: "ბავშვობაში ჯანსაღი და ღონიერი ვიყავ, კამეჩებს და ძროხებს ვმწყემსავდი, ხელში სახრე მეჭირა და მუხლებამდე აკეცილი შარვლის ტოტებიც კი მიმტვერიანდებოდა...

როგორც ახლა ჩვენს მრევლში თავს იჩენს ხოლმე ვიღაც და ეკლესიას ამირევს, იქაც რომელიმე კამეჩი გაიქცეოდა. სიცხეში გავედევნებოდი და მანამ ვწვალობდი, სანამ არ ვიპოვიდი და მოვაბრუნებდიო..."

მძიმე შრომაში გაიარა მისმა ბავშვობამ. 18 წლისას დედამ გაუმხილა, - შენი თავი უფალს აღუთქვიო... ადგნენ, ერთადერთი ვაჟი ურემს გამოაბეს და თეთრი გიორგის მონასტრის გალავანს აღთქმული კრავივით მიაყენეს...

ეს ამბავი 1928 წელს მოხდა, უმძიმეს დროს, რომელმაც, ბერებს კი არა, ღვთის სახელის მახსენებლებსაც კი სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, მაგრამ ამ წლებმა გიორგი უფრო გააძლიერა, - თანატოლთაგან მოკვეთისა და ქილიკის ფასად მაინც მამებთან ყოფნა არჩია...

იმხანად თეთრი გიორგის მონასტრის წიაღში გამოცდილი მოსაგრენი მოღვაწეობდნენ: არქიმანდრიტები მელქისედეკი (ცელაძე) და კირილე (ცინცაძე), ბერი ამბროსი... ჭაბუკი გიორგი მართლაც რომ ნუგეშად მოევლინა დევნილ ხუცესებს. მონასტრის მეურნეობაზე ზრუნვა, მხცოვან ბერთა მოვლა-პატრონობა და დაცვა მას დაევალა.

რომელიმე საეკლესიო დღესასწაული რომ მოვიდოდა, შეზარხოშებული უღმერთო ადამიანები ტაძარში უდიერად შევიდოდნენ, საწიგნობლიდან წიგნებს იტაცებდნენ, ფლეთდნენ, აქეთ-იქით ისროდნენ, სიწმინდეებს შეურაცხყოფდნენ... ამით გულმოკლული ჯერ კიდევ ბავშვი გიორგი გაიქცეოდა, ბუჩქებში ტირილით გულს მოიოხებდა და მერე ისევ მონასტერში ბრუნდებოდა.

ჩამობრძანდებოდა პატრიარქი ალავერდობას, დახვდებოდნენ თეთრი გიორგის მოხუცი ბერები, წაიმძღვარებდნენ შესამოსლებაკიდებულ გიორგის და ფეხით დაადგებოდნენ ხოლმე გზას ალავერდისკენ.

გადაივლიდა დალოცვილი ალავერდობაც. წირვის შემდგომ სამი დღე გადაბმულ ღრეობას მართავდნენ და ამ ორომტრიალში ხალხის დაშოშმინებაც მორჩილ გიორგის უწევდა.

თეთრი გიორგის ხანდაზმული მონაზვნები ძველ მამათა სულიერი მემკვიდრენი იყვნენ. მათი წყალობით გიორგიმ მალე დაისწავლა სამონასტრო ტიპიკონი, გალობა. აღმზრდელ ბერთა მსგავსად, უამრავი ლოცვა ზეპირად იცოდა.

სწრაფად გაიარა სამორჩილო წელიწადმა, მაგრამ გიორგის იმდენად ეთავისა იქაურობა, რომ აღარ მიატოვა და ჯარში გაწვევამდე რამდენიმე წელს კიდევ დარჩა.

1933 წელს სამხედრო ბეგარის მოსახდელად თბილისს განაწესეს, სადაც ცხენების მომვლელად 2 წელიწადს იმსახურა. ლოცვის დრო რომ მოაწევდა, განზე გადგებოდა და ბუტბუტით ლოცულობდა. დანარჩენ ჯარისკაცებს გონებასუსტი ეგონათ...

ამ დრომაც განვლო და გიორგი ისევ სავანეს დაუბრუნდა.

30-იანი წლები იდგა, წითელი ტერორი... უკუღმართმა დროებამ რელიგიური დღესასწაულებიც შინაარსგამოცლილ სანახაობებად და სახალხო ღრეობებად აქცია. ამ აყალმაყალის დაშოშმინება და მონასტრის დაცვაც მორჩილ გიორგის უწევდა. მაშინ ბერობა ჯერ კიდევ ვერ გადაეწყვიტა, ამიტომ, მამათა კურთხევით, იქორწინა და 1946 წელს ვაჟიშვილი, ალექსიც შეეძინა...

1948 წლის თებერვალში სიონში უწმინდესმა კალისტრატემ ჯერ დიაკვნად დაასხა ხელი, შემდეგ კი - მღვდლად. თავად მეუფე იგონებდა: სანამ მღვდლად მაკურთხებდა, პატრიარქმა გამომკითხა, - აბა, შვილი, იცი, ნათლობის საიდუმლო როგორ უნდა აღასრულო, მიცვალებულს წესი როგორ უნდა აუგო, პარაკლისი როგორ უნდა აღავლინოო? მეც ვპასუხობდი, როგორც შემეძლო. იქვე მსხდარი მღვდელმთავრები კი მიღიმოდნენ და მამხნევებდნენო...

მისი ცხოვრების ეს პერიოდი არანაკლებ მძიმე აღმოჩნდა. გულგატეხილი მრევლის გამხნევებას და მათი შერყეული რწმენის განმტკიცებას, მონასტრის პატრონობას, ათასობით ადამიანის მონათვლასა და მოქცევას, ღვთის შეწევნით, მაინც ახერხებდა. მიუხედავად მღვდლებისადმი სიძულვილისა, მისთვის ზედმეტი არასოდეს შეუბედავთ.

მამა გიორგი, რომელსაც ხალხმა სიყვარულით გიორგი მღვდელი უწოდა, 1954 წლიდან თელავის ღვთაების სახელობის ტაძარში განამწესეს. 1971 წელს იგი დეკანოზის ხარისხში აღიყვანეს, 5 წელიწადში გარეჯის უდაბნოში გრიგოლის სახელით აღიკვეცა ბერად, ხოლო მეორე დღეს ალავერდელ ეპისკოპოსად აკურთხეს.

თეთრი გიორგის წინამძღვარი, დეკანოზი ალექსი (ძამუკაშვილი): "დიდად მადლიანი კაცი გახლდათ მეუფე, ამას ყველა გრძნობდა, დიდიც, პატარაც, ჩინიანიც და უჩინოც. პატერიკებიდან ხომ მაინც გსმენიათ მამებზე, რომლებსაც ლოცვით წვიმები მოჰყავდათ და უამრავ საკვირველ საქმეს სჩადიოდნენ?! სწორედ ასეთი გახლდათ, არაერთხელ დავრწმუნებულვარ, თუ რა შეეძლო მის ლოცვას. ჩვენი ერთად მსახურებისას ხშირად მოსულან ხელისუფალნი და უთხოვიათ, - მეუფე, გვალვამ მოგვაოხრა, იქნებ თქვენმა ლოცვამ გაჭრას და წვიმა გვეღირსოსო. მაშინვე ფეხშიშველი წირვას დააყენებდა, იესო ტკბილის პარაკლისსაც ფეხშიშველი აღასრულებდა და ნამიც მალევე მოდიოდა...

პატრიარქი კალისტრატე გამორჩევით უყვარდა და იტყოდა ხოლმე, - მისი დარი მოღვაწე არასოდეს მინახავსო. ხომ იცით, რა წლებიც იყო?! ხან აიღებდა და ნახევარ ტომარა ფქვილს ჩაუტანდა საპატრიარქოს. ერთხელ შევბედე, - მეუფე, ნახევარი ტომარა რა მისატანი იყო-მეთქი. მიპასუხა, - იცი, შვილო, როგორ ჭირდაო?! თეთრი გიორგის მოხუცი ბერები შიმშილით რომ არ დამხოცოდნენ, წავიდოდი, კურდღლებს მოვინადირებდი და იმით ვკვებავდი დროდადროო...

მიცვალებულებს განსაკუთრებულად პატრონობდა. რამდენ ადამიანსაც წესს აუგებდა, სახელს არ დაივიწყებდა, თავის მოსახსენებელში ჩაწერდა...

ძალზე დიდი და ღრმა ცოდნა ჰქონდა. ერთხელ თეთრი გიორგის ტაძარში ღამისთევისას დიაკონს საცისკრო სახარება შეცდომით სხვა გვერდზე გადაუშლია. მეუფეს კი შეუნიშნავს, მაგრამ არაფერი უთქვამს და ზეპირად წაუკითხავს წმინდა წერილის ის ადგილი.

სიწმინდის განსაკუთრებული განცდა ჰქონდა. ხშირად იტყოდა, - გაასუფთავეთ კანდელები, რომ შიგ არაფერი ჩავარდეს, მის ზეთს გაუფრთხილდით, რადგან უდიდესი მადლი და კურნების ძალა აქვსო.

ნიშნეული არ არის განა, რომ მისი პირველიც და უკანასკნელი წირვაც თეთრი გიორგის მონასტერმა მიიღო?! მერე მალევე ჩავარდა ლოგინად...

სიცოცხლის ბოლოს ინსულტით სნეული ხომ ვეღარავის ცნობდა და გონიც წაერთვა, მაგრამ ვინც უნდა მისულიყო, ყველას ჯვარს გადასახავდა და აკურთხებდა...

1992 წელს გარდაიცვალა...

გინახავთ მისი სამარე ალავერდში? წმინდანთა დარი კაცი იყო, დიდად კეთილი და მწყალობელი..."

მღვდელმონაზონ ნაომის (ვაჭრიძე) მოგონებებიდან:

"მეუფესთან ჩემი პირველი შეხვედრა მშვენივრად მახსოვს. თელავის მესამე საშუალო სკოლის მერვე კლასში გახლდით, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ნინო ერისთავმა რომ გაგვაფრთხილა, - ფრიადს არავის დავუწერ, თუ ძველი ქართული ანბანი არ ეცოდინება და ხუცურად გამართულად კითხვას ვერ შეძლებსო.

ყიდვით კი ვიყიდე ეს ჩემთვის გაუგებარი ძველი ანბანი, მაგრამ არ გინდა, წაიკითხო?! კლასში ყოველთვის მოწინავე მოსწავლედ ვითვლებოდი, მაგრამ რაც უფრო ვცდილობდი ხუცური ასოების დამახსოვრებას, სხვა საგნების სასწავლად დრო აღარ მრჩებოდა და უარეს ნიშნებს ვიმსახურებდი.

თელავში ჩემს მეზობლად მორწმუნე ცოლ-ქმარი - ლაზარე მიქაძე და მისი რუსი მეუღლე, დეიდა მარია - ცხოვრობდა, რომელთაც ხშირად ვსტუმრობდი და მათაც ძალიან ვუყვარდი. ბაბუა ლაზარე თელავის ღვთაების ტაძრის მნე გახლდათ. 1986 წელს 96 წლისა აღესრულა და წესი მეუფე გრიგოლმა აუგო.

ამ უსათნოესმა მოხუცებმა ჩემი მოწყენის მიზეზი რომ შეიტყვეს, მირჩიეს, - ღვთაებაში გიორგი მღვდელთან მიდიო.

ფეხის კანკალით შევაღე ტაძრის კარი... ამ საოცარ ადამიანზე ხომ მთელი ქალაქი ლაპარაკობდა და იკვეხნიდა, - მამა გიორგის მონათლული ვარო.

იგი სავარძელში იჯდა.

წარმოიდგინეთ ბიბლიური გარეგნობის მოხუცი, სპეტაკი, ოდნავ ხვეული თმა მხრებზე ეყარა, იისფერი კაბა ემოსა, სახე მშვიდი ჰქონდა, თვალები - ზღვისფერი, ხელები - გრძელი, თეთრი, რბილი და თბილი... ძალზე სასიამოვნო გარეგნობა ჰქონდა.

- რა გნებავთ, შვილო? - ჩუმი, მელოდიური ხმით მკითხა მოხუცმა.

ხუცურის შესწავლა მინდა-მეთქი. მეორე ოთახში გავიდა და ცოტა ხანში პატარა, გახუნებულყდიანი წიგნით დაბრუნდა.

- დაჯექი, შვილო, - მითხრა და წიგნი შრიალით გადაფურცლა, - აბა, წაიკითხე!

- ეს ხომ სომხურია-მეთქი, - გავიოცე.

- არა, შვილო, ეს ძველქართული ასოებიაო. ყველაფერს დიდი მოთმინებით, დაწვრილებით მიხსნიდა. ჩემმა მონდომებამ და მეუფის მოთმინებამ შედეგი გამოიღო და რამდენიმე თვეში არა მარტო ხუცური კითხვა ვისწავლე, არამედ ლოცვები და ტროპარებიც. მალე მგალობლებსაც ავყვებოდი ხოლმე...

სწრაფად გაიარა ორმა წელიწადმა. გავიცანი ტაძრის (თელავის ღვთაების) მრევლი, ძირითადად, მოხუცები, ძალზე კეთილი და თბილი ადამიანები...

ახლა, როდესაც მეხსიერებით წარსულში ვბრუნდები, ვგრძნობ, რა დიდი სულიერების ხალხი იყვნენ ისინი, ერთმანეთს უკანასკნელ ლუკმას უწილადებდნენ...

მახსოვს ერთი მოხუცი ქალბატონი, რომელიც ყოველი წირვის შემდეგ ხან ვაშლით მიმასპინძლდებოდა, ხან ტკბილეულით, ხანაც რამდენიმე მანეთს მაჩუქებდა ხოლმე...

ტაძრის მრევლიდან განსაკუთრებულად დამამახსოვრდნენ ფირუზ ბეციაშვილი, არჩილ ნებუნიშვილი, აკაკი ჭიჭიკოშვილი და მოხუცი სომეხი, სახელად არტაშა. მესანთლეებიდან - ნეონილა, ბებია შურა, მარიამ ჯაჭვაძე, ცირა, დარიკო... ფირუზ ბეციაშვილი ენაკვიმატი გახლდათ, აკაკი ჭიჭიკოშვილი - ღრმად მორწმუნე და კარგი მოგალობე, სომეხი არტაშა კი წირვის შემდეგაც დიდხანს იდგა და ლოცულობდა... ისინი დიდი ხნის გასულები არიან ამა ქვეყნიდან და ყოველ მათგანს ხშირად ვიხსენებ... უფალმა მართალთა შორის განუსვენოთ...

ჯარიდან რომ დავბრუნდი, მეუფემ ღვთაების ტაძრის ოცეულში ჩამრიცხა. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა მრევლში მართლმადიდებლობის განმტკიცებას. ყველაფერს მასწავლიდა, თავადვე მიხსნიდა ტიპიკონიდან რთულ ადგილებს, - უსწავლელი არაფერი უნდა დაგრჩეს, თორემ მერე გვიან იქნებაო. ყველას მოეხსენება შობა-ნათლისღების ტიპიკონის სირთულე - მეუფე გრიგოლი თავად ჩამობრძანდებოდა ხოლმე მედავითნეთა კათედრაზე (მაშინ მედავითნე გახლდით თელავის ღვთაებაში) და თავად გვეხმარებოდა. სამეუფო ჟამნებიდან დაწყებული სადილიანის, მწუხრს მობმული ბასილი დიდის წირვის ბოლომდე ჩვენთან იყო და მოთმინებით გვასწავლიდა.

მანვე მასწავლა მთვარის ანგარიშით ამინდის გამოცნობა. ერთხელ თებერვალი მზიანი დაიჭირა, უჩვეულოდ თბილოდა, ხეხილიც აყვავდა, მაგრამ მეუფე წუხდა, - ამინდი აირევა და მირქმას თოვლი წამოვაო. მართლაც ასე მოხდა. ახედავდა მთვარეს ის სულმნათი და იტყოდა: მთვარემ ჩუპე ჩამოუშვა - სამ დღეში გაავდრდებაო; ან - ქვენა და ზენა ქარები ერთმანეთს შეხვდნენ, ქვენამ აჯობა - თოვლი მოვაო; ან - ცეცხლი წყრება, ალი ღუმელში არ ეტევა - ქარი ამოვარდებაო; მთვარეს მეწამული შარავანდედი ადგას - ხვალ-ზეგ ქარი იქნებაო; კატა კლანჭებს ისუფთავებს, თან იზმორება - იწვიმებსო. ნაკიან წელზე იტყოდა ხოლმე, - არეული ამინდები წავა, სიკვდილიანობაც იმატებსო. თუ გაზაფხულზე აღმოსავლეთით გაისმა პირველი ქუხილი, ახალგაზრდობა წავა იმ ქვეყნად ბევრი, თუ დასავლეთით, - მოხუცებიო. სამხრეთიდან მოტანილი თოვლი არ ვარგა, სიცივე იცის, მალე დნება და მერე თოვლს აღარ ჩამოყრის, ჩრდილოეთის თოვლი კი კარგია, კარგ მოსავალს მოიტანსო. ახალ მთვარეზე საქმის დაწყება არ ვარგა, მადლი არ ექნება, ყველაფერი ძველ მთვარეზე უნდა დათესოს და დაამყნოს კაცმა. მიწის დამუშავებაც ძველ მთვარეზე სჯობს, თუ დააკვირდებით, ამ დროს დათესილი ყვავილებიც მზესავით ბრწყინავენო...

სამწუხაროდ, მაშინ სათანადოდ ვერ დავაფასე მისი პიროვნება, მეუფის დარ დიდი სულიერების ბერს ხომ ძნელად შეხვდებით.

მეუფე ოჯახში ძალზე თბილი და სათნო იყო. მისი რძალი, ქალბატონი ზოია იგონებდა, - შვილები რომ შემეძინა, ჩემი მამამთილი თითქმის ყოველდღე მოდიოდა სახლში, თბილად მომიკითხავდა და ტკბილეულით მასაჩუქრებდაო.

მის სამყოფელში ყოველთვის წესრიგი და სისუფთავე იყო. მისი სამუშაო კაბინეტი მხოლოდ მეუფის გარდაცვალების შემდეგ მოვინახულე. ქალბატონი ზოიას წყალობით მეუფის ნაქონი ყოველი წიგნი და ნივთი უკლებლადაა შენახული.

მეუფეს ბავშვები განსაკუთრებულად უყვარდა და მათთვის ყოველთვის ჰქონდა გადანახული ტკბილეული.

როგორც უკვე ვთქვი, ძალიან უყვარდა სისუფთავე, მისი სხეული საოცარ სურნელს გამოსცემდა.

მარხვისას გარეთ იშვიათად გამოვიდოდა, უმეტეს დროს სენაკში ატარებდა და სკვნილს მარცვლავდა. მყუდროება უყვარდა, არავის შეაწუხებდა და თუ ავად შეიქმნებოდა, მხოლოდ დამლაგებელი თუ შევიდოდა, ისიც - მცირე ხნით და ხილით თუ მოიკითხავდა.

ძალზე თავშეკავებული, დინჯი, მშვიდი და მომთმენი ადამიანი გახლდათ. დუმილი უყვარდა. ხან დღეები ისე გავიდოდა, ხმას არ ამოიღებდა, იჯდა თავის ოთახში და მდუმარედ ლოცულობდა. იტყოდა ხოლმე, - მდუმარება ოქროა, გონებას ხსნისო. თუ კარგი ამინდი დაემთხვეოდა, განსაკუთრებით - ზაფხულობით, დაბრძანდებოდა თავისი რეზიდენციის აივანზე და სკვნილზე ჩამოილოცავდა. ლოცვა ძალიან უყვარდა, ამ დროს წუთისოფელს არ ეკუთვნოდა.

ერთი ამბავი გამახსენდა: კარგა ხნის წინ, ზაფხულში, ტაძრის ეზოში გლახაკივით შემოსილი შუახნის კაცი შემოვიდა. წვერზე ხელი ჩამოისვა, ტაძარს შემოუარა და რეზიდენციას მიუახლოვდა.Mმეუფე თავის ოთახში ბრძანდებოდა.

მე და თელავის ღვთაების მღვდელი, მამა ანთიმოზი აივანზე ვიდექით. უცნობს ძალზე გატანჯული სახე ჰქონდა. მოკრძალებით იკითხა, - ეს ტაძარი რუსულია თუ ქართულიო. მამა ანთიმოზმა, - ქართული გახლავთო. იმ საბრალომ გვიამბო, - ძაუგელი მუსულმანი ვარ, ყოფილი პატიმარი, ციხიდან რომ გამოვედი, ერთმა კაცმა ყვარელში სამუშაოდ წამიყვანა, მამუშავა, გასამრჯელო აღარ მომცა, მცემა და ცარიელი გამომაგდო... კაპიკი არ მაქვს სამშობლომდე ჩასაღწევადო...

მამა ანთიმოზი წუთიერად გაირინდა, შემდეგ ოთახში შებრუნდა, 50 მანეთი გამოიტანა, უცნობს მისცა და უთხრა, - მზე ჯერ კიდევ შუბის ტარზეა, ნუ გეშინია, ღმერთი მაღალია, თბილისამდე 10 მანეთი ტაქსს ეყოფა, თბილისიდან ძაუგამდე კი 20-25 მანეთიც საკმარისია, თანაც, გზაში წაიხემსებო...

ის საბრალო თვალებს აღარ უჯერებდა, ვეღარც ფულის აღებას ბედავდა. ბოლოს, როგორც იქნა, გამოართვა და აღარ იცოდა, მადლობა რით გადაეხადა. მერე თქვა, - ვიცი, საიდანაც გადიან მანქანები ძაუგამდე და დღეს საღამოსვე შინ ვიქნები, ჩავალ თუ არა, ყველას ვეტყვი, ქართველი ქრისტიანები რა კეთილი ხალხი ხართ. ძაუგშიც გვაქვს მართლმადიდებლური ტაძარი, იქაც მივალ და მღვდელს ვეტყვი, როგორ დამეხმარნენ მე, უცნობ მუსულმანს, ქრისტიანებიო. შემდეგ სწრაფად გავიდა ტაძრის ეზოდან...

ამ ყოველივეს მეუფე გრიგოლი ღია კარიდან ადევნებდა თვალს და როგორც კი სტუმარი წასული დაიგულა, მამა ანთიმოზს გამოსძახა: - შვილო, ანთიმოზ, ღმერთმა ათმაგად მოგაგოს მაგ სიკეთისთვისო...

მისი წირვები ახლაც თვალწინ მიდგას, ახლაც ცხადად ვხედავ ოქროცურვილ სამღვდელმთავროში გამოწყობილ თეთრწვერა მეუფეს და თითქოს ყურში ისევ ჩამესმის მისი ასამაღლებლები...

გამუდმებით ლოცულობდა. მწოლიარე მინახავს, მაგრამ ძილად მყოფი - არასოდეს. ყველაზე მეტად იესოს ლოცვა უყვარდა, სკვნილი მუდამ თან დაჰქონდა და ამბობდა, - ლოცვით უფალში ვნეტარებო. მახსოვს, ბევრი სკვნილი ჰქონდა, - ზოგი პატრიარქებმა უსახსოვრეს, ზოგი - მღვდელმთავრებმა, ზოგიც - ათონელმა ბერებმა ან უბრალო ადამიანებმა.

1986 წელს საქართველოში ივერონის მონასტრიდან ათონელი ბერები გვეწვივნენ. საქართველოს სიწმინდეები მოილოცეს, მერე თელავიც ინახულეს და როცა მეუფე გრიგოლის საუბრები მოისმინეს, თავიანთ სულიერ მოძღვრად აღიარეს.

ერთ ზაფხულს კი კათოლიკე, ანგლიკანი და პროტესტანტი ღვთისმეტყველნი გვესტუმრნენ, წირვის დასრულების შემდეგ მეუფე პროტესტანტ ღვთისმეტყველს ჩვეული სიმშვიდით გაესაუბრა. მისი სულიერებით მოხიბლულმა სტუმრებმა მოკრძალებით ჰკითხეს, - რომელი ქვეყნის რომელი სასულიერო სასწავლებელი დაამთავრეთო. მან კი ზეცისკენ მიუთითა, - უფალი მორწმუნე კაცს თავად უცხადებს ყველაფერს და თუ ადამიანზე სულიწმინდის მადლი არ გადმოვიდა, ვერავითარი წიგნიერება მას ღვთისმეტყველად ვერ აქცევს, ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება მართლმადიდებლობააო...

მეუფეს ძალზე მოწყალე გული ჰქონდა. 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების შემდეგ ტაძარში ხშირად მოდიოდნენ ახალგაზრდები, ლოცულობდნენ, მათ შორის ბევრი იყო გაჭირვებული... 9 აპრილს გარდაცვლილი შალვა ქვასროლიაშვილის მეუღლეს მეუფე მატერიალურადაც და სულიერადაც ძალიან დაეხმარა... მამა ანთიმოზმა მხოლოდ მეუფის გარდაცვალების შემდეგ გამიმხილა, რომ თურმე იგი ყოველთვიურად დიდძალ თანხას ახმარდა გაჭირვებულებს.

წინასწარ იცოდა, სად როდის უნდა ეწირა: 2 აგვისტოს, ილიაობას, თბილისს მივდიოდით, პატრიარქს ანგელოზის დღეს ვულოცავდით, 28 აგვისტოს თეთრი გიორგის ტაძარში წირავდა, 11 აგვისტოს - ყვარელში, 27 სექტემბერს - ალავერდში, 14 ოქრომბერს - სვეტიცხოველში, 21 ნოემბერს - გრემის მთავარანგელოზში, 23 ნოემბერს - ისევ თეთრი გიორგის ტაძარში და შემდეგ გაზაფხულამდე თელავში ვრჩებოდით.

განსაკუთრებულად ალავერდის მოლოცვა მიხაროდა. შემოდგომისპირს ძალიან ლამაზია კახეთი. ღიმილით გვხვდებოდა იქაურობა, ადამიანებიც და ბუნებაც...

ჩამოჰკრავდნენ ალავერდის ზარებს, განიხვნებოდა ტაძრის კარი, შებრძანდებოდა მეუფე და იწყებოდა წირვა... მერე ხელით ეფერებოდა ტაძრის კედლებს და ნატრობდა, - ნეტავ, იმ დღეს მომასწრო, ეს კედლები ძველებურად განახლებული ვიხილოო... გამობრძანდებოდა ტაძრის ცენტრში. მეც გვერდით მივდევდი. ალავერდელ ეპისკოპოსთა პიროსისა და პეტრეს საფლავებთან შეჩერდებოდა, იმ ადგილს, სადაც ახლა განისვენებს, კვერთხს დაჰკრავდა და იტყოდა: - ჩემი სამარე აქ იქნებაო.

დიდად თავმდაბალი ბრძანდებოდა, არსად მინახავს მისებრ მოკრძალებული ადამიანი. ბავშვსაც კი თქვენობით მიმართავდა, ებოდიშებოდა, სკამსაც კი გამოუტანდა და ეტყოდა, - დაბრძანდითო. ტაძრის ყველა მსახურს ისე მიმართავდა, როგორც უფროსს და ყოველი სიტყვის შემდეგ ბოდიშს იხდიდა.

მესანთლეებს, რომლებსაც ოჯახები ჰქონდათ და ლოცვის შემდეგ შინ ეჩქარებოდათ, გაუშვებდა ხოლმე და ტაძარში გვიან მისულ მლოცველებს სანთლებს თავად ურიგებდა, დალოცავდა, სანთლის მნიშვნელობას აუხსნიდა, დაარიგებდა, როგორ და სად დაენთოთ...

მას ხელისუფალნიც პატივს მიაგებდნენ. აღდგომა გაბრწყინდებოდა და ყველას მოიკითხავდა, სააღდგომო ეპისტოლეს, წითელ კვერცხსა და საჩუქარს გაუგზავნიდა... მისი სულიერება, გარეგნობა და სიმშვიდე ყველას იზიდავდა და სიყვარულზე სიყვარულითვე პასუხობდნენ.

ძველ პატრიარქთა და მამათა გახსენება ძალიან უყვარდა. განსაკუთრებულ პატივს უწმინდეს კალისტრატეს (ცინცაძე), მეუფე ზინობს (მაჟუგა) და მეუფე ნაომს (შავიანიძეს) მიაგებდა: თუ რამ გაგვაჩნია (საეკლესიო ნივთები, შესამოსლები, სტიქრები...), მეუფე ზინობმა გვაჩუქა და გაუფრთხილდითო. მახსოვს, როდესაც მეუფე ზინობი აღესრულა, მეუფე გრიგოლი მისი სულის საოხად პანაშვიდებს ხშირად იხდიდა, ხოლო ბერად რომ აღმკვეცა, გამაფრთხილა: ამ სახელს გაუფრთხილდი და გაამართლე, იგი დიდ მიტროპოლიტს ერქვაო (მეუფე ნაომ შავიანიძეს გულისხმობდა).

ფოკის წმინდა ნინოს მონასტერში ვიყავი გამწესებული, როდესაც მითხრეს, - ალავერდელი მიტროპოლიტი გარდაიცვალაო...

თელავში კი დღემდე ლეგენდასავით დადის: მეუფე გრიგოლი საკუთარი სურვილით აღესრულაო...

ხანმოკლე ავადმყოფობისას მას ღმერთმა სიცოცხლის დღენი უბოძა, მაგრამ მეუფემ სთხოვა: - თუ ტაძარში ვეღარ ვიმსახურებ, მიიღე ჩემი სული, უფალოო..."

სიცოცხლის ბოლომდე, 16 წელიწადს მართა ალავერდის ეპარქია და დევნილი ეკლესიის აღორძინებისთვის უშურველად გაიღო ყოველივე, რაც კი გააჩნდა. შემორჩა მისი ხმის ჩანაწერიც, სადაც იგი ძველ ბერთაგან ნასწავლ საგალობლებს ასრულებს. სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა საოცარი მეხსიერება - საღვთისმსახურო წიგნთა დიდი ნაწილი ზეპირად იცოდა... გადამდები სულიერება და სიყვარული ჰქონდა...

სწორედ მეუფე გრიგოლმა დაადგა 1977 წელს, აღსაყდრებისას, საპატრიარქო გვირგვინი ილია მეორეს.

როგორც გითხარით, განსაკუთრებულად კაცთმოყვარე და სათნო იყო, მაგრამ დედა გამორჩეული სინაზით უყვარდა. ხშირად უნახავთ, როგორ მიდიოდა სრულიად მარტო უკვე მხცოვანი მეუფე სოფლის მიტოვებულ სასაფლაოზე და დედისთვის და სხვა უცნობ თუ ნაცნობ მიცვალებულთათვის სულის საოხ ლოცვებს აღავლენდა...

არ ვიცი, მეუფის აღმზრდელი ბერები სად განისვენებენ (მათგან ერთის, არქიმანდრიტ მელქისედეკ ცელაძის სამარე თეთრი გიორგის ეზოში ვიპოვეთ), მაგრამ ცხადია - ამდენი მოწამე უბრალო ბედს თუ შემთხვევითობას ერთ მონასტერში არ შეუკრებია... მის ბებერ კედლებს კირზე უფრო მათი წმინდა ღვაწლი ასპეტაკებს...

მასალის მოწოდებისთვის დიდ მადლობას მოვახსენებთ
ლუარსაბ ტოგონიძეს.
ბეჭდვაელფოსტა
18.11. 2015
Violeta
Gveweodes tetri giorgis tadzarshi agvlenili yvela berisa da meufe grigolis madliani lochva im qveynidanac.eseti gvtis madlit savse mgtis morwmuneni mudam ewevian matze mlochvelebs.
სხვა სიახლეები
31.03.2022


გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):


- შესაბამისად იმ სიმაღლისა
24.03.2022
გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):

- შესაბამისად იმ სიმაღლისა და პასუხისმგებლობისა, რომელიც სამოციქულო მსახურებას ახლავს, მღვდელმთავრებს სამოციქულო საიდუმლოში განსაკუთრებული მადლისმიერი ძალაც ენიჭებათ.
29.10.2021
ჩვენო დიდო მეუფეო, მთელი სულით და გულით გილოცავთ! თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ ლოცვა-კურთხევას გამოვითხოვთ
01.10.2021
ბოლო ჟამს თითქოს სიკვდილი გაუბრალოვდა. ბევრმა ახლობელმა დატოვა წუთისოფელი...
17.07.2021
წმინდა მიქაელი 1138 წელს დაიბადა, იგი ფრიგიის ქალაქ ქონიის უწარჩინებულესი ოჯახის მემკვიდრე გახლდათ.
30.04.2021
გვესაუბრება ბოლნელი მღვდელმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე):

-მეუფე ეფრემ, ზოგი იკითხავს რა არის მადლი? როგორ შევიგრძნოთ იგი?

-ეკლესიას ყველა დროში მისიონერული ფუნქცია აკისრია.
29.04.2021
წმინდა ეფრემ დიდი მაწყვერელი იყო წმინდა გრიგოლ ხანძთელის (ხს. 5 ოქტომბერს) მოწაფე და თანამოსაგრე.
28.05.2020
ლარისის ეპისკოპოსი (+330) ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ. მათ შვილსაც ღვთის შიში ჩაუნერგეს, ასწავლეს საერო მეცნიერებები და უმაღლესი ფილოსოფია.
06.01.2019
ქვის ტაძრები ვაშენეთ, სულის ტაძარი კი უკიდურესად ვძარცვეთ, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის,
23.12.2018
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელმთავრო კათედრათაგან, ქუთაისის
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat