"კარიბჭის" სტუმარია ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი).
- მღვდელმსახურება სამი საფეხურისგან შედგება. პირველი დიაკვნობაა, მეორე - მღვდლობა, მესამე - მღვდელმთავრობა. დიაკვანს არ აქვს საიდუმლოს აღსრულების უფლება, იგი მისი თანამონაწილეა. მღვდელს უფლება აქვს, აღასრულოს ყველა საიდუმლო, გარდა მღვდლად კურთხევის საიდუმლოსი, მღვდელმთავარი კი აღასრულებს მეშვიდე საიდუმლოსაც - ხელდასხმას (მღვდლად ან დიაკვნად კურთხევას). ეს არის გარეგნული განსხვავება ამ სამ საფეხურს შორის, შინაგანად კი მთავარი განსხვავება პასუხისმგებლობის ხარისხია. დიაკვანი პასუხს აგებს მხოლოდ საკუთარი სულის ცხონებაზე, მღვდელი კი მისი მრევლის წევრთა სულის ცხონებაზეა პასუხისმგებელი. ცხონებისაკენ მიმავალ გზაზე იგი საკუთარი, პიროვნული ჯვრის გარდა, მრევლის ჯვრის სიმძიმის თანამტვირთველიც არის.
მღვდელმთავრის პასუხისმგებლობა გაცილებით მეტია: მას ეპარქიის მოძღვრებისა და სამწყსოს ჯვრის სიმძიმეც ემატება.
მღვდელმთავარს კიდევ ერთი რამ გამოარჩევს: წმინდა მამების თქმით, სადაც ეპისკოპოსია, იქ არის ეკლესია. ანუ ეკლესია თავისი სრულყოფილი სახით არსებობს მაშინ, როდესაც მასში გაერთიანებულნი არიან მრევლი და მღვდელმსახურები, რომელთა ჭეშმარიტ სარწმუნოებას ეპისკოპოსი იცავს. ეპისკოპოსთა ერთობა კი მსოფლიო ეკლესიაა.
- პირველ მღვდელმთავრად უფალი ითვლება. მაცხოვრის ასეთი ხატიც არსებობს: "პირველი მღვდელმთავარი".
- წირვა, რომელსაც აღვასრულებთ, მაცხოვრის იმ საკაცობრიო მღვდელმსახურების, იმ საკაცობრიო მსხვერპლის განმეორებაა, რომელმაც ჩვენ გამოგვიხსნა. მღვდელმთავრობა უმაღლესი ხელისუფლებაა, რომელსაც უფალი მღვდელმსახურს ანიჭებს.
- რა განსაკუთრებული თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს ადამიანი, რომ მღვდელმთავრის ჯვარი იტვირთოს?
- პირველივე საუკუნიდან ეკლესია მღვდელმთავრებად ირჩევდა რწმენით, ღვთისსათნო მსახურებით გამორჩეულ ადამიანებს. მთავარი არსი მღვდელმთავრობისა, ისევე როგორც, საზოგადოდ, საეკლესიო იერარქიისა, იმაში მდგომარეობს, ვინ უფრო მეტად გაწირავს თავს მოყვასისა და ღვთისთვის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იერარქია იმით განისაზღვრება, რამდენად მძიმე ჯვრის ტვირთვა შეუძლია პიროვნებას. უფალი ამბობს: ,,რომელსა უნდეს დიდ ყოფა თქვენ შორის, იყოს თქვენდა მსახურ; და რომელსა უნდეს თქვენ შორის პირველ ყოფა, იყოს ყოველთა მონა" (მარკ. 10:43-44). სწორედ ეს არის იერარქიის პრინციპი. ამგვარად, სასულიერო წოდება არ არის პრივილეგია; ეს მოწამეობის ხარისხია. ძე კაცისა მოვიდა, რათა არა იმსახუროს, არამედ რათა ემსახუროსო, - ბრძანებს მაცხოვარი. ამის მაგალითი გვაჩვენა კიდეც ჯერ მიწიერი ცხოვრების განმავლობაში მოღვაწეობით და შემდეგ - ჩვენი ცხონებისა და გადარჩენისთვის ჯვარცმით. გვასწავლა, რომ ქრისტიანობაში ღვთისმსახურების რაც უფრო მაღალ საფეხურზე ადის ადამიანი, მით მეტი უნდა იყოს მსხვერპლი.
სხვა საქმეა, როდესაც პიროვნებას უჭირს ამ ჯვრის ტარება. მაცხოვარსაც ჰქონდა განსაცდელი და, როგორც ადამიანს, უჭირდა, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომელიმე ჩვენგანი საკუთარი ჯვრის სიმძიმის ქვეშ მოიდრიკოს და დაეცეს, როგორც დაემართა, მაგალითად, პეტრეს, რომელმაც უარყო მაცხოვარი. ეკლესიის ისტორიაში მსგავსი შეორგულება სხვა დროსაც მომხდარა. ეს ცოცხალი პროცესია სულიერი ბრძოლისა. მთავარია, მღვდელმთავარი, რომელიც მოწოდებულია დიდი მისიისთვის, მუდამ გამარჯვებული, სულიერად წარმატებული გამოდიოდეს, რათა თავის სამწყსოს კეთილი მაგალითი მისცეს. ამიტომაც არის მღვდელმთავრობა დიდი მოწამეობა. პასუხისმგებლობა მღვდელმთავრისა ძალზე დიდია, მისი მცირე შეცდომაც კი დიდ ტვირთად აწვება მღვდელმთავარსაც და მრევლსაც.
- სამღვდელოთა შეცდომები ხშირად მთელი სამღვდელოების მიმართ უნდობლობას უდებს სათავეს...
- სამღვდელო დასისადმი უნდობლობა ახალი არ არის, ასეთი შემთხვევები პირველ საუკუნეებშიც იყო. ეს თემა განსაკუთრებით მეათე საუკუნიდან გამძაფრდა, როცა კათოლიკურმა ეკლესიამ ქრისტიანული ეკლესიისთვის მიუღებელი ფორმები გამოიყენა: შემოიღო მკაცრი სასჯელი, წამოიწყო ჯვაროსნული ომები, მჭიდრო კავშირი დაამყარა პოლიტიკურ ცხოვრებასთან და სხვა. ყოველივე ამის გამო მღვდელმსახურის მიმართ პროტესტი (ცნება "პროტესტანტობაც" აქედან მოდის) თანდათანობით დამკვიდრდა ევროპულ კულტურაში.
მართლმადიდებლური სამყაროსთვის მიუღებელია მღვდელმსახურისადმი უნდობლობა, თვალსაზრისი, რომ სახარების მეშვეობით თვითონვე უნდა მიხვიდე ღმერთთან, რომ შუამავალი არ გჭირდება. მღვდელმთავარი ადამიანსა და ღმერთს შორის შუამავლად ღმერთმა დაადგინა და კაცი ამას ვერ შეცვლის. თუ მღვდელმთავარი გადავა ნორმებს, ის განიკვეთება. მართლმადიდებლობის წიაღში ასეთი რამ არ მომხდარა, ყოველ შემთხვევაში, თუ რაიმე დარღვევა მოხდა კიდეც, არ დაკანონებულა.
აღსარების ლოცვების განმარტებაში ვკითხულობთ, რომ მრევლის მიერ მონანიებული ცოდვის სიმძიმის მესამედს უფალი იტვირთავს, მესამედს - ის პიროვნება, ვინც მიუტევებს, მესამედს კი - თვითონ მონანული ადამიანი. ამგვარად, თუ მოძღვარი მრევლის ცოდვის ნაწილს იღებს, მღვდელმთავარი - მთელი სამწყსოს ცოდვების დიდ ნაწილს, ხოლო პატრიარქი სრულიად საქართველოს ტვირთის მესამედს ატარებს. ეს ძალზე დიდი ტვირთია. არ არის გასაკვირი, ამ ტვირთის ქვეშ განსაცდელი იყოს. უფალი გვასწავლის: ნუ სჯით თვალღებით; თქვენ თუ ადამიანის პირს ხედავთ, ღმერთი ადამიანის გულს ჭვრეტსო. უნდობლობამ არ უნდა დააბრკოლოს ადამიანი ეკლესიური ცხოვრების, ეკლესიის, მაღალი იერარქის მიმართ. ვისურვებდი, ყოფილიყოს მეტი მოწიწება, მეტი შემწყნარებლობა და ხსოვნა იმისა, რომ დღეს საქართველოს ეკლესიის იერარქიას ძალიან მძიმე ჯვარი აწევს. ალბათ არასოდეს ყოფილა საზოგადოება ასე დამძიმებული სულიერად და ასე დაცილებული ღმერთსა და ეკლესიას, როგორც ჩვენს მიერ რეალურად გამოვლილ პერიოდში. პატრიარქიც მღვდელმთავარია და მღვდელმთავართა კრებულის ჯვარს ატარებს. მსგავსი სიმძიმის ტვირთი იშვიათად თუ ჰქონია საქართველოს ეკლესიის მეთაურს. ბუნებრივია, ძალიან დიდი თანადგომაა საჭირო. ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს ეს და უფრო მეტად არ დაუმძიმოს ჯვარი პატრიარქს. თუ კაცს მაღალსულიერი ცხოვრება არ ძალუძს, უნდობლობას მაინც ნუ გამოუცხადებს მღვდელმსახურთა დასს და განკითხვაში ნუ ჩავარდება, რათა ამით არც საკუთარი თავი დააცილოს ეკლესიას და არც მას დაუმძიმოს ტვირთი.
- საზოგადოდ, განკითხვა და, მით უმეტეს, მაღალი იერარქისა, ყველაზე მეტად ალბათ თავად განმკითხველს დააზარალებს.
- რა თქმა უნდა, მხოლოდ მღვდელმთავრის დასაცავად როდი ვსაუბრობ, თუმცა მრევლის თანაგრძნობა მეტად მნიშვნელოვანია; განკითხვით ადამიანი საკუთარ თავს ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, დაემორჩილოს ეკლესიას, მღვდელმთავარს. თავისი საქციელით ის ამბობს: "თუ შეიძლება მღვდელმთავარმა დაუშვას შეცდომა, რაღა აზრი აქვს მის მორჩილებაში ყოფნას? თვითონვე მივალ უფალთან". ეს არ არის სწორი. ადამიანის შეფასება ძალიან ძნელია. შემფასებელი მხოლოდ ღმერთი შეიძლება იყოს. მცდარი შეფასება თვითონ ადამიანისთვისვეა საზიანო, ამით ბოროტი ძალა მას ეკლესიას სწყვეტს.
ობიექტურად, რასაკვირველია, მღვდელმთავარსაც შეიძლება ჰქონდეს სისუსტე, და უფრო დიდიც, ვიდრე შუა და პირველ საუკუნეებში. როდესაც ადამიანი ხდება ან არ ხდება ეკლესიის სრულყოფილი წევრი, გარედან ამ ყველაფერს ამჩნევს და იდეალს ადარებს, კონტრასტი მეტად მტკივნეულია.
ერთი რამ ყველას უნდა ახსოვდეს: როგორიც არ უნდა იყოს მღვდელმთავრის შეცდომა, ამის გამო მადლი სულისა წმინდისა არ დაემცრობა. ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ თუ შეცდომები ზღვარს გადავა, ამას საეკლესიო სამართალი აღკვეთს. კიდევ უფრო აღმატებულია ღვთის სამართალი. საეკლესიო სამართალმა რომც დაიგვიანოს, ღვთის სამართალი აუცილებლად იმოქმედებს. ეკლესია წმინდაა, განურჩევლად იმისა, თავიანთი შეცდომებითა და სისუსტეებით არღვევენ თუ არა სიწმინდეს მასში მყოფი ადამიანები. ეკლესია თავისი მადლმოსილებით განგვაახლებს, მკვდრეთით აღგვადგენს.
თუ ქადაგება არ არის ჭეშმარიტი, ის ეკლესიისგან უცხო მოვლენად გამოცხადდება. სიტყვა "ანათემა" ნიშნავს არა წყევლას, არამედ იმის გამოცხადებას, რომ ესა თუ ის აზრი, ქმედება ეკლესიის საზღვრებს სცდება. ეკლესია კი არ განაძევებს მას, არამედ აღნუსხავს, რომ თვითონ პიროვნება გავიდა მისი საზღვრებიდან და მასთან ურთიერთობით აღარც ჩვენ ვიქნებით ეკლესიის წევრები. ამასთანავე, ერთია, როგორ უყურებს მრევლი მღვდელმსახურს, მით უმეტეს - მღვდელმთავარს, და მეორეა, რა პირობებში უწევს მოღვაწეობა სამღვდელო პირს. დღევანდელი მღვდელმსახური მეოცე და ოცდამეერთე საუკუნის ადამიანია, რომელსაც გაცილებით მეტი აქვს საცდური და ამიტომ უფრო იოლად შეიძლება შეცდეს, შეორგულდეს, დაეცეს, ვიდრე მოციქულები და შუა საუკუნეთა ღვთისმსახურები. მღვდელმთავარი და მღვდელიც ხორციელი ადამიანები არიან, ამიტომ არ შეიძლება მათ მიმართ მეტისმეტად მკაცრები ვიყოთ.
მოციქული ამბობს: როდესაც განსაცდელში ხედავ შენს ძმას ღვთისმსახურს, არ განიკითხო, რათა თავადვე არ განიცადო. ყოველ ადამიანშია უძლურება, მღვდელმთავრის მიმართ კი განსაკუთრებული სიფრთხილე და შემწყნარებლობა გვმართებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანური სისუსტეებისადმი ლმობიერი დამოკიდებულება დავაკანონოთ. ჩვენ უნდა ვეცადოთ სრულყოფას, მაგრამ განსაცდელის ჟამს არ უნდა ვიყოთ სასტიკნი ერთმანეთის მიმართ.
- რა განსაკუთრებული განსაცდელი აქვს დღევანდელ მღვდელმთავარს?
- ღვთის მადლის გარეშე ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება მძიმე განსაცდელში აღმოჩნდეს. XX საუკუნის ათეისტური პერიოდის მღვდელმსახურთათვის მთავარი განსაცდელი ის იყო, რომ რაც უფრო აშკარად გამოხატავდა საკუთარ აღმსარებლობას, მით მეტად დევნიდნენ. ამის გამო მას ზომიერება მართებდა, რათა ზედმეტი მოშურნეობით ისევ ეკლესიისთვის არ მიეყენებინა ზიანი. მისი უწმინდესობა ამბობს, ათეისტური ეპოქის ყველა პატრიარქი წმინდანად შერაცხვის ღირსიაო.
დღეს, ათეიზმის შემდგომ პერიოდში, საზოგადოებას მრავალი ტკივილი, სულიერი თუ ფიზიკური განსაცდელი აქვს. ასეთ დროს მღვდელმთავარს დიდი სულგრძელობა, შემწყნარებლობა მართებს. მრევლი სულიერად ჯერ კიდევ არ არის გაძლიერებული, მასში ჯერ კიდევ ბევრია ეჭვი, მერყეობა, მცირედმორწმუნეობა, ამიტომ მისთვის ზედმეტი სიმკაცრეც და ზედმეტი ლმობიერებაც განსაცდელია. ამასთანავე, როდესაც მრევლი სუსტია და დათმობას ითხოვს, იმ საბაბით, ეკლესიიდან არ წავიდესო, დათმობა მართებული არ იქნება. ამგვარად, ორ ცეცხლს შუა გვიხდება ყოფნა: უნდა მოვახერხოთ, რომ არც მთლიანად მოვიხსნათ პასუხისმგებლობა და არც მეტისმეტად მკაცრები ვიყოთ.
- მძიმეა მღვდელმთავრის ტვირთი. როგორ ნაწილდება მისი მოვალეობები და რომელია მათგან უმთავრესი?
- ვფიქრობ, მთავარი მოყვასის მსახურებაა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია სინოდში მღვდელმთავრის ღვაწლი. ცალკეა სამონასტრო ცხოვრება, რომელსაც ასევე სჭირდება მღვდელმთავრის თანადგომა და მზრუნველობა. ნურც საღვთისმეტყველო მეცნიერება დაგვავიწყდება, სადაც მღვდელმთავარი სჯულმდებელი, უპირატესი განმმარტებელი, უპირატესი მოსამართლეა. დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს ქველმოქმედება, სოციალური დაცვის სფერო, რაც მღვდელმთავრის ისტორიულად მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა.
- ცნობილია, რომ პირველ საუკუნეებში სავალდებულოდ არ მიიჩნეოდა, მღვდელმთავარი ბერი ყოფილიყო. რამ გამოიწვია ეს მოთხოვნა?
- ეკლესიის ისტორიაში ბევრი რამ ახლებურად იქნა გააზრებული. მაგალითად, პირველი ქრისტიანები ჯერ გამართავდნენ სერობას - ტრაპეზს, როგორც ეს საიდუმლო სერობაზე მოხდა და შემდეგ ეზიარებოდნენ. მათთვის ტრაპეზი ყოველგვარი ხორციელი სიამოვნებისგან დაცლილი, წმინდა სულიერი მოვლენა იყო. მაგრამ სულ სხვა გახლდათ იმ ქრისტიანთა სულიერი მდგომარეობა, რომლებსაც მაცხოვართან ჰქონდათ ურთიერთობა და სულ სხვა - მათი მოწაფეებისა და მოწაფეთა მოწაფეებისა. როცა პირველი საუკუნეების ამაღლებული მდგომარეობა შესუსტდა, ეს წესიც შეიცვალა. სიწმინდის დაცვის მიზნით აუცილებლად მიიჩნიეს წირვაზე უზმოდ, ხორციელი საკვების მიღებამდე დასწრება.
ალბათ, იგივე ითქმის მღვდელმთავრობაზეც. პირველ საუკუნეებში, როდესაც ქრისტიანებს დევნიდნენ, ეს ხარისხი იმდენად მძიმე ტვირთი იყო, რომ ოჯახში ცხოვრება დიდ ფუფუნებად ვერ ჩაითვლებოდა. მღვდელმთავრები მუდამ ჯარისკაცებივით ცხოვრობდნენ, წვალობდნენ, იტანჯებოდნენ. მათი ოჯახიც ყველაზე წამებული ოჯახი იყო. მაგრამ როდესაც ვითარება შეიცვალა და ეკლესიას აღარავინ ერჩოდა, მიწიერი ცხოვრების სიტკბოებამ დააკნინა სასულიერო პირის მოღვაწეობის ხარისხი და, ბუნებრივია, დადგა იმის საჭიროება, რომ მღვდელმთავარი უფრო ასკეტურად მცხოვრები პიროვნება ყოფილიყო.
- რით განსხვავდება მღვდელმთავრის ცხოვრება ბერის ცხოვრებისგან?
- ბერობა მაღალი სულიერი წესით ცხოვრებას ნიშნავს. მღვდელმსახური შეიძლება იყოს ის ბერი, რომელიც თავისი ბერული ცხოვრებისა და სიწმინდის დაცვას მღვდელმსახურებაშიც შეძლებს. ამრიგად, მღვდელმსახურება დიდი ტვირთია და მაშინ უნდა დაეკისროს ბერს, როცა იგი თავისი ბერული ცხოვრების წესსა და კანონს ინარჩუნებს.
მღვდელმთავრის მოღვაწეობა თავისთავად ითხოვს დიდ ასკეტიზმს. ეს ასკეტიზმი ფორმით განსხვავდება მეუდაბნოე ბერების ასკეტიზმისგან, თუმცა, მაგალითად, წმინდა გაბრიელი (ქიქოძე), მიუხედავად იმისა, რომ მღვდელმთავარი იყო, სრულიად ასკეტურად ცხოვრობდა. ასკეტიზმი თავის უარყოფას ნიშნავს. მღვდელმთავრისთვის თავის უარყოფა მოყვასის მსახურებაა.
- მაგრამ დროის სიმცირის გამო მღვდელმთავარი მრევლთან ურთიერთობას ისე ხშირად ვეღარ ახერხებს...
- მღვდელმთავრობამდე ყველა ეპისკოპოსი მღვდელი იყო და მრევლიც ჰყავდა, მაგრამ მღვდელმთავრობისას, მოღვაწეობის განსხვავებული რეჟიმის გამო, ბუნებრივია, აღარ აქვს იმდენი დრო, მრევლის თითოეულ წევრს პირადად გაუწიოს სულიერი ხელმძღვანელობა. მოძღვრისა და სულიერი შვილის ფაქიზი ურთიერთობა გრძელდება, მაგრამ მრევლის წევრები აღსარებას სხვა მოძღვრებთან ამბობენ. რასაკვირველია, განსაკუთრებულ შემთხვევაში მღვდელმთავართან შეხვედრაც შეიძლება.
- ვიცით, რომ არსებობს სამეუფო და სამღვდელო წირვა. რა არის მათ შორის მთავარი განსახვავება?
- მღველმთავარი წირვას აღასრულებს, როგორც სრული ხელისუფლების მქონე პიროვნება, რომელიც წარმართავს ამ წირვას. იგი განკარგავს ღვთისადმი დიდებასა და მსახურებას, იგი წირვისას უფალს განასახიერებს. როდესაც მოძღვარი აღასრულებს წირვას, იგი გამოითხოვს ლოცვა-კურთხევას მღვდელმთავრისგან, რომელიც უხილავად ყოველ წირვაზე იმყოფება. რასაკვირველია, მრევლი ღვთისმსახურების მადლს მღვდელმთავრის მონაწილეობისას უფრო ცხადად შეიგრძნობს, ვიდრე მისი არყოფნისას, მაგრამ რეალურად წირვას არასდროს აკლდება მადლი.
- თქვენ თუ გიგრძნიათ, რომ მღვდელმთავრის მადლი მოგეცათ?
- მღვდელმთავრად ხელდასხმიდან რამდენიმე დღეში აღმოვაჩინე, რომ უფრო მკაცრად ვისჯებოდი იმისთვის, რაც ადრე მეპატიებოდა. როგორც სახარებაში წერია, ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეთხოვება, და მე მივხვდი, რომ მეტი მომეცა.
- თავად თქვენ რა დამოკიდებულება გქონდათ მღვდელმთავრისადმი?
- მახსოვს ჩემი ცხოვრების არაეკლესიური პერიოდი, როდესაც მწამდა ღმერთის არსებობა (ღვთის მადლით, ეს ყოველთვის მჯეროდა) და მწამდა, რომ ეკლესია ღვთის მსახურებაშია, მაგრამ ბოლომდე არ მესმოდა ამის მნიშვნელობა და აუცილებლობა. მივიჩნევდი, რომ ეს იყო ღვთის სადიდებლად აღვლენილი ერთ-ერთი და არა ერთადერთი მსახურება, თუმცა კი ამაღლებული, მშვენიერი და სასიამოვნო. ვინაიდან მართლმადიდებლურად ვიყავი მონათლული, მართლმადიდებელი ვიყავი გენეტიკურად, კულტურულად, - მიყვარდა ეკლესიაც, ღვთისმსახურთან შეხვედრისას მოწიწება მეუფლებოდა, მაგრამ მივიჩნევდი, რომ მართლმადიდებლობა არ იყო ღმერთთან მისასვლელი ერთადერთი გზა.
ღვთის წყალობით, ჩემს ცხოვრებაშიც დადგა ჟამი ეკლესიასთან უფრო ღრმა კავშირის დამყარებისა, გამიჩნდა ამის შინაგანი მოთხოვნილება. დავიწყე ფიქრი, როგორ მივსულიყავი ღმერთთან და აღმოვაჩინე, რომ ეკლესიაა ის ადგილი, სადაც ამის გაკეთება სრულყოფილად შეიძლება, რომ ეს არის ღვთისგან დადგენილი ჭეშმარიტი და უცთომელი გზა, რომ სხვა საშუალებები საზიანო და სახიფათოა. რასაკვირველია, ჭეშმარიტი გზის პოვნამ ჩემში დიდი სულიერი სიხარული გამოიწვია. გამიჩნდა სურვილი, ამ პროცესების მონაწილე გავმხდარიყავი. ღვთისმსახურად გახდომაზე იმხანად არ მიფიქრია, ვინაიდან სამღვდელო პირი ჩემში ყოველთვის განსაკუთრებულ პატივისცემას, მოწიწებას, კრძალვას იწვევდა, ღვთისმსახურნი ჩემთვის განსაკუთრებული პატივით, მადლითა და დიდებით შემოსილი ადამიანები იყვნენ. ამგვარი დამოკიდებულებით მღვდელმსახურს, მით უმეტეს - მაღალ იერარქს, უნებურად მეტისმეტად დიდ პასუხისმგებლობას ვაკისრებდი. ასე მეგონა, მღვდლები არც კი იკვებებოდნენ, ჰაერით საზრდოობდნენ. ბოროტმოქმედი არასოდეს ვყოფილვარ, არც მძიმე ცოდვები ჩამედინა, მაგრამ მიმაჩნდა, რომ სიწმინდესთან მიახლებას მძიმე შრომა და დიდი სირთულეების დაძლევა სჭირდებოდა, ამიტომ მათ ადგილას საკუთარი თავი ვერ წარმომედგინა. ეს ჩემთვის მეტად შორეული და მომხიბვლელი, შარავანდედით მოსილი სამყარო იყო. როდესაც ეკლესიური ცხოვრება დავიწყე, ძალიან გამიჭირდა, ვინაიდან ამ სტერეოტიპმა ჩემს თვალწინ დაიწყო მსხვრევა. სხვათა შორის, ხსენებული სტერეოტიპის ჩამოყალიბებას რელიგიურ განცდასთან ერთად ხელი შეუწყო ჩვენმა ისტორიამ, ჩვენმა კულტურამ, რომელშიც სასულიერო პირი ზებუნებრივ, ანგელოზებრივ ქმნილებად აღიქმება. ასეც არის - ლიტურგიის დროს მღვდელმსახურები ანგელოზების მისიას აღასრულებენ, უმაღლესი იერარქი კი უფალს განასახიერებს. ამგვარად, ასეთი დამოკიდებულება საფუძველს მოკლებული არ არის, მაგრამ ვინაიდან საზოგადოების დიდი ნაწილი კარგა ხანს ფაქტობრივად გაუცხოებული იყო ეკლესიისგან, ის ყოველდღიურობა, ის ყოფითობა, ის უბრალოება, რომელიც პირველ საუკუნეებში ახასიათებდა სამღვდელოებასა და მაღალ იერარქიას, მის თვალში თითქოს არ შეესაბამებოდა გაიდეალებულ ეკლესიას. ამას ერთვოდა ეკლესიის ნოსტალგიაც: ათეისტური ეპოქის განმავლობაში ეკლესიურ ცხოვრებას მოწყურებულ ხალხს ტაძარი ესახებოდა სამოთხედ, რომელსაც მოგვწყვიტეს. სინამდვილეში მართლაც ასეა - ეკლესია სამოთხეა დედამიწაზე, ცაა დედამიწაზე, სულიწმინდის მადლია დედამიწაზე, მაგრამ როცა არ იცნობ მას, კონტაქტი არ გაქვს მასთან, იქ ყოფნა ადვილი გგონია. ამის გამო, როცა საზოგადოება ეკლესიას დაუბრუნდა, ერთბაშად თითქოს გაუჭირდა იმის პოვნა, რასაც იქ ელოდა თუ ეძებდა.
ამასთანავე, ბევრს ჰგონია, რომ ეკლესია მოკლე ხანში სხვა ადამიანად აქცევს, რომ ამ ძალამ, ამ მადლმა ხელში უნდა აიყვანოს, ცაში აიტაცოს. ასეც არის, მაგრამ ეს მაინც არ გახლავთ მექანიკური პროცესი, ის ჩვენს თანამონაწილეობას ითხოვს.
მინდა ვუთხრა მრევლს, როგორც მღვდელმთავარმა, რომ ურთიერთგაგებისა და ურთიერთთანადგომის გარეშე ეკლესიური ცხოვრება შეუძლებელია, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ შემწყნარებლურად ვუყურებდეთ უზნეობას. სხვაა, როდესაც გულგრილნი ვართ ამა თუ იმ მცნების დარღვევის მიმართ და სულ სხვაა, როდესაც გვაწუხებს ცოდვილის ბედი, თანაგრძნობით ვუყურებთ განსაცდელს.
- დიდი მადლობა, მეუფეო.
- ღმერთმა დაგლოცოთ!
ესაუბრა
მარი აშუღაშვილი
მარი აშუღაშვილი