არაბეთიდან მოსული ხატი.
06.05.2020
ზოგრაფის მონასტერში დაბრძანებულია წმინდა გიორგის მეორე ხატი, რომელიც ათონზე არაბეთიდან ზღვით ჩამობრძანდა. იგი ვათოპედის მონასტრის ნავმისადგომის სიახლოვეს იპოვეს.
ხატის მოულოდნელმა გამოჩენამ დიდი მღელვარება გამოიწვია მთაწმინდაზე. თითოეული სავანე ითხოვდა ამ დიდ საუნჯესა და სიწმინდეს. ვათოპედელები, ვინაიდან მათ სანაპიროსთან იპოვეს, დაჟინებით ითხოვდნენ, ხატი მათთან დარჩენილიყო, სხვა სავანის მამები არ უთმობდნენ. ძლიერი და მდიდარი მონასტერი მაინც ვერაფერს გახდა. პროტატში (ათონის მონასტერთა საბჭოში) გადაწყვიტეს, წილი ეყარათ და ამგვარად გადაეწყვიტათ დიდმოწამის ხატის ბედი. თვით დიდმოწამეს მიანდეს, რომელ მონასტერში ინებებდა დარჩენას. ბერებმა ხატი აჰკიდეს გაუხედნავ ჯორს, რომლისთვისაც უცნობი იყო იქაურობა, დააყენეს თესალონიკიდან ათონის მთისკენ მიმავალ გზაზე და უმეგზუროდ გაუშვეს. თვითონ კი შორიდან ადევნებდნენ თვალს მის სვლას. ჯორი მშვიდი და თანაბარი ნაბიჯით მიუყვებოდა გზას, თითქოს გრძნობდა პასუხისმგებლობას. გადაიარა მთები, ხრამები, უღრანი ტყეები და პირდაპირ მიადგა ზოგრაფს. გაჩერდა მის საპირისპირო მხარეს აღმართულ გორაკზე. ამგვარად, ყველასთვის ნათელი გახდა, რომ წმინდა გიორგის ზოგრაფის მონასტერში სურდა დარჩენა. გახარებულმა ზოგრაფელმა ბერებმა წმინდა ხატი მონასტრის მთავარ ტაძარში დაასვენეს. ჯორს ზურგიდან ხატი მოხსნეს თუ არა, მან მაშინვე სული განუტევა და იქვე დამარხეს. გორაკზე კი წმინდა მთავარმოწამე გიორგის სახელზე მცირე ეკლესია აშენდა.