პანორმიტის მთავარანგელოზ მიქაელის სასწაულმოქმედი ხატი
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით საბერძნეთში, ათენის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ტაძარში დროებით მოღვაწე არქიმანდრიტ მამა აბიბოსის (ტარიადისი) ძალისხმევით
, მისი მრევლის შემოწირულობით, ასევე ბერძენი მოსახლეობის შემწეობით, ათონის მთაზე წმინდა ქსენოფონტეს მონასტერში მამა ლუკას მიერ დაიწერა კუნძულ სიმის პანორმიტის მონასტრის მთავარანგელოზ მიქაელის სასწაულმოქმედი ხატის ასლი, რომელიც შემოსილია მოოქრული ვერცხლის პერანგით. შემომწირველებისაგან დიდი სიყვარულით ხატი მამა აბიბოსმა ბარბარობის დღესასწაულზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს მიართვა აღსაყდრების 33-ე წლისთავის აღსანიშნავად. პანორმიტის მთავარანგლოზ მიქაელის ხატის ასლი თავად უწმინდესმა აკურთხა.
ამჟამად ხატი დაბრძანებულია ყოვლადწმინდა სამების ტაძარში და მსურველებს საშუალება აქვთ მთავარანგელოზ მიქაელის სასწაულმოქმედი მსწრაფლშემსმენელი ხატისგან მადლი და წყალობა მიიღონ. ხატის დედნის ისტორიას გვიამბობს მამა აბიბოსის სულიერი შვილი, ათენელი ქართველი ემიგრანტი ეკა ღონიაშვილი.
***
კუნძული სიმი ეგეოსის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ფრიგის და როდოსის კუნძულებს შორის მდებარეობს. პანორმიტის მონასტერი ითვლება კუნძულის უძვირფასეს მარგალიტად. ის მრავალი საუკუნის განმავლობაში წარმოადგენდა სულიერების ანდამატს მთელი საბერძნეთისთვის. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, პანორმიტის მონასტრის ადგილას ადრე იყო ძველი ბერძნული ტაძარი. მონასტრის შორიახლოს, მთიან პლატოზე, ძველი ციხის და შენობების ნანგრევები მიუთითებენ ამ რეგიონში ძველი დასახლების არსებობაზე.
ერთ-ერთი ძვირფასი არქეოლოგიური მონაპოვარია მარმარილოს და ქვის სვეტები, რომლებიც გამოყენებულია ტაძრის მშენებლობაში. ორ მათგანს აქვს წარწერებიც. გავრცელებული ვერსიით, ის ზებუნებრივი გზით მოხვდა მცირე აზიის მეზობელი სანაპიროდან, რადგანაც კუნძულ სიმზე არასოდეს ყოფილა არც მარმარილო და არც ქვის კარიერი. ღვთისმოსავი ხალხი სვეტების გადმოტანას მიაწერს თვით მთავარანგელოზ მიქაელს, რის დადასტურებაც ეკლესიაში არსებული ფრესკაა. ფრესკაზე გამოსახულია, მთავარანგელოზ მიქაელს როგორ მოაქვს სვეტები და გადასცემს მონასტრის წინამძღვარს. გამოსახულების ქვემოთ წარწერაა: "მთავარანგელოზს მოაქვს სვეტები".
მონასტრის შექმნის შესახებ მწირი ისტორიული ცნობებისგან განსხვავებით, ხალხური გადმოცემები საკმაოდ მდიდარია. ერთ-ერთი ვერსიით, ერთმა ღვთისმოსავმა ქალმა, მარია პროტენიუმ, როდესაც პანორმიტში თავის ნაკვეთში თოხნიდა, ხის ძირში მთავარანგელოზ მიქაელის პატარა ხატი იპოვა და ჩუმად წააბრძანა შინ თავის ხატების კუთხეში. მეორე დღეს ხატი გაქრა. დამწუხრებული მარია გაემართა თავის ნაკვეთში სამუშაოდ. ხატი იქ დახვდა. კვლავ წააბრძანა შინ, მაგრამ მეორე დღეს ძველ ადგილას, პანორმიტში დაბრუნდა. ასე განმეორდა სამჯერ. ქალმა სიზმარში კაშკაშა ნათლით შემოსილი, გაბრწყინებული მთავარანგელოზი მიქაელი იხილა. მან სამუდამოდ პანორმიტში დარჩენა ისურვა. ამის შემდეგ მარიამ განაცხადა მომხდარის შესახებ და თანამემამულეების დახმარებით ხატის დასაბრძანებლად ააგო პატარა ეკლესია.
მსგავსი ამბები აცოცხლებენ დროს, როდესაც ეკლესიებს და ხატებს ანადგურებდნენ. ქრისტიანები, ერეტიკოსებისგან დასაცავად, ხატებს მალავდნენ. სავარაუდოა, რომ პანორმიტზე ადრევე იყო მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი, რომელიც "ყაჩაღებმა" დაარბიეს და ნაპოვნი ხატი სწორედ ამ ტაძრიდან უნდა იყოს.
კუნძულზე იყო აგებული სხვა 8 ანგელოზის სახელობის მონასტერიც, რომ მათი რიცხვი ანგელოზთა ლეგიონის რიცხვს, ცხრას დამთხვეოდა. ამ პერიოდში უნდა იყოს აშენებული მთავარანგელოზ მიქაელის პირველი ტაძარიც.
მონასტრის არსებობის პირველი წერილობითი მტკიცებულებები გვხვდება 1460 წლით დათარიღებულ ხელნაწერებში.
ხატმა ეკლესიაში დაბრძანების შემდეგ დაიწყო სასწაულების მოხდენა და მორწმუნეებმა მადლიერების ნიშნად ხატი ვერცხლის პერანგით შემოსეს.
მთავარანგელოზ მიქაელის სასწაულმოქმედი ხატი ტაძრის სამხრეთ კედელზე, გასასვლელის გვერდით, მოვარაყებულ ხის მოძრავ კანკელზეა დაბრძანებული. ეკლესიის ამ ნაწილს ის განსაკუთრებულ ბრწყინვალებას ანიჭებს. ხატი ჩვეულებრივზე დიდი ზომისაა (2,20X1,30 მ.) და ყველა მორწმუნეს კრძალვით აღავსებს.
სამწუხაროდ, ხატის შექმნის და მისი ავტორის შესახებ ცნობა არ შემორჩენილა.
სასწაულები
მონასტრის მუზეუმის ერთ-ერთ დარბაზში ინახება ბოთლები, რომლებითაც თავიანთ სათხოვარს მორწმუნეები ყველა მხრიდან ზღვით უგზავნიან პანორმიტის მთავარანგელოზს. არც ერთი ბოთლი არც იძირება და არც იკარგება, მას ტალღები აუცილებლად პანორმიტის მონასტრის პირას სანაპიროზე გარიყავს... პასუხსაც არ აგვიანდება, როცა საჭიროა და სადაც საჭიროა, ღვთიური ნუგეში შეიწყნარებს ტანჯულ სულს და მთავარანგელოზი მიქაელი თავისი ფრთებით ამოიყვანს განსაცდელიდან.***
ანასტასია პაპასტეფანუ კუნძულზე სკოლაში შესვლამდე ცხოვრობდა. მერე ოჯახი გადავიდა კუნძულ როდოსზე, სადაც გათხოვდა, გააჩინა სამი ქალიშვილი. 1965 წელს უმცროსი გოგონა, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო, სერიოზულად დაავადდა. ის ჰყვება: "მას შემდეგ, რაც დავდე აღთქმა, რომ პანორმიტის მონასტერში გავნათლავდი, გამოჯანმრთელდა. ნოემბერში მთავარანგელოზის დღესასწაულზე შევასრულე დანაპირები და მას შემდეგ გოგონა ავად აღარ გამხდარა, გაიზარდა, გათხოვდა, ღვთის შეწევნით, გააჩინა ორი ბიჭი და გადავედით საცხოვრებლად ამერიკაში ისე, რომ ბავშვები ვერ მონათლეს.2001 წელს მკერდში კისტა გამიჩნდა. ექიმმა მითხრა, სასწრაფო ოპერაციაა საჭიროო. ოპერაციის წინა ღამეს მთავარანგელოზს ვთხოვე დახმარება, ოპერაციის დღეს კი ექიმს - ნება დაერთო, ოპერაციის მსვლელობისას თან მქონოდა პანორმიტის პატარა პლასტიკური ხატი. მისი წყალობით ოპერაციამ მშვიდობიანად ჩაიარა. კისტა უბრალო ცხიმგროვა აღმოჩნდა.
1997 წელს ჩემს სიძეს დაუდგინეს ლეიკემია. თავზარდაცემულებმა დავიწყეთ პანორმიტის მთავარანგელოზის მიმართ ლოცვა.
ერთ დღეს დამეუფლა ძლიერი სურვილი საბერძნეთში ჩამოვსულიყავი და სიმზე ხატის წინ მელოცა.
ამგვარად, თითქმის 40 წლის შემდეგ ისევ მივედი მონასტერში. ეკლესიაში შესვლისას მღელვარებით ფეხები მიკანკალებდა. ხატის წინ დაჩოქილი ვტიროდი და ვლოცულობდი ავადმყოფისთვის. დიდი დრო არ გასულა. ჩემმა სიძემ დაძლია ეს მძიმე დაავადება. მისი დაავადება და განკურნება მისი შვილების მონათვლის მიზეზი გახდა. ამასთან, მეორე შვილს მიქაელი დაარქვეს, რადგან მისი მოვლინება მთავარანგელოზმა აუწყა სიზმარში გამოცხადებით.
ახლა ისინი კალიფორნიაში შეგნებული ქრისტიანული ცხოვრებით ცხოვრობენ, განსაკუთრებით ჩემი სიძე. მუდმივად დადის ეკლესიაში და მონაწილეობს ეკლესიურ საიდუმლოებებში. სამჯერ მოილოცა პანორმიტი. მისი ასეთი შემობრუნება სარწმუნოებისკენ მთავარანგელოზის უდიდესი წყალობა იყო".
***
"მე ვარ გიორგი ცაგარინოსი, წარმოშობით სიმიდან, მაგრამ დავიბადე და გავიზარდე როდოსზე. 1954 წელს, 10 წლის ასაკში მარჯვენა მხარზე გამიჩნდა ხორბლის მარცვლისოდენა სიმსივნე, რომელიც მუდმივად იზრდებოდა. 8 თვეში მანდარინის ზომისა გახდა და საშინლად მტკიოდა, ხელის ოდნავ შენძრევაც არ შემეძლო.ექიმებმა გადაწყვიტეს ოპერაციის გაკეთება. მთელი ამ ხნის განმავლობაში ხელი ჩამოკიდებული მქონდა.
ოპერაციის წინა საღამოს მომამზადეს საოპერაციოდ. დილის შვიდ საათზე გამეღვიძა და უნებურად ხელი ავამოძრავე, ტკივილი არ მიგრძნია. მარცხენა ხელით მოვისინჯე სიმსივნე. ერთ ღამეში გამქრალიყო.
ამის მნახველმა ქირურგმა პირჯვარი გადაისახა - სასწაულიაო.
თურმე მამაჩემს მთელი ღამე პანორმიტის ხატის წინ ლოცვაში გაეტარებინა, თვალცრემლიანი ეხვეწებოდა მოწყალე მთავარანგელოზს, ოპერაციას დასწრებოდა. მამას ეშინოდა, ხელი არ დამეკარგა, რადგან მაშინ ისე განვითარებული არ იყო მედიცინა, როგორც დღეს. მოწყალე მთავარანგელოზმა შეისმინა მამაჩემის ლოცვა-ვედრება და ოპერაცია თავად ჩაატარა. კურთხეულ იყოს სახელი ღვთისა და ჩვენი მთავარანგელოზ მიქაელისა, რომელიც ევედრება ჩვენთვის უფალს და სასწაულებს ახდენს.
იმ დროიდან დღემდე ყოველთვის დახმარებას მთავარანგელოზ მიქაელს ვეხვეწები. ის ყოველთვის მხარში მიდგას და პრობლემებიც გვარდება. ჩემი მფარველია, თაყვანს ვცემ და ვადიდებ მის დიდებულებას".
***
"ძვირფასო იეროთეოს, მოგიყვებით ჩემს ამბავს, რომელიც დაკავშირებულია პანორმიტის სასწაულთან. 4 წელია გათხოვილი ვარ. მე და ჩემი მეუღლე კოსტასომი ვცდილობდით ვიყოლიოთ შვილები, მაგრამ უშედეგოდ. გავიდა დრო და დავიწყეთ ანალიზების და ჩემთვის ძალიან მტკივნეული ოპერაციების კეთება.ექიმებმა ერთადერთ გამოსავლად ხელოვნური განაყოფიერება გვირჩიეს. მეოთხე ცდაზე დავფეხმძიმდი, მაგრამ, სამწუხაროდ, მომეშალა ნაყოფი. ჩემი სიცოცხლე საფრთხეში ჩავარდა. მაშინ მივმართე დახმარებისთვის ჩვენი პანორმიტის სასწაულმოქმედ ხატს და აღვუთქვი, თუ ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა, მოვილოცავდი პანორმიტის მონასტერს.
მისი წყალობით და დახმარებით სირთულეების გადალახვის შემდეგ 2008 წლის აგვისტოში მოვედი მონასტერში. მაშინ თქვენ აღსარებაზე მიმიღეთ და მომეცით მთავარანგელოზ მიქაელის ხატის კანდელის ზეთი, რომელსაც მუცელზე ვისვამდი. მოხდა სასწაულთა სასწაული - რამდენიმე დღეში დავფეხმძიმდი.
ჩემი ექიმიც ლაპარაკობს ამ სასწაულზე, რადგან ჩემი ფეხმძიმობის მეცნიერული ახსნა არ არსებობს. გარშემომყოფები ამბობენ, რომ აღსარების შემდეგ ჩემი სიხარული გამოუთქმელი, აღუწერელი იყო. დიდ მადლობას გიხდით ცოდვების მიტევების ღვთიური საჩუქრისთვის, რომელიც მე მომეცით.
როდესაც ღვთის შეწევნით ჩვენი ბავშვი დაიბადება, მთავარანგელოზის სახელს დავარქმევთ და პანორმიტის მონასტერში მოვნათლავთ. გთხოვთ ილოცოთ ჩემი ფეხმძიმობის მშვიდობიანად დასრულებისთვის და მინდა დარწმუნებით განვაცხადო, რომ ეს პანორმიტის მორიგი სასწაულია".
***
დიდი ხნის დაქორწინებულ წყვილს ბავშვი არ უჩნდებოდა. მათ დახმარებისთვის პანორმიტის მთავარანგელოზ მიქაელს მიმართეს. მიიღეს მისი ჩაუქრობელი კანდელიდან ფითილი და დაჰპირდნენ, ბავშვს მთავარანგელოზის სახელს დაარქმევდნენ.ქალი მალევე დაფეხმძიმდა. თავიდან ქმარი კი დათანხმდა ბავშვისთვის მიქაელი დაერქმია, მაგრამ მერე თქვა, პატარას მამაჩემის სახელს დავარქმევო. ცოლმა ვერაფრით დაიყოლია დანაპირების შესრულებაზე. ის გამუდმებით ევედრებოდა მთავარანგელოზს, მისი მეუღლისთვის გონება გაენათებინა. დრო გადიოდა, მაგრამ ქმარი თავისას განაგრძობდა.
ბავშვი დაიბადა. ცალი ხელი მაგრად მომუჭული გამოჰყვა, ვერაფრით გაახსნევინეს. ამ ამბავმა შეაძრწუნა კაცი და მიხვდა, რომ ეს აღთქმის დარღვევის გამო მოხდა. ტირილით ითხოვა პატიება და ხელმეორედ აღუთქვა, რომ ბავშვის სახელი მიქაელი იქნებოდა. პატარამ უცაბედად გახსნა მუჭი და ჰოი, საოცრებავ, ხელისგულზე პანორმიტის ფითილი ედო.
***
"მოვალე ვარ, მოგიყვეთ იმ სასწაულების შესახებ, რომელიც პანორმიტმა შეასრულა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. ხუთი წლის ვიყავი, როდესაც პირველად დედასთან ერთად მოვილოცე წმინდა მონასტერი. მისი ზეიმის დღე იყო. მახსოვს მივედით თუ არა, კოკისპირული წვიმა წამოვიდა. არც ერთ კელიაში არ იყო თავისუფალი ადგილი, რომ ღამე გაგვეთია, შევედით სასადილოში, სადაც მხოლოდ მაგიდები და სკამები იდგა, ამიტომ იატაკზე გავიფინე პლედი და იქ დავწექი, დედამ გადაწყვიტა, სკამზე მჯდომარეს გაეთია ღამე. თან მხურვალედ ლოცულობდა მთავარანგელოზის მიმართ, რათა მოეღო მოწყალება და ჩემი ტუჩებიდან ჰემატომა გაექრო.მოულოდნელად ზემოდან გაურკვეველი შრიალი მოისმა. მე და დედაჩემმა ერთდროულად ავიხედეთ ჭერისკენ, სადაც მთავარანგელოზის სწორედ ისეთი ვერცხლის ფრთები დავინახეთ, როგორიც ხატზეა. რამდენიმე დღეში ჰემატომა გამიქრა. მას შემდეგ ვთვლი პანორმიტის მთავარანგელოზს ჩემს მფარველად.
გავიდა წლები, გავთხოვდი. ბავშვი არ მიჩნდებოდა. ექიმმა გვირჩია ხელოვნური განაყოფიერება გამეკეთებინა, რადგან ჩემი დაფეხმძიმების შანსი ასიდან მხოლოდ სამი პროცენტი იყო. რელიგიური თვალსაზრისით ამაზე უარი ვთქვი. მხურვალედ ვილოცე პანორმიტის მთავარანგელოზის მიმართ, მივიღე მისი კანდელიდან ფითილი და დავდეთ აღთქმა, თუ დავფეხმძიმდებოდი, ბავშვს მის სახელს დავარქმევდით და მონასტერში მოვნათლავდით.
ახლა ფეხმძიმობის მეექვსე თვეში ვარ. რა თქმა უნდა, არ გამომიყენებია არანაირი სამედიცინო მეთოდი. მე მხოლოდ მთავარანგელოზის მოვალე ვიქნები მთელი ცხოვრება".
***
"მე ელენე გეორგოპულო გახლავართ. ოჯახთან ერთად ვცხოვრობ კუნძულ კოსზე. სკოლის დამთავრების შემდეგ ხუთი წელი მოვდივარ პანორმიტის მონასტერში დღესასწაულისთვის მზადებაში მისახმარებლად. მაგრამ ჩემს ოჯახში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ სინამდვილეში ის გვეხმარება იქ, სადაც ჩვენ უძლურები ვართ.2007 წელს დედაჩემს აღმოაჩნდა ავთვისებიანი სიმსივნე მკერდში. მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდებოდა. ათენში გავუკეთეთ ოპერაცია, რასაც მოჰყვა ქიმიოთერაპია და სხვა პროცესები, რაც რვა თვე გაგრძელდა. ექიმებმა დაგვარწმუნეს, საშიშროებამ ჩაიარაო. შინ დავბრუნდით, მაგრამ მალე დედას მდგომარეობა გაუუარესდა და კვლავ საავადმყოფოში დავაწვინეთ. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მეტასტაზები მთელ ორგანიზმში იყო გასული. მას სიცოცხლის მხოლოდ ორი თვე მისცეს.
ჩემი უმცროსი და წავიდა პანორმიტის მონასტერში და მთავარანგელოზს დედის გადარჩენა შეევედრა. იმედიანად წამოვიდა მონასტრიდან და თან წამოიღო ფითილი და ზეთი მისი კანდელისა. დედა დიდი იმედით ყოველდღე ისვამდა ფითილით კანდელის ზეთს. გარკვეული დროის შემდეგ კომპიუტერული ტომოგრაფია გადაუღეს, რომელმაც აჩვენა, რომ ყველაფერი ცუდი ორგანიზმში გამქრალიყო და დედა ღვთისას და მთავარანგელოზის დახმარებით გამოჯანმრთელდა.
...როდესაც დედაჩემს ქიმიოთერაპიას უკეთებდნენ, ჩვენს აგარაკზე ჩვენი არყოფნისას გაჩნდა ხანძარი. გაიგეს თუ არა ამის შესახებ, მაშინვე გაემართნენ, იქნებ რამე გადავარჩინოთო. მისულებს სახლთან მეხანძრეები დახვდნენ, საბედნიეროდ, დროულად მისულიყვნენ და ხანძარი ჩაექროთ მანამ, სანამ ცეცხლი იმ ოთახამდე მივიდოდა, სადაც გაზის ბალონი იყო. ასე გადაარჩინა მთავარანგელოზმა ჩვენი სახლი განადგურებას და მეზობლებიც დაიცვა. მთავარანგელოზის ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობაში დაგვარწმუნა სახლში ნაპოვნმა წიგნის ორმა ფურცელმა, რომელიც სასწაულად გადარჩენოდა ხანძარს. მათზე იყო პანორმიტის მთავარანგელოზის სასწაულები სათაურებით: "მთავარანგელოზი მიქაელი დასახმარებლად გაემართა" და "შენ თუ გესმის ჩემი, მომეცი ნიშანი". ამ სათაურებმა იმასაც მიგვახვედრა, რომ მას ესმოდა ჩვენი ლოცვა და დედას გადაგვირჩენდა.
სანამ ძალა მექნება, ყოველთვის ვივლი მონასტერში, რათა ვემსახურო ჩემს დიდებულ მფარველს და გადამრჩენელს".