ვათოპედის მონასტერში მრავალი სიწმინდე და ხატია დაცული. მათ შორის გახლავთ ღვთისმშობლის - ნუგეშის ხატი.
ხატი, რომელსაც ნუგეში ანუ მანუგეშებელი ეწოდება, ათონზე, ვათოპედის მონასტის ხეობის ეკლესიაშია, რომელიც კონსტანტინე დიდის მეფობის დროს აიგო. 395 წელს, ძლიერი ქარიშხლის დროს, ამ მონასტრის ახლოს გემიდან ზღვაში გადავარდა უფლისწული არკადი - თეოდოსი დიდის ძე. ტალღამ იგი ზღვაში გაიტაცა. ყველას დაღუპული ეგონა მეფის ძე. გემმა დიდი გაჭირვებით მიაღწია ათონის მთის იმ ადგილს, სადაც მონასტერია აღმართული. ხანგრძლივი ძებნით დაქანცული არკადის თანამგზავრები შემთხვევით ერთ სანაპირო ბუჩქნარს მიადგნენ და მის ჩრდილში სველ, მაგრამ მშვიდად მძინარე უფლისწულს წაადგნენ თავს. გამოღვიძების შემდეგ მან თვითონვე უამბო თავისი სასწაულებრივი გადარჩენის ამბავი. აქედან წარმოდგა სახელწოდება ვათოპედი - "ყმაწვილის ბუჩქი". იმპერატორმა თეოდოსიმ ვაჟის გადარჩენის სახსოვრად განავრცო და დაასაჩუქრა მონასტერი. მთავარი ტაძრის საკურთხეველი იმ ადგილას აშენდა, სადაც უფლისწული იპოვეს. მის კურთხევაზე კონსტანტინოპოლის პატრიარქ ნექტარიოსთან ერთად არკადიც მოვიდა.
ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი "ნუგეში" ანუ "მანუგეშებელი მარჯვენა" კლიროსთან კედლის ნიშშია, რომელიც მის სახელზეა ნაკურთხი. ღვთისმშობლის სახე გამოხატავს თანაგრძნობას და სიყვარულს, მისი მზერა სავსეა სიმკაცრით და ულმობელი მსჯავრით. ამ ხატზე შემდეგი გადმოცემა შემოგვრჩა:
807 წლის 21 იანვარს ყაჩაღები ათონის მთაზე მივიდნენ, რათა გათენებისთანავე, როგორც კი ვათოპედის მონასტრის კარი გაიღებოდა, შიგ შეცვენილიყვნენ და მონასტრის სიმდიდრე გაეტაცათ. ყაჩაღები საღამოს მონასტრის მახლობლად ბუჩქნარში დაიმალნენ, მაგრამ წმინდა მთის მეთვალყურემ - ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა არ დაუშვა უღმერთოთა ბოროტი ჩანაფიქრის აღსრულება.
მეორე დღეს, ცისკრის განტევების შემდეგ, როცა ძმები დროებითი მოსვენებისთვის სენაკებში დაბრუნდნენ, მონასტრის წინამძღვარი მორჩილებას აღასრულებდა, უცებ ღვთისმშობლის ხატიდან ხმა შემოესმა: - დღეს სავანის კარს ნუ გააღებთ, მონასტრის გალავანზე ადით და ყაჩაღები გააძევეთო. იღუმენი შეკრთა და ღვთისმშობლის ხატს თვალები მიაპყრო. უცებ მან საოცარი სასწაული იხილა: დაინახა, რომ ღვთისმშობლის სახე, ისევე როგორც სახე მის მკლავებში მყოფი ყრმისა, გაცოცხლდა.
წინასამარადისო ყრმამ ხელი თავისი ღვთაებრივი დედის ბაგეს ააფარა, სახე მისკენ მიიბრუნა და უთხრა: - არა, დედაო ჩემო, ნუ ეუბნები მათ ამას: დაე, დაისაჯონო. მაგრამ ღვთისმშობელი შეეცადა, რომ თავისი ძის და უფლის ხელი შეეჩერებინა, სახე მარჯვნივ შეაბრუნა, თავი აარიდა და ორგზის კვლავ წარმოთქვა სიტყვები: - დღეს სავანის კარს ნუ გააღებთ, არამედ მონასტრის გალავანზე ადით და ყაჩაღები გააძევეთ.
საშინელი ხილვით გულგანგმირულმა იღუმენმა მაშინვე შეკრიბა საძმო, მოუთხრო მომხდარი - ღვთისმშობლის გაფრთხილება და უფალ იესოს მიერ წარმოთქმული სიტყვები გადასცა. ყველამ უკიდურესი განცვიფრებით შენიშნა, რომ ყოვლადწმინდისა და უფლის სახე და საერთოდ მთელი დაწერილობა ხატისა, წინანდელთან შედარებით, სრულიად შეცვლილიყო და ღვთისმშობლის მფარველობა განადიდეს. მონასტრის გალავნისკენ ისწრაფეს და ყაჩაღთა თავდასხმა აიცდინეს.
ამის შემდეგ დღევანდლამდე ვათოპედის ღვთისმშობლის ხატს ეწოდება ნუგეში (ანუ მანუგეშებელი), ხოლო ღვთისმშობლის და მაცხოვრის გამომეტყველება დარჩა იმავე მდგომარეობაში, როგორიც მან მიიღო სამგზის ხმის აღმოტევების შემდეგ - ღვთაებრივი დედა მარჯვენა მხარეს არიდებს თავს წინასამარადისო ყრმის გაწვდილ ხელს, ცდილობს, ის თავის ბაგეს ააცილოს, რათა მოსალოდნელი საშიშროების შესახებ თავისუფლად გააფრთხილოს თავისი რჩეული.
ამ სასწაულებრივი დაცვის მოსახსენებლად ვათოპედის ხატის წინაშე ანთია უქრობი კანდელი და კელაპტარი. უძველესი დროიდან ვათოპედში ძმების ბერად აღკვეცა მხოლოდ აქ ხდება და ყოველდღიური პარაკლისიც აქვე აღესრულება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი