საქართველოში ანდრია მოციქულის მოღვაწობასთან მჭიდროდაა დაკავშირებული მის მიერ შემობრძანებული ხელთუქმნელი ხატის ისტორია, რომელიც აწყურის ღვთიმშობლის ხატის სახელითაა ცნობილი.
ამჟამად აღნიშნული ხატი საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდშია დაცული. ხელოვნებათმცოდნეები აწყურის ღვთისმშობლის კარედი ხატის მოჭედილობას XVI საუკუნის მეორე ნახევრით ათარიღებენ. ელდარ ბუბულაშვილის წიგნში "საქართველოს ეკლესიის სიწმინდეები", ვკითხულობთ: "ქართლის ცხოვრების" ანდრიას "მიმოსვლის" მიხედვით, ეს ის ხატია, რომელიც ღვთისმშობელმა მოციქულს გადასცა. აღნიშნული ხატი არავის დაუწერია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ანდრია მოციქულის წამოსვლის წინ ღვთისმშობელმა მოითხოვა ფიცარი, დაიბანა პირი, მიიდო ფიცარი სახეზე და მასზე გამოისახა ღვთისმშობელი ყრმით. ღვთისმშობლის განცხადებით, სწორედ ამ ხატის შემწეობით უნდა ჰქონოდა ანდრია მოციქულს "მადლი და შეწევნა".
საქართველოში ყოფნის დროს ანდრია მოციქული აწყურის ღვთისმშობლის ხატით ახდენდა სასწაულებს. პირველი სასწაულებრივი ძალა მან დიდაჭარაში გამოავლინა, როდესაც ხატის ძალით ანდრიამ ადგილობრივი წარმართნი "მოაქცევინა და მოიყვანა სარწმუნოებად". ახლადმოქცეულმა დიდაჭარელმა მოსახლეობამ მოითხოვა, რომ აღნიშნული ხატი ახალაგებულ ეკლესიაში დაესვენებინათ. მათი მოთხოვნის პასუხად წმინდა ანდრიამ შექმნა პირი ხელთუქმნელი ხატისა, რომელიც იმავე ზომის იყო და მისცა მათ. ხოლო მათ სიხარულით შეიწყნარეს და დაასვენეს ეკლესიასა შინა თვისისა პატივითა". თუ რა ბედი ეწია ანდრია მოციქულის ხელით შემქნილ ხელთუქმნელი ხატის პირს, ჩვენთვის უცნობია, მხოლოდ ის ვიცით, რომ ქართლის მეფე ადერკმა, როცა შეიტყო თავისი ქვეშევრდომების ახალ სარწმუნოებაზე მოქცევა, "განუწყრა და წარავლინა ერისთავნი მისნი და იძულებით კუალადვე მოაქცევინა ისინი". ანდრია მოციქული ღვთისმშობლის ბოძებული ხატით გადავიდა სამცხეში, სადაც მან აწყურში დაივანა.
ხელთუქმნელმა ხატმა სწორედ აწყურში მოახდინა ახალი სასწაული, როდესაც ხატის ძალით დამხობილ იქნა არტემისა და აპოლონის საკერპო ადგილი, რამაც საბოლოოდ განაპირობა მესხეთის მოსახლეობის ახალ სარწმუნოებაზე მოქცევა. წერილობითი წყარო ხატის სასწაულებრივ ძალას მიაწერს, აგრეთვე, ქვრივი დედაკაცის ახალგაზრდა ვაჟიშვილის გაცოცხლებას.
ღვთის ნებით და ანდრია მოციქულის სურვილით აღნიშნული ხატი დააბრძანეს აწყურში, ახლადაგებულ საყდარში. იგი ცნობილი იყო თავისი სასწაულმოქმედებით. VII საუკუნის 20-იან წლებში, საქართველოში ლაშქრობის დროს ბიზანტიის იმპერატორს ჰერაკლე კეისარს თაყვანი უცია აწყურის ღვთისმშობლის ხატისათვის. როგორც ჩანს, იმ დროისათვის, აწყურის ეკლესია საკმაოდ დაძველებული და დაზიანებული ყოფილა. ჰერაკლე კეისარს აწყურის ღვთისმშობლის ხატის სათაყვანებლად საფუძველი ჩაუყრია ახალი საყდრის მშენებლობისთვის. როგორც წყაროებით ირკვევა, აწყურის ღვთისმშობლის ხატისათვის აგებული ტაძარი საეპისკოპოსო ტაძრად უქცევიათ. აწყურში არქეოლოგიური გათხრებით გამოვლინდა ჰერკლე კეისრის მიერ აგებული მცირე სამლოცველოს ნაშთები, რომელიც ამჟამინდელი, X-XI საუკუნით დათარიღებული აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის ნანგრევების ჩრდილოეთ ნაწილში, მიწის ქვეშაა მოქცეული.
აწყურის ღვთისმშობლის ხატმა შემდგომშიც გამოავლინა თავისი სასწაულთმოქმედება. 1283 წელს, აღდგომის წინა დღეს, დიდ შაბათს, საქართველოში დიდი მიწისძვრა მომხდარა. მიწისძვრის შედეგად ბევრი ეკლესია-მონასტერი დაქცეულა. მათ შორის აწყურის ღვთისმშობლის ტაძარიც, მაგრამ ტაძრის შუა ნაწილში დასვენებულ აწყურის ღვთისმშობლის ხატს მიწისძვრის შედეგად ჩამოქცეული გუმბათი ქუდივით დაეხურა "და დარჩა უვნებლად". მომხდარი ფაქტი აწყურის ღვთისმშობლის ხატის სასწაუებრივ გამოვლინებად მიუჩნევიათ.
XV საუკუნის 70-80-იან წლებში აწყურის ღვთისმშობლის ხატი ორგზის უკნა დაბრუნებულა. პირველად ხატი 1477 წელს ირანის მბრძანებელმა უზუნ-ჰასანმა აწყურის ციხის აღების დროს გაიტაცა, რის გამოც "იქნა დიდი გლოვა და მწუხარება მიუთხრობელი სრულიად მესხთა ზედა". ქართული წყაროების გადმოცემით, აწყურის ხატის გატაცების გამო უზუნჰასანის ქვეყანაში უნაყოფობას დაუსადგურებია: "არცა შობა დედაკაცმან, არცა პირუტყვმან, არცა ჰყო ხემან ნაყოფი, არცა მიწამან აღმოაცენა". აღნიშნული უბედურების მიზეზად მაჰმადიანი მოსახლეობა ღვთისმშბლის ხატს მიიჩნევდა. მათი მოთხოვნით იგი ისევ მესხეთის ქვეყანაში დააბრუნეს. 1486 წელს უზუნ-ჰასანის შვილმა, იაყუბ ყაენი სამცხეს მისდგომია.
აწყურის ტაძრის სიწმინდეები ციხე-სიმაგრეში საგულდაგულოდ გადამალეს. მაწყვერელი ეპისკოპოსის ინიციატივით მტერს ციხიონი უბრძოლველად დანებდებოდა, თუკი ისინი აწყურის ტაძარს არ დაანგრევდნენ, მაგრამ იაყუბ ყაენმა პირობა დაარღვია. მან გაძარცვა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი, შემდეგ კი აგიზგიზებულ ცეცხლში ჩააგდეს, მაგრამ მომხდარი სასწაულით თვით ურჯულონიც გაკვირვებული დარჩენილან, ხატის ჩაგდების შემდეგ "ცეცხლი იგი დაშრტა და ხატს ყოვლადვე არ შეეხო". ამის შემდეგ იაყუბ ყაენმა ხატი თავის ქვეყანაში წაასვენა, მაგრამ მას მამოეცხადა კაცი, რომელმაც ურჯულოთ გამოუცხადა: "უკეთუ არა წამიყვანო ქვეყანასა ჩემსა, დიდი ბოროტი მოვაწიო შენ ზედა". ხატი ისევ აწყურში დააბრუნეს და "დაასვენეს საყდარსა თვისსა". წყაროს მიხედვით, უკან დაბრუნების შემდეგ ხატმა იაყუბ ყაენს საშინელი რისხვა დაატეხა თავს, წამებით გარდაიცვალნენ მისი ახლობლები.
1546 წელს, თურქთა აგრესიის გამო,აწყურის ღვთისმშობლის ხატი იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ ციხისჯვრის ციხეში გადაასვენა, საიდანაც მან ეს სიწმინდე 1553 წელს იმერეთში წაიღო. ბაგრატ III-ის ძემ, გიორგი II-მ 1578-1583 წლებში მრავალგზის გაძარცვული აწყურის ღვთისმშობლის ხატი ოქროთი მოაჭედვინა და შეამკო ძირფასი თვლებით. ბოლო ხანს იგი გელათის მონასტერში იყო დასვენებული, ხოლო საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, XX საუკუნის 20-იან წლებში, საეკლესიო ქონების სეკულარიზაციის დროს იგი საქართველოს ხელოვნების მუზეუმის კუთვნიება გახდა.
XII საუკუნის ჰიმნოგრაფის, იოანე ანჩელის ცნობით ანდრია მოციქულს საქართველოში ანჩის ხატი მოუსვენებია. აღნიშნული ცნობა სხვა წერილობითი წყაროებით არ დასტურდება.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დიდად აფასებდა და აფასებს ჩვენში ქრისტიანობის გავრცელებაში მოციქულთა ღვაწლს. ალბათ ამითაა განპირობებული, რომ საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ თავისი მწყემსმთავრის-კათოლიკოს-პატრიარქის საყდრის-მცხეთის სვეტიცხოვლის ტრაპეზი თორმეტი მოციქულის სახელზე აკურთხა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი