პანტანასას ღვთისმშობელი ცნობილია როგორც ონკოლოგიურ ავადმყოფთა შემწე.
"ყოველთა დედოფლის" ანუ "პანტანასას" სასწაულმოქმედი ხატის ასლი რამდენიმე წლის წინ ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძარში ათონის მთიდან ჩამოაბრძანეს. ამჟამად ეს ხატი ზაჰესში მდებარე პანტანასას სახელობის დედათა მონასტერშია დავანებული.ღვთისმშობლის საკმაოდ მოზრდილი, მომინანქრებული ხატი ვათოპედის მონასტერში ბერებმა წმინდა ქეთევანის ტაძრისთვის საგანგებოდ შექმნეს. ხატი მისთვის განკუთვნილი ღამისთევის ლოცვებით იწერებოდა. საგანგებოდ შეირჩა ხის მასალა და ძვირფასი საღებავები. ბოლოს, ერთი თვის განმავლობაში, მასზე დაბრძანებული იყო სასწაულმოქმედი ხატის ორიგინალი და ყოველდღე ტარდებოდა საღმრთო ლიტურგია. "პანტანასას" ხატს ადამიანები სულიერი და ფიზიკური სნეულებების განკურნებას შესთხოვენ. ხშირია შემთხვევა პანტანასას ხატზე ლოცვით ავთვისებიან სიმსივნეთა განკურნებისა. ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი რაზმაძე შეჭირვებულთათვის ჯანმრთელობის პარაკლისს იხდის.
ეს სასწაულმოქმედი ხატი XVII საუკუნისაა. მისი ორიგინალი ვათოპედის მონასტრის საერთო სალოცავის სვეტთანაა დაბრძანებული. თანამედროვე მოწმის, ბერის გადმოცემით, ერთ დღეს ტაძარში სალოცავად ახალგაზრდა კაცი შესულა. ხატს რომ მიუახლოვდა, უცბად ყოვლადწმინდას სახე განათებია და ყმაწვილი კაცი უხილავ ძალას ხატიდან შორს განუგდია. გონს მოსულს სინანულის ცრემლებით მოუნანიებია ბერების წინაშე დანაშაული, ის დაშორებული ყოფილა ღმერთს და მაგიას მისდევდა. ღვთისმშობლის სასწაულებრივმა ჩარევამ დაარწმუნა ახალგაზრდა, შეეცვალა ცხოვრების წესი და ღვთისმოშიში გამხდარიყო.
ამ ხატის ერთ-ერთი ასლი საბერძნეთის უძველეს ქალაქ კავალასთვის შეიქმნა. ხმამ, ხატის მიერ ბოროტ ძალთაგან განკურნების შესახებ, რუსეთამდეც მიაღწია. წმინდა იოანე კრონშტადტელის "მოწყალების საზოგადოების" თხოვნით (საზოგადოება მოღვაწეობს ბავშვთა ონკოლოგიურ ცენტრში), მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ ეფრემის კურთხევით "ყოველთა დედოფლის" ხატის ასლი რუსეთისთვის შეიქმნა. 1995 წელს ხატი რუსეთის ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის სამლოცველოში დააბძანეს. იმავე წლის შემოდგომაზე, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე ხატზე მირონის პირველი წვეთები გაჩნდა. შენობა, სადაც ხატი ბრძანდებოდა, სურნელებით აივსო. ამჯერად პანტანასას ხატი მოსკოვში, ყოველთა წმინდათა ტაძარშია. ხატის კიდევ ერთი ასლი კი საქართველოში, ზაჰესში მდებარე პანტანასას დედათა მონასტერშია. პანტანასას ხატთან ლოცვით დღეს მრავალი ადამიანი იკურნება.
ლოცვა
სურვილითა მხურვალითა მეძიებელნი მადლისანი, სახარულევანისა, პატიოსნისა დედუფლისა ყოველთასა, გვაცხოვნენ ღვთისმშობელო გვიხსნენ განსაცდელთაგან,შენდა მოლტოლვილნი ყოველნი დაიცევ სამწყსო შენი ზედამოსვლათაგან, მარადის მვედრებელი მეოხებისა შენისა.