პორტ-არტურის ღვთისმშობელი
2003 წელს საქართველოში ჩამოაბრძანეს ასი წლის წინ შექმნილი "პორტ-არტურისად" წოდებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლი. ხატის ისტორია ასეთია: ერთხელ, ღამით მეზღვაური თეოდორე უცნაურმა ხმამ გამოაღვიძა.
მან დაინახა ანგელოზებით გარშემორტყმული ღვთისმშობელი. სათავეში მთავარანგელოზი მიქაელი და გაბრიელი ედგათ. ზღვის ყურისკენ ზურგით მდგარი ღვთისმშობელი მეზღვაურს უყურებდა. ხელში დიდი ტილო ეკავა, რომელზეც მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი იყო გამოსახული. შორს, ნისლში მოჩანდა ზღვის სანაპიროზე გაშენებული ქალაქი, რომელიც ცეცხლის ალში იყო გახვეული. მეზღვაური მიხვდა, რომ ღვთისმშობელი სწორედ მას უყურებდა. მის თავზე ღრუბლებში ანგელოზებს ცისარტყელების გვირგვინი ეპყრათ. გვირგვინის თავზე ჯვარი იყო გამოსახული და გაისმოდა სიტყვები: "და იყავნ თქვენ ერთ მწყემს და ერთ სამწყსო". ღვთისმშობელი ფეხებით თელავდა შიშველ და გადამტვრეულ ხმლებს. ამ ხილვამ მეზღვაური ძლიერ შეაცბუნა, მაგრამ ღვთისმშობელმა გაამხნევა და უთხრა: შორეული ზღვის სანაპროზე ქვეყანას დიდი ბრძოლა ელის. დაწერე ხატი, რომელზეც აღწერ ამ ხილვას და გაგზავნე პორტ-არტურში. თუკი ჩემი ხატი დაბრძანდება ქალაქის კედელში, მართლმადიდებლები გაიმარჯვებენო.
ამის შემდეგ მოხუცი მეზღვაური კიევ-პეჩორის მონასტერში მივიდა და ყველაფერი ბერებს უამბო. ყოვლადწმინდა ხატი მართლაც შეიქმნა და "პორტ-არტურის" ღვთისმშობელი ეწოდა. 1980 წელს ხატმწერმა მიქაელ ოსიპენკომ მისი ასლის შექმნა გადაწყვიტა. ხატის ასლი დასრულდა 2003 წელს, ღვთისმშობლის გამოცხადების ასი წლის თავზე. გადაწყდა ამ ხატის რუსეთიდან ჩინეთში, პორტ-არტურში გადასვენება, რათა აღსრულდეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სურვილი. თბილისში ეს ხატი, ღვთის განგებით, ციმბირიდან მოასვენეს.