დიდუბის ღვთისმშობელი
კირიონ II-ის დროიდან მოკიდებული, დიდუბის ტაძარში შაბათ-კვირისა და დღესასწაულების გარდა ყოველ ოთხშაბათსაც სრულდება წირვა-ლოცვა. წირვის ბოლოს იხდიან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისს.
კათოლიკოს-პატრიარქების - მელქისედეკისა და კალისტრატეს დიდუბის ტაძარში მსახურების დროს, ყოველ ოთხშაბათს, წირვის დაწყებამდე ღვთისმშობლის დაუჯდომელსაც კითხულობდნენ. ორშაბათობით ღვთისმსახურების დასეწება, გადმოცემით, უკავშირდება დიდუბის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის პოვნას. ხატი უპოვიათ მაშინ, როდესაც დიდუბეში ეკლესია ჯერ კიდევ არ იყო. ახლანდელი ეკლესიის მიდამოებში ძველად საძოვრები ყოფილა. ერთ კეთილმორწმუნე მწყემსს, რომელიც იქ აძოვებდა სამწყსოს, დასიზმრებია ანგელოზი, რომელმაც თურმე აუწყა, დიდუბის მინდორში, ამა და ამ ადგილას, ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატია დაბრძანებული. მიდი, თაყვანი ეცი და სასწაულს გიჩვენებსო. მეორე დღეს მწყემსმა თავისი ხილვა დედ-მამასა და თანასოფლელებს უამბო. ანგელოზის მიერ ნაუწყები ხატის ნახვა ყველამ მოინდომა, მათ შორის ერთმა ბრმა მოხუცმაც, რომელსაც მწყემსის მონათხრობმა იმედი ჩაუსახა, - ღმერთი ჩემზეც მოიღებს წყალობას და ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის მადლით თვალისჩინს დამიბრუნებსო.
მთელი სოფელი გაემართა მინიშნებული ადგილისკენ. აქ ნამდვილად აღმოჩნდა ღვთისმშობლის დიდუბის ხატი, რომელსაც მოკრძალებით თაყვანი სცეს და გადააბრძანეს მახლობლად მდებარე ეკლესიაში. ბრმა მოხუცი კი, მისი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ამ ლიტანიობაზე არ წაუყვანიათ - მაინც ვერაფერს დაინახავსო. შინ დარჩენილმა მოხუცმა ყოვლადწმინდას "გიხაროდენ" უგალობა, მხურვალედ შეევედრა და განკურნა კიდეც.
ხატის პოვნის ადგილას ძველთაგანვე ნიში აღუმართავთ, ხატიც იქ დაუსვენებიათ და თაყვანი უციათ. ეს სწორედ ის ეკლესიაა, რომელმაც XIX საუკუნემდე მოაღწია.