სამაჩაბლოში ხატს ყვავილების ხალიჩა დაუგეს
აგერ უკვე რამდენიმე თვეა სიონის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი საქართველოს სხვადასხვა კუთხეს სტუმრობს და თითოეულს თავის მადლს ჰფენს.
ყველა სიხარულით მასპინძლობს ხატს. მის მიბრძანებას ისე აღიქვამენ, თითქოს თავად ღვთისმშობელმა შეაღო მათ სოფელსა თუ რაიონში კარი. ეპარქიების მღვდელმთავრები და სამღვდელოება მრევლთან ერთად წირვა-ლოცვას აღავლენენ ღვთისმშობლის სადიდებლად და პატივით და დიდებით აცილებენ.მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, ღვთისმშობლის ხატს ხუთი სასულიერო პირი დაჰყვება. მარტყოფის მამათა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ბენიამინი, მღვდელმონაზონი ბიძინა და მღვდელმონაზონი შალვა მარტყოფის მამათა მონასტერში ახალნაკურთხი მღვდელმსახურები არიან. დიდი მისია აკისრია ორ მღვდელმსახურს - დიდი დიღმის წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძრის წინამძღვარს მამა ლუკა სუპატაშვილს და ამავე ტაძრის მოძღვარს მამა მამუკა თავხელიძეს. მათთან ერთად სამი ადამიანია, რომლებიც წირვა-ლოცვის დროს სტიქაროსნის საქმეს ასრულებენ და ზოგჯერ მედავითნეობას სწევენ. გალობენ და ხატს ემსახურებიან. მათ მრევლისთვის ფილმის ჩვენებაც ევალებათ, სადაც მოთხრობილია ივერიის ღვთისმშობლისა და ათონის მთის ივერთა მონასტრის ისტორია.
პირველი ეპარქია, რომელსაც ღვთისმშობლის ხატი ესტუმრა, სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია გახლდათ. გერგეტის სამების დღესასწაულზე ტაძრის ეზო მლოცველებს ვერ იტევდა. ასეთივე დახვედრა ჰქონდა და აქვს სხვა ტაძრებშიც... თიანეთსა და ფშავ-ხევსურეთში, თუშეთში, სამაჩაბლოში, რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო და ზემო სვანეთში, აჭარაში, ადიგენში, ახალციხესა და ახალქალაქში, ასპინძაში, ნინოწმინდაში, წალკაში, დმანისში, მარნეულში... მოლოცვის გეგმა უკვე წინასწარ არის შედგენილი: საშობაო მარხვის დასრულებამდე საქართველოს ყველა საზღვრისპირა რაიონი უნდა მოიარონ, შემდეგ კი შიდა რეგიონებში გადაინაცვლებენ და ასე მოივლიან საქართველოს.
მამა ლუკას ლეჩხუმში, წმინდა მაქსიმე აღმსარებლის მონასტერში შევხვდით. 26 აგვისტო იყო, ღირსისა მამისა ჩვენისა მაქსიმე აღმსარებლის მიცვალების დღე. ღამისთევის ლოცვას წმინდა მაქსიმეს მონასტერში მამა ლუკა აღავლენდა. მორწმუნეთა ერთი ჯგუფი რაჭიდან ლეჩხუმში გადაბრძანებულ ღვთისმშობლის ხატს დავედევნეთ. რაჭიდან ლეჩხუმში გადასასვლელად არცთუ ისე დიდი დრო დაგვჭირდა. წმინდა მაქსიმეს მონასტერსაც უეცრად მივადექით. მეუფე სტეფანეს ლოცვა-კურთხევით, ამ მცირე ზომის ტაძრის გარშემო ბერებისთვის სენაკებია აშენებული. ერთსართულიანი, ხის ლამაზი აივნით დამშვენებულ შენობაში სამონასტრო ცხოვრება 2005 წელს დაიწყო. მონასტერს თავად მეუფე სტეფანე წინამძღვრობს.
ამ პატარა ტაძრის ტრაპეზის ქვეშ წმინდა მაქსიმეს წმინდა ნაწილები განისვენებს. ტაძრის უკან წმინდანის საფლავია. იქვეა წმინდა მაქსიმეს წყარო.
წმინდა მაქსიმეს მიცვალების დღეს დაემთხვა ლეჩხუმში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ჩამობრძანება. ღამისთევის ლოცვის შემდეგ ღვთისმშობლის ხატთან რამდენიმე მლოცველი დავრჩით. მამა ლუკამ, რომელთანაც კარგა ხნის ურთიერთობა გვაკავშირებს, ღვთისმშობლის პარაკლისის წაკითხვა და გალობა გვთხოვა. ღვთისმშობელს გათენებამდე ვუგალობდით. ეს კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე იყო ჩვენს ცხოვრებაში. მამა ლუკას კი ასეთი დღე უამრავი აქვს - ის ხომ რამდენიმე თვეა, ღვთისმშობლის ხატთან ერთად მოგზაურობს.
- ვიდრე საქართველოში ღვთისმშობლის ხატის მიმოსვლა დაიწყებოდა, 6-7 თვით ადრე მეუფე დანიელისგან შევიტყვე ეს ამბავი. უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი, ეს მისია რომ დამაკისრეს. ხატს კი არ დავყვები, არამედ ღვთისმშობელს, - ამას სულიერად და ფიზიკურად ვგრძნობ. ორ უდიდეს ბედნიერებას ერთად ვეწიე: ღვთისმშობელთან ერთად ყოფნას და სამშობლოში მოგზაურობას.
- როგორ ხვდებოდნენ ჩვენი მიწა-წყლისანი ივერიის მფარველის ხატს?
- ყველა თავისებურად გამოხატავდა სითბოს და სიყვარულს. სამაჩაბლოში ხატს ყვავილების ხალიჩა დაუგეს. ხევში, სტეფანწმინდაში, დაახლოებით 7 კილომეტრის მანძილზე ხელით ატარეს... ბევრი ხატს მუხლმოდრეკილი ეგებებოდა. განსაკუთრებით ჩამრჩა გულში ერთი ფხელშელი მოხევე, რომელიც გამთენიის ხანს შემოვიდა ტაძარში. ეგონა, მარტო იყო. მე კი საკურთხეველში გახლდით და უნებურად მისი ლოცვის მოწმე შევიქენი. საქართველოს გადარჩენას ევედრებოდა ღვთისმშობელს...
- გზად რაიმე დაბრკოლება ხომ არ შეგხვედრიათ?
- ასპინძის რაიონში, სოფელ წუნდაში, XIII საუკუნის ტაძარია. იქ წირვა-ლოცვის შემდეგ ვიტრაპეზეთ და ვარძიისკენ ავიღეთ გეზი. გზაში შევიტყვეთ, ერთგან კლდე ჩამოიშალაო. გზის გაწმენდას ერთი დღე სჭირდებოდა, ამდენ ხანს კი ხატს ვერსად გავაჩერებდით, ამიტომ ეპარქიაში შემოვლითი გზით წავედით. დაახლოებით 25 კილომეტრით გაგვიგრძელდა სავალი. ეს გზა გადის ზემო თმოგვსა და ვაიოს ველებზე, რომლებიც ოდესღაც ყვაოდა, დღეს კი გაპარტახებულია. ერთ ველზე წმინდა ნიკოლოზის სახელობის დიდებული ტაძარი დგას, მის მახლობლად კიდევ 4 ეკლესიაა. ეს ტაძრები ვერ მოვილოცეთ, მაგრამ რაკი ამ ველებზე მოვხვდით, მესაზღვრეებთან მისვლა გადავწყვიტეთ... ისეთი განცდა გვქონდა, რომ თვით ღვთისმშობელმა ინება იმ ადგილების მოლოცვა, სადაც ადამიანები არ სახლობენ.
გზად ერთი ხალხური თქმულება მოვისმინეთ. ასპინძის რაიონში სოფელი საროა, სადაც მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი დგას. სოფელს ორშაბათ დილას არაბები დასცემიან. ხალხს გახიზვნა ვერ მოუსწრია. იმედგადაწურულებს ისღა მოუხერხებიათ, რომ დაუჩოქიათ და ლოცვა დაუწყიათ. ამ დროს მთავარანგელოზი ხილულად გამოჩენილა, მოუქნევია ცეცხლოვანი მახვილი და ჯარისთვის ქვა-ღორღი შეუყრია. არაბებს ისე შეშინებიათ, რომ მყისვე უბრუნებიათ პირი. მას შემდეგ ამ სოფელში ორშაბათობით მარხულობდნენ და განსაკუთრებულად ეთაყვანებოდნენ მიქაელ მთავარანგელოზს.
- დიდი ოჯახი გაქვთ? ოჯახში როგორ ეგუებიან უთქვენობას?
- მყავს მეუღლე, ირინე სამსონია, და ხუთი შვილი: მარიამი, გიორგი, ნინო, ნიკოლოზი და ქეთევანი. ჩვენთან ცხოვრობენ მამა და უფროსი ძმაც.
ხუმრობით ვიტყვი ხოლმე, ერთი კვირა ღვთისმშობელთან ვარ და ერთი კვირა - ამ ქვეყანაზე-მეთქი... უფალი ამბობს: "თქვენ ჩემი საქმე გააკეთეთ და მე თქვენს საქმეში შეგეწევითო". ღვთისგან მართლაც დიდ შემწეობას ვგრძნობ. როცა შინ არ ვარ, ღვთის მადლით, ყველაფერი კეთილად გვარდება.
- როგორ მოხვედით ტაძარში?
- ეკლესიაში ახლობლის მძიმე ავადმყოფობამ მომიყვანა. 14 წლის ვიყავი. ქაშვეთში წმინდა ნიკოლოზს ვთხოვდი მის გადარჩენას. აღთქმაც დავდე, რომ ყოველ შაბათ-კვირას ვივლიდი ეკლესიაში. ჩემი ახლობელი ამ ქვეყნისკენ მობრუნდა.... ამან შემძრა. აღთქმა ავასრულე. მერე სახარების კითხვაც დავიწყე და მთელი გულით მივეჯაჭვე ეკლესიას. იმხანად ჯერ კიდევ მოუნათლავი ვიყავი. 1989 წლის ტრაგედიის შემდეგ კიდევ უფრო მივეკედლე ქრისტიანობას. 1991 წელს, გარდაცვლილი მეგობრის წლისთავზე, მოვინათლე. იმხანად ტექნიკური უნივერსიტეტი უკვე დამთავრებული მქონდა და სპეციალობის მიხედვით მუშაობის დაწყებას ვაპირებდი. ნათლობის შემდეგ სასულიერო ლიტერატურამ გამიტაცა. მოწყურებული დავეწაფე სულიერ საზრდოს და უფრო ინტენსიურად დავიწყე ეკლესიაში სიარული, მერე კი დადგა ჩემი ცხოვრების უბედნიერესი ხანა - ნაძალადევის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ვახტანგმა, სტიქაროსნად მაკურთხა (იმხანად დიდი ტაძარი ჯერ გასრულებული არ იყო და წირვა-ლოცვები მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელის ეკლესიაში აღევლინებოდა).
ეკლესიაში მსახურებამ ჩემში ახალი ადამიანი შვა. ერთხელ, შეხვედრისას, უწმინდესმა მკითხა, სასულიერო აკადემიაში სწავლაზე თუ გიფიქრიაო. არა-მეთქი, მივუგე - ვერ მივხვდი, რომ ამით პატრიარქმა სასულიერო აკადემიაში ჩაბარების კურთხევა მომცა...
აკადემიის დამთავრების შემდეგ სასულიერო პირად მაკურთხეს.
ადამიანი ღვთის სამსახურს რომ ირჩევს, უნდა უარყოს თავისი დაცემული ბუნება, ცოდვილი მიდრეკილებები, ეს კი სრულიადაც არ არის იოლი. წმინდა მამები ამას ჯვარცმის ტკივილებს ადარებენ. ეკლესიისკენ სულიერი სვლის დროს შინაგანი ბრძოლა მეც მქონდა, მაგრამ ნაყოფი იმდენად ტკბილი აღმოჩნდა, რომ ის ტკივილი სულმთლად დამავიწყა. ასჯერ რომ მომეცეს ცხოვრების თავიდან დაწყების საშუალება, ასჯერვე ამ გზას ავირჩევდი.
- თქვენი სამლოცველოს ეზოში მოზრდილი ტაძარი შენდება...
- ტაძრის მშენებლობა 2001 წლის 4 დეკემბერს დავიწყეთ. მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, ამ ორნავიან ბაზილიკაში ორი ეკლესია განთავსდება: ასი ათასი ქართველი მოწამისა და წმინდა ილია მართლის სახელობისა. ღვთის შეწევნით, მშენებლობის დასრულებამდე ბევრი არ აკლია...
ღმერთმა შეგვაძლებინოს სიყვარული, ღვთისმშობლის მადლით, უფლის ისეთივე სიყვარული შეგვძლებოდეს, როგორიც ჩვენს წინაპრებს შეეძლოთ.