სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით კიდევ ერთი დიდებული ხატი დაიწერა. უწმინდესმა მას "ოჯახის მფარველი" უწოდა.
ოქროთი შესრულებულ საკმაოდ მოზრდილ ხატზე ყრმით ხელში გამოსახულ ღვთისმშობელს ცალ მხარეს წმინდა ანდრია პირველწოდებული და წმინდა ნინო უდგანან, მეორე მხარეს - წმინდა ნიკოლოზი და წმინდა გიორგი, ხოლო თავს ანგელოზები, ქერუბიმები და სერაფიმები დასტრიალებენ.
ვაკის სამების ტაძრის მოძღვრის მამა იაკობ სირბილაძის კეთილი ნებით და მის სულიერ შვილთა შემოწირულობებით ეს ხატი წმინდა ელიას მთაზე მდებარე სამების დიდი ტაძრისთვის დაიწერა. 14 ოქტომბერს, უფლის კვართის დღესასწაულზე, მამა იაკობმა და მისმა მრევლმა იგი ვაკის სამებიდან ფეხით მიაბრძანეს სამების დიდ ტაძარში და დროებით ათონის მთიდან ჩამობრძანებული წმინდა გიორგის, ხილანდარის ღვთისმშობლის (სამხელას) და მთაწმინდელთა ხატების გვერდით დააბრძანეს.
მამა იაკობი:
- ამ ხატის შექმნის იდეა მისი უწმინდესობის ერთ-ერთი ქადაგებისას დაიბადა. მოიფიქრეთ თქვენი საყრდენი სვეტებიო, ბრძანა პატრიარქმა. ჩვენც გადავწყვიტეთ, დაგვეწერა ისეთი ხატი, სადაც გამოსახულნი იქნებოდნენ ანდრია პირველწოდებული, წმინდა ნინო, წმინდა გიორგი და წმინდა ნიკოლოზი - ამ წმინდანების მიმართ ხომ ქართველ ერს განსაკუთრებული სასოება აქვს. კურთხევისთვის მის უწმინდესობას ჩემს სულიერ შვილთან, პატრიარქის სტიქაროსან გიორგი გირგვლიანთან ერთად ვეახელი. გიორგიმ ესკიზიც აჩვენა. უწმინდესს მოეწონა ჩვენი ჩანაფიქრი და კურთხევა მოგვცა. ხატმწერიც პატრიარქის კურთხევით შევარჩიეთ. დავით ხიდაშელს რამდენიმე ტაძარი აქვს მოხატული და მრავალი ხატის ავტორიც არის.
მოგეხსენებათ, ხატზე მუშაობა თანხებს მოითხოვს. მოვიწვიე მრევლი, გავაცანი ვითარება და ხატის ერთობლივად დაწერა შევთავაზე. ძალიან გაუხარდათ.
- მამა იაკობ, რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა ხომ არ დასდებია საფუძვლად ხატის დაწერას?
- ყველაფერი ღვთის დაშვებით ხდება... ყოველ ჩვენგანს ამა თუ იმ წმინდანის მიმართ აქვს გამორჩეული სიყვარული და სასოება. მე თავიდანვე მქონდა ღმრთისმშობლის სიყვარული. ჩემი ეკლესიური ცხოვრების დასაწყისში ძალიან მინდოდა მისი ხატის შეძენა, მაგრამ საშუალება არა და არ მომეცა. ერთხელ, სიონში მიმავალს, ზემო ბეთლემის მოძღვარი მამა იოანე შემხვდა. ვისაუბრეთ და დამშვიდობებისას მამა იოანემ დედა ღვთისას რამდენიმე ხატი მაჩუქა. საოცარი განცდა დამეუფლა... ისე მოხდა, რომ ყველა გავაჩუქე, მაგრამ იმავე დღეს სხვამაც მაჩუქა ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც დღემდე ვინახავ. ისეთი განცდა მაქვს, რომ დედა ღვთისმშობელი მუდამ ჩემს გვერდით არის. ერთი წმინდა მამა ანგელოზმა ზეცად აიყვანა და ცათა სასუფეველი დაათვალიერებინა. წმინდა მამამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ვერ დაინახა და სად არისო, იკითხა. დედამიწაზე, ხალხთანო, მიუგო ანგელოზმა... დედა ღვთისა ხომ საქართველოს მფარველიც არის. ჩვენ ნუ დავივიწყებთ ყოვლადწმინდა ქალწულს და მისი შეწევნით, ჩვენს ქვეყანას უფლის მეოხება არასდროს მოაკლდება. მრავალი სასწაული მომხდარა საქართველოში ღვთისმშობლის შემწეობით და დღესაც ხდება.
ვინც კი შემოწირულობა გაიღო, ყველას სახელი დავაწერეთ ხატის ზურგზე. ამ ხატის მფარველობა არასოდეს მოაკლდება მათ ოჯახებს.
- ოჯახის მფარველი ხატისთვის ლოცვა ხომ არ იწერება?
- რაკი ხატი შეიქმნა, ლოცვაც დაიწერება, მანამდე კი შეგიძლიათ, ხატზე გამოსახულ წმინდანებს ევედროთ, უკითხოთ დაუჯდომელი და პარაკლისი გადაიხადოთ.
- მამა იაკობ, ჯერ კიდევ პატრიარქის სტიქაროსანი მახსოვხართ. თქვენი სასულიერო ცხოვრება როგორ დაიწყო?
- ყმაწვილი ვიყავი, ახალი აღთქმა რომ წავიკითხე. მეორე დღესვე მივედი ეკლესიაში და მას შემდეგ ტაძარი აღარც მიმიტოვებია. თავდაპირველად მამა ტარიელ სიკინჭილაშვილთან მივედი. იმხანად მამა ტარიელი ქვემო ბეთლემის ეკლესიაში მსახურობდა. მამაოს ქადაგებებით, დარიგებით ძალიან დავუახლოვდი ეკლესიას. მის მრევლში კარგი მეგობრები, სულიერი დები და ძმები შევიძინე. მცირე ხნის შემდეგ მამა ტარიელმა თავის ეკლესიაში სტიქარით შემმოსა. ცოტა ხანში უწმინდესის კურთხევით სხალთის მამათა მონასტერში წავედი. მონასტრის წინამძღვარი მამა ილარიონი (ჭიღლაძე) გახლდათ. რამდენიმე თვე დავყავი ზემო აჭარაში. ვერც კი გადმოგცემთ, რამდენი რამ შესძინა ჩემს სულს იქ ყოფნამ.
მონასტრიდან ჩამოსვლის შემდეგ სიონში მნათე სტიქაროსნად ვმსახურობდი.
უწმინდესთან მსახურება დიდი მადლია. სულ მის გვერდით მინდოდა ყოფნა... მერე დავოჯახდი. რამდენიმე წელიწადში მეტეხის ტაძარში დიაკვნად მაკურთხეს, ერთი წლის შედეგ კი ნაძალადევში, წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის გახსნაზე, მღვდლად დამასხეს ხელი. სამიოდე თვის შემდეგ, უწმინდესის კურთხევით, წმინდა ნინოს ეკლესიაში გადავედი. იქ სამი წელი ვიმსახურე, მერე კი ვაკის სამების ტაძარში გადმომიყვანეს.
მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სიკეთეს იქმს. ღმერთმა აკურთხოს მათი მომავალი, ღმერთმა მიანიჭოს მათ თავმდაბლობის, მორჩილების, მოთმინებისა და სიყვარულის მადლი. ღმერთმა გააძლიეროს და შეუწიროს ყველას კეთილი საქმეები, შეეწიოთ დედა ღვთისმშობლის ახალდაწერილი ხატის მადლი, მისი მფარველობა არ მოჰკლებოდეთ.
ხატმწერ დავით ხიდაშელს საკუთარ ნამუშევრებზე საუბარი არ უყვარს, უმჯობესია, ხალხმა შეაფასოსო, ამბობს...
- გიორგი გირგვლიანი დამიკავშირდა და თავისი ჩანაფიქრი ამიწერა. საინტერესო მომეჩვენა და რამდენიმე ესკიზიც გავაკეთე. მისმა უწმინდესობამ ერთ-ერთი შეარჩია, რომლის მიხედვითაც დაიწერა ხატი. ფიცარი მისთვის ბორჯომიდან საგანგებოდ ჩამოვიტანეთ.
- უმთავრესად რომელი საღებავია გამოყენებული?
- ყველა ხატისთვის საღებავებს თავად ვამზადებ. ვყიდულობ ნახევრად ძვირფას ქვებს - ლაზურიტს, კინოარს, მალაქიტს... ეს მინერალები იფხვნება, მინარევებისგან თავისუფლდება, ძალიან წმინდად იფქვება და საღებავად გამოიყენება. ეს უძველესი ტექნოლოგიაა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა ხატწერაში.
მუშაობის დროს განუწყვეტლივ ვკითხულობ ლოცვებს.
ხატწერას აბსოლუტური კონცენტრირება სჭირდება. თუ ხატი უგულოდ არის გაკეთებული, მაშინვე ეტყობა და ასეთივე დამოკიდებულება უჩნდება მლოცველსაც.
გიორგი გირგვლიანი ახალშექმნილი ხატის ერთ-ერთი ავტორია. როგორც თავად გვითხრა, წელიწადზე მეტხანს ფიქრობდა ხატზე...
- ხატმწერის ძებნა რომ დავიწყეთ, მათმა უმრავლესობამ დროის უქონლობის გამო დავითთან მოგვასწავლა. მერე შევიტყვეთ, რომ მისი დაწერილი იყო დმანისისა და მეტეხის ღვთისმშობლის ხატები. ალბათ, თვით დედა ღვთისას სურდა, მისი ხატი დავითს დაეწერა...
დავითმა ისე განალაგა წმინდანები, რომ ლოგიკურად შეკრული სიუჟეტი გამოვიდა. თაღს ზევით გამოსახული სერაფიმები ზეცას განასახიერებენ, ღვთისმშობელი კი წმინდანებთან ერთად მიწაზე დგას - ისინი ხომ ამქვეყნად გვმფარველობენ. შესამოსელში ცისარტყელას შვიდივე ფერია გამოყენებული - ცისარტყელა მშვიდობის სიმბოლოა. მაცხოვარი, ნიშნად იმისა, რომ უფალმა გადარჩენის იმედი მოგვცა, თეთრი კვართით არის შემოსილი. ხატზე შვიდი მთავარი ფიგურაა: ღვთისმშობელი, ოთხი წმინდანი და ორი ანგელოზი. მაცხოვარი მერვეა და ეს რიცხვი მერვე დღეს მოასწავებს. ესკიზის გაკეთება რომ მოვინდომე და ნიმუშის ძებნა დავიწყე, მაშინ ჩამოაბრძანეს ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძარში პანტანასეს ღვთისმშობლის ხატი. დედა ღვთისას ზურგს უკან ანგელოზები პანტანასეს ხატის მიხედვით გამოისახა.
უწმინდესისგან გამოვითხოვეთ კურთხევა, ხატის პერანგის შემოსვაზე ჩვენმა მრევლმა იზრუნოს. პატრიარქისავე კურთხევით გამოვცემთ შვიდგზის ლოცვებს, რომელთა ყდაზეც ახალშექმნილი ხატი იქნება გამოსახული.
მადლობა უფალს, რომ ჩვენ გვარგუნა წილად ამ ხატის შექმნა. პატრიარქს უთქვამს, რომ ეს უნდა იყოს ოჯახის მფარველი ხატი, რომელიც შეეწევა განსაცდელში მყოფ ქართულ ოჯახებს და მათთან ერთად - სრულიად საქართველოს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი