(დასაწყისი იხილეთ "კარიბჭე" #18)
დართლოში მშვენიერი დარია, ღრუბლის ფთილაც კი არსად ჩანს. ნაშუადღევის ორი საათია. მეუფე საზეიმოდ იმოსება. ყველანი ალაზნის პირას, მინდორზე ჩავდივართ. შორიდან ზუზუნი ისმის. ვერტმფრენი ჰაერში წრეს ხაზავს და ნელ-ნელა ეშვება.
დედა ღვთისმშობლის ხატს საზეიმო გალობით მივაბრძანებთ დართლოს გუმბათჩამოქცეული ტაძრისკენ.
მეუფემ ყველას მოგვილოცა ეს უდიდესი სულიერი სიხარულის მომნიჭებელი დღე:
"გილოცავთ დღევანდელ დღეს. დედა ღვთისმშობელმა გვაკურთხა, ამ სასიხარულო წამის მომსწრენი გავმხდარიყავით. ეს არის მთათუშეთის აღორძინების დასაწყისი, ეს არის დიდი კურთხევა და წყალობა სოფელ დართლოზე, რომ დედა ღვთისმშობელმა ინება აქ მობრძანება. მისი სტუმრობით ეს ეკლესია განახლდება, ეს დარღვეული ღვთის სახლი, ხატება ჩვენი სულიერი მდგომარეობისა, აღდგება. დღეს არის სასიხარულო დრო და ჟამი, რომ ეს დადუმებული ტაძარი აღდგეს.
ვთხოვთ კარიბჭის ღვთისმშობელს, რომ ჩვენი სულიერი კარიბჭე დაიცვას შეურყევლად, მტკიცე სარწმუნოებით და ჩვენი ფიზიკური კარიბჭე, საზღვარი ჩვენი ქვეყნისა, გააძლიეროს და განამტკიცოს.
ჩვენი ქვეყანა, რომელიც ღვთით მოგვეკუთვნა, უნდა აღორძინდეს. ამ მხარეში სოფლები სავსე უნდა იყოს, ამ ტაძარში წირვა-ლოცვა უნდა აღევლინებოდეს და დიდი თუ პატარა ეზიარებოდეს. ჩვენი მადლიერება ღვთისადმი და დედა ღვთისმშობლისადმი მხოლოდ ქრისტიანული წესის დაცვით და ქრისტეს მცნებების შესრულებით შეიძლება გამოვხატოთ. უფალს, დედა ღვთისმშობელს, ზეციურ ძალებს ჩვენგან არავითარი შესაწირი არ სურთ, რამეთუ პურიც მათია და საკლავიც, ხილული ბუნებაც და უხილავიც. როგორც წინასწარმეტყველი ამბობს, ჩვენგან უფალს სურს მხოლოდ გული და სული წრფელი, შემუსვრილი და დამდაბლებული. ღვთის წინაშე თავმდაბლად და წრფელი გულით დგომა არის მყარი კლდე, რომელზეც ჩვენი სულის ტაძარი აშენდება და მას ვერანაირი ბოროტება ვერ სძლევს.
მჯერა, რომ დედა ღვთისმშობლის კურთხევით და თქვენი დახმარებით ეს ტაძარი მალე აღდგება. ნუ დაველოდებით ვიღაცის დახმარების ხელს, ნუ დაველოდებით ვიღაცის შეგროვილ გრანტს; არ შეიძლება, სხვისი ხელის შემყურენი ვიყოთ. ეს ტაძარი ჩვენმა წინაპრებმა თავიანთი ოფლით, თავიანთი შრომით, თავიანთი დანაზოგით ააშენეს, ამიტომ ის ჩვენი ხელით უნდა ააღდგეს. ვიღაც თანხას გაიღებს, ვიღაც - შრომას, ვიღაც - ლოცვას. ეს ყველაფერი ყველაზე ძვირფასი შესაწირია ღვთის წინაშე.
თუ ჩვენი გულები ქრისტეს სიყვარულით იქნება სავსე, ვერანაირი ბოროტება - ხილული თუ უხილავი - ვერ დაგვამარცხებს, ხოლო თუ შევორგულდით, უცხო სწავლების მიმდევარნი გავხდით, დედა ღვთისა ზურგს შეაქცევს მოღალატე ხალხს. ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი განსაცდელისგან!
ათონის მთის ბერებმა, რომლებმაც ამ ბოლო წლებში მოილოცეს საქართველო, შენიშნეს, რომ ყველა ეკლესიაში, ყველა მონასტერში, ოჯახებში - ყველგან ბრძანდება ივერიის ღვთისმშობლის ხატის ფოტოასლი. ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, ივერიაში, გამორჩეულად ვცემთ თაყვანს ივერიის ღვთისმშობელს. კარიბჭის ღვთისმშობელი სიწმინდით დაიცავს ჩვენი გულის კარიბჭეს...
ქართველი ქალისთვის, მანდილოსნისთვის ოდითგანვე მისაბაძი იყო დედა ღვთისმშობლის კრძალულება და უბრალოება. ჩვენს ქვეყანაში მორწმუნე ადამიანები ყოველი ტრაპეზის ბოლოს საღვთისმშობლოს ამბობდნენ და სუფრას ისე არ დაამთავრებდნენ, დედა ღვთისმშობლისაგან კურთხევა და წყალობა არ გამოეთხოვათ. ეს არის უძველესი ქრისტიანული წესი, რომელიც მოციქულებმა დააწესეს. თუ თავმდაბლად ვემსახურებით უფალს და ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელს, ეს წესი ჩვენთვის თავმდაბლობისა და სიმართლის მომნიჭებელი იქნება. და ეს წესი მაშინ აღდგება, როდესაც აღდგება ეს ტაძარი.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგამრავლოთ, ეს მთა-ბარი ღვთისმოყვარე თუშებით აავსოს და დაიცვას ჩვენი სულიერი და ფიზიკური საზღვარი აწ და უკუნისამდე. ამინ!"
მეუფემ ღვთისმშობლის პარაკლისი გადაიხადა, მერე კი გვაკურთხა, წუთი არ დაგვეკარგა, ხატთან განუწყვეტლივ გვეკითხა დაუჯდომელი.
მწუხრისა და ცისკრის ლოცვა და წირვა დართლოს ეკლესიაში აღსრულდა. სახელდახელოდ მოეწყო ტრაპეზი, სამკვეთლო... სამღვდელმთავრო "ტახტი" ერთ-ერთი ოჯახიდან ვითხოვეთ.
ლოცვაში შემოგვაღამდა. ტაძარს ვარსკვლავებით მოჭედილი ცის თაღი ედგა გუმბათად. მეუფის კურთხევით, ტაძარში ყველანი შევედით. დართლოელები შიშობდნენ: იწვიმებს, ცა თავზე ჩამოგვექცევა, ქალებს რომ სალოცავში შესვლის უფლება მოგცეთო. მაგრამ ზეციური დედოფალი იყო სტუმარიც და მასპინძელიც. გარემო ისე გაცოცხლდა და ახმიანდა, თუშმა მანდილოსნებმაც გაბედეს და შემოგვიერთდნენ.
***
ნაშუადღევს გომეწრის ხეობისკენ გავწიეთ. საოცარი სოფლები ვნახეთ - ხეობიდან ამოზრდილ ბორცვებზე სოკოს ქუდებივით დაკოსებულები.ვერც ილიურთაში გადავედით და ვერც ჯვარბოსელში - სოფლებამდე საცალფეხო ბილიკები მიდიოდა და ხატს, რომელიც საგანგებოდ მისთვის მოწყობილი ბალდახინიანი ჯიპით მოგზაურობდა, იქამდე ვერ მივაბრძანებდით.
ღვთისმშობელი ღია ცის ქვეშ დავაბრძანეთ და პარაკლისი გადავიხადეთ. ამ ადგილას, ღვთის შეწევნით, სამომავლოდ ტაძრის აშენებაა განზრახული.
ყველა სოფელში ლოცვისა თუ პარაკლისის შემდგომ მრევლს საშუალება ჰქონდა ენახა დოკუმენტური ფილმი "ღირს არს ჭეშმარიტად", რომელიც ათონის მთის ქართველთა სავანის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კარიბჭისა და მსწრაფლშემსმენელი ხატების ისტორიასა და მათი ასლების საქართველოში ჩამობრძანების ამბავს გვიამბობს.
***
მეორე დილით წირვა ზემო ომალოში აღევლინა. წირვის შემდგომ ქადაგებაში მეუფემ ბრძანა:"გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს - წმინდა წინასწარმეტყველ ილია თეზბიტელისა და ილია მართლის ხსენების დღეს. უპირველესად კი ვულოცავთ ჩვენს კათოლიკოს-პატრიარქს ანგელოზის დღეს და ვმადლობთ ღმერთს, რომ მოგვმადლა მწყემსმთავარი, რომელსაც აქვს, ასე ვიტყოდი, ძველი მამებისეული სული; რომელიც, როგორც მზრუნველი მამა, სულგრძელია და შემწყნარებელი, ყოველთვის ცდილობს, სიყვარულით მოაგვაროს ყველა საჭირბოროტო, მტკივნეული საკითხი; რომელიც თითოეულ ჩვენგანზე არა მარტო ფიქრობს, არამედ ლოცულობს. შევთხოვთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, პატრიარქის ლოცვით კვლავ დააბრუნოს ქართველები ათონის ივერთა მონასტერში, ათონის წმინდა მთაზე დამკვიდრება და მოღვაწეობა ხომ ყველა მართლმორწმუნე ქრისტიანის სანუკვარი ოცნებაა. თუმცა ეს თვითმიზანი არ არის. უწმინდესს ნათქვამი აქვს, ჩვენი ათონიც და ჩვენი იერუსალიმიც საქართველოაო. დედა ღვთისმშობელს ავედრებს საქართველოდან წასულ ჩვენი ეკლესიის შვილებს და თუ ეპისტოლეთი და თუ ქადაგებით სამშობლოში მოუხმობს.
პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მრევლთან ერთად წმინდა ნინოს გზაზე მოგვიწია მოგზაურობა. ჩავედით სამაჩაბლოში. ბრძოლის ხაზს იქით დარჩენილ სოფლებში გვინდოდა ჩაღწევა, რომ ნათლობა ჩაგვეტარებინა, ხალხი გაგვემხნევებინა. მართლაც, რამდენიმე ადამიანმა მოვახერხეთ ცხინვალის იქით მდებარე სოფლებში ჩასვლა. ნათლობა მდინარეში ჩავატარეთ. უამრავი ხალხი იყო. ერთ-ერთმა სოფელმა გვიმასპინძლა. სუფრაზეც მიგვიწვიეს. როდესაც მეუფე დანიელმა ღვთის სადიდებელი თქვა, ერთ-ერთმა ერის ადამიანმა სადღეგრძელო ითხოვა. გაუბედავად დაიწყო: რომ გავიგე, სამღვდელოება მოდისო, ვიფიქრე - ამ შუაგულ ომში, როცა სახლები დანგრეულია, ხალხი - მშიერი, სამღვდელოება რად გვინდა, პროდუქტი მაინც გამოეგზავნათ, ხალხს დავურიგებდით-მეთქი. მაგრამ ახლა რომ ვუყურებ, როგორ ანუგეშეთ და განამტკიცეთ ხალხი, ვხვდები - ღმერთმა მართლაც მთავარი გამოგვიგზავნაო, - და შენდობა ითხოვა.
როდესაც ქართველ ერს უჭირდა, - უმეტესწილად კი ასეც იყო, - სწორედ მაშინ აგებდა ტაძრებს. მახსოვს, როდესაც ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობა იწყებოდა, ზოგიერთი ამბობდა: რა დროს ამხელა ტაძრის აშენებაა, ხალხი ლუკმაპურს ნატრობს, არ ჯობია, ეს თანხა მათ დაპურებას მოხმარდესო? მაგრამ, ღვთის წყალობით, პატრიარქმა მოახერხა, მთელი ერი სიკეთის ქმნის, უფლის მსახურების სურვილით გაეერთიანებინა. გახსოვთ ალბათ, უწმინდესმა ასეთი კურთხევა გასცა: ყველას შეეძლო, თავისი სახელი, ოჯახის წევრების სახელები დაეწერა ქვაზე და ტაძრის საძირკველში ჩაედო. საძირკვლის კურთხევის დღეს მართლაც უამრავი ადამიანი შეიკრიბა. ბევრისთვის ეს გულით გაღებული ორი გროში იყო.
დედა ღვთისას წმინდა ხატების მის წილხვედრ მიწაზე მოგზაურობით ათასობით ადამიანის სული აინთო ღვთის სიყვარულით, ჩვენ ყველამ კი, ქვრივი დედაკაცივით, ორი გროში გავიღეთ, დიდი არაფერი გაგვიკეთებია.
კიდევ ერთხელ ვმადლობთ უფალს და დედა ღვთისმშობელს, რომ უწმინდესს ასეთი გულისხმისყოფა სწორედ მაშინ მიეცა, როცა ქვეყანას მართლაც უჭირდა".
მეორე დილით მეუფე დაგვემშვიდობა, ჩვენ კი ორი დღით კვლავ დავრჩით ღვთისმშობელთან. მისი წასვლით გულდაწყვეტილები ისევ დედა ღვთისამ გვანუგეშა და გაგვამხნევა: მისმა სადიდებელმა საგალობელმა ("გიხაროდენ, სახიერო მეკარეო, სამოთხისა ბჭეთა მორწმუნეთად განმღებელო!") ყველანი - მასპინძლებიც და სტუმრებიც, მგალობლებიც და ისინიც, ვინც პირველად გალობდა - გაგვაერთიანა და საოცარი სულიერი სიხარული მოგვმადლა.
ზემო ომალოს სიონის ტაძარში ყოველდღე აღევლინებოდა წირვა-ლოცვა, სრულდებოდა ჯვრისწერები და ნათლობები.
***
ღვთისმშობელთან დამშვიდობება სევდანარევი, ცრემლიანიც კი იყო. თავს მეუფის სიტყვებით ვიმხნევებდით: "როგორი სიხარულითაც შევხვდით ღვთისმშობლის მობრძანებას, ისეთივე სიხარულით უნდა გავაცილოთ დედა ღვთისა, რადგან ახლა იგი სხვა ეპარქიაში მიბრძანდება, რომ ის სიხარული, რომელიც ჩვენ განვიცადეთ, სხვებსაც უწილადოს. ჩვენ გულნაკლულნი ვერ ვიქნებით, რადგან ღვთისმშობლის ხატის მობრძანებამ სიხარულით აავსო ჩვენი გულები. გლოცავთ ყველას და გისურვებთ, ეს სიხარული ყოველთვის გულით გეტარებინოთ".მოამზადა
ნატო ტოროშელიძემ
ნატო ტოროშელიძემ