აქ, საზღვარზე, მოვა სულიერი მხედრობა
28 ივლისი უბედნიერესი დღე იყო ჩვენთვის, მრევლისთვის, რომელიც ამბა ალავერდელ მიტროპოლიტთან, მეუფე დავითთან, და სამღვდელოებასთან ერთად მთათუშეთში გავემგზავრეთ, რათა ვხლებოდით ივერიის ღვთისმშობლის ხატს, რომელიც 1989 წლის 9 ოქტომბერს ჩამოაბრძანეს ათონიდან
და მას შემდეგ სიონის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული. კარიბჭის ღვთისმშობელი მთელ საქართველოში მოგზაურობს და ჩვენს მამულს ლოცავს.***
ალავერდის მონასტერთან მრევლი გამთენიისას შეიკრიბა. ღირსი მამის იოსებ ალავერდელისგან კურთხევა გამოვითხოვეთ და ადრიანად შევუდექით თუშეთის გზას. გზაში წვიმდა, ისეთი ნისლი ჩამოწოლილიყო, ირგვლივ ვერაფერს ვხედავდით.თუშეთში ასულები თითქოს ზღაპარში აღმოვჩნდით...
ომალოში დავბინავდით. აქედან იხსნება გზა თუშეთის თვალწარმტაცი, ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული ხეობებისკენ.
საღამოს შენაქოში გავემგზავრეთ. შენაქოსკენ მიმავალი ადამიანის ყურადღებას ჯერ ბოსლები მიიპყრობს, თვალიერებაში გართულს კი მთის გაღმიდან თუშეთის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელი გამოხედავს. შენაქოს ეკლესია XIX საუკუნეშია აგებული და ყოვლადწმინდა სამების სახელზეა ნაკურთხი.
რაკი ტაძარში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, ღვთისმშობლის პარაკლისი მეუფემ ღია ცის ქვეშ გადაიხადა. პარაკლისის შემდგომ წარმოთქმული ქადაგება მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ სამადლობელი სიტყვებით დაიწყო:
"სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. ჩვენთან არს ღმერთი!
ვმადლობთ ყოვლადწმინდა სამებას, რომელმაც ინება და დღეს ჩვენ აქ შეგვკრიბა; ვმადლობთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომელმაც ჩვენს კათოლიკოს-პატრიარქს საღმრთო გულისხმისყოფა მისცა და მისი კურთხევით ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, კარიბჭისად წოდებული, ჩვენი ქვეყნის სასაზღვრო მხარეში მოგზაურობს, ჩვენს მამულს აკურთხებს; ვმადლობთ დედა ღვთისმშობელს, რომელმაც მოგვცა ძალა, სიძნელეების მიუხედავად, ამ დიდებულ ადგილას ჩვენი მცირეოდენი ლოცვა-შესაწირავი აღგვევლინა უფლის, მაცხოვრისა და მისი ყოვლადწმინდა დედის მიმართ.
წარმოუდგენელია, ჩვენი ერი ღვთისგან დაცილებული იყოს; წარმოუდგენელია, ქართველ ადამიანს არ უყვარდეს უფალი. მაშინ ჩვენი წინაპრების საქმეები, ჩვენი წინაპრების სალოცავი ადგილები გვამხილებენ. მართლაც მრავლადაა მიტოვებული, დანგრეული ეკლესია-მონასტრები და ისინი თავიანთ პატრონს, მზრუნველ ადამიანს ელიან. ამ წმინდა ადგილების მფარველი თავად უფალია, მაგრამ ღმერთი ჩვენ გვაძლევს ძალას, რომ მისდამი დიდი სიყვარულითა და ერთგულებით შევძლოთ ამ დანგრეული, პირველ რიგში - სულიერი, ტაძრების აშენება.
ეს ტაძარიც, ღვთის მადლით, თქვენი, შენაქოელების, თანადგომითა და მონდომებით აღდგა და მისი კურთხევა სულ მალე ყველას გაგვახარებს და კიდევ ერთხელ შეგვკრებს. მიწაზე კიდევ ერთი ადგილი აენთება ზეცისთვის, სადაც მრავალი სული უნდა ცხონდეს, მრავალმა ადამიანმა უნდა მიიღოს გამომხსნელი სიმდიდრე, განძი - ზიარება უფლის სისხლისა და ხორცისა. ეს არის დიდი პატივი, რომელიც თვით ანგელოზებსაც კი არ რგებიათ. ამიტომ არ უნდა დავაყოვნოთ, ზიარების გარეშე არავინ არ უნდა დარჩეს: არცა ასაკოვანი და არცა ჩვილი.
ჩვენი წინაპრების ლოცვა ამ მიწაზეა აღვლენილი, ჩვენი წინაპრების ცრემლი და სისხლი ამ მიწაზეა დაღვრილი. ეს არის ჩვენი სამშობლო ქვეყანა, ეს არის ადგილი, რომელიც გვასწავლის, როგორ უნდა შევიყვაროთ ზეციური სამშობლო, რომელიც მაშინ დავკარგეთ, როდესაც ადამმა და ევამ თავმოწონებით, უფლისადმი ურჩობით სცოდეს. ჩვენი სამშობლო ზეცას არის და უფალი ყველას იქ მოგვიწოდებს. ვმადლობთ ღმერთს და დედა ღვთისმშობელს, რომელმაც ზეციური სამშობლოს კარიბჭე გაგვიხსნა, ამ, მიწიერი, სამშობლოს სიყვარული გვასწავლა, რომ უფრო მეტად შევიყვაროთ ზეციური სამშობლო. თუ არ დაიცლება ჩვენი მთა და ბარი, პირველ რიგში, თუ არ დაიცლება ჩვენი გული ღვთის სიყვარულისგან, ვიდრე სისხლის დათხევამდე ვემსახურებით და ვუერთგულებთ უფალს, ჩვენი სამშობლოს კარიბჭეც საიმედო ხელში იქნება.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ყველანი, სტუმარიცა და მასპინძელიც. ჩვენ ყველანი სტუმრები ვართ ამ წუთისოფლისა და ჩვენ ყველანი მასპინძლები ვართ ამ მთაში".
მეორე დღეს გზა დიკლოსკენ განვაგრძეთ და დავტოვეთ შენაქო, რომელიც, თუშეთის სხვა სოფლების დარად, მხოლოდ ზაფხულობით ცოცხლდება, ზამთრობით კი მას ორიოდე კომლიღა თუ ერთგულობს.
***
დიკლოდან ოდნავ მოშორებით, საქართველო-დაღესტნის საზღვარს გადაჰყურებს ბიჭეხის წმინდა გიორგის სალოცავი. აქვეა ძველი ციხის ნაშალიც. გაღმა ჭერო მოჩანს, ოდესღაც ქართული სოფელი. დღეს იქ ლეკები სახლობენ.სალოცავთან მეუფე დავითმა პარაკლისი გადაიხადა. მესაზღვრეებიც გამოჩნდნენ და შემოგვიერთდნენ. მეუფე ქადაგებაში სამომავლო გეგმებსაც შეეხო:
"ჩვენს ერს, ჩვენს ქვეყანას სულიერი დაცვა სჭირდება. მე მტკიცედ მწამს, რომ აქ, საზღვარზე, მოვა სულიერი მხედრობა, ეს ძველი ნაციხარი აღდგება და დიდი მონასტერი დაარსდება. ლოცვითა და ღვთისადმი ერთგულებით ბერები დაეხმარებიან ყველას, ვინც საზღვარს ფიზიკურად დაიცავს.
გავიმეორებ და არ მომბეზრდება: ამ ქვეყნის დატოვება არ შეიძლება. რა პასუხს გავცემთ ქრისტეს, როცა ღვთის წინაშე წარვდგებით? ეს არის ქვეყანა, სადაც ჩვენ ღვთის სიყვარული ვისწავლეთ; ეს არის ქვეყანა, სადაც ჩვენმა წმინდა წინაპრებმა მომავალი თაობები ლოცვით გამოგვითხოვეს ქვეყნის აღსასრულამდე; ეს არის ქვეყანა, სადაც ჩვენმა წინაპრებმა სისხლი დასთხიეს, სადაც მათი ძვლები განისვენებს. ამ მიწას ვერსად გავექცევით; სადაც არ უნდა წავიდეთ, უფალი მოგვიხმობს, რადგან ქართველ ადამიანს ყველაზე მართლად და კარგად ამ მხარეში შეუძლია ღვთის ერთგულება.
თქვენი შრომა არ არის ადვილი, მაგრამ გწამდეთ, რომ ღვთისმშობელი გიფარავთ. თუკი რაიმე განსაცდელი გექნებათ, სულიერი თუ ფიზიკური, სთხოვეთ დედა ღვთისას. იგი მოგისმენთ, გაგამხნევებთ და გაგაძლიერებთ. ღმერთმა მოგცეთ ძალა, რომ თქვენი საპასუხისმგებლო საქმე კეთილად აღასრულოთ".
***
მეორე დღე იყო წვიმდა. თუშეთში გზები არც დარშია უხიფათო, ამიტომ ომალოსკენ მიმავლები ალაზნის ულამაზეს ხეობაზე ფეხით გადავედით, თუმცა არ გვინანია.საღამოს ლოცვისთვის მოვემზადეთ, რომელიც ზემო ომალოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში უნდა აღვლენილიყო. მიუხედავად იმისა, რომ სატვირთო მანქანა ტალახში ჩაეფლო და მდგომარეობა თითქოსდა გამოუვალი ჩანდა, ღვთისმშობლის წყალობით სოფლამდე მაინც ავაღწიეთ.
ღვთის შეწევნით კვირის წირვა ომალოში აღევლინა. წირვის შემდეგ მეუფის ქადაგებამ თუშეთისთვის საჭირბოროტოდ ქცეულ "წარმართობის მითს" ნათელი მოჰფინა: "ხშირად ეშლებათ და ამბობენ, თუშეთში კერპთაყვანისმცემლობის გადმონაშთებიაო. სინამდვილეში ყველა წესი, ყველა ადათი აქ მხოლოდ ქრისტიანობით საზრდოობს..."
მეუფის სიტყვამ, რომელმაც დრო-ჟამის სიავისგან გაუკუღმართებული აზრი წაღმა შემოაბრუნა, გამახსენა ვახუშტი ბატონიშვილის საისტორიო ნაშრომი "აღწერა სამეფოისა საქართველოისა" (ქართლის ცხოვრება, ტ. IV, გვ. 554): "თუშნი სარწმუნოებითა და ენითა არიან ქართულითა, და მწყსის მათ ალავერდელი..."
მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა, რამაც ეს მხარე შემოგვინარჩუნა, ქრისტიანული სარწმუნოება იყო. მოლოცვითი მოგზაურობის დროს ჩვენი ქვეყნის სატკივარმა, ისტორიამ და სინამდვილემ მრავალჯერ გაიჟღერა ალავერდელი მღვდელმთავრის ქადაგებებში:
"ეს არის უძველესი ქრისტიანული ადგილები და ხალხი აქ უძველესი ქრისტიანული ადათ-წესებით ცხოვრობს. და თუ ვინმე თვლის, რომ აქ საკერპო წეს-მსახურებაა, ის ქვეყნის მტერია, რადგანაც სურს, სინამდვილე სიცრუით შეცვალოს.
კერპმსახურება ვერ იქნებოდა სულიერი მაცოცხლებელი ძალა ჩვენი ერისა; მხოლოდ ღვთის სიყვარულს შეეძლო შეენარჩუნებინა ეს სოფლები, ეს ხალხი თავისი ადათ-წესებით.
ხატობები, რომლებიც აქ იმართება - ეს უძველესი ქრისტიანული ტრადიციაა; ხატი ძველ ქართულში ჯვრის შესატყვისია და ხატობაში მოსვლა ჯვრის თაყვანისცემაა. ამ მთებში მხოლოდ ჯვრის ნიშითა და ძალით თუ იცხოვრებდა კაცი. ჯვარი არის უძლეველი იარაღი და სიმბოლო ხილულ თუ უხილავ მტრებზე გამარჯვებისა, რომლის წინაშეც ძრწის ყოველგვარი ბოროტება!"
მართლაც, ჯვარი ოდითგან მაცხოვრის ხატება იყო ქრისტიანებისთვის. მთაში ეს დამოკიდებულება ყველაზე ნათლად ჩანს. თუშების სამოსელი ჯვრის გამოსახულებით იყო შემკული. თუში, ხატს ჩავწერო, იტყოდა და ჯვარს დაქარგავდა ტანისამოსზე. ჯვარ-ხატების მადლით მთამ სიწმინდე შეინარჩუნა.
"მთა თავისი მკაცრი საცხოვრებელი პირობებით თითოეული აქ მყოფისგან მოითხოვდა მონაზვნის სადარ შემართებას, პირველ რიგში - ღვთის ერთგულებაში და შემდეგ - იმ სირთულეების დაძლევაში, რომლებიც მთაში მრავლად არის. ღვთის ერთგულებით ადამიანი შეიძენდა მოთმინების უნარს, მოთმინება მას შესძენდა გამოცდილებას, გამოცდილება კი ღვთის შეწევნის იმედს. და მართლაც, ამ ლამაზ მხარეში მცხოვრები ადამიანები დაიცვა უფალმა, რადგან მხოლოდ ღვთის სასოება ჰქონდათ და უფალს იყვნენ მინდობილნი.
ყველასთვის გულსატკენია, რომ დღეს თუშეთი დაცარიელდა და თუშები აქ მხოლოდ სეზონურად თუ ამოდიან. მაგრამ რადგან კარიბჭის ღვთისმშობელმა ჩვენი ქვეყნის კარიბჭის დალოცვა და კურთხევა ინება, აქ კვლავაც მომრავლდება მოსახლეობა, თუშები მთელი წლის განმავლობაში აქ იცხოვრებენ, იცხოვრებენ მხოლოდ ღვთის შეწევნის იმედით. ეს სიტყვები რეალობად რომ იქცეს, აუცილებელია, რწმენა, რჯული, ქრისტიანული წესი შევინარჩუნოთ.
ბოლშევიკების უსასტიკესმა დევნამ ხალხი სულიერი წინამძღოლების, მღვდელმსახურების გარეშე დატოვა. როგორც მარილი ინახავს პროდუქტს, ისე მღვდლები იცავდნენ ერს გახრწნისაგან, დაღუპვისაგან. როდესაც მთათუშეთში სასულიერო პირები აღარ იყვნენ, დარჩნენ ადამიანები, რომლებიც ხსოვნაში შემორჩენილ ადათ-წესებს ეკლესიურ წესებთან მიმსგავსებულად აღასრულებდნენ.
პირველი, რაც უნდა აღდგეს, არის სწორედ მართლმადიდებლური წესი, წირვა-ლოცვა, აღსარება, ზიარება. ვმადლობთ ღმერთს, რომ დედა ღვთისმშობლის მობრძანებით ამის სურვილი კვლავ აღორძინდა და ვიმედოვნებთ, რომ დედა ღვთისა მოგვცემს ძალას, ყოველ წელს მოვილოცოთ ეს მხარე".
წირვას ჯვრისწერა მოჰყვა. მინდვრის ყვავილების გვირგვინით თავდამშვენებული ნეფე-პატარძლის (უკვე დიდი ხნის ცოლ-ქმრის) სიხარული ყველამ გავიზიარეთ.
***
გავწიეთ პირიქითა თუშეთისკენ. რომ ვფიქრობდით, რაც ვნახეთ, იმაზე ლამაზი რაღა უნდა იყოსო, ახლა სულმთლად შეგვეკრა სუნთქვა!ჩავედით დართლოში. დღეობაზე უამრავი ხალხი შეკრებილიყო. გუმბათჩამოქცეული ტაძრის გვერდით სუფრა გაეშალათ. ერთი უცნაურად გამოწყობილი კაციც გამოგვეცხადა: ფარჩის სტიქარი ჩაეცვა და თავზე წოწოლა თავსარქმელი დაედგა. თურმე მღვდლობას იჩემებდა. როცა შეზარხოშდა, გაიძახოდა: თვითმარქვია ვარ, ხალხო, თვითმარქვიაო.
ქალები ტაძართან არ მიგვიშვეს, თუმცა "დაცულ ტერიტორიაზე" მშვიდი სინდისით დააჭენებდნენ ცხენებს. მანდილოსნები მოშორებით დავრჩით. პარაკლისს მხოლოდ მამაკაცები დაესწრნენ. კიდევ ერთი სახეცვლილი წესი მეტყველებს, რომ აუცილებლად უნდა აღდგეს ეკლესია და ღვთისმსახურების მადლით სულიერი სიხარულით აღივსოს ეს მხარე.
***
პარაკლისის შემდეგ აღარ დაგვიყოვნებია, გზა ფარსმისკენ განვაგრძეთ. იქაური მესაზღვრეებიც თან გვახლდნენ. სულითა და გულით გვეპატიჟებოდნენ გირევში, თავიანთ გარნიზონში, მაგრამ აქაც გადამწყვეტი სიტყვა თუშეთის გზებმა თქვეს. დავრჩით გულდაწყვეტილები. ღვთის შეწევნით, მეუფემ რამდენიმე მოძღვართან ერთად შეძლო გირევში ასულიყო, სადაც პარაკლისისა და გარნიზონის სხურების შემდეგ მხედრული სუფრაც გაიშალა და სადღეგრძელოებიც ითქვა. მეუფემ ჩვენი სამშობლო და მისი კარიბჭის მცველნი დალოცა:"მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანობაა კაცთმოყვარე რელიგია. ჩვენ, თუ მთაში და თუ ბარში, ყოველთვის ვიყავით ქრისტეს ნერგზე ამონაყარი ლერწი. როგორც ვაზი ვერ გამოიღებს მტევანს ძირის გარეშე, ისე ვერც თუში, ვერც კახელი - ვერც ერთი ქართველი ვერ გამოიღებს კეთილ ნაყოფს ქრისტეს გარეშე. ქრისტეზე ვართ დამყნობილები და ამიტომაც არის ჩვენი მტევანი კეთილსურნელოვანი. სხვანაირად ჩვენ, უბრალოდ, ვერ ვიარსებებდით. არც სტუმარი გვეყვარებოდა და მტრის მიმართაც გულღრძონი ვიქნებოდით. აბა, რა ძვირისმახსოვრობა ჩვენ გვაქვს? თუკი ვინმემ დაგვიპყრო, ქრისტესმიერი სიყვარული შევაგებეთ და ჭეშმარიტი სარწმუნოების წიაღს ვაზიარეთ. აბო თბილელი, რაჟდენ პირველმოწამე, ევსტათი მცხეთელი ქრისტესთვის ეწამნენ და ქრისტეს მხედრებად აღესრულნენ. ამან გაგვაძლებინა. იმდენი დავკარგეთ და იმდენი გვევნო ჩვენი ცოდვების გამო, რომ ღმერთმა ამით დაგვიცვა და დაგვიფარა.
ერთს ვისურვებდი: ნურასოდეს ვიფიქრებთ, რომ ჩვენს საქმეს სხვისი ხელით გავაკეთებთ. არც ერთი ჩვენი მეფე, დიდი თუ მცირე, ასე არ მოქცეულა; როცა საჭირო იყო, ღვთის იმედით თავად იშიშვლებდნენ ხმალს. დღესაც და მომავალშიც თუ რამ გადაგვარჩენს, მხოლოდ ღვთის იმედი.
მესაზღვრეობა და მეომრობა საპატიო საქმეა. თქვენი აქ ყოფნა დიდი ნუგეშია ჩვენთვის. მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ: ვინც ქრისტეს ერთგული იქნება, ვინც ქრისტეს მეომარი იქნება, იმას ვერანაირი ძალა ვერ მოერევა. გული იყოს მხნე ქრისტეს სიყვარულით, გული იყოს განმტკიცებული ქრისტეს იმედითა და სასოებით და არცა საზღვარი ფიზიკური და არცა კარიბჭე სულიერი არ შეილეწება ხილული თუ უხილავი ბოროტისაგან.
ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა ერთობით და ძმათა შორის სიყვარულით!"
***
დილა ფარსმაში გაგვითენდა, ცად აზიდული მთების ალყაში მოქცეულ ხელისგულისოდენა ვაკეზე გაშენებულ სოფელში. სამი დღე გამოდარებას ველოდით. როგორც იქნა, მზემ გამოანათა. გავთბით, დავისვენეთ, დავნაყრდით. დაგვიტკბა თუშეთი. დედა ღვთისას მეოხებით მთაში ღრუბლები გაიფანტა და ჩვენს სულშიც სიხარულმა დაისადგურა. უამინდობა ვეღარ დააბრკოლებდა ხატის ჩამობრძანებას.პარაკლისი და მიცვალებულთა პანაშვიდი სოფლის სალოცავთან (ძველ ეკლესიასთან, რომელიც დღეს აღარ მოქმედებს) და მის სიახლოვეს მდებარე სასაფლაოსთან (მიწიდან ვერტიკალურად ამოზიდული ლოდები საფლავის ქვები ყოფილა) აღესრულა. ქადაგებაში მეუფემ იქაურებს მიმართა:
"ვფიქრობ, შემთხვევითი არ არის, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა აკურთხა დედა ღვთისმშობლის დალოცვა-მოგზაურობა ჩვენს სასაზღვრო რაიონში. დღეს მთას უჭირს. მრავალმოსახლე და მრავალსულიან სოფლებში თითო-ოროლა ადამიანიღაა დარჩენილი, უმეტესობა სოფლებისა კი სულ დაცლილია. მხოლოდ სიყვარულს შეუძლია აღადგინოს მთაში ძველებური მჩქეფარე ცხოვრება, სიყვარულს არა კაცობრივს, არამედ ღვთაებრივს. მხოლოდ ქრისტეს სიყვარულს შეუძლია ააღორძინოს ეს სოფლები, რომლებიც ასე გულსაკლავადაა გაუკაცრიელებული. ეს ჩვენი სურვილი და თქვენი წინაპრების ოცნებაც რომ აღსრულდეს, ტაძარი უნდა აღდგეს და იკურთხოს. მაშინ სოფელიც გაიმართება, განმტკიცდება, გამრავლდება, თქვენი ცოლ-შვილი დაილოცება, თქვენი მომავალი იკურთხება და თქვენი კეთილი სიბერე განმზადდება".
შუადღისას კვლავ დართლოსკენ მივდივართ. სულმოუთქმელად ველით ღვთისმშობლის ჩამობრძანებას...
(გაგრძელება მომდევნო ნომერში)
მოამზადა
ნატო ტოროშელიძემ
მოამზადა
ნატო ტოროშელიძემ