მთაგორიანი სოფელი შუასურები მდინარე სუფსის ხეობის შუა წელის ორივე სანაპიროზე მდებარეობს.
სოფლის ცენტრიდან ცოტა მოშორებით,,ზახტოურას" გორაზე იდგა პატარა ტაძარი წმიდა გიორგის სახელობაზე ნაკურთხი. აღნიშნული ტაძარი, სოფელ ქვემოსურების ,,გადაღმა დობიროს" მოსახლეობამ იყიდა ეკლესიად (1889 წელს), რადგან გადაწყვეტილი იყო ზახტოურას გორაზე ზომით დიდი ტაძრის აშენება. მართლაც 1893 წელს, აშენდა ხის ძალიან ლამაზი ეკლესია, შესაფერისი კოხტა სამრეკლოთი. ეკლესიიდან 3 (სამი) ვერსის დაშორებით მდებარეობდა უახლოესი ეკლესია (საქართველოს საპატრიარქოს არქივი). ტაძარისა და აქ დაბრძანებული წმიდა გიორგის ხატის ისტორია შემორჩენილია ,,ლომისკარელის" სახელით. წმინდა გიორგის ეკლესია ლომისკარელად იწოდებოდა. მის სამრევლოში 24 კომლი შედიოდა. დავით შარვაშიძემ და მისმა ძმამ ზაალმა წმინდა ლომისკარელის საწყმსო უბოძა ტრაპაიძეებს. ანიზდარ ტრაპაიძეს მოუჭედინებია თუ განუახლებია ლომისკარელის ჯვარი. ლომისკარელში ინახებოდა წმინდა გიორგის ხატი, რომელიც მთელ გურიაში სახელგანთქმული იყო. თუ ვინმე დაკარგავდა რაიმეს, მომპარავს ხატზე გადასცემდა. ,,იგი უეჭველად აყვირებს ქურდს. ესე იგი ავად გახდის, ვიდრე ნაქურდალს პატრონს არ დაუბრუნებს. ან დააფიცებენ ლომისკარელზე საეჭვო ადამიანებს და რაც უნდა სულით დაცემული იყოს ადამიანი, სიცრუის დაფიცებას ვერ გაბედავს" (თ. ქართველიშვილი; 2006; 73).
სურების ზემო ნაწილში, არის მხოლოდ ჯვარი და წმინდა გიორგის ხატი წარწერით. პირველზე, წმინდა გიორგი ლომისკარელის ჯვარზე იკითხება: ,,ქ. ღმერთო, დაიცავ ანიზდარ რაპაიძე", რომელიც სრულიად უცნობია, და კიდევ: ,,ქ. ამის ოსტატს, ღმერთო, შეუნდევ". რამდენიმე საბუთიდან, რომელიც სურებში მაჩვენეს, ორი გაცემულია გურიის ერისთავის ბატონ შერვაშიძე დავითისა და მისი ძმის ზაალისაგან. ერთი საბუთით წმინდა გიორგის შემოსავალს სამწყსოს უბოძებდა ტრაპაიძეებს, ხოლო ყველას მათ მიერ დაკავებულ ტყესა და წყალს, მეორე საბუთით ლომინეიშვილებსა და ხუციშვილებს, საჩუქრად აძლევენ გოილიშვილისეულ მამულს და ორივე შემთხვევაში იღებს ქრთამს (დ. ბაქრაძე; 1987;192). ლომისკარელის ხატის შესახებ, ბატონი დიმიტრი ბაქრაძე თვლის, რომ აქ მოხვდა სოფელ ციხიდან.
სახელგანთქმული და ცნობილი ლომისკარელის წმიდა გიორგის ხატი, რომელიც მისი სასწაულმოქმედი თვისებების გამო დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთ ძლიერ და ყოვლისშემძლე ხატად იყო მიჩნეული, ხალხმა სასწაულმოქმედი ხატის ძლიერების გამო, ლომს შეადარა და ლომისკარელი შეარქვა. სხვა ხატებთან შედარებით, ფორმითაც დიდი იყო. წმინდა გიორგის წითელი ხავერდის პერანგი ეცვა, შუქის ცვალებადობაზე სახე ზებუნებრივ შუქს ასხივებდა. სოფლის და ახლომდებარე სოფლების მოსახლეობას ხატის დიდი შიში და იმედი ჰქონდა. ლომისკარელი სიმბოლო სინდისის, რწმენის, სიმართლის, სიყვარულისა და სიკეთის თავის მხრივ ერთგულებას, პატივისცემას, შიშს და სიყვარულს იმსახურებდა. უამრავი თქმულება არსებობს ხატთან დაკავშირებით.
ხატისადმი პატივისცემა თავიდანვე დამკვიდრებულა მოსახლეობაში, ოქროსვარაყიან, ძვირფასი ქვებით მოჭედილ ჩარჩოში ჩაუსვამთ. სოფელი ზემო გურიაში შემოსავლის სიუხვით გამოირჩეოდა ამიტომაც ოქრო-ვერცხლის სამკაულებს ადგილობრივი მოსახლეობა უშურველად წირავდა წმიდა გიორგის, მომლოცველებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, მოჰქონდათ დიდძალი შესაწირი, მოჰყავდათ საკლავი, დიდ პატივს სცებდნენ ლომისკარელის წმიდა გიორგის. ძნელად თუ გაბედავდა ვინმე ლომისკარელთან ტყულის თქმას და დაფიცებას. რიდი და სიყვარულიც დიდი იყო და ვერც შეჰკადრებდნენ. თუნდაც იმიტომ, რომ წმიდა გიორგის სიკვდილით არავინ დაუსჯია, ის სასწაულებს მხოლოდ სიკეთით ახდენდა.
ხატთან დაკავშირებით, სასწაულების შესახებ ხალხში გადადიოდა და მრავლდებოდა თქმულებები: "გვალვიანი გაზაფხული დადგა, აპრილი იწურებოდა, მოსახლეობა ვერ ახერხებდა მიწის დამუშავებას, სოფლის, რამდენიმე თავკაცი შეიკრიბა, მივიდნენ ეკლესიაში და ითხოვეს ხატის ჩაბრძანება მდინარესთან, შეისმენს ჩვენს გასაჭირს და გაწვიმდებაო, ჩააბრძანეს ხატი მდინარის ნაპირთან, წაიკითხა მღვდელმა ლოცვები, ხატი დაასველეს მდინარის წყლით. წმინდა გიორგის მადლითა და ძლიერებით, სასწაული მოხდა, ღამით გაწვიმდა. ოზურგეთიდან მოიყვანეს ცხენზე შემჯდარი "სულით დაავადებული". უამრავი ხალხი მოყვებოდა, ჭირისუფალი, მორწმუნეც და "სეირისმოყვარეც". ავადმყოფი ხატთან მიიყვანეს მღვდელმა ლოცვები წაიკითხა, პატრონს სთხოვეს და ერთ ღამეს ეკლესიში დაიტოვეს, დილით კი შეკვეთილი (საჯანმრთელო) წირვა აღასრულეს, კვლავ ერთი სასწაულის მოწმე გახდა იქ მყოფნი, რწმენით მოსულ ავადყოფს გამოჯანმრთელება ეტყობოდა, დაუწყეს კოცნა და მილოცვები, სიხარულისაგან ყველა ტიროდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ უკვე საბოლოოდ განკურნებულმა თითონ მოილოცა ლომისკარელის ხატი. შესაწირიც შეძლებისდაგვარად გაიღო.
წინაპრების ნათქვამს დღემდე იგონებენ სოფელში და ამბობენ ლომისკარელს ბრმისთვისაც აუხელიაო თვალები. ასე, რომ მისი შემწეობით ბევრი დაავადებული განკურნებულა, მრავალწლის უშვილო ოჯახებს შვილები შეძენიათ, სოფელში სახელი გიორგის დარქმევა ტრადიციასდ ქცეულა. სურებლები ამბობდნენ: ყველაზე მეტად ჩვენ გვჯერა წმიდა გიორგის საქართველო ძალიან, რომ უყვარს, ამიტომაც გვეხმარება ყველა განსაცდელის დაძლევაშიო. ვერავინ ბედავდა ლომისკარელისთვის პირდაპირ შეეხედა და თვალი გაესწორებინა. ყველა რაღაც გაურკვეველი შიშით იყო შეპყრობილი. ძალაუნებურად იპყრობდა მნახველს, მითქმა-მოთქმა ლომისკარელის სასწაულმოქმედების შესახებ. იგონებდნენ თუ როგორ ააბღავლა და ააყვირა ხატმა ყაისარ ბედინეიშვილი ყალბი ფიცის შემდეგ, როგორ შეიშალა ჭკუიდან ერთი ქვრივი დედაკაცი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ქმრის მოკვლაში, როგორ დაება ენა ჭორიკანა დედაკაცს. სასწაულების ნახვის შემდეგ უფრო იზრდებოდა ხატისადმი პატივისცემა და მოკრძალება, ღრმავდებოდა სიყვარული და იმედი. მოსახლეობაში ხატის დაკარგვის შიში იყო, როგორც სოფლის უხუცესი ადამიანები წინაპრების ნაამბობიდან იგონებდნენ, ეშინოდათ ეპარქიის ხელმძღვანელის დავალებით ხატი სადმე არ გადაებრძანებინათ, იმის გათვალიწინებით, რომ რაც შეიძლება მეტს მოელოცა. ადგილობრივების რწმენით თუ ხატი სოფელს დატოვებდა წმიდა გიორგი განაწყენდებოდა და მათზე მადლი აღარ გადმოვიდოდა.
სანადიროდ წასულ მეზობლებს შორის დავა მოხდა ერთ-ერთმა მეგობარი მოკლა, დანაშაულის ჩამდენი დოლიძეების ოჯახის წარმომადგენელი, მშობლების დახმარებით მთელი ძალით ცდილობდა დანაშაულის დამალვას (მაღალ მთაში კანონი უზენაესი იყო ასეთ შემთხვევაში ოჯახი სოფლიდან ,,დედაბუდიანად" უნდა ასახლებულიყო, მხლებელს დააბრალეს დანაშაული. საქმე გამოუძიებელი რჩებოდა, უდანაშაულო თავს ვერ იცავდა, ბრალდებოდა მეზობლის თავისივე გვარის წარმომადგენლის კალანდაძის სიკვდილი, ეს საშვილიშვილო დავა იყო, რაც არასოდეს მოგვარდებოდა. მართალს არ შეშინებია ეძებდა გზას უდანაშაულობის დასამტკიცებლად, სოფლის მწიგნობარი და მამასახლისი სიმართლეს ვერ არკვევდნენ, მაგრამ სოფლიდან მრავალშვილიანი ოჯახის გახიზვნა აზრადაც არ მოსვლია. გაგონილი ქონდა ლომისკარელის შესახებ, სოფელ შუასურებში წმინდა გიორგისთან დახმარების სათხოვნელად ფეხით წავიდა, მღვდლისგან კურთხევა აიღო, ხატს თავისი უდანაშაულობა შეჰფიცა. ადრე დილით ტაძრის წინამძღვრის, ადგილობრივი მრევლის და მისი მეზობლების დახმარებით დაიწყეს მსვლელობა სოფელ ნაბეღლავისაკენ. წმიდა გიორგის ხატს სოფლის უხუცესი მიუძღვოდა წინ, ახალგაზრდებს საეკლესიო დროშები ეჭირათ. სოფლების ნაბეღლავისა და სურების საზღვართან დამწუხრებულ ჭირისუფალთან ერთად უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი, როცა გორაზე გადადგა ხალხი, გადააბრძანეს წმიდა გიორგის ხატი, რომელსაც მზის სხივებმა უფრო მეტი ელვარება შემატა, დამნაშავემ ვერ გაუძლო, ხატის დანახვაზე, აყვირდა "ნუღარ შეაწუხებთ, უკან დააბრუნეთ". პატიებას ითხოვდა, რომ დრო მიეცათ, სოფლიდან მშიდობით წასულიყო და მწუხარებას რაიმე უბედურება არ დამატებოდა. ლომისკარელს პატივი მიაგეს და უკანვე დააბრუნეს.
გურიის კომიტეტს (1905წ) არ მოსწონდა ხალხის დამოკიდებულება ხატისადმი და საერთოდ ეკლესიისადმი, ყველანაირად ცდილობდა, როგორმე შეერყია ღვთის შიში და სიყვარული, რომელიც ღრმად იყო გამჯდარი ხალხში. ცდილობდა ენახა შესაფერისი დრო, რომ მოსახლეობაში ხატის პატივისცება დაკარგულიყო.
პოლიტიკურმა არეულობამ სოფლის მოსახლეობა დააბნია და ხატის იმედად იყვნენ. მეფის ჟანდარმერია, ასევე ახალთაობის მომხრე ძალოვნები ყველგან იყვნენ, აამოქმედეს ჯაშუშები. სოფლის მოსახლეობა ყოველ ფეხის ნაბიჯზე უთვალთვალებდა ერთმანეთს. ვინ ვისი მომხრე იყო ვეღარ ხვდებოდნენ. ჟანდარმერიამ გადაწყვიტა ხატი სათავისოდ გამოეყენებინა, რადგან მათ საწინააღმდეგოდ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძალა წმიდა ლომისკარელი იყო. გეგმა შეიმუშავეს მთავრი იყო ბლაღოჩინი მღვდლის ნიკო რამიშვილის მოშორება და ლომისკარელის ზედ მოყოლება. საუბედუროდ ხმალამოღებული ებრძოდნენ ეკლესიას. საპირისპირო მხარეებზე იდგნენ ახალი და ძველი თაობის წარმომადგენლები. შემაძრწუნებელი იყო სარწმუნოებისა და სინდისის პაექრობა. სხვადასხვა ფორმით, სიხშირით, ცვალებადობით მიმდინარეობდა პროცესი.
განსაკუთრებით ძლიერი იყო პატივისცემა ლომისკარელის ხატისა. ლომისკარელზე გადაცემა დიდს უბედურებად ითვლებოდა და ლომისკარელზე ნათქვამ ფიცს ძნელად თუ გატეხავდა გურული. ლომისკარელი ხშირად უფრო ძლიერი ყოფილა, ვიდრე გამოცდილი გამომძიებელი და პროკურორი. ბევრი შემთხვევა ყოფილა, რომ ლომისკარელის წინაშე ბოროტმოქმედს გულახდილად უღიარებია დიდხანს ნამალევი საიდუმლოება.
ხატის გატაცებით მძარცველები ორ საქმეს აკეთებდნენ, იშორებდნენ წმიდა გიორგის და დიდ ფულს შოულობდნენ. საქმე სასწრაფო იყო ვინ დაასწრებდა. მღვდელი ნიკო რამიშვილი ვერაგულად მოკლეს. ჯერი ლომისკარელზე მიდგა, რამდენიმე კაცი გვიან ღამით შეაპარეს ტაძარში ხატის გასატაცებლად. მტაცებლებმა ვერ შეძლეს ხატისთვის ხელის ხლება სანთლები დაუნთეს შენდობა სთხოვეს და უკან გამობრუნდნენ. მთავრობამ და მათმა მოწინააღმდეგეებმა კარგად იცოდნენ რომ: ,,ლომისკარელის დანახვაზე ხალხში ჩოჩქოლი და უწესრიგო პიჯვრისწერა შეიქმნა. ურწმუნოებმაც აამოძრავეს გაშეშებული ხელები და თანაც თავის თავს ეკითხებოდნენ: ,,რა იწვევს ამ შიშს? მე რომ ღმერთი არ მწამს, ხატისა რად უნდა მეშინოდეს? ხატი ხომ ოქრომჭედლის ხელით გამოჭედილი ნივთია, ძვირფასი სამკაულებით მორთულ-მოკაზმული! ხატიც ხომ ადამიანის შექმნილია, როგორც ზღაპარი ღვთის არსებობის შესახებ!? მაშ რის უნდა მეშინოდეს? ან რა ძალა იყო ის, გული, რომ შეაკრთო ხატის დანახვაზე?" ამიტომაც გეგმა შეიცვალა უფრო ვერაგული და მზაკვრული გახდა. დიდ მარხვის პირველი კვირის ერთ დღეს ხატი სოფელ ბუკისციხეში ჩააბრძანეს, რაფიელ შარაშიძის ეზოში დაასვენეს.
თავი მოუყარეს არა მარტო ამ სოფლის, არამედ ახლოს მდებარე სოფლების მოსახლეობასაც. აიძულეს ხალხი, სათითაოდ მისულიყვნენ ძლიერ ლომისკარელთან და აზრი გამოეხატათ, თავისი პოლიტიკური შეხედულებები ეღიარებინათ. ხალხმა ტყუილი ვერ გაბედა. საკუთარი თავი და შვილები `გასცა~. მიზანს მიაღწიეს ხატის მიმართ მოსახლეობას საუბედუროდ ბოროტი შიში გაუჩნდა. ძლიერი ლომიკარელი ისევ თავის ადგილს მუზეუმის ფონდში დააბრუნეს. 1921 წელს ლომისკარელის ეკლესიის შენობა დაშალეს, ჩაიტანეს სოფლის ცენტრში, ააშენეს კლუბად. ეკლესიის შენობის იერსახე უცვლელია.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი