ხატმებრძოლობის ერესი
ამ დროს ეკლესიას მოულოდნელად თავს დაატყდა ახალი ერესი - ხატთმბრძოლობა, რამაც თითქმის ერთი საუკუნე იბობოქრა და აღმოსავლეთ საქრისტიანოში უდიდესი არეულობა გამოიწვია.
მაჰმადიანები გამუდმებით საყვედურობდნენ ქრისტიანებს კერპთაყვანისმცემლობას, რომ თითქოს განუდგნენ ერთი ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემაზე დამყარებულ ძველ ღვთისმსახურებას, სამაგიეროდ თაყვანს სცემენ სამ ღმერთს და აღმერთებენ კერპებს - ასე უწოდებდნენ წმინდა ხატებს.
იუდეველები გულმოდგინედ იმეორებდნენ ამ უკანასკნელ ბრალდებას და უხაროდათ, რომ ქრისტიანთა შეურაცხყოფის საშუალება მიეცათ.
მაჰმადიანებზე სამხედრო გამარჯვებებით სახელგანთქმულმა იმპერატორმა ლეონ ისავრიელმა (717-741 წწ.) მოინდომა, ხატების განადგურებით "ცრურწმენისგან" გაეწმინდა ეკლესია და ამ გზით გაექრისტიანებინა მაჰმადიანები და იუდეველები.
კონსტანტინოპოლის პატრიარქმა, წმინდა გერმანემ სცადა იმპერატორის დაყოლიება, უარი ეთქვა ამ განზრახვაზე; განუმარტა ხატთა თაყვანისცემის ნამდვილი მნიშვნელობა და გააფრთხილა, რომ არც იმპერატორს და არც პატრიარქს უფლება არა აქვთ, შეცვალონ ეკლესიის ტრადიციები. თავის მხრივ კი დასძინა, რომ სიკვდილი ერჩივნა ამ უკანონობისთვის ხელშეწყობას.
მეფემ არ შეისმინა პატრიარქის რჩევები და 728 წელს გამოსცა ბრძანებულება, რომლის თანახმად იკრძალებოდა ხატების თაყვანისცემა ტაძრებსა და სახლებში.
მამაცმა პატრიარქმა წინააღმდეგობის ნიშნად უარი განაცხადა თავის წოდებაზე, რის გამოც იგი შეურაცხყვეს, სცემეს და კონსტანტინოპოლიდან განდევნეს, ხოლო მის ადგილას დანიშნეს იმპერატორის სრული მორჩილი ანასტასი. ღრმად მოხუცი პატრიარქი გერმანე აღესრულა დევნულებაში, დაგვიტოვა რამდენიმე მნიშვნელოვანი თხზულება.
იმპერატორმა დეკრეტის გამოცემა არ იკმარა და ბრძანა: ტაძრებიდან და სახლებიდან გამოეტანათ და სახალხოდ დაეწვათ ხატები. ხალხი უკიდურესად აღშფოთდა. მაცხოვრის გამოსახულება, რომელიც ჯერ კიდევ კონსტანტინე დიდის დროიდან საიმპერატორო სასახლის კარიბჭის თავს ამშვენებდა, ახლა უნდა გაენადგურებინათ. ხელისუფლისგან გამოგზავნილმა სამხედრო მოხელემ კედელს კიბე მიადგა და ბრძანების შესრულებას შეუდგა. ამაოდ ევედრებოდა ცრემლმომდგარი ხალხი, ხელი არ ეხლო წმინდა, ყველასთვის თაყვანსაცემი გამოსახულებისთვის - მეომარმა ხატს ურო მაინც დაჰკრა. მაშინ გამწარებულმა დედაკაცებმა კიბე გადააყირავეს და შემცოდე მეომარი სასიკვდილოდ დაშავდა. ამას მოჰყვა აჯანყება, რომელიც იარაღით ჩააქრეს; ბევრი ეჭვმიტანილი სიკვდილით დასაჯეს...
ბრძანებისადმი ქვეშევრდომთა დაუმორჩილებლობით განრისხებულმა იმპერატორმა მიმართა უმკაცრეს ზომებს: განდევნას, ქონების ჩამორთმევას, პატიმრობას, წამებასა და სიკვდილით დასჯას.
ლეონ ისავრიელმა დაანგრია სასწავლებელი, რომლის მოძღვრებიც არ იზიარებდნენ მის შეხედულებებს ხატების შესახებ, კონსტანტინოპოლში დაწვა უზარმაზარი ბიბლიოთეკა და მისი თორმეტი ბიბლიოთეკარი მარტო იმიტომ, რომ ერთ-ერთი მათგანი ხელნაწერებში ხატთმბრძოლობის განმაქიქებელ გამონათქვამებზე მიუთითებდა.
მღელვარება გადაედო ყველა მხარეს, სადაც კი იმპერატორის ბრძანებამ მიაღწია. ზოგიერთი ეპისკოპოსი ლეონ ისავრიელისადმი მაამებლობისა თუ საკუთარი შეხედულების გამო ბეჯითად შეუდგა მისი ბრძანების შესრულებას, რამაც სახალხო მღელვარება უფრო გააღვივა, მაგრამ გამოჩნდნენ ისეთი მწყემსმთავრებიც, რომლებიც უშიშრად იცავდნენ ეკლესიის ძველ წესებს.
რომის პაპმა გრიგოლ II დაგმო ხატთმბრძოლობის ერესი და იმპერატორი წერილით მკაცრად გაკიცხა მისი საქციელისათვის.
ლეონმა მამხილებელი პაპის დამხობა გადაწყვიტა, მაგრამ მთელი რომი გამოექომაგა თავის მღვდელთმთავარს.
იტალიის ბევრ ქალაქში განრისხებულმა ხალხმა დაამსხვრია იმპერატორის გამოსახულება; მზად იყო, აერჩია ახალი ხელისუფალი და ისავრიელის წინააღმდეგ ებრძოლა.
მაშინ პაპებმა - გრიგოლ II-მ და გრიგოლ III-მ შეაჩერეს მოსახლეობიდან გადასახადების აკრეფა იმპერატორისთვის.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი