ბერი კოსმას შეგირდები იოანე და კოსმა
ბერმა კოსმამ ღმერთი განადიდა ასეთი წყალობისათვის და გულმოდგინედ შეუდგა ორივე ყრმის აღზრდას. ყრმები კი მეტად გონიერნი იყვნენ, ადვილად ითვისებდნენ მოძღვრისაგან ნასწავლს და წარმატებით ეუფლებოდნენ ყოველგვარ სიბრძნეს.
იოანე მაღლად მფრენი არწივის მსგავსი იყო სწავლაში და ცოდნის უმაღლეს საიდუმლოებებს სწვდებოდა, მისი სულიერი ძმა კოსმა კი ზურგის ქარით სწრაფად მცურავი ხომალდივით შორს მიემართებოდა სიბრძნის ზღვაში. და მის სიღრმეებსაც ჩასწვდებოდა.
ორივე ძალზე გულმოდგინედ სწავლობდა და მცირე დროში ზედმიწევნით შეისწავლეს გრამატიკა, ფილოსოფია და არითმეტიკა, და ამაში პითაგორასა და დიოფანეს მიემსგავსნენ! მიწის გაზომვაც ისე კარგად შეისწავლეს, რომ ახალ ევკლიდეებად შეიძლებოდა მათი აღიარება. ხოლო თუ როგორ დახელოვდნენ პოეზიაში, ამას ნათლად მოწმობენ მათ მიერ შედგენილი საეკლესიო ჰიმნები და საგალობლები.
განზე არ დაუტოვებიათ ნიჭიერ ყრმებს არც ასტრონომია, და ასევე კარგად შეისწავლეს საღვთისმეტყველო საიდუმლონიც.
გარდა ამისა, კეთილი ზნე-ჩვეულებებიც შეითვისეს და სათნოდ ცხოვრებასაც მიეჩვივნენ, გახდნენ რა სავსებით სრულყოფილნი ცოდნაში - სულიერ სიბრძნეშიც და ქვეყნიურშიც. განსაკუთრებით იოანე წარემატებოდა სწავლაში.
მის გამო მასწავლებელიც კი ჰკვირობდა, რომელსაც მოწაფე აღემატა კიდეც სიბრძნის ზოგიერთ დარგში. რამეთუ იოანე უდიდესი ღმრთისმეტყველი იყო შემდეგში, რასაც ცხადად მოწმობენ მისი ღმრთივსულიერი წიგნები. მაგრამ იგი არ იქადოდა თავისი სიბრძნით.
როგორადაც ნაყოფით დახუნძლული ხე სულ უფრო დაბლა იხრება, ასევე იოანეც, რაც უფრო მეტად წარემატებოდა სიბრძნეში, მით ნაკლებ ფიქრობდა საკუთარ თავზე და შეეძლო სიჭაბუკისმიერი ოცნებებისა და ზრახვების დაურვება, თავის სულს კი, კანდელივით ზეთით აღსავსეს, საღმრთო სურვილის ცეცხლით აღაგზნებდა.
და აი, ერთხელაც მოძღვარმა კოსმამ ასე უთხრა იოანეს მამას - სერგი მანსურს:
- აღსრულდა შენი სურვილი, ჩემო ბატონო: შენი ყრმები კარგად განისწავლნენ, ისე რომ, უკვე მეც კი აღმემატებიან სიბრძნით! ასეთი მოწაფეები ვერ დაკმაყოფილდებიან იმით, რომ თავიანთ მასწავლებელს გაუტოლდნენ. ბრწყინვალე მეხსიერებისა და განუწყვეტელი მეცადინეობის წყალობით ისინი სავსებით ჩასწვდნენ სიბრძნის მთელ სიღრმეს, ღმერთმა კი კიდევ უფრო განამრავლა მათი ნიჭი. ამიერიდან მათ აღარ ესაჭიროებათ ჩემი მოძღვრობა, რადგან უკვე თვით შეუძლიათ სხვათა სწავლება. ამიტომ გევედრები, ჩემო ბატონო, გამიშვი მონასტერში! იქ მე თვით გავხდები მოწაფედ და უზენაეს სიბრძნეს ვისწავლი სრულყოფილ ბერმონაზონთაგან. ის საერო ფილოსოფია, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე მისწავლია, სულიერ ფილოსოფიასთან წარმგზავნის, საეროზე უფრო ღირსეულთან და განწმენდილთან, რამეთუ მხოლოდ მას მოაქვს ნამდვილი სარგებლობა ადამიანისათვის იმით, რომ იხსნის მის სულს.
ამის გაგონებაზე იოანეს მამა დამწუხრდა, რადგან არ სურდა დაეკარგა ესოდენ ღირსეული და ბრძენი მოძღვარი. მაგრამ მან არ იკადრა მოხუცი ბერის ძალით შეკავება, რათა არ შეეურვებინა იგი.
ამიტომ აღუსრულა სურვილი: უხვად დაასაჩუქრა და მშვიდობით განუტევა. ბერმაც პალესტინაში ღირსი მამის, საბა განწმენდილის ლავრას მიაშურა იერუსალიმის მახლობლად, სადაც მშვიდობით დაჰყო გარდაცვალებამდე და მერმე ყოვლად სრულყოფილ სიბრძნეს - შემოქმედ ღმერთს შეერთო...
რამდენიმე წლის შემდეგ იოანეს მამაც - სერგი მანსურიც გარდაიცვალა. სარკინოზთა მთავარმა იოანეს მოუწოდა თავისთან და შესთავაზა, ჩემი პირველი მრჩეველი იყავიო.
იოანე უარს ეუბნებოდა, რაკი სულ სხვა სურვილი უღვიოდა გულში - ღმერთის წინაშე ემუშაკა განმხოლოებასა და მდუმარებაში.
მაგრამ სირიის განმგებელმა აიძულა დამორჩილებოდა მის ნებას, და იოანემაც, თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ, მიიღო ეს მაღალი თანამდებობა, - და აი, ქალაქ დამასკოში მან თავის მშობელ მამაზე მეტი ძალაუფლება მოიპოვა.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი