ღმერთმა ტანჯულებს ანგელოზი მოუვლინა
დანიელი და სამნი ყრმანი
როცა ბაბილონის მეფემ იერუსალიმი დააქცია, მაშინ, სხვათა შორის, ტყვედ წაიყვანა ერთი შესანიშნავი ყმაწვილი დანიელი და სამი მისი ამხანაგი:
ანანია, აზარია და მისაილი. როგორც დიდი გვარიშვილები, ყმაწვილები სასწავლებელში მიაბარეს და საჭმელ-სასმელს სასახლიდან მიართმევდნენ. ყმაწვილებმა დიდი ნიჭი გამოიჩინეს სწავლაში და მალე სახელოვნად დაასრულეს სასწავლებელი, თან ღვთის სჯულსაც მტკიცედ იცავდნენ, რომ ნაკერპალი საჭმლის მიღებით არ შებილწულიყვნენ, მხოლოდ პურით და მწვანილით იკვებებოდნენ. სწავლის დამთავრების შემდეგ დიდი სახელმწიფო სამსახური უბოძეს ნიჭიერ ყმაწვილებს. გარდა ამისა, დანიელმა სახელი გაითქვა იმით, რომ მეფეს სიზმარი აუხსნა.დანიელი და სამნი ყრმანი
კარისკაცებს შეშურდათ ყმაწვილების ასეთი დაწინაურება და მოინდომეს მათი დაღუპვა. ერთხელ მეფემ, მათი რჩევით, მინდორში კერპი აღამართვინა და ბრძანება გასცა, ყველას თაყვანი ეცა მისთვის. დანიელი ამ დროს შინ არ იყო, მისმა ამხანაგებმა კი არ შეასრულეს მეფის ბრძანება. მაშინ იდროვეს მტრებმა და დანიელის ამხანაგები მეფესთან დააბეზღეს. განრისხდა მეფე და ბრძანა, ურჩები გახურებულ სახმილში ჩაეყარათ. თვით მეფე დაესწრო მათ დასჯას და მაღლობიდან უყურებდა. სახმილი ისეთი გახურებული იყო, რომ ჯალათებიც კი ახლოს მიკარებისას დაიწვნენ. მაგრამ ღმერთმა ტანჯულებს ანგელოზი მოუვლინა და სახმილი გაუგრილა. ცოტა ხნის შემდეგ მეფემ თვითონ ჩაიხედა სახმილში და გაოცებული დარჩა, როცა იქ სამი კაცის ნაცვლად ოთხი დაინახა და ისიც - სრულიად უვნებელნი. მეფემ ბრძანა მათი გამოყვანა. ყრმები სრულიად უვნებელნი გამოვიდენ, ისე, რომ თმაც კი არ შერუჯვოდათ. ასეთი სასწაულის შემდეგ მეფემ ბრძანება გასცა, არავის შეეგინებინა იუდეველთა ღმერთი, თორემ სიკვდილით დაისჯებოდა.
დანიელი ლომების ორმოში
გამოხდა ხანი, მოკვდა ბაბილონის მეფე და ბაბილონი სპარსეთის მეფე დარიოსმა დაიპყრო. დარიოსს გამორჩეულად უყვარდა დანიელი, რაც ძალიან აწუხებდა მის კარისკაცებს. ამიტომ მათ მოინდომეს დანიელის დაღუპვა, შეაგონეს მეფე: ხალხს გამოუცხადე, სამი დღის განმავლობაში არავის თაყვანი არ სცენ, შენს გარდა, ვინც წინააღმდეგი იქნება, ლომებს ჩაუგდეთ შესაჭმელადო. დარიოსმა დაუჯერა ცბიერ კარისკაცებს და ბრძანება გასცა. დანიელმა, რა თქმა უნდა, არ შეასრულა მეფის ბრძანება და მტრებსაც ეს უნდოდათ. დანიელი მეფესთან დააბეზღეს. დარიოსი მიხვდა კარისკაცების ვერაგობას, მაგრამ სიტყვა ვეღარ გატეხა და დანიელი მშიერი ლომების ორმოში ჩააგდებინა. მეორე დღეს მეფე თავისი ფეხით მივიდა და ჩაიხედა ორმოში. დანიელი ცოცხალი იყო, ლომებს არაფერი ევნოთ მისთვის. გაოცდა მეფე. კარისკაცებმა მოახსენეს, ლომები უთუოდ მაძღრები არიანო, მაშინ დარიოსმა ამოაყვანინა დანიელი და კარისკაცები ჩააყრევინა. რასაკვირველია, ლომებმა მყისვე დაგლიჯეს ისინი.