ყველაზე შესანიშნავი მსაჯული ისრაელიანთა შორის იყო გედეონი.
ერთხელ ისრაელნი, თავისი ურწმუნოების და ღმერთის დავიწყების გამო, ჩაცვივდნენ საშინელ ტანჯვაში. ერთი ახლო მცხოვრები ხალხი დაესხმოდა ხოლმე თავსა, აწიოკებდა, არბევდა, ნახნავ-ნათესს უნადგურებდა, სტაცებდა საქონელს და ბევრ კიდევ სხვა ვაი-ვაგლახს აყენებდა მათ. შვიდ წელიწადს იყვნენ ამისთანა უბედურებაში ისრაელნი. როცა ბოლოს ილაჯი გაუწყვიტა შიშმა და შიმშილმა, მოიგონეს ღმერთი და მხურვალე გულით შესთხოვეს შველა. მაშინ ღმერთმა მათ შორის აღადგინა მსაჯულად და ხალხის გამომხსნელად გედეონი. ზაფხული იყო და გედეონი, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ყმაწვილი, თავის მამის კალოზე პურის ლეწვას ეჩქარებოდა, რადგანაც უნდოდა, სადმე ტყეში გაქცეოდა მტრებს, რომლებიც ის იყო, შემოესივნენ ასაკლებად ისრაელთა ქვეყანას. უცებ გამოეცხადა მას ანგელოზი და უთხრა: ღმერთი არს შენთან, მამაცო კაცო! გედეონმა ვერ იცნო ანგელოზი და მიუგო: ახ, ჩვენთან რომ ღმერთი იყოს, ხომ ამისთანა უბედურება არ დაგვემართებოდა! არა, ეტყობა უფალმა სრულიად დაგვივიწყა. ადექი, წადი და იხსენ ისრაელნი ამ უბედურებისაგან, მე გაგზავნი შენა! - უთხრა ანგელოზმა. გედეონმა უპასუხა: სად შემიძლიან ისრაელთა გამოხსნა, ერთი უკანასკნელთაგანი ვარ ისრაელთა შორის. ანგელოზმა მიუგო: მე ვიქნები შენთანა და შენ დასძლევ მტერსა. გედეონმა იფიქრა, ეს უთუოდ წმინდა კაცი ვინმეა, უფლისგან გამოგზავნილიო, დაპატიჟება მოინდომა, გაიქცა შინ, მოარბენინა ხორცი და პური და მოიპატიჟა. ანგელოზმა გედეონს მოტანილი საჭმელი ქვაზედ დააწყობინა და თავისი კვერთხით შეეხო მას; უცებ ქვიდან გამოტყვრა ცეცხლი და დაწვა, რაც ზედ იდო. ამ დროს ანგელოზი გაქრა. გედეონმა ახლა კი შიშით დაინახა, თუ რა არსებასთან ჰქონდა მას საუბარი. ანგელოზის გამოცხადებამ და მისმა სიტყვებმა ცხადად დაარწმუნა გედეონი, რომ იგი ღვთისგან იყო ამორჩეული თავისი ხალხის გამოსახსნელად. ამიტომ გაგზავნა სხვადასხვა ქალაქში კაცები და დაიბარა ისრაელნი თავისთან მტერზედ გალაშქრებისათვის. მსურველნი ბევრი გამოჩნდნენ და გედეონთან მოიყარა თავი ოცდაათიათას კაცზე მომეტებულმა, რომელნიც კიდევაც მომზადებულნი იყვნენ საომრად. გედეონი შეეხვეწა უფალსა: რაიმე ნიშნით მაცნობე, დავძლევ მტერს ამ ჯარით თუ ვერაო: აი, ჩემს კალოზე გავშლი მატყლს, - ეუბნებოდა უფალს გედეონი ლოცვაში, - და თუ ამაღამ მარტო იგი დაინამება, სხვა კი ყველაფერი დედამიწაზე მშრალი იქნება, მაშინ დავრწმუნდები, რომ შენი მეშვეობით უთუოდ გამოვიხსნი ისრაელთა. უფალმა მისცა გედეონს ეს ნიშანი. მეორე დილაზე მთელი დედამიწა მშრალი იყო და მატყლი კი სულ ნამით იყო სველი. გედეონს უნდოდა, რომ უფრო მტკიცედ დარწმუნებულიყო ღვთის შეწევნაში და ამიტომ ისევ შეეხვეწა: უფალო, ნუ გამირისხდები, ერთხელ კიდევ მომეცი ნიშანი ამ მატყლზედ შენი შემწეობისა; ამაღამ კიდევ დავდებ კალოზედ და დაე, იგი მშრალი დარჩეს და მთელი დედამიწა კი დაინამოს. სწორედ ისე მოხდა, როგორც სთხოვა გედეონმა. ამის შემდეგ, იმედით სავსე გედეონი თავისი ჯარით წავიდა მტერთან საბრძოლველად, მაგრამ უფალმა ნება არ მისცა გედეონს ამოდენა ჯარი წაეყვანა თანა. შესაძლებელია, - ეუბნებოდა უფალი გედეონსა, - ისრაელნი გაამპარტავდნენ მტრის დამარცხების შემდეგ და სთქვან, ეს ჩვენ საკუთარი ძალით და სიმარჯვით გამოვიხსენით თავი, ამიტომ უფალმა უბრძანა გედეონსა, რომ ამოერჩია ამ ჯარიდან მარტო სამასი კაცი და სხვანი კი დაეთხოვა სახლებში. მაშინ ცხადი გახდებოდა ყველასათვის, რომ მხოლოდ ძალმა ღვთისამ გამოიხსნა ისრაელნი მტრის ხელიდან. ამ ერთიბეწო ჯარით მიუახლოვდა ღამით მტრის ჯარის ბინასა გედეონი და მის დასამარცხებლად იხმარა შემდეგი ხერხი: ყველა თავის ჯარისკაცს მისცა საყვირი, ანთებული მაშხალა და ქოთანი, სადაც ეს მაშხალა უნდა დაემალათ, მერე ყველას უბრძანა, გარს შემორტყმოდნენ ჩუმად მტრის ბანაკსა და უთხრა: როცა მე საყვირს დავუკრავ, დაუკარით თქვენ ყველამ ერთბაშადა და დაჰკივლეთ: მახვილი ღვთისა და გედეონისა თქვენს თავზედ! ყველა სწორედ ისე მოემზადა, როგორც გედეონმა უთხრა: როცა გაიგონეს თავისი წინამძღოლის საყვირის ხმა, ჯარისკაცებმა ერთბაშად დააყვირეს საყვირნი, დაამსხვრიეს ქოთნები, აიშვირეს მაღლა საყვირები და საშინელი ხმით დაიძახეს: მახვილი უფლისა და გედეონისა! ამ ხმამ უცებ გამოაღვიძა მტრის ჯარი, ისინი წამოცვივდნენ ფეხზედ თავზარდაცემულნი, გულგახეთქილები, ეგონათ, უმრავლესი ჯარი დაგვესხაო, აირივნენ, დაიბნენ სრულიად და ბნელაში გაიქცნენ მინდვრისაკენ. ერთმანერთისას ვეღარას იგებდნენ, თავისი ამხანაგებიც ისრაელნი ეგონათ და ერთმანერთს ხოცავდნენ. გედეონმა დიდ მანძილზედ სდია მათ და დაატყვევა ყველა უფროსი და მეფეები ჯარისა. თითქმის მთელი ჯარი მტრისა დაიღუპა ამ ბრძოლის დროს. ამის შემდეგ ისეთი შიში ჩამოვარდა იმ უცხო ქვეყანაში, რომ ისრაელთა შეწუხება ფიქრადაც აღარავის მოსდიოდა. მტრისგან გათავისუფლებულ ისრაელის ერს უნდოდა თავის მეფედ გაეხადა გედეონი და ამით გადაეხადა მისთვის სიკეთე, მაგრამ გედეონმა უარყო და თქვა: თვით უფალი ღმერთი ჩვენი მეფობდეს თქვენზედ.
მისი მსაჯულობა ისრაელზე 40 წელიწადი გაგრძელდა. გედეონმა ღრმა სიბერემდე იცოცხლა და მრავალრიცხოვანი ცოლებისაგან სამოცდაათი ვაჟი ეყოლა.
გედეონმა ებრაელებისაგან "იერობაალის" სახელი მიიღო, რაც ბაალის მოწინააღმდეგეს ნიშნავს. ეს სახელი მას ბაალის კერპის მსხვერპლშესაწირის დანგრევისათვის ეწოდა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი