მართალმა ზაქარიამ და ელისაბედმა ხანდაზმულობას ისე მიაღწიეს, რომ შვილი არ ეძლეოდათ.
ისრაელიანთა შორის უშვილობა ღვთის სასჯელად ითვლებოდა, რადგან ებრაელი ერი მესიას ელოდა.
ცოლ-ქმარი გულმხურვალედ ევედრებოდნენ ღმერთს, მოეხედა მათთვის და უშვილობის ყვედრებისგან დაეხსნა.
მართალი ზაქარია მღვდელმთავარი იყო. ერთხელ, როდესაც იერუსალიმის ტაძარში მსახურებას აღასრულებდა, წმიდათაწმიდაში შევიდა საკმევლად, ხალხი კი გარეთ ლოცულობდა, მას მოევლინა ღვთის ანგელოზი. საკურთხევლის მარჯვნივ მდგომარე. ზაქარია შეძრწუნდა და შეშინდა, ანგელოზმა კი უთხრა:
"და ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვეს შენ ძე, და მრავალთა შობასა მისსა განიხარონ" (ლუკა 1,13-14).
მაშინ ზაქარია შეორგულდა, დაბრკოლდა, რის გამოც დადუმდა, რამეთუ ვერ ჩასწვდა უფლის განგებულებას. იგი სიბერეს იმიზეზებს, მაგრამ როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: "არ ფიქრობს, რომ სხეულის უძლურება უფალზე ძლიერია".
აი, პარადოქსი ღვთიური გადაწყვეტილებისა: "რომელსაც მართალი უყვარს და ცოდვილსა სწყალობს".
მღვდელმსახური ზაქარია არ იყო ცოდვილი, მაგრამ როგორც ხშირად ხდება, ვერ იყო დამტევნელი ამ უდიდესი საიდუმლოსი. ასეთი ადამიანური დაბრკოლება არ არის ახალი.
ამის უწყებას ვხვდებით ძველ აღთქმაში - ებრაელთა პატრიარქი მოსე ენაბრგვილობას იმიზეზებს უფლის გადაწყვეტილების აღსრულებაში და აარონს გადასცემს უფლებას მეტყველი საუბრისა ებრაელებთან. თუმცა აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს მისაბაძი და უპირობო მორჩილება ებრაელთა სხვა პატრიარქისა, აბრაამისა ღმერთის წინაშე ისააკის მსხვერპლად შეწირვისას მორიას მთაზე.
მეყსეულად სასჯელი მოიწევა ზაქარიაზე, ისევე როგორც მეყსეულად გამოეცხადა მთავარანგელოზი გაბრიელი: "აჰა, იყო შენ დადუმებულ და ვერ შემძლებელ სიტყუად, ვიდრე დღემდე ყოფად ამისა ამისთვის, რამეთუ არა გრწმენეს სიტყუაი ჩემნი, რომელი აღესრულნენ ჟამსა თვისსა" (ლუკა 1,20).
შესანიშნავად ბრძანებს ამაზე წმინდა იოანე ოქროპირი: "ოჰ, მსწრაფლგამომასწორებელო კაცთმოყვარე სასჯელო!.. ანგელოზს ხმადაბრკოლებული (იგულისხმება ზაქარია) გონს მოჰყავს და კადნიერ ენას ლაგამს სდებს.
დამუნჯებული დაბადებას მოელის ხმისას, ზაქარია - იოანეს, მოხუცი - შვილს, მღვდელმსახური - წინასწარმეტყველს".
ამის შემდგომ, ებრაელთა ტრადიციით, ყრმის დაბადებიდან მერვე დღეს, წინადაცვეთის წესის თანახმად, იოანე ნათლისმცემელს მიიყვანენ მამის სახლში, სადაც მოხდება უფლისგან მოწევნული ერთგვარი სასჯელის, ეპიტიმიის დასრულება - მღვდელ ზაქარიას მეყსეულად აეხსნება ენა და შვილს იოანეს უწოდებს, თუმცა, ებრაული ტრადიციით, მამის სახელი ეკუთვნოდა, რაზეც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს: "და მოითხოვა ფიცარი და დაწერა და თქუა: - იოანე არს სახელი მისი და უკვირდა ესე ყოველთ" (ლუკა 1,63).
მას შემდგომ მეყსულად ამოედგმება ენა და უკვე თავის ვაჟიშვილზე, რომლის მოვლინებაში ერთ დროს ეჭვი ეპარებოდა, ქადაგებს, როგორც უდიდეს წინასწარმეტყველსა და სჯულმდებელზე: არ იხმიოს ღვინოი და თაფლ ფუჭი არა სჭამოს. ქადაგებს ისრაელის მომავალზე და მოიხსენიებს პატრიარქ აბრაამს, თავის ყრმას წინასწარმეტყველს მაღლისა უწოდებს და უფლის შემწეობით აღვსებული სულიწმინდით აწ უკვე ხარობს მასთან ერთად.
* * *
ამასობაში ხალხი ელოდა ზაქარიას და უკვირდათ მისი დაყოვნება, ის კი გამოვიდა, მაგრამ ვერ შეძლო ხმის ამოღება, მხოლოდ ანიშნა მათ, რომ ხილვა ჰქონდა და დამუნჯდა. მისი შინ დაბრუნების შემდეგ ელისაბედი დაფეხმძიმდა.
იოანეს დაბადებამდე სამი თვით ადრე, ასაკოვანი ელისაბედი მოინახულა ნათესავმა, ყოვლადკურთხეულმა მარიამმა, ნაზარეთიდან, სადაც მას მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და აუწყა, რომ იგი შობდა ძეს ღვთისას.
მომავალი დედობითა და საყვარელ მარიამთან შეხვედრით გახარებული ელისაბედი აღივსო სულიწმიდით და მან, პირველმა ადამიანთა შორის, წინასწარმეტყველურად აღიარა ყოვლადწმინდა ქალწული ღვთისმშობლად: - "კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა! და ვინაY ჩემდა ესე, რაYთა მოვიდეს დედაY უფლისა ჩემისა ჩემდა?"
მაშინ მარიამმა დიდი თავმდაბლობით იწინასწარმეტყველა თავისი მომავალი დიდება: "ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი".
მარიამმა ელისაბედთან სამი თვე დაჰყო და შემდეგ შინ დაბრუნდა.
როდესაც ელისაბედისთვის შობის ჟამმა მოაღწია, ნათესავები და მეზობლები მივიდნენ მასთან და გაიხარეს, რომ უფალმა სიბერის ჟამს მისცა მას ძე და ამით განადიდა მისი სახელი. როდესაც ჩვილისათვის სახელის დარქმევის დრო დადგა, ელისაბედმა, კვლავ წინასწარმეტყველების სულით აღვსილმა, წინადადებაზე - დაერქვათ მამის სახელი, - ზაქარია, განაცხადა: "ეწოდოს იოანე".
დამუნჯებულმა ზაქარიამ მოითხოვა ფიცარი და დაწერა: "მისი სახელი იოანეა".
ზაქარიამ მაშინვე ამოიდგა ენა, ხმა ამოიღო, აკურთხებდა ღმერთს და წინასწარმეტყველებდა თავისი შვილის მომავალს.
იოანე ნათლისმცემლის შესახებ სახარება მოკლედ გვიამბობს:
"ხოლო ყრმა იგი აღორძინდებოდა და განმტკიცნებოდა სულითა. და იყო უდაბნოს, ვიდრე გამოცხადებადმდე მისა ისრაელისა მიმართ".
დიმიტრი როსტოველის თვენის საკითხავებში მოთხრობილია, რა სასწაულებრივად გადაურჩა იოანე ნათლისმცემელი მეფე ჰეროდეს დევნას ბეთლემის ყრმათა ამოხოცვის დროს. მეფე ჰეროდემ ზაქარიას ძის, იოანეს მოკვლაც ბრძანა, რადგან მის შესახებ ბევრი საოცარი რამ სმენოდა და მასშიც შეეძლო იუდეველთა მეფე ევარაუდა. მან მკვლელები ზაქარიას სახლში გაგზავნა, მაგრამ ჩვილი იქ არ აღმოჩნდა.
როდესაც მოწყვეტილ ყრმათა გოდება ბეთლემის მახლობელ ქებრონში ელისაბედმა გაიგო, იგი თავის პირმშო იოანესთან ერთად მაღალმთიანეთში გადაიმალა. მღვდელი ზაქარია ამ დროს ტაძარში მღვდელმსახურებას აღასრულებდა.
ელისაბედი თვალცრემლიანი ევედრებოდა ღმერთს, დაეცვა იგი თავის შვილთან ერთად.
როდესაც მდევრები დაეწივნენ, მან მთას შესთხოვა:
"მთაო ღვთისაო, მიიღე დედა პირმშოსთან ერთად".
მთა გაიხსნა, მიიღო დედა-შვილი და მკვლელებისაგან დაიფარა. ისინი ჰეროდესთან ხელცარიელნი დაბრუნდნენ.
მაშინ მეფემ ზაქარიასთან ტაძარში გაგზავნა ხალხი და მოსთხოვა მას გაეცა ძე, იოანე.
- მე ჩემს ღმერთს ვემსახურები და არაფერი ვიცი ჩემი შვილის შესახებ, - განაცხადა ზაქარიამ.
განრისხებულმა ჰეროდემ კვლავ გაგზავნა მეომრები ბრძანებით მისი მოკვლის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ ზაქარია არ გასცემდა ვაჟს.
სასტიკმა წარგზავნილებმა, საბოლოო უარის მიღების შემდეგ, მოკლეს ზაქარია საკურთხეველთან. მისი სისხლი მარმარილოს იატაკზე დაიქცა.
მღვდლებმა იგი წინაპართა გვერდითდაკრძალეს.
იმ ჟამიდან იერუსალიმის ტაძარში არაერთი სასწაული აღსრულდა, რომელნიც ძველი რჯულის წესთა გაუქმებას წინასწარმეტყველებდნენ. მღვდელთ ღვთის ანგელოსნი აღარ ეცხადებოდნენ და აღარც წინასწარმეტყველება და საღვთო წერილის რთულ ადგილთა განმარტება შეეძლოთ ხალხისთვის, როგორც უწინ.
ღვთივდაცული ელისაბედი კი თავის ძესთან ერთად კვლავ მთას აფარებდა თავს. უფლის ნებით, იქ გამოქვაბული წარმოიქმნა და წყარომ ამოხეთქა. გამოქვაბულის თავზე ფინიკის ხე წამოიმართა და როდესაც დედა-შვილს მოშივდებოდა, ხე მათკენ დაიხრებოდა, თავისი ნაყოფით დაანაყრებდა და კვლავ გაიმართებოდა.
ზაქარიას მოკვლიდან ორმოცი დღის შემდეგ წინამორბედის დედა, ელისაბედი, ამ გამოქვაბულშივე მიიცვალა. წმინდა იოანეს ანგელოზები კვებავდნენ ჭაბუკობის ასაკამდე და უდაბნოში იფარავდნენ ისრაელისათვის მისი გამოცხადების ჟამამდე.
ტროპარი: მღუდელობისა სამკაულითა ბრწყინვალედ გარეშერტყმულმან, ჰსჯულისაებრ ყოვლად-დასაწველნი შეწყნარებულნი ღმრთისა მღუდელ შვენიერად შესწირენ ზაქარია, და იქმენ მნათობ და მხილველ საიდუმლოთა, და მოსწავებათა მადლისათა შენ შორის მქონებელად გამოსჩნდი ყოვლად-ბრძენო, და მახვილითა მოიკალ ტაძარსა შინა ღმრთისასა, ქრისტეს წინასწარ-მეტყველო, წინა-მორბედისა თანა მეოხ-გვეყავ ცხოვრებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: დღეს წინასწარმეტყველმან და მღუდელმან უფლისამან, ზაქარია, მშობელმან წინა-მორბედისამან, წინა დაგვიგო ტარიგი წინასაწარ-მეტყველებისა, მორწმუნეთა გამომზრდელი, და სასმელი სიმართლისა ყოველთა გვიწდია, ამის-თვისცა იდიდა ვითარცა საღმრთოჲ მესაიდუმლე ღმრთისა მადლისა.
.............................
აქვე წაიკითხეთ:
პოვნა ნაწილთა ზაქარია წინასწარმეტყველისა, მამისა იოანე ნათლისმცემელისა (451) - 11 (24) თებერვალი
სულხან-საბა ორბელიანი - სწავლა ნათლისმცემლის შობისათვის.
წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობა (I) - 24 ივნისი (7 ივლისი)
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი