ძველი სტილით 24 ივნისს ეკლესია წმინდა იოანე ნათლისმცემელს იხსენიებს.
"იყო კაცი მოვლინებული ღვთისა მიერ და სახელი მისი "იოვანე", - გვაუწყებს სახარება უფლის წინამორბედის, იოანე ნათლისმცემლის შესახებ. იოანე იყო ბოლო წინასწარმეტყველი ისრაელის ერისა. მას უდიდესი მისია ერგო - კაცობრიობა უფალთან შესახვედრად მოემზადებინა, ადამიანთა გულები განემზადებინა მესიის, მხსნელის მისაღებად. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს, როდესაც იოანე ქადაგებდა, კაცთა, მით უფრო ღვთის რჩეული ერის, შვილების გულები უდაბნოდ იყო ქცეული და მისი ხმა იყო "ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა", მან თავისი მისია აღასრულა. იოანეს ქადაგებით არაერთი ადამიანი მივიდა უფალთან, მისი ქადაგებით შეიცნეს ქრისტე. სწორედ იოანეს მოწაფეები იყვნენ ურჩეულესი უფლის მოციქულთა შორის - ანდრია პირველწოდებული და იოანე ღვთისმეტყველი, ვიდრე მაცხოვარს გაჰყვებოდნენ...
მისი სახელი იოანეა
იოანე ნათლისმცემლის შობა სასწაულებით იყო სავსე. მისმა მშობლებმა - მართალმა ზაქარიამ და ელისაბედმა ხანდაზმულობას ისე მიაღწიეს, რომ შვილი არ ეძლეოდათ. ისრაელიანთა შორის უშვილობა ღვთის სასჯელად ითვლებოდა, რადგან ებრაელი ერი მესიას ელოდა. მართალი ელისაბედი და ზაქარია გულმხურვალედ ევედრებოდნენ ღმერთს, მოეხედა მათთვის და უშვილობის ყვედრებისგან დაეხსნა.
მართალი ზაქარია მღვდელმთავარი იყო. ერთხელ, როდესაც იერუსალიმის ტაძარში მსახურებას აღასრულებდა, წმიდათაწმიდაში შევიდა საკმევლად, ხალხი კი გარეთ ლო-ცულობდა, მას მოევლინა ღვთის ანგელოზი. საკურთხევლის მარჯვნივ მდგომარე. ზაქარია შეძრწუნდა და შეშინდა, ანგელოზმა კი უთხრა: "ნუ გეშინია, ზაქარია, შენი ვედრება შესმენილ იქნა. შენი ცოლი ელისაბედი გიშობს ძეს, რომელსაც შენ იოანეს დაარქმევ. ეს ამბავი შენი სიხარული იქნება. მისი შობით მრავალი გაიხარებს. ღვინოს არ დალევს, ბავშვობიდანვე სულიწმიდით აღივსება და ისრაელის მრავალ ძეს მოაქცევს უფლის მიმართ და უწინამძღვრებს მათ ელიას სულითა და ძალით".
დამშვიდებულმა ზაქარიამ ანგელოზს ჰკითხა:
– როგორ დავიჯერო ეს, მეც და ჩემი ცოლიც ხომ მოხუცები ვართ?
ანგელოზმა მიუგო, - "ღმერთის წინაშე მდგომარე გაბრიელი ვარ და მოვედი, რათა გახარო ეს ამბავი. შენ კი რადგან არ ირწმუნე ჩემი სიტყვები, დადუმდები და სიტყვას ვერ დაძრავ იმ დღემდე, სანამ არ აღსრულდება ჩემ მიერ თქმული".
ამასობაში ხალხი ელოდა ზაქარიას და უკვირდათ მისი დაყოვნება, ის კი გამოვიდა, მაგრამ ვერ შეძლო ხმის ამოღება, მხოლოდ ანიშნა მათ, რომ ხილვა ჰქონდა და დამუნჯდა. მისი შინ დაბრუნების შემდეგ ელისაბედი დაფეხმძიმდა.
იოანეს დაბადებამდე სამი თვით ადრე, ასაკოვანი ელისაბედი მოინახულა ნათესავმა, ყოვლადკურთხეულმა მარიამმა, ნაზარეთიდან, სადაც მას მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და აუწყა, რომ იგი შობდა ძეს ღვთისას.
მომავალი დედობითა და საყვარელ მარიამთან შეხვედრით გახარებული ელისაბედი აღივსო სულიწმიდით და მან, პირველმა ადამიანთა შორის, წინასწარმეტყველურად აღიარა ყოვლადწმინდა ქალწული ღვთისმშობლად: "კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაჲ! და ვინაჲ ჩემდა ესე, რაჲთა მოვიდეს დედაჲ უფლისა ჩემისა ჩემდა?"
მაშინ მარიამმა დიდი თავმდაბლობით იწინასწარმეტყველა თავისი მომავალი დიდება: "ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი". მარიამმა ელისაბედთან სამი თვე დაჰყო და შემდეგ შინ დაბრუნდა.
როდესაც ელისაბედისთვის შობის ჟამმა მოაწია, ნათესავები და მეზობლები მივიდნენ მასთან და გაიხარეს, რომ უფალმა სიბერის ჟამს მისცა მას ძე და ამით განადიდა მისი სახელი. როდესაც ჩვილისათვის სახელის დარქმევის დრო დადგა, ელისაბედმა, კვლავ წინასწარმეტყველების სულით აღვსილმა, წინადადებაზე - დაერქვათ მამის სახელი ზაქარია, განაცხადა: "ეწოდოს იოანე".
დამუნჯებულმა ზაქარიამ მოითხოვა ფიცარი და დაწერა: "მისი სახელი იოანეა".
ზაქარიამ მაშინვე ამოიდგა ენა, ხმა ამოიღო, აკურთხებდა ღმერთს და წინასწარმეტყველებდა თავისი შვილის მომავალს.
იოანე ნათლისმცემლის შესახებ სახარება მოკლედ გვიამბობს:
"ხოლო ყრმა იგი აღორძინდებოდა და განმტკიცდებოდა სულითა. და იყო უდაბნოს, ვიდრე გამოცხადებადმდე მისა ისრაელისა მიმართ".
დიმიტრი როსტოველის თვენის საკითხავებში მოთხრობილია, რა სასწაულებრივად გადაურჩა იოანე ნათლისმცემელი მეფე ჰეროდეს დევნას, ბეთლემის ყრმათა ამოხოცვის დროს. მეფე ჰეროდემ ზაქარიას ძის, იოანეს მოკვლაც ბრძანა, რადგან მის შესახებ ბევრი საოცარი რამ სმენოდა და მასშიც შეეძლო იუდეველთა მეფე ევარაუდა. მან მკვლელები ზაქარიას სახლში გაგზავნა, მაგრამ ჩვილი იქ არ აღმოჩნდა. როდესაც მოწყვეტილ ყრმათა გოდება ბეთლემის მახლობელ ქებრონში ელისაბედმა გაიგო, იგი თავის პირმშო იოანესთან ერთად მაღალმთიანეთში გადაიმალა. მღვდელი ზაქარია ამ დროს ტაძარში მღვდელმსახურებას აღასრულებდა. ელისაბედი თვალცრემლიანი ევედრებოდა ღმერთს, დაეცვა იგი თავის შვილთან ერთად. როდესაც მდევრები დაეწივნენ, მან მთას შესთხოვა: "მთაო ღვთისაო, მიიღე დედა პირმშოსთან ერთად". მთა გაიხსნა, მიიღო დედა-შვილი და მკვლელებისაგან დაიფარა. ისინი ჰეროდესთან ხელცარიელნი დაბრუნდნენ. მაშინ მეფემ ზაქარიასთან ტაძარში გაგზავნა ხალხი და მოსთხოვა მას გაეცა ძე, იოანე.
– მე ჩემს ღმერთს ვემსახურები და არაფერი ვიცი ჩემი შვილის შესახებ, განაცხადა ზაქარიამ.
განრისხებულმა ჰეროდემ კვლავ გაგზავნა მეომრები ბრძანებით მისი მოკვლის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ ზაქარია არ გასცემდა ვაჟს.
სასტიკმა წარგზავნილებმა, საბოლოო უარის მიღების შემდეგ, მოკლეს ზაქარია საკურთხეველთან. მისი სისხლი მარმარილოს იატაკზე დაიქცა.
ღვთივდაცული ელისაბედი კი თავის ძესთან ერთად კვლავ მთას აფარებდა თავს. უფლის ნებით, იქ გამოქვაბული წარმოიქმნა და წყარომ ამოხეთქა. გამოქვაბულის თავზე ფინიკის ხე წამოიმართა და როდესაც დედა-შვილს მოშივდებოდა, ხე მათკენ დაიხრებოდა, თავისი ნაყოფით დაანაყრებდა და კვლავ გაიმართებოდა.
ზაქარიას მოკვლიდან ორმოცი დღის შემდეგ წინამორბედის დედა, ელისაბედი, ამ გამოქვაბულშივე მიიცვალა. წმინდა იოანეს ანგელოზები კვებავდნენ ჭაბუკობის ასაკამდე და უდაბნოში იფარავდნენ ისრაელისათვის მისი გამოცხადების ჟამამდე. სახარება გადმოგვცემს, რომ მკალისა და ველური თაფლის გარდა არაფერს იხმევდა. ემოსა აქლემის ბეწვი და წელთ ერტყა ტყავის სარტყელი. მთელი ამ ხნის მანძილზე ის განიწმინდა კაცობრივად. თუ არ ჩავთვლით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, იოანე იყო ზეაღმატებული კაცთა შორის. მას თავად უფალმა უწოდა "უდიდესი ადამიანთა შორის". იოანე უდიდესი იყო თავისი ცხოვრების წესითა და ღვთისმოსაობით...
სინანულის გზით განამზადებდა ადამიანთა გულებს მაცხოვრის მისაღებად
იოანე ნათლისმცემელს კაცობრიობა უფალთან შესახვედრად უნდა მოემზადებინა. როდესაც იოანე 30 წლის შესრულდა, უფლის ნებით, უდაბნოდან გამოვიდა და თავისი მისიის განცხადებულად აღსრულება იორდანეს შემოგარენში სინანულის ქადაგებით დაიწყო. ვინც შეინანებდა და გულით ირწმუნებდა მომავალ მესიას, მდინარე იორდანეში ნათლავდა, ამიტომ მას ეწოდება ნათლისმცემელი. იოანე იქცეოდა ისე, როგორც კაცთაგან ჯერ არავინ მოქცეულა, იგი გამორჩეული იყო თავისი წმინდა ცხოვრებით, იმდენად წმინდად და ღვთივსათნოდ ცხოვრობდა, იმასაც კი ეკითხებოდნენ, - შენ ხომ არა ხარ მესიაო. იოანე კი პასუხობდა, - მე არა ვარ ქრისტე, მე ვარ ხმა მღაღადებელი უდაბნოში, რომელიც მოუწოდებს ყველას განიწმინდოს სული, რათა პირნათელნი შეხვდნენ უფალს. თქვენ შორის დგას, ვისაც არ იცნობთ, ის ჩემს შემდგომ მოდის, მაგრამ უწინარეს ჩემსა იყო. მე მისი თასმის შეხსნის ღირსიც არ ვარ, - ვინც ჩემს შემდგომ მოდის, ის მოგნათლავთ წყლითა და სულიწმიდით, მე კი იმიტომ მოვედი, რომ ის გამოეცხადოს ისრაელს... უფალმა ინება, რომ ჯერ წინამორბედი მოსულიყო და შემდეგ - თვითონ, რათა თუკი ადამიანები იოანეს, უფლის წინამორბედს, მოუსმენდნენ, მასთან მივიდოდნენ, მაგრამ შემდეგ თითოეული ადამიანის თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა ჭეშმარიტებას. "შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაჲ", - ამ სიტყვებით ნათლისმცემელი ადამიანებს სინანულის გზით ამზადებდა მაცხოვრის მისაღებად.
ნაყოფიერი სინანულისთვის ამზადებდა იოანე ნათლისმცემელი ადამიანთა გულებს... "ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქვენ სივლტოლაი მერმისა მისგან რისხვისა?" (მათე 3,7), - მიმართავს იოანე ნათლისმცემელი მასთან ნათლისღებად მიმავალ ხალხს. იოანემ უწყის, რა მდგომარეობაში იმყოფება კაცობრიობა, მით უფრო ისრაელის ერი, სულიერად. მან პირდაპირ დაიწყო ქადაგება: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაი; გამოიღეთ ნაყო¬ფი სინანულისაი. შეიცვალეთ ცხოვრების წესი, განიწმინდეთ გულები, გახდით მოწყალენი... განამზადეთ გზანი უფლისანი... ის არის ხიდი ძველსა და ახალ აღთქმას შორის - კაცობრიობა ძველი აღთქმიდან ახალში გადაჰყავს, სინანული გარეგნულიდან შინაგანში გადააქვს. მოგეხსენებათ, სინანული არის სინდისის ქენჯნა, ნაბიჯი სულის განწმენდისკენ. ეს არის მდგომარეობა, როცა ადამიანს თავისი ჩადენილი საქციელი აწუხებს და ცოდვად მიიჩნევს, როდესაც დანაშაულის შეგრძნება სულს უფორიაქებს, უმძიმებს და მისგან განწმენდა სურს. ის არის გრძნობა, რომელიც ცრემლს დაგაღვრევინებს საკუთარი საქციელის გამო, როცა საკუთარი თავის გრცხვენია და იგივეს განმეორების სურვილი გეკარგება. სინანული, ეს არის შინაგანი სულიერი მდგომარეობა. იოანე ნათლისმცემელი სწორედ სინანულის გზით განამზადებდა ადამიანთა გულებს მაცხოვრის მისაღებად.
მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს, როდესაც იოანე ქადაგებდა, კაცთა, მით უფრო ღვთის რჩეული ერის, შვილების გულები უდაბნოდ იყო ქცეული და მისი ხმა იყო "ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა", მან თავისი მისია აღასრულა. იოანეს ქადაგებით არაერთი ადამიანი სინანულით განიმსჭვალა, მივიდა უფალთან, მისი ქადაგებით შეიცნეს ქრისტე. სწორედ იოანეს მოწაფეები იყვნენ ურჩეულესი უფლის მოციქულთა შორის - ანდრია პირველწოდებული და იოანე ღვთისმეტყველი, ვიდრე მაცხოვარს გაჰყვებოდნენ...
იესოს მონათვლა მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლისგან - იუდეა, ბეთაბარა, მდინარე იორდანე, 27-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ანუ განცხადება წმინდისა სამებისა არის ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაული ქრისტიანულ სამყაროში. სახარების თანახმად, ამ დღეს მაცხოვარი მიბრძანდა მდინარე იორდანესთან და როგორც რიგითმა ადამიანმა, ნათელი იღო მისგან. ნათლისღების დღესასწაულზე და მის წინა დღეს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სრულდება წყალკურთხევა დიდი აიაზმის წესით და ნაკურთხი წყალი ურიგდებათ მორწმუნეებს. ამ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანის მადლი ეძლევა და, ჩვეულებრივი წყლისგან განსხვავებით, არ იხრწნება. ის შეგიძლიათ მთელი წლის განმავლობაში შეინახოთ და განსაცდელისა და ავადმყოფობის დროს მიიღოთ.
როცა მაცხოვარი იოანესთან მივიდა, მან ჰკითხა: "მე მმართებს შენგან მონათვლა და შენ მოდიხარ ჩემთან?" (მათე 3, 14). იესომ კი უპასუხა: "დე, ასე იყოს ახლა, რადგან ჩვენ გვმართებს აღვასრულოთ მთელი სიმართლე". (მათე 3, 15) მაშინ იოანემ წყალში მონათლა იგი. ღვთისგან დაშვებული იყო, რომ უფალს ნათელი ეღო სწორედ იოანე ნათლისმცემლისგან. მაცხოვარს არ სჭირდებოდა განწმენდა როგორც რიგით ადამიანს, რამეთუ ნათლისღება იყო კაცობრიობისათვის ცოდვების განმწმენდელი, წყალი განწმენდდა სხეულს, ხოლო სულიწმიდა კი განწმენდდა ადამიანის გონებას, მაგრამ თავად განწმინდა მაცხოვარმა წყალი.
ერთი მხრივ, იგი დაემორჩილა კანონს, რაც თავადვე დაადგინა და ამავე დროს გვაჩვენა, რომ მას რეალურად აქვს მიღებული ადამიანის სხეული და მასაც, როგორც ადამის ძეს, მოუწევდა ამ წესის შესრულება. მეორე მხრივ, როგორც ღმერთკაცმა განწმინდა წყალი, რამეთუ წყალში დაბუდებუ¬ლი იყო ბოროტი სულები.
ნათელღებული იესო მდინარე იორდანედან ამოვიდა, ცა გაიხსნა და მან იხილა ღვთის სული, მტრედივით გადმომავალი, მასზე რომ ეშვებოდა. გაისმა ხმა ციდან, მეტყველი: "ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე შევიტკბე". (სათნო-ვიყავ). (მათე 3, 17) "შენ ხარ ძე ჩემი საყუარელი, შენ შეგიტკბე". (მარკოზი 1, 11) (ლუკა 3, 22). სწორედ ამ ხილვის გამო ნათლისღებას ეწოდა მეორე სახელი - განცხადება. სრული სახით ღმერთი გამოჩნდა ნათლისღების დროს, ამიტომაც არის ნათლისღება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. წმინდა სამება მანამდე კაცობრიობამ არ იცოდა რა იყო. ამ დღეს კი ნახა - მამა ზეციდან, ძე - წყალში მდგომარე და სულიწმიდა მტრედის სახით გადმოსული.
ნათლისღების შემდეგ იესო ქრისტე ლოცულობდა და მარხულობდა უდაბნოში ორმოც დღეს. ამ დროს ეშმაკი ცდილობდა მის შეცდენას, მაგრამ ქრისტემ სძლია მას. ამის შემდეგ იესო ქრისტემ ხალხში ქადაგება დაიწყო.
ქრისტეს ნათლისღებას ვდღესასწაულობთ ახ.სტ. 19 იანვარს (ძვ.სტ. 6 იანვარს).
აჰა, ტარიგი ღმრთისა
ნათლისღების მეორე დღეს იოანე ნათლისმცემელმა დაინახა მისკენ მომავალი იესო და თქვა: აჰა, ტარიგი ღმრთისა, რომელიც იტვირთავს ქვეყნის ცოდვებს. ეს არის, ვისთვისაც ვთქვი: ჩემ უკან მოდის კაცი, რომელიც ჩემი წინამორბედია, ვინაიდან ჩემზე უწინარეს იყო. მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ რათა მოვლენოდა ისრაელს, სწორედ ამისთვის მო¬ვედი წყლით ნათლის ცემად. მაშინ იმოწმა იოანემ და თქვა:
-ვიხილე სული, მტრედივით გადმომავაღი და დავანებული მასზე. მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ ჩემმა მომავლინებელმა წყლით ნათლის ცემად, მითხრა: ვისზედაც იხილავ სულს გადმომავალს და დავანებულს მასზე, სწორედ იგია სულით წმიდით ნათლისმცემელი. მე ვიხილე და ვიმოწმე, რომ ეს არის ძე ღმრთისა. (მათე 3, 13-17 მარკოზი 1, 9-11. ლუკა 3, 21-22/. იოანე 1, 29-34)
იოანე ნათლისმცემლის ბოლო დამოწმება იესო ქრისტეზე - იუდეა, 27-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
იოანე ნათლავდა ენონში, სალიმის მახლობლად, ვინაიდან ბევრი წყალი იყო იქ, მოდიოდნენ და ინათლებოდნენ. ვინაიდან იოანე ჯერ კიდევ არ იყო საპყრობილეში ჩაგდებული. მაშინ იოანეს მოწაფეებსა და იუდეველებს შორის დავა ჩამოვარდა განწმენდის გამო. მივიდნენ იოანესთან და უთხრეს: "რაბი, (მოძღვარო) ვინც შენთან იყო იორდანეს პირას და ვისთვისაც იმოწმე, აჰა, ნათელს სცემს და ყველანი მასთან მიდიან. მიუგო იოანემ და თქვა: "ვერაფერს მიიღებს კაცი, თუკი ზეცით არ მისცემია. თქვენ თვითონვე დამემოწმებით, რომ ვთქვი: არა ვარ ქრისტე, არამედ - მის წინაშე მოვლინებული. ვისაც სასძლო ჰყავს, სიძეა; ხოლო სიძის მეგობარი, ვინც დგას და ესმის მისი, სიხარულით ხარობს სიძის ხმის გაგონებისას; სწორედ ეს სიხარული აღსრულდა ჩემი. ის უნდა იზარდოს, მე კი დავკნინდე. მაღლით მომავალი ყველაზე უმაღლესია; მიწისმიერი მიწიერია და მიწისას იტყვის, ხოლო ზეცით მომავალი ყველაზე უზენაესია. რაც უხილავს და სმენია, იმასვე მოწმობს, მაგრამ მის მოწმობას არავინ იღებს. ვინც მიიღო მისი მოწმობა, ამით დაბეჭდა, რომ ჭეშმარიტია ღმერთი. რადგან ვინც ღმერთმა მოავლინა, ღმრთის სიტყვებს ამბობს, ვინაიდან ღმერთი ზომით როდი იძლევა სულს. მამას უყვარს ძე და ყველაფერი ხელთ მისცა მას. ვისაც სწამს ძე, აქვს საუკუნო სიცოცხლე, ხოლო ვისაც არა სწამს ძე, ვერ იხილავს სიცოცხლეს, და რისხვა ღმრთისა არ დაუტევებს მას". (იოანე 3, 23-36)
იოანეს შეკითხვა ქრისტეს შესახებ - გალილეა, 28-ე წელი ჩვენი წელთაღრიცხვით
იოანემ მოუხმო თავის ორ მოწაფეს, იესოსთან გაგზავნა და შეუთვალა: შენა ხარ მომავალი, თუ სხვა ვინმეს უნდა ველოდეთ? ისინიც მივიდნენ და უთხრეს მას: იოანე ნათლისმცემელმა შენთან გამოგვგზავნა საკითხავად: შენა ხარ მომავალი, თუ სხვა ვინმეს უნდა ველოდეთ? (იოანემ იცოდა იესოს შესახებ, მაგრამ ეს კითხვა დასვა თავისი მცირედმორწმუნე მოწაფეების გულისთვის, რომელთაც ვერ შეასმინა და ამიტომ იესოსთან გაგზავნა) ხოლო იმ ხანად იესომ მრავალნი განკურნა სნეულებათაგან, სალმობათა და უკეთურ სულთაგან, და მრავალ ბრმას მიჰმადლა ხედვა. მიუგო მათ იესომ: წადით და უთხარით იოანეს, რაც იხილეთ და ისმინეთ: ბრმანი ხედავენ, კოჭლნი დადიან, კეთროვანნი იწმინდებიან და ყრუნი ისმენენ; მკვდარნი აღდგებიან და გლახაკებს ეხარებათ. ნეტარ არს, ვინც არ შემცდარა ჩემში. ხოლო იოანეს მაცნეთა წასვლის შემდეგ, იოანეზე ჩამოუგდო სიტყვა ხალხს: რისთვის დადიოდით უდაბნოში? ქარისაგან რხეული ლერწმის ხილვად? რისთვის დადიოდით? ლბილი სამოსით მოსილი კაცის ხილვად? მაგრამ ლბილი სამოსით მოსილნი და განცხრომით მყოფნი მეფეთა დარბაზებში არიან. რისთვის დადიოდით? წინასწარმეტყველის ხილვად? დიახ, გეტყვით თქვენ, წინასწარმეტყველისა და უფრო მეტისაც, რადგან ეს არის იგი, ვისთვისაც დაიწერა: აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს შენ წინაშე, რომელიც განამზადებს შენს გზას შენსავ წინაშე. რადგანაც ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედისაგან შობილი არც ერთი წინასწარმეტყველი არ აღმატებია იოანეს; ხოლო ღმერთის სასუფეველში უმცირესიც მასზე უმეტესია (აქ იესო თავის თავზე ლაპარაკობს, რადგან მაცხოვარი ასაკითაც და ებრაელთა შორის პატივისცემითაც იოანეზე მცირე იყო. არის მეორე განმარტებაც, რომ იესოს მოწაფეებს იმისთანა წინააღმდეგობები შეხვ¬დებათ, რომ უმცირესი მათგანი იოანეზე მეტ ჯილდოს მიიღებს). ვინაიდან იოანე ნათლისმცემლიდან მოყოლებული დღემდე, ცათა სასუფეველი ძალით იღება, და ძალისმხმეველნი მიიტაცებენ მას. რადგან ყველა წინასწარმეტყველი, და თვით რჯული იოანემდე წინასწარმეტყველებდნენ. და თუ გნებავთ გაიგოთ, ეს არის ელია, რომელიც უნდა მოვიდეს. ვისაც აქვს ყურნი სმენად, ისმინოს! (აქ მინიშნებაა იმაზე, რომ ელია მეორედ გამოჩნდება მესიის გამოჩენამდე, ასევე იოანეც წინ უძღოდა იესოს) მისმა მსმენელმა მთელმა ხალხმა და მებაჟეებმაც ადიდეს ღმერთი, და ნათელიღეს იოანეს ნათლისცემით. ხოლო ფარისევლებმა და რჯულის მოძღვრებმა უარყვეს ღმრთის ნება მათ მიმართ, და ნათელი არ იღეს მისგან. და თქვა უფალმა: ვის შევადარო ამ მოდგმის კაცნი? ან ვის ვამსგავსო ისინი? ვამსგავსებ მათ მოედანზე მსხდომ ბალღებს, ერთმანეთს რომ უყვირიან და ამბობენ: თქვენთვის ვუკრავდით, და არ იცეკვეთ; თქვენთვის ვგოდებდით, და არ იგლოვეთ. ვინაიდან მოვიდა იოანე ნათლისმცემელი: არც პურს ჭამს და არც ღვინოს სვამს: და ამბობთ: ეშმაკი ჰყავსო.. მოვიდა ძე კაცისა: კიდეც ჭამს და კიდეც სვამს; და ამბობთ: აჰა, კაცი მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო;. და გამართლდა სი-ბრძნე მისი შვილებისაგან. (აქ ლაპარაკია, ფარისევლებზე, რომელთა მოსაწონსაც ვერც იოანე და ვერც იესო ვერ აკეთებდნენ. ამის საწინააღმდეგოდ უბრალო ხალხს შესანიშნავად ესმოდა იესოს მოძღვრება). (მათე 11, 2-19 //ლუკა 7, 18-35)
იოანემ მოწამებრივი სიკვდილითაც წინაუსწრო მაცხოვარს
წმინდა იოანე ნათლისმცემელმა არა მხოლოდ შობით, მოწამებრივი სიკვდილითაც წინაუსწრო მაცხოვარს. იოაე ნათლისმცემლის სიკვდილი სამუდამოდ დაუკავშირდა ჰეროდე ანტიპას, ჰეროდეადასა და სალომეას სახელებს. სწორედ მათი ხელით აღესრულა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი.
ჰეროდე ანტიპა იყო ძე ჰეროდესი, დიდად წოდებულისა, რომელმაც ბეთლემში ყრმათა ჟლეტა მოაწყო. მაცხოვარი მასზე მხოლოდ ერთ წინადადებას ამბობს, თუმცა ეს ერთი ფრაზაც ნათელს ჰფენს მის ორგემაგე ბუნებას: "მივედით და არქუთ მელასა მას" (ლუკა 13:32). ჰეროდე ანტიპამ განსაკუთრებით მას შემდეგ გაითქვა სახელი, რაც დაუოკებელ ვნებათა ღელვას აჰყვა და ცოლად შეირთო თავისი ნახევარძმის არისტობულის ქალიშვილი, ავხორცობით განთქმული ჰეროდეადა, რომელიც ერთ-ერთი გახლდათ მაკაბელ¬თა მცირერიცხოვან შთამომავლთაგან - შვილიშვილი ჰერ დიდისა და მარიამნა მაკაბელისა, აგრეთვე შვილიშვილი ჰეროდე დიდის დის სალომეასი და შეიხ კოსტობარისა. ასე რომ, ამ ქალის ძარღვებში მრავალი ბოროტი და პატივმოყვარე წინაპრის სისხლი დიოდა.
ჰეროდეადა გათხოვილი იყო თავის ბიძაზე ჰეროდე ფილიპეზე (ოღონდ ეს ფილიპე მეოთხედმთავარი არ გეგონოთ). ქალი დარწმუნდა, რომ მის პატივმოყვარე ზრახვებს ასრულება არ ეწერა. ჰეროდე დიდმა მისი ქმარი მემკვი¬დრეობის გარეშე დატოვა (არადა, იქამდე მთელ სამეფოს მას უტოვებდა). თანაც ფილიპე უმეტესწილად რომში ცხოვრობდა უპრეტენზიოდ და მშვიდად, ჰეროდეადა კი დედოფლის გვირგვინზე ოცნებობდა (და ეს არც იყო გასაკვირი - მის ძარღვებში ხომ ლეგენდარული მაკაბელების სისხლი ჩქეფდა). ამიტომ ერთხელ, როცა ჰეროდე ანტიპა ძმას ეწვია, ჰეროდეადამ მასთან დანაშაულებრივი კავშირი გააბა და დაითანხმა, ცოლს გაყროდა და იგი შეერთო.
ასეთ ქორწინებას რჯული პირდაპირ კრძალავდა და "უწმინდურად" მიიჩნევდა, ამიტომაც ჰეროდე ანტიპას და ჰეროდეადას შეუღლებამ იუდეველები ძლიერ აღაშფოთა, მაგრამ ავხორცმა და პატივმოყვარე ქალმა ყური არა¬ვის ათხოვა, თავის ქალიშვილთან ერთად ახალი ქმრის სასახლეში გადაბარგდა, მის ბოროტ გენიად და წყევლად იქცა და საბოლოოდ დაღუპა კიდევაც.
ანტიპამ თავისი რეზიდენცია მკვდარი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ციხე-დარბაზ მახერუნში გადაიტანა. იქ ტეტრარქი და მისი "რბილ სამოსელში" გამოწყობილი კარისკაცები ახლოს იყვნენ ენონსა და სხვა ადგილებთან, სადაც ქადაგებდა და ნათელს სცემდა წინამორბედი. იოანე ნათლისმცემელი არაერთგზის მიუწვევიათ სასახლეში (ასეთ ინფორმაციას გვაწვდის იოსებ ფლავიუსი "იუდაურ სიძველეებში", თუმცა მართალია თუ არა ეს, ვერავინ იტყვის). ასე იყო თუ ისე, ანტიპა წინამორბედის ქადაგებებით დაინტერესდა და ერთხანს სიამოვნებითაც კი უსმენდა მას. როგორც სახარება მოგვითხრობს, "ისმინოს მისი და მრავალსა პატივსა უყოფდა და ჯეროვნად ისმენდა მისსა" (მარკ. 6:29), სანამ იოანემ იგი ულმობლად არ ამხელდა და არ უთხრა: "არა ჯერ არს შენდა, ვითარმცა ცოლად გესუა ძმის-ცოლი შენი" (მარკ. 6:17). სავარაუდოდ, სწორედ ჰეროდეადას დაჟინებული მოთხოვნით ჩააგდო ანტიპამ იოანე მახერუნის ჯურღმულში, რომლის ნანგრევები დღესაც შემზარავ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.
ანტიპას გრძნობები იოანე ნათლისმცემლის მიმართ, როგორც ჩანს, არცთუ მტკიცე იყო. სამაგიეროდ, ურყევი გახლდათ მისი თანამეცხედრე, რომელმაც წინამორბედის მოკვდინება განიზრახა. ჰეროდე ანტიპა გულის სიღრმეში აცნობიერებდა, რომ იოანე მართალი და წმინდა კაცი იყო. ესეც არ იყოს, ნათლისმცემელს დიდი გავლენა ჰქონდა ხალხზე და, ჩანს, ანტიპას ეშინოდა, მის სიკვდილით დასჯას აჯანყება არ მოჰყოლოდა: "არამედ ეშინოდა ერისა მის, რამეთუ ვითარცა წინასწარმეტყველი, ეპყრა მათ იგი" (მათე 14:5). ამიტომაც ორჭოფობდა - არ იცოდა, რა ექნა და ერთხანს, როგორც შეეძლო, იცავდა წინასწარმეტყველს გააფთრებული ცოლისგან. ცხადია, ერჩივნა კიდევაც, საპყრობილეში ჰყოლოდა გამომწყვდეული - იქიდან წინამორბედი ვერაფერს ავნებდა მას, თანაც მახერუნიც აუღებელ ციხესიმა¬გრედ მიაჩნდა.
მაგრამ ჰეროდეადას სულ სხვა რამ ჰქონდა განზრახული. თავისი მზაკვრული ჩანაფიქრი მან ერთ-ერთ იმ თავაშვებულ ნადიმზე აღასრულა, რომლითაც ასე იყო განთქმული ჰეროდეების გვარი.
ჰეროდე ანტიპა ტახტზე ასვლისა თუ დაბადების დღეს ზეიმობდა. ეს დღესასწაული, ლოგიკის თანახმად, დედაქალაქ ტიბერიადაში უფრო უნდა გამართულიყო, ვიდრე მახერუნში; მახარებლები ამაზე არაფერს ამბობენ, მაგრამ იოსებ ფლავიუსის მიხედვით, იოანე ნათლისმცემელს სწორედ მახერუნში მოჰკვეთეს თავი. თუ როგორ მოხდა ეს, ყველამ იცის - ღრეობა, სადაც სალომეას ცეკვის სანაცვლოდ ნებისმიერი სურვილის ასრულება აღუთქვეს, საპყრობილეში ჯალათის წარგზავნითა და იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთით დასრულდა.
ამ დღიდან ჰეროდე ანტიპას ცხოვრებიდან სამუდამოდ გაქრა სიხარული. გვირგვინოსანს შიში და სინდისის ქენჯნა მოსვენებას არ აძლევდა. სწორედ ამიტომ იყო, რომ როდესაც მან იესო ქრისტეს მოღვაწეობის შესახებ შეიტყო, თქვა: ეს არისო იოანე ნათლისმცემელი, რომელსაც მე თავი მოვკვეთე; "იგი აღდგომილ არს მკვდრეთით და მისთვის იქმნებიან ძალნი ესე მის თანა" (მათე 14:2).
ამ ამბიდან ძალიან მალე, იესო ქრისტეს უკანასკნელ პასექზე, ანტიპას კიდევ ერთხელ მიეცა ბრწყინვალე შესაძლებლობა, გაეკეთებინა უდიდესი სიკეთე, შესაძლებლობა, რომლის მსგავსი არც ერთ მოკვდავს არ მისცემია, პონტოელი პილატეს გარდა - მას შეეძლო, იესო ჯვარცმისგან ეხსნა. მაგრამ მსგავსიც არაფერი ჩაუდენია - საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებსა და ამბიციებს ვერ შეელია. გალი¬ლეის მეოთხედმთავარს ერთი სიტყვით შეეძლო, შეეცვალა კაცობრიობის ისტორია და გამოესყიდა იოანე ნათლისცემლის სისხლი, მაგრამ იგი ასე არ მოიქცა. მესია ჯვარს აცვეს.
ამის შემდეგ ჰეროდეს მეფობა დაღმა დაეშვა. 37 წელს გარდაიცვალა იმპერატორი ტიბერიუსი. მის მემკვიდრეს, გაიუს კალიგულას, კარგი ურთიერთობა ჰქონდა აგრიპასთან, ჰეროდეადას ძმასთან. მან იგი დიადემით - მეფური რეგალიით - დააჯილდოვა და აქცია არა უბრალო მეო¬თხედმთავრად, როგორიც ანტიპა იყო, არამედ ნამდვილ მეფედ ფილიპე მეოთხედმთავრის ტერიტორიაზე (ფილიპე სწორედ იმ დროს გარდაიცვალა). 40 წელს აგრიპა მეფური რეგალიებით პალესტინაში ჩადიოდა. ჰეროდე ანტიპამ და მისმა მეუღლემ თავი ძალზე შეურაცხყოფილად იგრძნეს. მათ სალომეა მოხუცებულ ფილიპეს იმ იმედით მიათხოვეს, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ ტეტრარქია მათ დარჩებოდათ, მაგრამ იმედი გაუცრუვდათ. აგრიპას მოულოდნელმა წარმატებამ, რომელიც მისი ქმრის დიდებას ჩრდილავდა, ჰეროდეადა შურით აავსო.
გამწარებული ცოლ-ქმარი "სამართლიანობის აღსადგენად" რომში გაემგზავრა, მაგრამ არც აგრიპა დაიბნა, იმპერატორთან კაცი გაგზავნა და ანტიპას რომის ღალატი დასწამა. კეისარმა ჰეროდეს ყველა მამული და ტეტრარქია ჩამოართვა და გალიაში, ლიონში გადაასახლა.
ჰეროდეადას, მისდა სასახელოდ უნდა ითქვას, ქმარი არც ძნელბედობის ჟამს მიუტოვებია. როცა კალიგულამ შეიტყო, რომ ანტიპას თანამეცხედრე აგრიპას ღვიძლი და იყო, მაშინვე დაუბრუნა ქონება და პატივიც აღუდგინა, მაგრამ ჰეროდეადამ ფუფუნებაზე უარი თქვა და მეუღლეს გაჰყვა გალიაში.
დიონ კასიუსის ცნობით, კალიგულამ ანტიპა სიკვდილით დასაჯა. საზოგადოდ, ცნობილია, რომ ექსორიაქმნილებს (სამეფოდან გაძევებულებს) იმპერატორი სწორედ ასე უსწორდებოდა, მაგრამ ანტიპას სიკვდილი ბურუსითაა მოცული. იოსებ ფლავიუსი ერთგან ამბობს, რომ ჰეროდე ესპანეთში აღესრულა, მეორეგან კი მისი გარდაცვალების ადგილად ლუგდუნუმეს - გალიაში, ესპანეთის საზღვართან მდებარე პროვინციას (დღევანდელ სენ ბერტრან დე კომინჟს) ასახელებს. ეს ვერსია სიმართლესთან უფრო ახლოს უნდა იდგეს - საეკლესიო გარდამოცემის თანახმადაც, ცოლ-ქმარს სწორედ იქ მიეზღო სამართლიანი საზღაური: ზამთარში, როცა სალომეა გაყინულ სიკორისზე გადადიოდა, ყინული ჩაუტყდა და წყალში ისე ჩავარდა, რომ ყინულმა თავი მოაჭრა... გვამი მდინარეში ჩაიძირა, თავი კი ანტიპასა და ჰეროდეადას მიუტანეს; ხოლო თავად ტეტრარქი და მისი ცოლი, გადმოცემით, ცოცხლად შთანთქა მიწამ.
.....................
შობა პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა და ნათლისმცემლისა, იოანესი
ტროპარი
წინასწარმეტყუელო და წინამორბედო ქრისტეს მოსვლისაო, ღირსად ქებად შენდა ვერ შემძლებელთ ვართ ჩუენ, რომელნი სურვილით პატივს გცემთ შენ, რამეთუ ბერწობაი დედისა და უტყვებაი მამისა დაიხსნა დიდებულითა და პატიოსნითა შობითა შენითა, და განხორციელებაი სიტყვისა ღმრთისა სოფელსა ექადაგა.
კონდაკი
ბერწი შობს დღეს ქრისტეს წინამორბედსა და იგი არს სავსება ყოვლისა წინასწარმეტყუელთა პირველვე ქადაგეს, ამან იორდანესა შინა ნათელ-სცა, გამოსჩნდა ღმრთისა სიტყვისა წინასწარმეტყუელად, ქადაგად და წინამორბედად.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი