წმინდა მოწამე ელისაბედი ჰესენ-დერმშტადტის ჰერცოგ ლუდვიგ IV-ისა და პრინცესა ალისას (ინგლისის დედოფალ ვიქტორიას ქალიშვილის) მეორე შვილი გახლდათ.
ბავშვები ძველინგლისური ტრადიციებით იზრდებოდნენ, მათი ყოველდღიურობა დედის მიერ დადგენილი წესის მიხედვით წარიმართებოდა, სამოსი და საკვები - ძალზე უბრალო გახლდათ, უფროსი ქალიშვილები სახლზეც თავად ზრუნავდნენ და საკუთარ თავზეც - ოთახს ალაგებდნენ, თავად ანთებდნენ ღუმელს, სამოსის სისუფთავეზეც თავად ირჯებოდნენ. მოგვიანებით წმინდა ელისაბედი იგონებდა, რომ შინ ყველაფერი ასწავლეს.
დედამ შვიდი შვილიდან ყოველი მათგანის ტალანტი, მისწრაფება და სურვილი იცოდა და ცდილობდა, ზნეობრივად და ღვთის მცნებათა შესაბამისად აღეზარდა.
წმინდა ელისაბედის მშობლებმა ქონების დიდი ნაწილი ქველმოქმედებას მოახმარეს, დედა პატარებთან ერთად ხშირად აკითხავდა ჰოსპიტლებს, სასნეულოებსა და ბავშვთა თუ ინვალითა თავშესაფრებს.
ნეტარს ბავშვობიდანვე ძალზე ჰყვარებია ბუნება და განსაკუთრებულად - ყვავილები, რომელთაც გატაცებით ხატავდა... მას ამის დიდი ნიჭი ჰქონია და ფერწერას საკმაოდ დიდ დროს უთმობდა, ძალზე ჰყვარებია კლასიკური მუსიკაც...
იმათ, ვისაც ნეტარის ბავშვობა ახსოვდა, განსაკუთრებულად აღნიშნავდა მის ღრმა რელიგიურობას და მოყვასისადმი დიდ სიყვარულს.
1873 წელს დედის თვალწინ დაიღუპა სამი წლის ფრიდრიხი... ელისაბედმა შინ ხელში აყვანილი შეიყვანა გარდაცვლილი ძმა...
1876 წელს დარმშტადტს დიფტერიის ეპიდემია მოედო, გარდა ელისაბედისა, ოჯახში ყველა ბავშვი დასნეულდა... დედა ღამეებს უთევდა ავადმყოფ შვილებს.. მალე ოთხი წლის მარიამი გარდაიცვალა, შემდეგ - თავად დედაც, 35 წლის ალისა... ელისაბედის ბავშვობა თითქოს იმ დღეს დასრულდა... გლოვამ მას სხვაგვარი ლოცვა ასწავლა და მიხვდა, რომ ცხოვრება - ჯვარსახოვანი გზაა... ბავშვი მთელი ძალით ცდილობდა, მამისთვის გლოვა შეემსუბუქებინა, გაემხნევებინა, უმცროსი და-ძმისათვის კი - დედობა გაეწია...
* * *
ოცი წლის ელისაბედი რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის ძეზე, სერგიზე დაინიშნა. მომავალი მეუღლე ბავშვობაში გაიცნო, როდესაც დიდი მთავარი სერგი გერმანიაში დედითურთ ჩადიოდა ხოლმე. ამ დრომდე მისი გულის მოგება ვერავინ შეძლო.
ცნობილია, რომ ყმაწვილქალობისას ქალწულების აღთქმა დაედო... საქმროსთან გულახდილი საუბრის შემდგომ აღმოჩნდა, რომ სერგისაც ქალწულების აღთქმა ჰქონდა დადებული, ამიტომ ურთიერთშეთანხმებით მათი ქორწინება ოდენ სულიერი იყო და როგორც და-ძმა, ისე ცხოვრობდნენ.
პრინცესას ქორწილში თან მთელი ოჯახი ახლდა, რუსეთში ჩამობრძანდა მისი თორმეტი წლის და, ალისაც, რომელიც იქ მომავალ მეუღლეს, უფლისწულ ნიკოლოზ ალექსანდრეს ძეს (მომავალ იმპერატორ ნიკოლოზ მეორეს) შეხვდა.
ჯვრისწერა რუსეთის იმდროინდელ დედაქალაქში აღსრულდა, პატარძალი დიდი მონდომებით შეუდგა რუსული ენის და თავისი ახალი სამშობლოს კულტურის, ყოფის, წეს-ჩვეულებების შესწავლას და განსაკუთრებით რელიგიით დაინტერესდა...
უცილობლად უნდა ითქვას, რომ ჰერცოგის ასული ელისაბედი უჩვეულო სილამაზის პატრონი გახლდათ. საიმდროოდ ხმა დადიოდა, - ევროპას მხოლოდ ორი მზეთუნახავი ჰყავს და ორივე ელისაბედი - ელისაბედ ავსტრიელი, იმპერატორ ფრანც იოზეფის თანამეცხედრე და ელისაბედ თეოდორეს ასულიო...
წლის უმეტეს დროს ნეტარი მეუღლესთან ერთად მოსკოვიდან 60 კილომეტრის მოშორებით მდებარე ილინსკის მამულში ატარებდა, მდინარე მოსკოვის ნაპირას. მას უყვარდა ეს ქალაქი თავისი პატრიარქალური ყოფით, ძველი ტაძრებით და მონასტრებით. სერგი ალექსანდრეს ძე ღრმად რელიგიური ადამიანი გახლდათ, საეკლესიო კანონთა მკაცრად დამცველი, მმარხველი, ხშირად მოილოცავდა მონასტრებს და მეუღლესაც მუდამ თან იახლებდა... ელისაბედი იქ უჩვეულო, საოცარ სიმშვიდეს გრძნობდა, ისეთს, პროტესტანტულ სალოცავებში რომ არასოდეს განუცდია... ხედავდა, თუ რა სიხარული აღავსებდა მეუღლეს წმინდა ძღვენთან ზიარების შემდგომ და თავადაც სწყუროდა ამ სიწმინდის მიღება. მალე მეუღლეს სთხოვა, სასულიერო ლიტერატურა და მართლმადიდებლური კატეხიზმო მოეტანა, რომ გულითაც და გონებითაც ჩასწვდომოდა, თუ სად იყო ჭეშმარიტება.
* * *
1888 წელს იმპერატორმა ალექსანდრემ შვილს, სერგის, დაავალა, გეთსიმანიაში წმინდა მარიამ მაგდალინელის სახელობის ტაძრის კურთხევისას მისი წარმომადგენელი ყოფილიყო. თავადი სერგი წმინდა მიწაზე ჯერ კიდევ 1881 წელს, პალესტინის მართლმადიდებლური საზოგადოების დაფუძნებისას ბრძანდებოდა.
წმინდა მიწის მოლოცვის შესაძლებლობა ელისაბედმა უფლის ნებად მიიღო და ევედრა, მისი საფლავის მოლოცვისას განეცხადებინა ნება თვისი.
დიდი თავადი სერგი მეუღლითურთ წმინდა მიწას 1888 წელს ეწვია. მარიამ მაგდალინელის სახელობის ტაძარი გეთსიმანიაში, ელეონის მთის ძირას აიგო... ეს ულამაზესი, ხუთგუმბათიანი და მოოქრულსახურავიანი ტაძარი დღესაც ამშვენებს იქაურობას. არსებობს გადმოცემა, რომ ამ სილამაზის მხილველ ელისაბედს დასცდა: - როგორ მინდა, ამ მიწაზე დავიმარხოო... რა იცოდა, რომ მის ამ წინასწარმე¬ტყველურ სიტყვას აღსრულება ეწერა...
ნეტარმა ამ ვიზიტისას მოილოცა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთის სიწმინდენი, სმირნა, ეფესო, ბეირუთი, ბალბააქი, დამასკო, ხაიფა, ნაზარეთი, გალილეის კანა და თაბორი, ინახულა პალესტინის მართლმადიდებელი საზოგადოების მიერ დაარსებული პირველი სკოლები და სასნეულოები... თვითმხილველთა მოწმობით, ნეტარი განსაკუთრებულად უფლის საფლავის ხილვამ შეძრა...
ამ ვიზიტისას თან ხლებია მართლმადიდებელი არაბი ისტორიკოსი და ღვთისმეტყველი, არქიმანდრიტი გერასიმე (იარედა). წმინდა მიწამ უდიდესი გავლენა იქონია მის სულზე და საბოლოოდ გადააწყვეტინა მართლმადიდებლურად ნათელღება, თუმცა, შიშობდა, ამით ახლობლები, განსაკუთრებით კი - მამა არ გაენაწყენებინა, თავისი გადაწყვეტილების შესახებ მას 1891 წლის 1-ლ იანვარს წერილობით ამცნო: "ახლა კი, ძვირფასო მამა, რაღაც უნდა გითხრათ და გევედრებით, დამლოცოთ. ალბათ, შეამჩნევდით, თუ რა ღრმა ნეტარებას მანიჭებს აქაური რელიგია... გამუდმებით ვფიქრობდი, ვკითხულობდი და ვლოცულობდი, უფალს სწორი გზა ეჩვენებინა და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ სწორედ ამ რელიგიაში ძალმიძს ნამდვილი და ძალმოსილი რწმენის მოძიება... ისეთი ყოფა, როგორშიც ვიმყოფები, ცოდვაა - გარეგნულად ერთ რელიგიას ვეკუთვნი, შინაგანად კი ჩემი მეუღლის რწმენას ვიზიარებ... ამ უკანასკნელს ჩემი გადაბირება ერთხელაც კი არ უცდია, ოდენ ჩემს სინდისს მიანდო ყოველი და ვერ წარმოიდგენთ, ამით რაოდენი სიკეთე მომაგო...
გამოგიტყდებით, ამას აქამდეც გავაკეთებდი, მაგრამ იმის შიში მტანჯავს, ვაითუ ტკივილი მოგაყენოთ. მაგრამ ხომ გამიგებთ, საყვარელო მამა?! თქვენ, რომელიც მშვენივრად მიცნობთ და უნდა ხედავდეთ, თუ რაოდენ ღრმა რწმენამ მაიძულა ამ ნაბიჯის გადადგმა...
რაოდენ ყალბი და ფარისევლური იქნებოდა ამ მდგომარეობაში დარჩენა, ან როგორ მოვატყუო ყველა, თითქოს კვლავინდებურად პროტესტანტი ვარ, როდესაც სულით აქაურ რელიგიას ვეკუთვნი... აქ ცხოვრების 6 წლის მანძილზე ძალზე ღრმად ვფიქრობდი ყველაფერზე...
რომ იცოდეთ, როგორ მინდა, აღდდგომას მეუღლესთან ერთად ვეზიარო... არ გამოვრიცხავ, ეს ყოველივე თქვენთვის მოულოდნელი აღმოჩნდეს, მაგრამ ამაზე იმდენ ხანს ვიფიქრე…და ამჟამად ამის გადადება აღარ ძალმიძს... ამის ნებას სინდისი არ მაძლევს...
გთხოვთ, ამ ბარათის მიღებისთანავე შეუნდოთ თქვენს ქალიშვილს, თუ მან ტკივილი მოგაყენათ...
გთხოვთ, ოდეს წერილს მიიღებთ, მხოლოდ ერთი სტრიქონი გამომიგზავნოთ. უფალმა დაგლოცოთ! ეს იმხელა ნუგეში იქნება ჩემთვის... ვიცი, ვერავინ გამიგებს... მხოლოდ მცირე, ალერსიან ბარათს გთხოვთ!"
მამას ქალიშვილისთვის სასურველი სიტყვები არ მიუწერია, მხოლოდ ამცნო, - შენმა გადაწყვეტილებამ ტკივილი და ტანჯვა მომიტანაო, მაგრამ ელისაბედს აზრი აღარ შეუცვლია.
ამავე წლის 13 (25) აპრილს, ლაზარეს შაბათს იმავე სახელით მოინათლა, მხოლოდ წმინდა იოანე ნათლისმცემლის დედის პატივსაცემად, ნათლობის შემდგომ კი მეუღლემ მაცხოვრის ძვირფასი, ხელთუქმნელი ხატი უსახსოვრა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ეთაყვანებოდა.
* * *
1891 წლის 5 მაისს იმპერატორმა ალექსანდრე მესამემ დიდი მთავარი სერგი მოსკოვის გენერალ-გუბერნატორად დანიშნა. მეუღლეები საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდნენ, თავიდან ალექსანდრეს სასახლეში დაბინავდნენ, შემდეგ კი - გენერალ-გუბერნატორის სახლში ტვერის ქუჩაზე...
იქ ცხოვრებისას ელისაბედი რეგულარულად ესწრებოდა ღვთისმსახურებას და რუსულის სრულყოფილად შესწავლას განაგრძობდა, ყოველგვარად ცდილობდა, სოფლის ბავშვებს დახმარებოდა და მათთვის ილინსკში სკოლაც გახსნა...
როგორც მისი თანამედროვენი იგონებენ, არაჩვეულებრივ, მაღალმხატვრულ ტილოებს ქმნიდა და საქველმოქმედო ღონისძიებებზე გზავნიდა...
მოსკოველებმა მალე დააფასეს ელისაბედის დიდი გულმოწყალება, იგი ხშირად აკითხავდა ღატაკთა საავადმყოფოებსა და თავშესაფრებს, უპატრონო ბავშვთა სახლებს თუ მოხუცთა სამზრუნველოებს და ყოველგვარად ცდილობდა მათი მდგომარეობის შემსუბუქებას.
მამის გარდაცვალების შემდეგ მეუღლესთან ერთად მოინახულა იაროსლავი, როსტოვი, უგლიჩი და იქაური ტაძრები მოილოცა.
1894 წელს, არაერთი წინააღმდეგობის შემდგომ, გადაწყდა პრინცესა ალისასა და რუსეთის ტახტის მემკვიდრის, ნიკოლოზ ალექსანდრეს ძის ქორწინება. ელისაბედი ძალზე ხარობდა, რომ, ბოლოს და ბოლოს, შეყვარებულები შეერთდებოდნენ და ალისაც მის სათაყვანებელ რუსეთში იცხოვრებდა. პრინცესა ალისას იმ დროისათვის 22 წელი შეუსრულდა და უფროსი და იმედოვნებდა, რომ ისიც მასავით შეიყვარებდა იქაურობას, ენას სრულყოფილად დაეუფლებოდა და იმპერატორის ღირსეულ თანამეცხედრედ იქცეოდა.
თუმცა, ყველაფერი ისე როდი აეწყო, როგორც ნეტარს წარმოედგინა - როდესაც ტახტის მემკვიდრის საცოლე რუსეთში ჩამობრძანდა, ალექსანდრე III უკვე სასიკვდილო სარეცელზე იწვა, 1894 წლის 20 ოქტომბერს იგი მიიცვალა, მომდევნო დღეს პრინცესა ალისა ალექსანდრას სახელით მართლმადიდებლურად მოინათლა, ჯვრისწერა კი დაკრძალვიდან ერთ კვირაში გაიმართა, ხოლო მეფედ კურთხევა - 1896 წლის გაზაფხულზე.
მათი ქორწინება კიდევ ერთმა დიდმა უბედურებამ დაჩრდილა: - ხოდინის ველზე, სადაც ხალხს ამ დღის აღსანიშნავად საჩუქრებს ურიგებდნენ, ათასობით ადამიანი დაიჭრა, დაშავდა და დაიღუპა...
ასე დაიწყო ეს ტრაგიკული მეფობა პანაშვიდების, დამკრძალავი პროცესიებისა და მასობრივი უბედურებების თანხლებით...
1903 წლის ივლისში მოხდა წმინდა სერაფიმე საროველის კანონიზაცია. საროვოში მთელი სამეფო ოჯახი ჩამობრძანდა. დედოფალმა წმინდა სერაფიმეს ვაჟიშვილი შესთხოვა, ხოლო როდესაც ტახტის მემკვიდრე გაჩნდა, სამეფო ოჯახის ძალისხმევით ცარსკოე სელოს ტაძრის ქვედა ნაწილი სწორედ ამ დიდი წმინდანის სახელზე იკურთხა.
საროვოში ელისაბედ თეოდორეს ასული მეუღლითურთ ბრძანდებოდა. აი, რას წერს იქიდან გამოგზავნილ წერილში: "რა უძლურებანი და სნეულებანი აღარ ვიხილეთ საროვოში, მაგრამ იმგვარი რწმენის მოწმენიც გავხდით, როგორიც მხსნელის მიწიერი ცხოვრების ჟამს გააჩნდათ ადამიანებს... რომ გენახათ, როგორ მოთქვამდნენ და ლოცულობდნენ ამ სნეულ ბავშვთა საბრალო დედები და მადლობა უფალს, ბევრი განიკურნა... უფალმა ღირსმყო, მეხილა, თუ როგორ ალაპარაკდა დაბადებიდან მუნჯი გოგონა და ისიც, თუ რაოდენი რწმენით ლოცულობდა დედამისი".
საქველმოქმედო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა
ზემოთ არაერთგზის ვახსენეთ მისი დიდი გულმოწყალება, მაგრამ, ვგონებთ, მის საქველმოქმედო და საზოგადოებრივ საქმიანობაზე უფრო ვრცლად უნდა ვისაუბროთ...
მისი უდიდებულესობა გახლდათ პეტროვსკის საქველმოქმედო საზოგადოების თავმჯდომარე პეტერბურგში, რომელიც უძლურ და უპოვარ ბავშვებს გამოჯანმრთელებაში ეხმარებოდა, ამასთან, ხელმძღვანელობდა ცარსკოე სელოს საქველმოქმედო საზოგადოებას და რუსული წითელი ჯვრის ორგანიზაციის პეტერბურგის ქალთა კომიტეტსაც.
1896 წელს პეტერბურგშივე დააფუძნა მოწყალების დათა საზოგადოება, რომელსაც მოსკოვიდან მეთვალყურეობდა.
იგი ჩერნიგოვის 51-ე დრაგუნთა პოლკის შეფი გახლდათ, მონაწილეობდა საქველმოქმედო ბაზრებში, მოსკოვის ყვავილთა დღესასწაულთა მოწყობაში (რომელთაგან პირველი 1901 წლის 1-ლ მაისს გაიხსნა)...
ამ ღონისძიებათაგან შემოსული სახსრები მთლიანად ქველმოქმედებას ხმარდებოდა.
წმინდანი იმ საზოგადოებასაც ჩაუდგა სათავეში, რომელიც 1908 წელს წყალდიდობით დაზარალებულთა დასახმარებლად შეიქმნა.
მისი ძალისხმევით განვითარდა სამუზეუმო, თეატრალური და სამხატვრო საზოდადოებანი, ნეტარი მეათე არქეოლოგიური ყრილობის მომზადებაში და მოსკოვის კრემლის ტერიტორიაზე არქეოლოგიურ სამუშაოთა ორგანიზებაშიც მონაწილეობდა.
შეიძინა და ისტორიულ მუზეუმს გადასცა ძველი მონეტები, ჯვრები, ხატები, ძველებური იარაღი და სხვა ექსპონატები, ძალზე ჰყვარებია საეკლესიო გალობა და განსაკუთრებულად აფასებდა სინოდის გუნდს, ზრუნავდა მუზეუმთა განვითარებისათვის, მრავალი წლის მანძილზე მეურვეობდა ფილარმონიულ საზოგადოებას, მისივე ინიციატივით შეიქმნა თავშესაფარი თეატრის მოხუც მოღვაწეთა და მსახიობთათვის, შეეწეოდა სტროგანოვისა და სინოდის სასწავლებლებს, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საზოგადოების მოწყალების დათა კურსებს...
1904 წლის 18 იანვარს მისივე თანადგომით გაიხსნა და იკურთხა შელაპუტინსკის სახელოსნო-სასწავლებელი, უპატრონო და ობოლ ბავშვთა თავშესაფრები, რომლებიც, ყველა სიკეთესთან ერთად, იქ პროფესიასაც ეუფლებოდნენ. ხსენებულმა საზოგადოებამ 25-წლიანი არსებობის განმავლობაში ათობით ასეთი თავშესაფარი შექმნა, რომელთა მეოხებითაც 9 ათასზე მეტი ბავშვი გადარჩა...
20-წლიანი არსებობის მანძილზე ე. წ. ელისაბედის საზოგადოებამ უპატრონო და ობოლი ბავშვებისათვის 36 დაწესებულება დააარსა, მისივე თაოსნობით, მათ, ვინც ამ საქმეში თავს განსაკუთრებულად გამოიჩენდა, ხსენებული საზოგადოების სახელით სხვადასხვა ხარისხის სამკერდე ნიშნით აჯილდოებდა...
მისი უდიდებულესობა ქალთა ციხის კომიტეტის თავმჯო¬მარეც გახლდათ და პატიმართა შვილებს მეურვეობდა, თავად სასჯელმოხდილთ შვილების რჩენა რომ შეძლებოდათ, სამკერვალო სახელოსნოები გახსნა და თავშესაფარიც მოუწყო...
* * *
რუსეთ-იაპონიის ომისას ელისაბედი დაუყოვნებლივ შეუდგა ფრონტისათვის დახმარების ორგანიზებას. უსასყიდლოდ შეეწეოდა დაჭრილებს და ომიდან დაბრუნებულთ... მისი თაოსნობით რუსეთის გუბერნიებში საიმდროოდ 807 ლაზარეთი ფუნქციონირებდა, სადაც 25 535 დაბალი რანგის სამხედრომ და 1350 ოფიცერმა მიიღო დროული სამედიცინო დახმარება...
ნეტარი მთლიანად მიეცა ამ საქმეს და ცდილობდა, ყოველნაირად შეწეოდა ჯარისკაცებს...
მისი თაოსნობით კრემლის დარბაზებში სახელოსნოები მოეწყო, სადაც ათასობით ქალი კერავდა ჯარისკაცთა სამოსს. მოსკოვიდან და პროვინციებიდან აქ უზარმაზარი შემოწირულობა მოედინებოდა, ხოლო ფრონტზე აქედან სამოსი, მედიკამენტები, აღჭურვილობა თუ საჩუქრების ფუთები იგზავნებოდა. ნეტარმა ისიც მოახერხა, იქ მოძრავი ეკლესიები გაეგზავნა ღვთისმსახურებისათვის ყველა საჭირო ატრიბუტითურთ და საკუთარი სახარება, ხატები და ლოცვანიც უსახსოვრა. მისი თანამედროვენი იგონებენ, რომ "ეს მთელი სამინისტრო გახლდათ 12 განყოფილებით, რომელთაგან თითოეულს თავისი ფუნქცია ჰქონდა".
ხსენებული "სამინისტროს" წყალობით არსებობდა 9 "მფრინავი" სანიტარიული რაზმი, მარაგდებოდა "მცურავი" ლაზარეთები და ინფექციურ დაავადებებთან მებრძოლი რაზმებიც და ასე შემდეგ...
პირადი სახსრებით შექმნა რამდენიმე სანიტარიული მატარებელი, მოსკოვში - ჰოსპიტალი დაჭრილთათვის, ომში დაღუპულთა ქვრივებისა და ობლების შეწევნისათვის კი - სპეციალური კომიტეტი.
თუმცა, ხსენებულმა ომმა არმიის არასაკმარისი მზაობა და სახელმწიფო მართვის არასრულყოფილებაც გამოამზეურა... ცხადი შეიქნა, რომ საზოგადოებრივი წესრიგი შლას იწყებდა, რევოლუცია კარს იყო მომდგარი...
თავადი სერგი თვლიდა, რომ მეამბოხეთა წინააღმდეგ მკაცრი ღონისძიებების გატარება იყო საჭირო, რის შესახებაც იმპერატორსაც მოახსენა და უბრძანა, - არსებულ ვითარებაში მოსკოვის გენერალ-გუბერნატორობა აღარ შემიძლიაო.
როგორც კი თანხმობა მიიღო, მოსკოვი მეუღლითურთ მაშინვე დატოვა.
საიმდროოდ ესერთა სამხედრო ორგანიზაციამ მისი ამგვარი პოზიციის გამო დიდ მთავარს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. მათი ყველგან მოფუთფუთე აგენტები ყოფილი გუბერნატორის მოსაკვდინებლად შესაფერის დროს ელოდნენ. ელისაბედს ანონიმური ავტორები ატყობინებდნენ, მეუღლის თანხლებით არსად გამოჩენილყო, თუ მისი ხვედრის გაზიარება არ სურდა, მაგრამ იგი ქმარს გვერდიდან აღარ მოსცილებია, თუმცა, მკვლელებმა თავისი მაინც გაიტანეს და 1905 წელს, 5 (18) თებერვალს იგი ნაღმის აფეთქებით გამოასალმეს სიცოცხლეს.
მკვლელობის ადგილას ნეტარის მისვლამდე ხალხი უკვე შეგროვილიყო, მავანნი საშუალებას არ აძლევდნენ, გარდაცვლილს მიახლოვებოდა, მაგრამ მან საკუთარი ხელით მოკრიბა ნაფლეთებად ქცეული მეუღლის ნაწილები...
პირველი პანაშვიდის შემდგომ ელისაბედი სასახლეს დაუბრუნდა, შავი, სამგლოვიარო კაბით შეიმოსა და გადაწყვიტა, ტერორისტთაგან მოსალოდნელი საშიშროების თაობაზე ყველა გაეფრთხილებინა, ვინც მეუღლის დაკრძალვაზე მისვლას აპირებდა. უპირველესად, საიმპერატორო ოჯახს მისწერა, დაკრძალვას არ დასწრებოდნენ, რომ ეს მათზე თავდასხმის მიზეზად არ ქცეულიყო... გამუდმებით კითხულობდა მეუღლის მძიმედ დაჭრილი მეეტლის ამბავს და როდესაც მისი უნუგეშო მდგომარეობის შესახებ აცნობეს, ძაძა განიმოსა, კვლავ იმდღევანდელი, ცისფერი კაბა ჩაიცვა, ავადმყოფს მიაკითხა და ღიმილით უთხრა: - მეუღლემ თქვენს მოსანახულებლად გამომგზავნაო...
იმით გულდამშვიდებულმა მეეტლემ, რომ პატრონი სიკვდილს გადაურჩა, იმავე ღამეს მშვიდობით მიაბარა სული უფალს.
ქმრის გარდაცვალებიდან მესამე დღეს ელისაბედმა მკვლელს საპყრობილეში მიაკითხა... ამ უკანასკნელმა უთხრა: - მე თქვენი მოკვდინება არ მინდოდა, დიდი მთავარი რამდენჯერმე ვნახე, ხელში გახსნილი იარაღი მეჭირა, მაგრამ გვერდით მისდევდით და ვერ გავბედეო...
- თუმცა, ვერც წარმოიდგენდით, რომ მასთან ერთად მეც მომიღეთ ბოლო, - მიუგო ქვრივმა და აუწყა, რომ გარდაცვლილის სახელით დანაშაული შეუნდო და სთხოვა, შეენანა, რაზეც უარი მიიღო, მაგრამ სასწაულის იმედით მაინც დაუტოვა სახარება და მცირე ზომის ხატი...
ციხიდან რომ გამოდიოდა, დანანებით აღმოხდა: - ჩემი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, მაგრამ ვინ უწყის?! ეგებ სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში საკუთარი ცოდვა გააცნობიეროს და შეინანოსო. იმპერატორ ნიკოლოზ მეორეს კი სთხოვა, მკვლელი შეეწყალებინა.
მისი უდიდებულესობის, სერგის დაკრძალვას სამეფო ოჯახიდან მხოლოდ ორი წევრი დაესწრო, იგი მცირე მონასტერში დაკრძალეს და მისი სულის საოხად 40-დღიანი წირვა დააყენეს. ელისაბედი ყოველ მსახურებას ესწრებოდა, იქაურობას ღამღამობითაც აკითხავდა და ლოცვას აგრძელებდა. ამ მონასტრის წიაღში განისვენებდა მოსკოვის მიტროპოლიტი, წმინდა ალექსი, რომლის შეწევნასაც ძალუმად გრძნობდა. მეუფე ალექსის წმინდანაწილებიანი ჯვარი მუდამ თან ჰქონდა და ამბობდა, რომ სწორედ ამ წმინდანმა გააღვივა მის გულში ღვთისთვის ცხოვრების სურვილი.
დეკაბრისტთა აჯანყებისას (1905 წელს) ნეტარი წერდა: რევოლუცია რამდენიმე დღეში როდი დასრულდება... მდგომარეობა გაუარესდება და ქრონიკულ ხასიათს მიიღებსო... და ასეც მოხდა...
* * *
მეუღლის გარდაცვალების ადგილას ნეტარმა ჯვარი აღამართვინა, რომელზეც ეწერა: "უფალო, შეუნდე, რამეთუ არა უწყიან, რასა იქმან!"
იმ დღიდან ძაძა აღარც გაუხდია და მკაცრ მარხვასა და ლოცვას შეუდგა. ნიკოლაევსკის სასახლეში მისი საძინებელი სამონაზვნე სენაკს უფრო ჰგავდა, ვიდრე დიდებული ქალბატონის საბრძანისს - მდიდრული ავეჯი გაატანინა, კედლები შეათეთრებინა და მხოლოდ ხატები და სასულიერო შინაარსის ნახატები დააკიდინა, აღარც მაღალი საზოგადოების თავყრილობებს სტუმრობდა, მხოლოდ ახლობელთა ნათლობებსა და ჯვრისწერებზე თუ ნახავდით და ისიც მცირე ხნით. თავისი ძვირფასეულობის ნაწილი სახელმწიფო ხაზინას გადასცა, ნაწილი - ნათესავებს, დანარჩენით კი მოწყალების სავანის მოწყობა გადაწყვიტა. საამისოდ მოსკოვში კარ-მიდამოც შეიძინა ოთხი სახლით და მოზრდილი ბაღით. ყველაზე დიდ, ორსართულიან შენობაში სასადილო, სამზარეულო და სხვა სამეურნეო სათავსები მოათავსა, მეორეში - ტაძარი და საავადმყოფო აფთიაქით და ამბულატორიითურთ, დანარჩენში კი - ტაძრის წინამძღვრის ბინა, ქალთა თავშესაფრის სკოლის საკლასო ოთახები და ბიბლიოთეკა. სავანე თითქოს წმინდა ლაზარეს სახლად უნდა ქცეულიყო, ყველა უპოვარი რომ პოვებდა ბინას...
1909 წლის 10 თებერვალს ამ სავანისთვის 17 მოწყალების და შეკრიბა, ძაძა გაიხადა, სამონაზვნე კაბით შეიმოსა და თქვა: - ვტოვებ სამყაროს, სადაც ბრწყინვალე მდგომარეობა მეკავა და თქვენთან ერთად აღვალ უფრო აღმატებულ, - ღატაკთა და ტანჯულთა სამეფოშიო...
* * *
სავანის პირველი, წმინდა მართასა და მარიამის სახელობის ტაძარი 1909 წლის 9 (21) სექტემბერს ეპისკოპოსმა ტრიფონმა (თურქესტანიშვილმა) აკურთხა, მეორე - ღვთისმშობლის საფარველის სახელობისა კი - 1911 წელს იკურთხა.
1910 წლის 9 აპრილს მეუფე ტრიფონმა სავანის 17 მოწყალების დას, წმინდა ელისაბედის წინამძღვრობით, მორჩილების აღთქმა მონაზვნად აღკვეცის გარეშე დაადებინა, მომდევნო დღეს კი ნეტარი სავანის წინამძღვრად დაადგინა.
მოწყალების დად ქვრივებს ან 21-დან 40 წლამდე ქალწულებს იღებდნენ, რომელთაც სავანეში შესაბამის განათლებას აძლევდნენ, აქვე არსებობდა მედდათა მოსამზადებელი უფასო კურსები, უფასოდვე გასცემდნენ მედიკამენტებს, აკეთებდნენ ოპერაციებს, მასაჟს, ინიექციებს და ასე შემდეგ...
აქვე ფუნქციონირებდა საკვირაო სკოლა, ობოლთა თავშესაფარი, და სასადილო ღატაკთათვის, რომელიც დღეში 300-ზე მეტ სადილს ამზადებდა.
მოწყალების დებისთვის სპეციალურად შექმნეს თეთრი სამოსი, თავად შენობის ინტერიერიც ამავე ფერის იყო...
1914 წელს ტაძრის ქვედა ნაწილში საძვალე მოეწყო, რომელსაც წმინდა ელისაბედი თავის სამუდამო განსასვენებლადაც მოიაზრებდა.
მართა-მარიამის სახელობის მოწყალების სავანეს საფუძვლად მონასტრის საერთო საცხოვრებლის წესდება დაედო. 1910 წლის 9 (22) აპრილს ხსენებულ ტაძარში საზეიმო მსახურებისას ეპისკოპოსმა ტრიფონმა (თურქესტანიშვილმა) ელისაბედს ამ სიტყვით მიმართა: - ეს სამონაზვნე კაბა წუთისოფლის თვალთაგან დაგფარავთ, მაგრამ წუთისოფელი თქვენი დიდი ქველმოქმედების მოწმე შეიქნება, უფლის სადიდებლად რომ გაბრწყინდებაო, რაც აღსრულდა კიდეც...
სავანის დაარსებასთან ერთად, 1910-1911 წლებში, ნეტარის თაოსნობით შეიქმნა თავშესაფარი მოწყალების მხცოვან დათათვის, - იმათთვის, ვისაც საკუთარი თავის პატრონობა, ასაკის ან სნეულების გამო, აღარ შეეძლო. იქვე დაფუძნდა მოციქულთასწორ მარიამ მაგდალინელის სახე¬ლობის ტაძარიც, რომლის წინამძღვრად წმინდა ელისაბედმა შემდგომში ცნობილი სასულიერო პირი, მღვდელი პავლე ფლორენსკი განაწესა. იქვე გაიხსნა წმინდანის გარდაცვლილი მეუღლის, დიდი მთავრის, სერგის სახელობის ამბულატორია ხელმოკლეთათვის, რომლებზეც მოხუცებული დები ზრუნავდნენ.
სავანეში დღე დილის 6 საათზე იწყებოდა, დილის ლოცვის შემდგომ წინამძღვარი დებს მორჩილებებს უნაწილებდა, მორჩილებათაგან თავისუფალნი კი ტაძარში, მსახურებაზე რჩებოდნენ, დღის ტრაპეზზე წმინდანთა ცხოვრებას კითხულობდნენ, საღამოს 5-ზე მწუხრი იწყებოდა ცისკრითურთ, სადღესასწაულო და კვირადღეებში ღამისთევიანი აღესრულებოდა, საღამოს 9 საათზე სასნეულოს ტაძარში საღამოს ლოცვის შემდგომ წინამძღვრის კურთხევით დედები კელიებში ნაწილდებოდნენ, კვირაში ოთხჯერ ტაძარში სხვადასხვა პარაკლისი იკითხებოდა, ელისაბედი ღამეებს ხშირად ლოცვაში ატარებდა, დედათა სულიერ ცხოვრებაზე ზრუნვა ბრწყინვალე მღვდელსა და წინამძღვარს, მამა მიტროფანე სერებრიანსკის ებარა...
წინამძღვარს კვირის ორი დღე დებთან საუბრისთვის ჰქონდა გამოყოფილი, თუმცა, მათ სხვა დროსაც შეეძლოთ, მისთვის რჩევა ეკითხათ. მამა მიტროფანე სავანის წინამძღვართან, ნეტარ ელისაბედთან ერთად მოძღვრავდა დებს, თუ როგორ შესწეოდნენ სნეულ, სასოწარკვეთილ და შეჭირვებულ ადამიანებს. ყოველ კვირადღეს, საღამოს მსახურების შემდგომ ღვთისმშობლის საფარვლის სახელობის ტაძარში ხალხთან შეხვედრები ეწყობოდა, რომელიც ერთობლივი ლოცვითა და გალობით გრძელდებოდა.
სავანეში ყველაფერს ელისაბედისეული კულტურისა და სინატიფის დაღი ესვაო, - წერდა მოგვიანებით მიტროპოლიტი ანასტასი.
წმინდა ელისაბედი სავანეში ღვთისმსახურების აღსავლენად და საქადაგებლად გამორჩეულ სასულიერო პირებს იწვევდა, თითქოს ფუტკარივით აგროვებს სულიერ ნექტარსო... სავანეს ჰქონდა უმშვენიერესი პარკი ორანჟერეით...
წმინდანის თანამედროვე ნინა გრეიტონი ამოწმებს: - "მას ღვთისგან უშესანიშნავესი თვისება ჰქონდა, - ადამიანებში კარგი და ნამდვილი დაენახა, ამასთან, საკუთარ ღირსებებზე მაღალი წარმოდგენა სავსებით არ გააჩნდა... არასოდეს იტყოდა: - "არ შემიძლიაო"... სავანე შინაგანადაც სრულყოფილი გახლდათ და გარეგნულადაც და ვინაც იქაურობა ინახულა, მშვენიერი მოგონებები წაიყოლა"...
* * *
სავანეში ნეტარი მოღვაწეობრივი ცხოვრებით ცხოვრობდა, ულოგინო, ხმელ საწოლზე ეძინა, მკაცრად მარხულობდა და ოდენ მცენარეულ საკვებს იხმევდა. ლოცვად უთენია დგებოდა, დებს მორჩილებებს უნაწილებდა, კლინიკას ემსახურებოდა, მომსვლელებს ხვდებოდა, შემოწირულობებსა და წერილებს ანაწილებდა.
თუ თავისუფალ დროს იპოვიდა, სხვადასხვა ადგილს მოილოცავადა, არაერთგზის ინახულა წმინდა სამების სერგის, კიევ-პეჩორის ლავრები, ოპტის უდაბნო, სოლოვეცკის, საროვოს, ახალი იერუსალიმის და სხვა უამრავი მონასტერი, მონაწილეობდა არაერთი წმინდანის კანონიზაციის ცერემონიალში, მათ შორის, წმინდა სერაფიმე საროველის, წმინდა მოწამე ერმოგენეს და სხვათა.
სულიერ საკითხებზე ხშირად ესაუბრებოდა სქემარქიმანდრიტ გაბრიელს (ზირიანოვს), მღვდლებს, - ალექსი და გერმანე ზოსიმოვსკებს, სქემიღუმენ თამარს (მარჯანიშვილს), ოპტის უდაბნოს ხუცესებს: მამა ნექტარიოსს (ტიხონოვს) და მამა ანატოლის (პოტაპოვს).
ურალის სიწმინდეთა მოლოცვისას პირველი მსოფლიო ომი დაიწყო... მოსკოვში მისი თაოსნობით და ორგანიზებით ომში გაწვეულთა ოჯახების დასახმარებლად კომიტეტი ჩამოყალიბდა ჰოსპიტლითურთ...
ომის მსვლელობისას ნეტარი ათობით ორგანიზაციას ჩაუდგა სათავეში. 1914 წელს გადაწყდა, სავანეში მუდმივი საკოორდინაციო საბჭო ჩამოყალიბებულიყო, რომელიც ფულად თუ სხვა სახის შემოწირულობებს მიიღებდა და ყოველკვირეულ გამოცემაში გააშუქებდა.
ხსენებულ კომიტეტს ომში გაწვეულ ჯარისკაცთა მეუღლეების დასაქმებასა და მათი შვილების ყოველმხრივ უზრუნველყოფაზეც უნდა ეზრუნა. 1914 წლის 27 სექტემბერს წმინდა ელისაბედის ძალისხმევით ობოლთათვის არაერთი დაწესებულება გაიხსნა, მისი მოწოდებით საქველმოქმედო ღონისძიებებში უამრავმა მხატვარმა და მსახიობმა მიიღო მონაწილეობა, შემოსული თანხა კი ჯარისკაცებს და მათ ოჯახებს მოხმარდა.
ხსენებული კომიტეტის მეოხებით შეგროვდა თანხა უსახლკარო ბავშვთათვის და მათთვის სამუშაო არტელების ასაგებად. შეგროვილი შემოწირულობის წყალობით კომიტეტი 75 000 მეომრის ოჯახს დაეხმარა, თავშესაფრებში 45 000 ჯარისკაცის შვილი ცხოვრობდა, 7, 8 მილიონი სადილი გაიცა, უფასო ან იაფ ბინებში 25 000 ადამიანი განთავსდა, რომელთა ნათესავები ფრონტზე გაიწვიეს. არმიისთვის 25 მილიონი ნივთი დამზადდა, ფულადი შემწეობა კი, დაახლოებით, 895 000-მა ოჯახმა მიიღო...
ნეტარი მთელ დღეს ამგვარ ღვაწლში განლევდა, შეღამებულზე ავადმყოფებს აკითხავდა, რაც შუაღამემდე უგრძელდებოდა, ღამით კი ან სამლოცველოში დგებოდა ლოცვად, ან ტაძარში. სამ საათზე მეტხანს იშვიათად თუ ეძინა, თუ რომელიმე სნეულის მდგომარეობა უარესდებოდა, სასთუმალთან ჩამოუჯდებოდა და ღამეს უთევდა...
საავადმყოფოში ყველაზე რთულ და პასუხსაგებ საქმეს ასრულებდა: - ოპერაციისას ექიმს ასისტენტობას უწევდა, სნეულს სახვევებს უკეთებდა, ანუგეშებდა და ცდილობდა, მათთვის ტანჯვა შეემსუბუქებინა. ეს ბედშავნი კი ირწმუნებოდნენ, - დედა ელისაბედი მაკურნებელ ძალას გამოსცემსო...
თავად ნეტარი სნეულთა უპირველეს წამლად აღსარების საიდუმლოსა და წმინდა ზიარებას მიიჩნევდა და იტყოდა: - უზნეობაა, მომაკვდავს გამოჯანმრთელების იმედი მისცე, უკეთესია, თუ მათ ქრისტიანულად აღსრულებაში შევეწევითო.
სავანის დები აქ სამედიცინო განათლებასაც იღებდნენ. მათი უმთავრესი მიზანი სნეულთა, უპოვართა, ობოლ და უპატრონო ბავშვთა მონახულება და სამედიცინო, მატერიალური თუ სულიერი შეწევნა იყო.
სავანის საავადმყოფოში მოსკოვის საუკეთესო ექიმები იღვწოდნენ და ყოველი ოპერაცია უსასყიდლოდ ტარდებოდა. აქ ის ავადმყოფნიც განკურნებულან, ვისზეც ადრე სხვა მკურნალებს ხელი აეღოთ. კურნებამიღებულნი კი აქაურობას ცრემლით ტოვებდნენ, რადგან ძალზე უმძიმდათ, როგორც თავად უწოდებდნენ, "დიდ დედასთან" განშორება.
* * *
აქვე ერთი პატარა და ძალზე საგულისხმო ამბავი გვსურს გიამბოთ ამ სავანის ერთ-ერთი მოწყალების დის შესახებ, რომლის სახელიც მხოლოდ ღმერთმა უწყის:
ეს ამბავი რუსეთ-თურქეთის ომის დროს მოხდა:
ერთ დღეს სავანის ერთმა მოწყალების დამ ექიმს სთხოვა, - საავადმყოფოში ჩემ ნაცვლად სხვას ვტოვებ, მე კი სანგრებში, დაჭრილი ჯარისკაცების მოსავლელად გამიშვითო...
- ხომ არ გაგიჟდით?! სავანეში ცოტა საქმეა? იქ ხომ ძალიან სახიფათოა, თავის ასე გამეტებას არ გირჩევდით... თურქები წარუმატებლობამ ისე გაამწარა, არავის დაინდობენ...
- აქ ისეც უამრავი მოწყალების დაა, სანგრებში კი - არავინ, დაჭრილებს ვინ მიხედავს?!
- რა გაეწყობა, მე არ გაკავებთ, ნება თქვენია! - ხელი ჩაიქნია ექიმმა და გაუშვა...
* * *
სანგრებში ჯარისკაცებმა მოწყალების და რომ დაინახეს, ჯერ გაოცდნენ, შემდეგ კი ბავშვებივით გაიხარეს - ნახეთ, ბიჭებო, რა ძვირფასი სტუმარი გვეწვიაო, - შემდეგ ჰკითხეს:
- დაო, ამ ტყვიების წვიმაში როგორ უნდა დაგვეხმარო, არ გეშინიაო?!
- მოვახერხებო, - უპასუხა ქალიშვილმა და საიდანღაც თეთრი წითელჯვრიანი კაბა ამოაძვრინა...
* * *
თურქებს უმალ მოხვდათ თვალში ეს თეთრი სამოსი, სანგრებიდან გამოვიდნენ და საოცარ სანახაობას იქიდან უცქერდნენ: - გახურებულ ბრძოლის ველზე, ტყვიების წვიმაში დაჭრილთა და დაღუპულთა შორის თეთრი ქალი დადიოდა... ერთ მათგანთან შეჩერდა, ჩანთიდან რაღაც ამოიღო და მეომარს ჭრილობა შეუხვია...
- შეხედეთ, რუსი ექიმი ჩვენს ჯარისკაცს ეხმარება! - იხუვლეს თურქებმა და მალე ეს ამბავი მთელ ფრონტს მოედო... თურქებმა იარაღი აღმართეს, მოწინააღმდეგეს ხელების ქნევით მიესალმნენ და თითქოს მოილაპარაკესო, ერთხმად დასძახეს: - ყოჩაღ, ყოჩაღ, ჰანიმ, პატივი და დიდება შენდა, წმინდა ქალწულოო!
ამგვარი სიმამაცისათვის მოწყალების დას წმინდა გიორგის ჯვარი მიანიჭეს, თუმცა, ყველაზე დიდი ჯილდო მტრის მიერ ნათქვამი მადლობა იყო, იქ, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვართან რომ უთხრეს...
* * *
მართა-მარიამის სახელობის სავანეში გაიხსნა საკვირაო სკოლა ფაბრიკის მუშათათვის, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო, იქაური ბრწყინვალე ბიბლიოთეკით და უფასო სასადილოთი ესარგებლა.
წმინდანი შეეწეოდა სასულიერო პირებსაც, განსაკუთრებით - სოფლის ღარიბ სამრევლოებს, მისიონერ მღვდლებს, უკიდურეს ჩრდილოეთსა და რუსეთის განაპირა მხარეებში რომ იღვწოდნენ.
თავის თანამოღვაწეებთან - დედა ბარბარე იაკოვლევასა და დედა მარიამ ობოლენსკაიასთან ერთად ჩამოივლიდა ხოლმე ახლომდებარე მიდამოებს, მოკრებდა ობლებს და უმეთვალყურეოდ ქუჩაში მობორიალე ბავშ¬ვებს, თუ რომელიმეს მშობელს იპოვიდა, მოელაპარაკებოდა, - აღსაზრდელად სავანეში გამაყოლეთო... ნეტარს ყველა პატივს მიაგებდა და "და ელისაბედს" ან "დიდ დედას" უხმობდნენ...
ნეტარს თავისი საქმიანობის გამო ხშირად უწევდა სავანის დატოვება, რის გამოც პოლიცია გამუდმებით აფრთხილებდა, რომ მის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველჰყოფდა, რაზეც პასუხობდა: - მზრუნველობისთვის მადლობელი ვარ, მაგრამ ჩემი სიცოცხლე მხოლოდ უფლის ხელშიაო...
ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ ეს საბრალო ბავშვები გადაერჩინა, არც მათი სიბინძურე აშინებდა, არც მათი წაშლილი გამომეტყველება და თვლიდა, რომ "ღვთის მსგავსება, შესაძლოა, დროდადრო დაიბინდოს, მაგრამ არასოდეს ნადგურდება".
პატარა ბიჭებს, რომლებიც უპატრონობასა და სიღატაკეს გამოგლიჯა, საერთო საცხოვრებელში აწყობდა, გოგონებს კი - დახურულ სასწავლო დაწესებულებებსა თუ თავშესაფრებში, სადაც არა მხოლოდ მათ განათლებაზე, სულიერ თუ ფიზიკურ სიჯანსაღეზეც ზრუნავდნენ.
მისივე თაოსნობით ჩამოყალიბდა ობოლთა, ინვალიდთა და მძიმე ავადმყოფთა სამზრუნველოები, რომელთაც გამუდმებით შეეწეოდა მატერიალურად.
ერთხელ თურმე მცირეწლოვან ობოლთა თავშესაფარი უნდა მოენახულებინა... მისი პერსონალი ცდილობდა, სათანადოდ დახვედროდა... პატარებს უთხრეს, რომ ძვირფას სტუმარს უნდა მისალმებოდნენ და ხელზე მთხვეოდნენ...
მოვიდა ნანატრი სტუმარი და გოგონებმა მაშინვე გაუწოდეს თავიანთი პაწია ხელები, - გვაკოცეთ, დეიდაო!
აღმზრდელები ამ გაუგებრობით ძალზე შეწუხებულან, ნეტარს კი დაუყოვნებლივ ჩამოუვლია და ყველა პატარისთვის დაუკოცნია მტევნები...
* * *
"დიდი დედა" იმედოვნებდა, რომ სავანე დიდ და ნაყოფიერ ხედ იქცეოდა და მსგავს დაწესებულებათა მოწყობას რუსეთის სხვა ქალაქებშიც აპირებდა. ძალზე უყვარდა სიწმინდეთა მოლოცვა და ხშირად სტუმრობდა სხვადასხვა ადგილს. არაერთგზის მოილოცა საროვო, ფსკოვი, ოპტის უდაბნო, სოლოვეცკის მონასტერი და რუსეთის ყველაზე მივარდნილი სოფლების ტაძრები, ესწრებოდა ახალგახს¬ნილ ტაძართა კურთხევას და ახალშერაცხილი წმინდანების ნაწილთა გადმობრძანებას... ამ დღესასწაულებზე ჩამოსულ სნეულ მომლოცველებს ფარულად შეეწეოდა...
1914 წელს ალაპაევსკის მონასტერი მოილოცა, რომელიც მალე მისი მოწამებრივი აღსასრულის მოწმე შეიქნა...
ნეტარი იმ რუს მომლოცველებსაც დიდად შეეწეოდა, რომლებიც წმინდა მიწაზე აპირებდნენ გამგზავრებას, - საზოგადოებანი, რომელნიც მისი თაოსნობით ჩამოყალიბდა, ამ მომლოცველთა ხარჯებს ფარავდა, იერუსალიმში კი მათთვის სასტუმროც ააგებინა, იტალიის ქალაქ ბარიში კი რუსული მართლმადიდებლური ტაძარი ააშენა.
პირველი მსოფლიო ომის წლებში საზრუნავი გაუასკეცდა: - ლაზარეთში დაჭრილთათვის უნდა მიეხედა, სავანის დათა ნაწილი საველე ჰოსპიტლებში გაეგზავნა...
ომის დასაწყისში იგი დაჭრილ გერმანელებსაც აკითხავდა, მაგრამ ბინძურმა ცილისწამებამ, თითქოს მოწინააღმდეგეს თანაუგრძნობდა, მალე ამაზე ხელი ააღებინა.
1916 წელს მოწყალების სავანის ჭიშკარს გაავებული ბრბო მიაწყდა, - გერმანელი ემისარი, ელისაბედის ძმა თქვენთან იმალება და გადმოგვეცითო... ნეტარი მათთან მარტო გავიდა და შესთავაზა, იქაურობა დაეთვალიერებინათ... გულმოდგინე ჩხრეკის შემდეგ, რაღა თქმა უნდა, ვერაფერი აღმოაჩინეს... უფალმა იმ დღეს ნეტარის დაღუპვა არ ისურვა და ბრბო ცხენოსანმა პოლიციამ დაშალა, თუმცა, თებერვლის რევოლუციიდან მოკლე ხანში ბრბო, ამჯერად - უკეთ შეიარაღებული, სავანეს წითელი დროშით მიადგა და სავანის წინამძღვარს განუცხადეს, - როგორც გერმანელი შპიონი და მონასტერში იარაღის გადამმალავი, უნდა დაგაპატიმროთო...
ნეტარმა სთხოვა, - აქაურობის დატოვებამდე დებს უკანასკნელ მითითებებს მივცემ და დავემშვიდობებიო.
გამოსათხოვრად ყველა შეკრიბა და მამა მიტროფანეს სთხოვა, ლოცვა აღევლინა, შემდეგ მომხვდურებს ტაძარში შეყოლა იმ პირობით სთხოვა, თუ განიარაღდებოდნენ, რაზეც თანხმობა მიიღო.
მთელი მსახურება მუხლზე დაჩოქილმა მოისმინა, შემდეგ კი აუწყა, რომ მამა მიტროფანე სავანის ყველა შენობას აჩვენებდა... მათ იქ საეჭვო ვერაფერი იპოვეს და სავანე დატოვეს, ნეტარმა კი დებს უთხრა: - "როგორც ჩანს, ჯერ მოწამებრივი გვირგვინის ღირსნი არ ვართო!"
1917 წლის გაზაფხულზე კაიზერ ვილჰელმის დავალებით ნეტარს შვედეთის მინისტრი ეწვია და საზღვარგარეთ გაღწევაში დახმარება შესთავაზა, რაზეც წმინდანმა უპასუხა, რომ თავისი მეორე სამშობლოს ბედის თანაზიარობა სურდა და ამ მძიმე დროებაში ვერც სავანის დებს მიატოვებდა.
* * *
ოქტომბრის გადატრიალების პირველ ხანებში სავანისთვის ხელი არავის უხლია, პირიქით, დებს პატივსაც მიაგებდნენ, კვირაში ორჯერ იქ პროდუქტითა და სხვადასხვა სამედიცინო ინვენტარით სავსე სატვირთო მიდიოდა, მაგრამ გარშემო ყველა შეშინებული იყო, სავანის მფარველები და შეძლებული შემომწირველნი დახმარებას ვეღარ ბედავდნენ, ნეტარს პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად სავანე აღარ დაუტოვებია და ქალაქში გასვლა დებსაც აუკრძალა. თუმცა, სავანის წესდება და დღის განრიგი არ შეცვლილა, უბრალოდ, დებმა ლოცვა გააძლიერეს და სამუშაო დღე გაახანგრძლივეს. მამა მიტროფანე საღვთო ლიტურგიას ყოველდღიურად აღავლენდა, ტაძარი ხალხით იყო სავსე... უნდა ითქვას, რომ იმდენი მლოცველი, რამდენიც გადატრიალების წინ იყო, იქაურობას არასოდეს ჰყოლია...
ბრესტ-ლიტოვსკის ზავის შემდგომ გერმანიის მთავრობა საბჭოთა ხელისუფლებას შეუთანხმდა, ნეტარისათვის საზღვარგარეთ გასვლის უფლება მიენიჭებინა. გერმანიის ელჩი, გრაფი მირბახი ორგზის ეცადა, ელისაბედ თეოდორეს ასულს შეხვედროდა, თუმცა მან არ მიიღო და რუსეთის დატოვება ამ სიტყვებით იუარა - არავისთვის არა დამიშავებია რა და დაე, იყოს ნება უფლისო!
სავანის სიმშვიდე ქარიშხლისწინა დუმილს თუ გარინდებას მიაგავდა... მალე ავადმყოფთათვის სპეციალური ანკეტები გამოგზავნეს მათი გვარ-სახელის, ასაკის თუ სოციალური სტატუსის დასადგენად, რის შემდეგაც რამდენიმე მათგანი კიდეც დააპატიმრეს, მოგვიანებით კი განაცხადეს, - სავანის ობლებს ბავშვთა სახლში გადავიყვანთო.
აღსასრული
წითელ ხელისუფლებას მალე მოთმინების ძაფი გაუწყდა და 1918 წლის აპრილს, ბრწყინვალე აღდგომიდან მესამე დღეს, ივერიის ღვთისმშობლის ხსენების დღესასწაულზე ნეტარი ელისაბედი დააპატიმრა და სასწრაფოდ გაიწვია მოსკოვიდან... იმავე დღეს, წინამძღვრის დაპატიმრებამდე სავანეს რუსეთის პატრიარქი ტიხონი ეწვია და საღვთო ლიტურგია აღავლინა, შემდეგ წინამძღვარს და დებს ესაუბრა...
უწმინდესის წასვლისთანავე სავანის კარს კომისარი და რამდენიმე წითელარმიელი მიადგა და ნეტარს უბრძანეს, - გამოგვყევით, მოსამზადებლად მხოლოდ ნახევარ საათს გაძლევთო...
წინამძღვარმა დები შეკრიბა, უკანასკნელი განკარგულებები გასცა და დალოცა... ყველა ტიროდა, რადგან იცოდნენ, რომ ერთმანეთს უკანასკნელად ხედავდნენ...
ნეტარმა დებს თავდადებული და ერთგული მსახურებისთვის მადლობა გადაუხადა და მამა მიტროფანეს სთხოვა, სავანე არ მიეტოვებინა და მანამ ემსახურა, სანამ ამის შესაძლებლობა ექნებოდა...
წმინდანს ამ გზაზე ნებაყოფლობით ორი და გაჰყვა, - ბარბარე იაკოვლევა და ეკატერინე იანიშჩევა... სანამ მანქანაში ჩასხდებოდნენ, ნეტარმა ყველას ჯვარი გადასახა...
როგორც კი ამ ამბავმა პატრიარქ ტიხონამდე მიაღწია, ყველა საშუალებას მიმართა მათ გამოსახსნელად, მაგრამ ამაოდ - საიმპერატორო ოჯახის ყველა წევრი განწირული იყო...
ელისაბედი და მისი თანმხლებნი პერმში მატარებლით გაგზავნეს, სიცოცხლის უკანასკნელი თვეები წმინდანმა პატიმრობაში გაატარა... აღსასრული ახლოვდებოდა... ნეტარი გამუდმებით ლოცულობდა და ამსოფლიდან განსვლისთვის ემზადებოდა...
დები, რომელნიც თავისი ნებით გაჰყვნენ წინამძღვარს, საოლქო საბჭოში მიიყვანეს და გათავისუფლება შესთავაზეს, ისინი კი მხურვალედ ევედრებოდნენ, დედა წინამძღვარი სავანეში დაებრუნებინათ... ამან რომ არ გაჭრა, ჩეკისტებმა დაშინება სცადს, რაზეც დედა ბარბარემ უპასუხა, რომ მზად იყო, საკუთარი სისხლით დაემოწმებინა, რომ წინამძღვრის ხვედრის გაზიარება სურდა, რაც აღსრულდა კიდეც...
1918 წლის 5 ივნისის შუაღამეს, წმინდა სერგი რადონეჟელის წმინდა ნაწილთა აღმოყვანების დღესასწაულზე ელისაბედი, საიმპერატორო სახლის სხვა წევრებთან ერთად, ძველ, გაუქმებულ მაღაროში ჩააგდეს...
ამ საშინელ, ავად პირდაფჩენილ ორმოში ჩაშვებამდე კი ღმერთს შეჰღაღადა: - "უფალო, შეუნდე, რამეთუ არა უწყიან, რასა იქმან!"
თითქოს ის არ კმაროდა, ადამიანებს ცოცხლად რომ მარხავდნენ, ჩეკისტებმა გზად ყუმბარებიც მიაყოლეს... როგორც ამ საშინელების ერთ-ერთი მოწმე იუწყებოდა, მაღაროდან კარგა ხანს ისმოდა ქერუბიმთა საგალობელი, ახალმოწამენი უფალს უკანასკნელად რომ აღუვლენდნენ...
გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც მაღარო გახსნეს, აღმოჩნდა, რომ წმინდა ელისაბედი მაღაროს ფსკერზე კი არა, მიწის ზედაპირიდან 15 მეტრის სიღრმეზე მდებარე ქიმზე დაცემულიყო... კალთაში ხელმწიფის ერთ-ერთი ძმისშვილი, მცირეწლოვანი იოანე კონსტანტინეს ძე ეწვინა, რომლისთვისაც გატეხილი თავი საწინამძღვრე კაბის ნახევით შეეხვია... თავადაც ერთიანად დამსხვრეული და ნაგვემი ამ ჯოჯოხეთშიც ცდილობდა, სხვისთვის ტკივილი შეემსუბუქებინა...
თვითმხილველნი იმასაც იუწყებიან, რომ გარდაცვლილი ნეტარი ელისაბედისა და მისი ბედის თანამოზიარის, მონაზონ ბარბარეს მარჯვენა ხელის თითები პირჯვრის გამოსასახად იყო შეკრული...
კანონიზაცია
მართა-მარიამის სავანის წინამძღვრისა და მისი ერთგული მესენაკის, ბარბარეს ნეშტები 1921 წელს გადაასვენეს იერუსალიმში და დაკრძალეს გეთსიმანიაში, მოციქულთასწორ მარიამ მაგდალინელის ტაძარში.
საზღვარგარეთის რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ 1931 წელს ელისაბედ რომანოვასა და ბარბარე იაკოვლევას კანონიზაციამდე მათი სამარხების გახსნა განიზრახა. სამარხები იერუსალიმში რუსული სასულიერო მისიის თავკაცის, არქიმანდრიტ ანტონის (გრაბეს) უშუალო ხელმძღვანელობით გაიხსნა...
ახალმოწამეთა კუბოები ტაძარში დაასვენეს, უფლის დაშვებით, ისე მოეწყო, რომ არქიმანდრიტი თავდახურულ კუბოებთან მარტო დარჩა... უეცრად წმინდა ელისაბედის სასვენებელი გაიხსნა, ნეტარი წამოდგა, მამა ანტონს მიუახლოვდა და ლოცვა-კურთხევა გამოსთხოვა... გაოგნებულმა არქიმანდრიტმა აკურთხა, რის შემდეგაც გარდაცვლილი კვლავ თავის სამყოფელს დაუბრუნდა...
როდესაც მისი სასახლე გახსნეს, იქაურობა საოცარმა კეთილსურნელებამ აღავსო... როგორც ზემოთ ნახსენები არქიმანდრიტი ანტონი ამოწმებს, ირგვლივ ჟასმინისა და თაფლის ძლიერი სურნელი იგრძნობოდა, ახალმოწამეთა სხეულები კი - ნაწილობრივ უხრწნელად შენახულიყვნენ...
იერუსალიმის იმდროინდელი პატრიარქის, დიოდორეს ლოცვა-კურთხევით,1982 წლის 2 მაისს, მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეს მათი წმინდა ნაწილები საზეიმო მსვლელობით გადააბრძანეს მარიამ მაგდალინელის სახელობის ტაძარში... მსახურებისას კი სწორედ ის ბარძიმი, სახარება და ოდიკები გამოიყენეს, წმინდა დედამ 1886 წელს ტაძარს აქ ყოფნისას რომ შესწირა...
რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ისინი წმინდანთა დასს 1992 წელს შეუერთა და ხსენების დღედ მათი ამქვეყნიდან გასვლის თარიღი - 5 (18) ივლისი დააწესა...
ყოველ მართლმადიდებელს შეეწიოს მათი წმინდა ლოცვა!
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი