ალბათ დამეთანხმებით, რომ საქმის წარმატება მეტწილად განპირობებულია ჩვენი პირადი დამოკიდებულებით, გულისხმიერი განწყობილებით, ერთგულებითა და ჩვენი სიყვარულით მისდამი. ასეთივე ვითარებაა ცოდნის არეშიც. რიგი მეცნიერული აღმოჩენა და მიღწევები ჭეშმარიტების შესაცნობად არის სიყვარულის ნაყოფი შემმეცნებელი სუბიექტისა შესამეცნებელი ობიექტის მიმართ და, რაც უფრო უყვარს ადამიანს შესამეცნებელი ობიექტი, ეს უკანასკნელი მით მეტად გაუმჟღავნებს მას თავის საიდუმლოს. ზუსტად ასევე (და უფრო ცხადად) ხდება ღვთისშემეცნების არეში: ვინც მთელი გულით შეიყვარებს ღმერთს, სწორედ მას გამოეცხადება იგი. "რომელსა უყვარ მე, - ამბობს უფალი, - საყვარელ იყოს მამისა ჩემისა მიერ, და მეცა შევიყვარო იგი და გამოუცხადო თავი ჩემი" (იოანე 14,21).
წმინდა მახარებელი და ღვთისმეტყველი იოანე მთლიანად იყო მინდობილი ღმერთს და ჭეშმარიტად უყვარდა იგი. ამ სიყვარულს კი ღმერთმა თავისივე ღვთაებრივი სიყვარული მიაგო: სხვა მოციქულებზე მეტად, მართლაც რომ აღმატებული სიყვარულის გამო, ღვთისშემეცნების მადლით ღმერთმა სწორედ იგი გააცისკროვნა. იოანეს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მაცხოვრის რჩეულ მოწაფეთა შორის. ხშირად იკონოგრაფიულად იოანე მოციქული გამოისახება როგორც სულიერი სიმშვიდით აღსავსე დიდებული მოხუცი, ქალწულებრივად ნაზი ნაკვთებითა და ღრმა მზერით. იოანე მოციქულის სულიერი სახის მეორე, მთავარი დამახასიათებელი თვისება - სიყვარულია. სიყვარულით არის გამსჭვალული მთელი მისი შემოქმედება, რისთვისაც მას სიყვარულის მოციქული ეწოდა. სიყვარულის სამსახური - ეს არის იოანე ღვთისმეტყველის მთელი ცხოვრების გზა.
იოანე ღვთისმეტყველი თავდაპირველად წმინდა იოანე ნათლისმცემლის მოწაფე იყო. იესო ქრისტეს გამოჩენამ, რომელშიც უფლის წინამორბედმა მესია შეიცნო, იმდენად ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, რომ ანდრია მოციქულთან ერთად თან გაჰყვა მაცხოვარს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მხურვალე სიყვარულისა და ქალწულებრივი სიწმიდისათვის უფალმა გამორჩევით შეიყვარა იგი და ორ სხვა ურჩეულეს მოწაფესთან ერთად განსაკუთრებით დაიახლოვა.
იოანე ღვთისმეტყველმა საკუთარი თვალებით იხილა იაიროსის ასულის განკურნება და უფლის ფერისცვალება თაბორის მთაზე.
* * *
საიდუმლო სერობაზე პეტრემ, მიუხედავად იმისა, რომ პირველი იყო მოწაფეთა შორის, თავად ვერ იკადრა და იოანეს სთხოვა, მოძღვრისთვის ეკითხა, "თუ ვინ მიუდგა საზარელსა მას გამცემლობასა". ისიც მკერდზე მიეყრდნო ქრისტეს და ჰკითხა: "ვინ არს, რომელი მიგცემს შენ?" და მაცხოვარმა "მყისვე აღუხსნა კითხული და პურითა მოასწავა განმცემელი".წმინდა მოციქული არ მოშორებია მოძღვარს, როცა იგი, შებორკილი, გეთსიმანიის ბაღიდან ანასა და კაიაფას სამსჯავროზე მიჰყავდათ, თან შეჰყვა მაცხოვარს მღვდელმთავრის ეზოში და მის დაკითხვას დაესწრო; იოანე გოლგოთის გზაზეც გაჰყვა უფალს; ჯვარცმისას ჯვრის კვარცხლბეკთან იდგა და ღვთისმშობელთან ერთად ტიროდა. ჯვარცმულმა მაცხოვარმა, როცა იხილა დედამისი და "მოწაფე იგი, რომელი უყუარდა", დედას უთხრა: "დედაკაცო, აჰა ძე შენი!", შემდეგ კი იოანეს უთხრა: "აჰა დედაი შენი!". ამ დროიდან მოყოლებული, წმინდა მოციქული მოსიყვარულე შვილივით ზრუნავდა ყოვლადწმინდა ქალწულზე და ერთგულად ემსახურებოდა მას.
როდესაც ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ მის წმინდა გვამს გეთსიმანიის ბაღში დასაკრძალად მიასვენებდნენ, იოანეს ცხედრის წინ მიჰქონდა სამოთხის შტო, რომელიც გაბრიელ მთავარანგელოზმა მიართვა.
ამ დრომდე წმინდა მახარებელი იერუსალიმში ქადაგებდა და არაერთხელ დაუთმენია დევნა იუდეველ მღვდელმსახურთაგან. ღვთისმშობლის დაკრძალვის შემდეგ იოანე მოწაფესთან, პროხორესთან ერთად თავის წილხვედრ ქალაქ ეფესოში წავიდა. იოპიაში მათ ძლიერმა ქარიშხალმა მოუსწრო და ხომალდი, რომლითაც მიემგზავრებოდნენ, დაიღუპა. ზღვამ ყველა მგზავრი ნაპირზე გამორიყა, მხოლოდ იოანე დაინთქვა უფსკრულში. პროხორე გულამომჯდარი ტიროდა მოძღვრის დაკარგვის გამო, ბოლოს კი მარტომ განაგრძო გზა. მეთოთხმეტე დღეს მან იხილა, რომ ტალღებმა ნაპირზე ადამიანი გამორიყა. როცა ნეტარი უცნობს მიუახლოვდა, გაოცებამ და სიხარულმა შეიპყრო - ეს იოანე მახარებელი იყო, რომელიც უფალს ამ ხნის განმავლობაში ზღვაში უვნებლად დაეცვა.
მოძღვარი და მოწაფე ეფესოსკენ გაემართნენ. ეფესოში იოანე ჭეშმარიტი სარწმუნოების ქადაგებას შეუდგა. მის ქადაგებას მრავალრიცხოვანი სასწაულიც ახლდა. იოანემ უამრავი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როდესაც იმპერიაში ქრისტიანთა დევნა დაიწყო, იოანე შეიპყრეს და, ზოგიერთი წყაროს მოწმობით, იმპერატორ ნერონის (53-68), ხოლო სხვა ცნობით, დომიციანეს (81-96) სამსჯავროზე წარადგინეს. იოანეს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, მაგრამ უფალმა დაიცვა თავისი რჩეული და იოანეს ვერც შხამით სავსე ფიალამ ავნო და ვერც ადუღებული ზეთით სავსე ქვაბში ჩაგდებამ მოუტანა ზიანი. რომ ვერაფერი ავნეს, წმინდა იოანე კუნძულ პატმოსზე გადაასახლეს, სადაც მრავალი წელი დაჰყო და თავისი ქადაგებებითა და სასწაულებით მთელი კუნძულის მოსახლეობა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია.
* * *
გადასახლების შემდეგ იოანე ეფესოში დაბრუნდა და იქ განაგრძობდა მოღვაწეობას. იოანე ღვთისმეტყველს არგუნა უფალმა, ემცნო კაცობრიობისათვის ღვთის გამოცხადების ბოლო სიტყვა, აპოკალიფსი, რომელშიც სამყაროს მომავალი და დასასრულია გაცხადებული. იოანე მახარებელი სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე შეაგონებდა მოწაფეებს, დაეცვათ სიმშვიდე და ერთმანეთი. როცა წმინდა იოანე იმდენად მოხუცდა, რომ საუბარი უჭირდა და უწინდელივით ქაგადებას ვეღარ ახერხებდა, იგი განუწყვეტლივ იმეორებდა ერთსა და იმავე სიტყვებს: "შვილნო, იყუარებოდეთ ურთიერთას". ბოლოს მოწაფეებმა ჰკითხეს მოძღვარს, რატომ უმეორებდა მათ გამუდმებით ერთსა და იმავეს, იოანემ კი უპასუხა: "ეს უფლის მცნებაა და თუ მას დაიცავთ - კმა გეყოფათ".
იოანე მახარებელი ას წელს იყო გადაცილებული, როცა უფალს მიაბარა სული. აღსასრულის მოახლოება რომ იგრძნო, წმინდა იოანე, შვიდ მოწაფესთან ერთად, ეფესოდან გავიდა; ქალაქის სიახლოვეს, მაღალ კლდეზე განმარტოვდა და ილოცა; შემდეგ სიყვარულით დაემშვიდობა ყველას, ჯვრის სახის საფლავი გაათხრევინა, შიგ ჩაწვა და მიწის დაყრა ითხოვა. მოწაფეები ტირილით ეამბორნენ საყვარელ მოძღვარს, მაგრამ ურჩობა ვერ გაბედეს და საფლავი ნელ-ნელა მიწით ამოავსეს. ეს რომ ეფესელებმა შეიტყვეს, მივიდნენ მოციქულის სამარხთან, გათხარეს იგი, მაგრამ შიგ ვერაფერი იპოვეს.
ყოველწლიურად, 8 (21) მაისს, იოანე მახარებლის საფლავიდან ამოდიოდა თხელი მტვერი, რომელსაც სასწაულებრივი კურნების ძალა ჰქონდა. ამის გამო ეკლესია წმინდა მოციქულის ხსენებას 8 მაისსაც აღნიშნავს.
იოანე მახარებლის იკონოგრაფიული ნიშანია არწივი - სიმბოლო ღვთისმეტყველური აზრის აღმაფრენისა. ზედწოდება "ღვთისმეტყველი" წმინდა ეკლესიამ ქრისტეს მოციქულებიდან მხოლოდ წმინდა იოანეს მიაკუთვნა, როგორც ღვთაებრივი განგების ფარულ მჭვრეტელს.
* * *
"ღმერთი სიყვარული არს" (1 იოან. 4,8)."სიყვარულში არ არის შიში, არამედ სრულქმნილი სიყვარული აძევებს შიშს; ვინაიდან შიშს თან ახლავს ტანჯვა, ხოლო მოშიში არასრულქმნილია სიყვარულში" (ინ. 1,3-5).
"თუ ვინმე იტყვის, რომ უყვარს ღმერთი, მაგრამ სძულს თავისი ძმა, ცრუა, რადგან თუ არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, როგორღა შეიყვარებს ღმერთს, რომელსაც ვერ ხედავს?" (ინ 1. თ. 2-3).
"თუ გიყვარვართ, ამბობს უფალი, დაიცავით ჩემი მცნებანი" (იოან. 14,15).