წმინდა მოციქული და მახარებელი მათე, ალფესის ძე, გალილეის ქალაქ კაპერნაუმის მკვიდრი იყო. იგი მეზვერედ ანუ გადასახადების ამკრეფად მუშაობდა და საკმაოდ შეძლებულად ცხოვრობდა. თანამემამულეებს სძაგდათ იგი, ყველა სხვა მეზვერის მსგავსად, და გაურბოდნენ კიდეც, როგორც დამპყრობ რომაელთა სამსახურში მყოფს. მაგრამ, მიუხედავად თავისი ცოდვილი საქმიანობისა, მათე მაინც ბევრად სჯობდა ფარისევლებს - გარეგანი, მოჩვენებითი კეთილმსახურებით თავმომწონე პირმოთნე იუდეველებს.
და აი, ამ ყველასგან მოძაგებულ მეზვერეზე შეაჩერა უფალმა იესო ქრისტემ თავისი ღვთაებრივი მზერა: ერთხელ უფალი კაპერნაუმიდან გამოვიდა და დიდძალი ხალხის თანხლებით ზღვის სანაპიროსკენ გაეშურა. იგი მიუახლოვდა საზვერესთან მჯდარ მათეს და მოუწოდა, შესდგომოდა მას. მათე უმალვე წამოდგა თავისი საზვერე ადგილიდან და უფალს გაჰყვა. მიატოვა მთელი თავისი ქონება-სამკვიდრებელი, ქრისტეს შეუდგა და აღარასოდეს განშორებია.
მალე მათე ღირს იქმნა, უფლის 12 გამორჩეულ მოციქულთა შორის შერაცხულიყო. სხვა მოწაფეებთან ერთად ახლდა იგი უფალს გალილეისა და იუდეის შემოვლისას, ისმენდა მის ღვთაებრივ სწავლებას, ხედავდა მის მიერ აღსრულებულ ურიცხვ სასწაულს... ბოლოს მოწმე შეიქმნა მაცხოვრის ჯვარზე ვნებისა და გამომსყიდველი სიკვდილისა, ყოვლად დიდებული, ბრწყინვალე აღდგომისა და ზეცად ამაღლებისა.
უფლის წმინდა მოციქულებზე სულიწმინდის გადმოსვლის შემდეგ წმინდა მათე სხვა მოციქულებთან ერთად პალესტინაში იმყოფებოდა და იერუსალიმსა და მის შემოგარენში ქადაგებდა სახარებას. თუმცა დადგა ჟამი, როცა მოციქულები იერუსალიმიდან უნდა წასულიყვნენ და მთელ ქვეყნიერებაზე ექადაგათ ღვთის სიტყვა. სანამ წმინდა მათე იერუსალიმს დატოვებდა, ქრისტიანებად მოქცეულმა აქაურმა იუდეველებმა სთხოვეს, უფალ იესო ქრისტეს საქმეები და მოძღვრება წერილების სახით დაეტოვებინა მათთვის.
მათე მოციქულმა ბევრ ქვეყანაში იქადაგა ღვთის სიტყვა - მოვლო მაკედონია, სირია, სპარსეთი, პართია, მიდია და მთელი ეთიოპია, რომელიც მას ერგო, როცა მოციქულებმა წილი ყარეს, თუ ვის სად ექადაგა. მან მრავალი განანათლა სახარების ნათლით და ბოლოს ერთ კაციჭამიობით ცნობილ შავკანიანთა ქვეყანაში ჩავიდა. იქაურები ზნითა და ქცევით მხეცებს ჰგავდნენ. წმინდა მათე მახარებელი მირმენად წოდებულ ქალაქში შევიდა, რამდენიმე ადამიანი მოაქცია ქრისტეს რჯულზე, მცირე ეკლესიაც დააფუძნა და ეპისკოპოსად თავისი თანამგზავრი და თანამოღვაწე პლატონი დაუტოვა. თვითონ მახლობელ მთაზე ავიდა. მკაცრად მარხულობდა და გულმოდგინედ ევედრებოდა ღმერთს ამ სასტიკი, ურწმუნო ხალხის მოქცევას. და აი, უკაცრიელ მთაზე განმარტოებულ წმინდა მოციქულს ღამით თვით უფალი გამოეცხადა, გაამხნევა და გააფრთხილა, მომავალი განსაცდელისთვის მომზადებულიყო.
მართლაც, მეორე დღეს, როდესაც წმინდა მოციქული ეკლესიაში ლოცვას აღავლენდა, ქალაქის მთავარმა ოთხი მხედარი გაგზავნა მის შესაპყრობად. შეიარაღებული მეომრები უფლის ტაძარს რომ მიადგნენ, ისინი უმალ წყვდიადმა მოიცვა და შეძრწუნებულებმა ძლივს მოახერხეს უკან დაბრუნება. განრისხებულმა მთავარმა ფულბიანემ მრავალი მეომარი გაგზავნა მოციქულის შესაპყრობად. ბრძანა, შეეპყროთ წმინდანი, მიწაზე გულაღმა დაეგდოთ და ხელ-ფეხით ძელზე მიემსჭვალათ, ხოლო თუკი ვინმე დაიცავდა და წინააღმდეგობას გაუწევდათ, დაეხოცათ. ყოველივე აღასრულეს. მთავრის ბრძანებისამებრ, დიდძალი ფიჩხი და ტოტები მოაგროვეს, მიიტანეს ფისი და გოგირდიც, ეს ყველაფერი მოციქულს ზემოდან დააყარეს და ცეცხლი წაუკიდეს.
კოცონი აღეგზნო და ყველას ეგონა, მათე სრულიად დაიწვაო. ანაზდად ცეცხლი გარშემო მდგარ კერპებს ეკვეთა და ცვილივით დაადნო, წმინდა მოციქული კი უვნებელი იყო და შემოქმედ ღმერთს ადიდებდა. ცეცხლმა გველის სახე მიიღო და ქალაქის მთავრისკენ გაიჭრა. გაოგნებულმა ფულბიანემ გაქცევაც ვეღარ მოახერხა. უღონოდ დაემხო და მორჩილი ვედრებით მიმართა წმინდა მოციქულს, ეხსნა დაღუპვისგან. მართლაც, როგორც კი წმინდა მათემ შერისხა ცეცხლი, ალი უმალვე დაცხრა. მაშინ ფულბიანემ ისურვა. ცეცხლიდან პატივით გამოეყვანა მათე, მაგრამ წმინდა მოციქულმა ლოცვა აღასრულა და უფალს მიაბარა სული. მათე მოციქული ქრისტეს შობიდან დაახლოებით 60 წელს აღესრულა.
მთავარმა ფულბიანემ ბრძანა, ოქროს სარეცელი მოეტანათ და მასზე დაესვენებინათ ცეცხლს სრულიად უვნებლად გადარჩენილი წმინდა მოციქულის პატიოსანი სხეული. მან დიდებულებთან ერთად ასწია სარეცელი და სასახლეში შეასვენა. თუმცა ფულბიანეს ჯერ კიდევ არ ჰქონდა სრულყოფილი რწმენა და ამიტომ ბრძანა, რკინის კიდობანი გამოეჭედათ და მოციქულის სხეული ზღვაში ჩაეშვათ. დიდებულებს კი უთხრა: თუკი ის, ვინც ცეცხლისგან უვნებლად იხსნა მათე, წყალში ჩაძირვისგანაც დაიფარავს, ვირწმუნოთ, რომ სწორედ იგია ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი, მას ვცეთ თაყვანი და ზურგი ვაქციოთ ჩვენს ყველა "ღმერთს", რომელთაც არ ძალ ედვათ, საკუთარი თავი გადაერჩინათ ცეცხლში დაღუპვისგანო. რკინის კიდობანი ზღვაში გადააგდეს.
წმინდა მათე ღამით ეპისკოპოს პლატონს გამოეცხადა და აუწყა, მისულიყო ზღვის სანაპიროზე, მთავრის სასახლის აღმოსავლეთით და იქ ხმელეთზე გამორიყულ მის ნაწილებს ნახავდა. დილით ეპისკოპოსი მორწმუნეებთან ერთად დათქმული ადგილისკენ გაეშურა. მართლაც ნახეს მოციქულის წმინდა ნაწილებით სავსე რკინის კიდობანი. ეს ამბავი მთავარმა ფულბიანემაც შეიტყო და თავის დიდებულებთან ერთად ზღვის სანაპიროზე გავიდა. ამჯერად მან საბოლოოდ და სავსებით ირწმუნა უფალი ჩვენი იესო ქრისტე და ყველას გასაგონად აღიარა, რომ სწორედ იგია ჭეშმარიტი ღმერთი.
ამ ამბის შემდეგ ქალაქის მთავარი ყოველთვის ცდილობდა, წმინდა მათეს ცხოვრებისთვის მიებაძა. მალე თავისი სამთავრო ხელისუფლება სხვას ჩააბარა, სრულიად უარყო ამქვეყნიური საზრუნავი და ლოცვა-ვედრებას მიეცა ღვთის ტაძარში. ამის გამო ეპისკოპოს პლატონის მიერ ხუცად კურთხევის ღირსი გახდა. სამი წლის შემდეგ კი, როცა მღვდელმთავარი პლატონი გარდაიცვალა, ყოფილ მთავარსა და აწ უკვე ქრისტეს ეკლესიის ხუცესს წმინდა მათე გამოეცხადა და შეაგონა, რომ სწორედ მას უნდა მიეღო საეპისკოპოსო ტახტი. მართლაც, მათედ წოდებული ფულბიანე ეპისკოპოსი გახდა და კეთილად იღვაწა ქრისტეს რწმენის ხარებაში. ბოლოს კი, ხანგრძლივი ღვთივსათნო ცხოვრების შემდეგ, თვითონაც ჩაბარდა უფალს, წმინდა მახარებელ მათესთან ერთად წინამდგომარებს ღვთის საყდრის წინაშე და ევედრება უფალს, რათა ყოველნი მისი საუკუნო სასუფევლის მემკვიდრენი შევიქნათ და მარადის მას განვადიდებდეთ თანა მამით და სულიწმიდითურთ.
მოამზადა
დემეტრე ტლაშაძემ
დემეტრე ტლაშაძემ