ძველი სტილით 26 მაისს (8 ივნისს) ეკლესია უფლის სამოცდაათი მოციქულიდან ორს - წმინდა კარპეზსა და ალფესს იხსენიებს. უფალი იესო ქრისტეს მიერ სამოცდაათი მოციქულის გამორჩევას მოგვითხრობს ლუკა მახარებელი:
ამოირჩია ისინი უფალმა და წარავლინა ორ-ორი ყველა ქალაქსა და სოფელში, სადაც აპირებდა მისვლას. მისცა მათ დარიგება იესომ და უთხრა: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი მცირედ. ევედრენით უკუე თქვენ, როგორც კრავებს მგლებს შორის. არ წაიღოთ თან არც ქისა, არც გუდა, არც სანდლები, არც არავინ მოიკითხოთ გზაში. სადაც შეხვალთ თქვით: მშვიდობა ამ სახლს. თუ იქნებიან მიმღებნი მშვიდობისა, მიიღებენ მას, თუ არა და თქვენი მშვიდობა თქვენვე დაგიბრუნდებათ. დარჩით იქ, სადაც მიხვალთ, ნუ ივლით სხვადასხვა სახლში. ჭამეთ და სვით ის, რაც მათ ექნებათ, რასაც შემოგთავაზებენ, ამასთან, იცოდეთ, რომ მუშაკი ღირსია სასყიდლის. განკურნეთ სნეულნი და ახარებდით მათ, რომ სასუფეველი ცათა მოახლოებულია. იმ ქალაქებში, სადაც არ მიგიღებენ, გამოსვლისას, ქალაქის ქუჩებში დაიბერტყეთ მტვერი, ფეხებზე რომ აგეკრათ. უთხარით, - თქვენს მტვერს თქვენთანვე ვტოვებთ, მაგრამ იცოდეთ, რომ ღვთის სამეფო გიახლოვდებათ. სოდომისთვის უფრო ასატანი იქნება იმ დღეს, ვიდრე იმ ქალაქისთვის.
ვინც თქვენ მოგისმენთ, მეც მომისმენს, ხოლო თქვენი უარმყოფელი, მეც უარმყოფს. ჩემი უარმყოფელი კი ჩემს მომვლინებელსაც უარყოფს.
სიხარულით დაბრუნდნენ მოციქულები და ახარეს იესოს: უფალო, შენი სახელით ეშმაკებიც კი გვემორჩილებოდნენო.
უთხრა მათ იესომ: ვხედავდი სატანა, ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან. აჰა, თქვენ გეძლევათ ხელმწიფება დათრგუნვად გველთა და ღრიანკალთა და ყოველგვარი ბოროტი ძალისა. თქვენ კი არაფერი დაგიშავდებათ. ამასთან, ნუ ხარობთ, რომ სულები გემორჩილებიან, არამედ გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები ცაშია ჩაწერილი.
წმინდა კარპეზი იყო წმინდა პავლე მოციქულის მოწაფე და თანამგზავრი. წმინდა მოციქულთა თავი მის სახელს იხსენიებს ტიმოთეს მიმართ მე-2 ეპისტოლეში: კარპეზის სახლში დაუტოვებია მას ფილონი და წიგნები: "როცა წამოხვალ, მოსასხამი წამომიღე, ტროაში, კარპეზთან რომ დავტოვე; აგრეთე წიგნები, მეტადრე ტყავზე ნაწერი" (2 ტიმ. 4,13). წმინდა პავლემ კარპეზს ხელი დაასხა თრაკიის ბერიის ეპისკოპოსად. მოციქული კარპეზი სახარებას ქადაგებდა კუნძულ კრეტაზე. აქ ის ინახულა წმინდა დიონისე არეოპაგელმა. თავის მოგონებებში დიონისე გადმოგვცემს წმინდა კარპეზის ღვთაებრივი გამოცხადების შესახებ. წმინდა მოციქული კარპეზი მშვიდობით აღესრულა ბერიაში (სხვა ცნობებით ის აწა¬მეს იმპერატორ ნერონის დროს).
წმინდა ალფესი გახლდათ უფლის თორმეთი მოციქულიდან ორის, იაკობის და მათეს მამა. იგი გალილეის ქალაქ კაპერნაუმიდან გახლდათ.
კონდაკი
ვითარცა ვარსკულავსა ყოვლადბრწყინვალესა ეკლესია მარადის მოგიგებს შენ, მოციქულო კარპე, შენთა საკვირველმოქმედებათა მიერ განათლებული, აცხოვნენ სარწმუნოებით პატივისმცემელნი ხსენებისა შენისანი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი