წმინდა მოციქული აკვილა და მისი მეუღლე პრისკილა (I) - 13 (26) თებერვალი
26.02.2022
13 (26) თებერვალს როგორც ბიზანტიურ, ასევე წმინდა გიორგი მთაწმინდელის სვინაქსარში მოიხსენიება წმინდა მოციქული აკვილა და მის მეუღლე პრისკილა.
წმინდა აკვილას ეკლესია ასევე მოიხსენიებს 70 მოციქულთან ერთად 4 იანვარს, ცალკე - 14 ივლისს, ხოლო წმინდა პრისკილას მოიხსენიებს ასევე 7 ივნისს.
სავარაუდოდ, წმინდა აკვილა პონტოელი იუდეველი იყო და რომში თავის ცოლთან პრისკილასთან ერთად ცხოვრობდა. იმპერატორ კლავდიუსის დროს (41-54) ყველა ებრაელი დედაქალაქიდან გააძევეს. წმინდა აკვილა იძულებული გახდა ცოლთან ერთად წასულიყო. ისინი კორინთოში დასახლდნენ. მალე იქ ათენიდან სახარების საქადაგებლად გამოვიდა წმინდა მოციქული პავლე. მან აკვილა გაიცნო, მის სახლში გაჩერდა და მასთან ერთად ქსოვდა კარვებს.
პავლე მოციქულმა აკვილა და პრისკილა მონათლა და ისინი მისი ერთგული და მოშურნე მოწაფეები გახდნენ. ცოლ-ქმარი თან ახლდა მოციქულს ეფესოში. წმინდა პავლემ მათ დაავალა ეფესოში სახარების ქადაგება გაეგრძელებინათ, თვითონ კი იერუსალიმში წავიდა რათა, იქ შეხვედროდა ერგასის დღესასწაულს. ეფესოში აკვილამ და პრისკილამ ძლიერი ქადაგება მოისმინეს ალექსანდრიიდან ჩამოსული ებრაელ აპოლოსი, რომელმაც მხოლოდ იოანე ნათლისმცემლის ნათლისღება იცოდა. მათ ის თვისთან წაიყვანეს, ესაუბრნენ და ზუსტად აუხსნეს გზანი უფლისანი.
კლავდიუსის სიკვდილის შემდეგ ებრაელებს იტალიაში დაბრუნების ნება მისცეს და წმინდა ცოლ-ქმარი რომში ჩავიდა. რომაელთა მიმართ ეპისტოლეში წმინდა პავლემ გაიხსენა თავისი ერთგული მოწაფეები: "კითხვაჲ არქუთ პრისკილას და აკჳლას, თანაშემწეთა ჩემთა, ქრისტეს იესუჲს მიერ, რომელთა-იგი სულისა ჩემისათჳს ქედნი მათნი წარუპყრნეს, რომელთადა არა მე ხოლო მადლიერ ვარ, არამედ ყოველნი ეკლესიანი წარმართთანი და სახლად-სახლად კრებულნი მათნი" (რომ. 6:3-4).
წმინდა აკვილა რომში მცირე ხანს დარჩა: მოციქულმა პავლემ ის ასიის ეპისკოპოსად დაადგინა. წმინდა აკვილა მოშურნედ ქადაგებდა სახარებას ასიაში, აქაიასა და ირაკლიაში: მან ქრისტეს სარწმუნოებაზე წარმართნი მოაქცია და რწმენაში განამტკიცა ახალმოქცელი ქრისტიანები, დაუდგინა მათ ხუცესები, დაამხო კეპები. მოციქულებრივ ღვაწლში ქმარს დაუღალავად ეხმარებოდა წმინდა პრისკილა.
წმინდა აკვილა მოწამებრივად აღესრულა, ის წარმართებმა მოკლეს. ეკლესიის გადმოცემით, მასთან ერთად მოკლეს წმინდა პრისკილაც.