მტკიცედ და შეურყევლად დგომა ღვთის ნებასთან თანხვედრითაა შესაძლებელი
30.08.2012
სარწმუნოებაში მტკიცედ და შეურყევლად დოგმა მხოლოდ ადამიანის ნებისა და ღვთის ნების თანხვედრით, ანუ სინერგიითაა შესაძლებელი.
საერთოდ სამყაროში არსებობს სამი ნება – ღვთისა, რომელიც მაცხოვნებელია, ბოროტი სულისა, რომელიც წარმწყმედელია და ადამიანის თავისუფალი ნება. ადამიანი რომელ ნებასთანაც მოინდომებს თანხვედრას, ისე წარიმართება მისი ცხოვრება.
წმინდა წერილი მოგვითხრობს: ღმერთმა ადამიანი შექმნა თავის "ხატად და მსგავსად" და მას, სხვა მრავალ ნიჭთან ერთად, თავისი ერთ-ერთი უმთავრესი თვისება - თავისუფლებაც უბოძა, ანუ შესაძლებლობა არჩევანისა - იყოს ღმერთთან ან იცხოვროს მის გარეშე. არჩევნის შესაძლებლობა ანგელოზთა ცხრავე დასსაც ჰქონდა მინიჭებული. უფლის ერთ-ერთმა უპირველესმა ანგელოზმა, თავის მიმყოლ დასსთან ერთად, ამპარტავნების ცოდვის გამო ღვთის გარეშე არსებობა მოინდომა, რამაც მათი დიდი დაცემა და ბუნების სრული სახეცვლილება გამოიწვია - უფლისაგან ბოძებული აბსოლუტურად ყველა სათნოება მათ თავიანთი ნებით დაკარგეს და იქცნენ ღვთისმბრძოლ არსებებად, რითაც საშინელი მარადიული ხვედრი განუწესეს საკუთარ თავს.
არსობრივად იგივე შეცდომა დაუშვეს ადამმა და ევამაც. მათაც ამპარტავნების ცოდვის გამო განიზრახეს ღვთის მსგავსნი გამხდარიყვნენ და მიუხედავად უფლის გაფრთხილებისა, მაინც შეჭამეს აკრძალული ხის ნაყოფი, რასაც მოჰყვა მათი გულის, სულისა და გონების შინაგანი ერთობის სრული დარღვევა, სიწმინდის შებღალვა და ღმერთთან კავშირის გაწყვეტა. მაგრამ ადამის მოდგმას, დაცემულ ანგელოზთაგან განსხვავებით, მიეცა შესაძლებლობა, გამოესყიდა დანაშაული და მაცხოვრის მსხვერპლშეწირული სიყვარულის მადლით, გულწრფელი სინანულით, აღსარებითა და ზიარებით ცოდვათაგან გათავისუფლებული კვლავ ძველ დიდებას დაჰბრუნებოდა.
ადამიანის ნება თავისუფალია, მაგრამ მან ეს თავისუფლება ცოდვისთვის არ უნდა გამოიყენოს. შეიძლება ვინმე შემეკამათოს კიდეც, მაშ, ეგ რაღა თავისუფლებააო. თუკი ადამიანის მიზანი ცხოვრებიდან მაქსიმალური სიამოვნების მიღებაა, გამოდის, რომ მას არ სწამს სიკვდილის შემდგომი სიცოცხლისა, ღმერთისა, და ბუნებრივიცაა, რომ ასეთი აზროვნების გამო თავისი მოთხოვნილებებისა და ინსტინქტების დაკმაყოფილების ერთგვარი მორალური უფლება ეძლევა კიდეც; ასეთი ადამიანისათვის არ შეიძლება არსებობდეს რაიმე ამაღლებული გრძნობა და ღირსება, რადგან მისთვის ყველაფერი წარმავალია, ყველაფერს "ეგოს" და "მეს" პრინციპი საზღვრავს და ცდილობს თავისი მიწიერი მოთხოვნილებების შესაძლებლობისამებრ დაკმაყოფილებას, თვლის რა, რომ გარდაცვალებით ყველაფერი მთავრდება.
ადამიანი ყოველ წუთს, ყოველ წამს დგას არჩევანის წინაშე - გაიმარჯვოს საკუთარ თავზე, თავის დაცემულ ბუნებაზე, აღასრულოს ღვთის ნება თუ კიდევ უფრო დაიმძიმოს მდგომარეობა და წარწყმედისაკენ მიმავალ გზაზე სვლა განაგრძოს.
ბუნებრივად იბადება კითხვა - რა არის ღვთის ნება? როგორ გავიგო, როგორია ის? ნება ღვთისა არის რწმენა, სიხარული, სიყვარული, ნეტარება და "ნება ღვთისა მუდამ კეთილია". ღვთის ნება წმინდა წერილშია, საეკლესიო სწავლებაშია, ვუსმინოთ მათ და გვეცოდინება, რასთან თანხვედრაში გამოვიყენოთ ჩვენი თავისუფალი ნება.
თუკი ადამიანი ღვთის ნების აღმსრულებელია, ბუნებრივია, ის მაცხოვართან თანაზიარებით სულიერად გადარჩება. ამისი შესაძლებლობა ყველას აქვს: ხელისუფალს და მეცნიერს, მიწის მუშაკს და დამლაგებელს, ექიმსა თუ წარმოების ხალმძღვანელს, ჯარისკაცს, მოსწავლეს და სტუდენტს, მდიდარს და ღარიბს, მოხუცსა და ახალგაზრდას, მთავარია, მან შეიცნოს ჭეშმარიტება და თავისი სულიერი და ფიზიკური შრომით სათნოეყოს უფალს.''