"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო, თანამავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა, დამკვიდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა") ერთ-ერთი განმარტებიდან: "ეს საღვთო წყალობა ყოველდღე ჩემთან არის, უფალი ყოველდღე მზრდის და მწვრთნის, და თუ ჩემივე ნებით არ გადავალ საღვთო გზიდან, იგი საკუთარ სახლში - მარადისობაში დამამკვიდრებს. წმინდა მამათა სწავლებით, ქრისტეს მეორედ მოსვლის შემდეგ დადგება დაუსრულებელი დღე. ზეციურ იერუსალიმში - ახალ ცასა და ახალ მიწაზე (შდრ.: 2 პეტრ. 3.13) - არ იქნება არც მზე, არც მთვარე, რადგან თავად უფალი იქნება დიდი სინათლე. დადგება ერთი დაუსრულებელი დღე, რომელსაც ექნება ერთი დასაწყისი - ქრისტეს მეორედ მოსვლა, მაგრამ არ ექნება დასასრული"...(გამოცემათა სერიიდან "ბიბლია განმარტებებით", VII ტომი).
ყოველი მართლმორწმუნე ქრისტიანი სწორედ ამ იდუმალ დღეში ჭვრეტს ახალ დღეს, რომელიც თავის თავში მოიცავს ახალ წელს, ახალ საუკუნეს, ახალ წლებსა და ახალ საუკუნეებს, ოღონდ არა განგრძობილ მატერიალურ დროთა და ჟამთა გაგებით, არამედ როგორც მარადიულ წამსა და აწმყოს (გოეთე: "შეჩერდი, წამო"... დაახლოებით ამგვარს). არსობრივად, ნამდვილი სიახლის მატარებელი მხოლოდ ის დღე იქნება, განსხვავებით ხილულ სამყაროში არსებულ დღეთა და წელთა მონაცვლეობისა, რომელთაც წარმავლობისა და ხრწნადობის ბეჭედი აზის. და მაინც, ამის მიუხედავად, წმინდად და სულიერად განვლილ ყოველ დღესა და წელში იმ დაუსრულებელი დღის წინდს ვიღებთ, რომელიც მართალი ადამიანებისთვის არის გამზადებული "სახლსა უფლისასა".
გისურვებთ სიმართლის მოხვეჭას და გილოცავთ დამდეგს..."