სიკეთე - კეთილის თვისება, საქციელი, სხვისათვის კარგის ქმნაა" - ასე განმარტავს სიკეთის არსს ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი.
ღვთაებრივი სიკეთე - წმინდა წერილის უმთავრესი ჭეშმარიტებაა. ხშირად მას აბსტრაქტული, ფილოსოფიური თვალსაზრისითაც განიხილავენ. ბიბლიაში ღვთის მიერ განხორციელებული სიკეთე ყველაზე თვალსაჩინოდ ადამიანების მიმართ ვლინდება. უფალი არა მხოლოდ თავად არის სიყვარული და სიკეთე, არამედ ის კეთილია ჩვენ მიმართ. ადამიანური სიკეთე ლამობს ღვთაებრივ სიკეთეს მიემსგავსოს.
"სიკეთის ქმნაში" ადამიანები გულისხმობენ მოწიწებას, გულუხვობას, ქველობას, წყალობას, კურთხევას, სიყვარულს, კეთილგანწყობას და ზოგადად ბოროტი ზრახვებისთვის თავის არიდებას.
ერთი შეხედვით მარტივი და ყველასათვის გასაგები ტერმინი არ არის ზედმიწევნით კონკრეტული და მისი არსის ამსახველი მცნებები სხვადასხვა ელფერს ატარებენ.
რომაელების მიმართ მოციქული პავლეს ეპისტოლეში არის მეტად საინტერესო სიტყვები: "თქვენი მორჩილება კი ყველასათვის ცნობილია. ამიტომაც ვხარობ თქვენ გამო; მაგრამ მინდა, რომ ბრძენნი იყოთ სიკეთისათვის და უმანკონი - ბოროტებისთვის" (რომ. 16:19). რომელ სიბრძნეზეა საუბარი? განა სიკეთის კეთებას მხურვალე სურვილის გარდა კიდევ რაიმე სჭირდება?
შესაძლოა მოციქული ისეთ ყალბ სიკეთეზე მიგვანიშნებს, რომელიც სამყაროში გაცილებით უხვადაა, ვიდრე ყალბი ფული. ასე მაგალითად, ზოგიერთ ქვეყანაში გადასახადების თავიდან აცილების მიზნით გავრცელებულია შემდეგი სახის ქველმოქმედება: სპეციალურ ფასად განსაკუთრებულ სადილს ესწრები და ავტომატურად ბავშვთა ფონდში გარკვეულ შესაწირს იხდი. რამდენადაა შესაძლებელი ასეთ შემთხვევაში ისაუბრო სიკეთის სრულფასოვან კეთებაზე? იქნებ ეს საჭმლის მონელების ორიგინალური სამედიცინო ტექნოლოგიაა? ყველასათვის ცნობილია, რომ განწყობა, რომელიც თან ახლავს საკვების მიღების პროცესს, ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედებს.
ფილოსოფოს ს. მაზაევის აზრით, სხვაობა ჭეშმარიტსა და ყალბს შორის სიბრძნემ უნდა დაგვანახოს. სიკეთის ქმნა არ ნიშნავს ვინმეს სიამოვნებას. ეს რომ ასე იყოს, მექისისა და მასაჟისტის ხელობა მოკვდავთა ყველაზე დიდ ქველმოქმედებად ჩაითვლებოდა. მეორე მხრივ, სიკეთის კეთება ვინმეს სამსახური რომ იყოს, ოფიციანტიც დიდი ქველმოქმედი იქნებოდა. სარგებლის მოტანაც კი არ ნიშნავს სიკეთის კეთებას, რადგან მეწარმე, რომელიც სამუშაო ადგილებს ქმნის, ასევე უპირველესი ქველმოქმედი იქნებოდა.
სიკეთის კეთება არც ისე ადვილია, როგორც მისი ჩაფიქრება. მათეს სახარებაში ქრისტეს სიტყვებია იმის შესახებ, რომ ბოროტება სიკეთეზე ადვილად იმკვიდრებს ადგილს, მისი არსება უფრო მარტივია - მთავარია ადამიანმა რაიმე ბოროტი აზრი გაივლოს თავში და მისი გული მყისვე დაპყრობის საშიშროების წინაშე აღმოჩნდება. "თქვენ გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული: არა იმრუშო. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყველამ, ვინც ნდომით შეხედა ქალს, უკვე იმრუშა მასთან საკუთარ გულში" (მათ. 5:27-28). თუმცა არსად არის ნათქვამი საპირისპირო: "ის, ვინც მართლმორწუნის გმირული საქციელით აღფრთოვანდა, თავად არის ამ საქციელის ჩამდენი".
სიკეთეს, ბოროტებისგან განსხვავებით, მსხვერპლი ესაჭიროება: "დაჯდა იესო საგანძურის წინ და უყურებდა, როგორ ყრიდა ხალხი ფულს საგანძურში. ხოლო ბევრი მდიდარი ბლომად ყრიდა. მოვიდა ერთი საწყალი ქვრივი ქალი და ჩააგდო ორი ლეპტა, რაც შეადგენს კოდრანტს. მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ამ საწყალმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩააგდო საგანძურში. ვინაიდან ყველა აგდებდა იმას, რაც ზედმეტი ჰქონდა, ხოლო მან ჩააგდო მთელი თავისი სისაწყლე, მთელი თავისი საბადებელი" (მარკ. 12:41-44).
სიკეთე არ კეთდება იქ, სადაც სიყვარულის დრამატურგიის განსაკუთრებული ლოგიკა არ არის. ერთი საქმეა მოიშორო ის, რაც ზედმეტი გაქვს, და სულ სხვა საქმეა, მოიკლო, ანუ აუცილებელს მოაკლო. როდესაც ვიშორებთ ზედმეტს, ჩვენ არაფერს ვწირავთ. არ არის შემთხვევითი, რომ ბიბლიაში ქვრივი ქალი თავის ქონებას - ორ ლეპტას სრულად შესწირავს ტაძარს და ამით ფაქტობრივად თავის თავს განსაცდელისთვის ამზადებს. სწორედ ეს არის ნამდვილი სიკეთე.
ის წვრილ-წვრილი ქმედებები კი, რომლებსაც ხმამაღალ სიტყვას - სიკეთეს ვუწოდებთ, სხვა არაფერია, თუ არა "მეგობრების შეძენის კეთილშობილური გზა". ლუკას სახარებაში არის იგავი არაკეთილსინდისიერი მმართველის შესახებ, რომელსაც ბატონი გაგდებას უპირებდა, მან კი საკუთარი მომავლის უზრუნველსაყოფად თავისი ბატონის მოვალეების თამასუქები გაანახევრა. ბატონმა მოუწონა საქციელი, "ამიტომაც გეუბნებით, შეიძინეთ მეგობრები უსამართლო სიმდიდრით, რათა, როდესაც გაღარიბდებით, მიგიღონ საუკუნო სამყოფელში" (ლუკ. 16:1-9). არიან ადამიანები, რომლებიც თავად მოელიან წყალობას, მიიღებენ გარკვეულ თანხას, მოკეცავენ და ჯიბისკენ გააქანებენ. მათ შორის შეიძლება ისეთებიც იყვნენ, რომლებსაც არც კი გაახსენდებათ, რომ ამქვეყნად მათზე გაჭირვებული ადამიანებიც არსებობენ და სიკეთის წესი მათგან სიკეთის განაწილებას მოითხოვს. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი ან რამდენიმე ქველმოქმედი მთელ ქვეყანას ვერ გასწვდება.
ზოგმა, რომელმაც ღვთის მადლით სიკეთე მოიპოვა, შეიძლება თავისი გაჭირვებული მოყვასი არც კი დაინდოს. დაუნდობლობაა, როდესაც ხედავ, რომ ადამიანს უჭირს, შეგიძლია ხელი გაუწოდო და არ ეხმარები. სხვამ შეიძლება განსაკარგავად ღვთივ ბოძებული სიკეთე ცუდად გამოიყენოს და გაჭირვებული გაწიროს, სხვისი ქონება მიითვისოს ან სხვა, უარესი მოიმოქმედოს. წმინდა მათეს სახარებაში უფლის სიტყვებია მოყვანილი: "ამითა ჰგავს ცათა სასუფეველი მეფეს, რომელმაც გადაწყვიტა ანგარიში გაესწორებინა თავისი მონებისათვის. და როცა ანგარიშსწორება დაიწყო, წარუდგინეს მას ერთი, რომელსაც მისი ათი ათასი ტალანტი ემართა. და რაკი გადახდის თავი არ ჰქონდა, მისმა მეფემ ბრძანა, გაეყიდათ ისიც, მისი ცოლიც, მისი შვილებიც, მთელი მისი სარჩო-საბადებელიც და ვალი დაეფარათ. დაემხო მონა, თაყვანი სცა და უთხრა: შემიბრალე, მეფეო, და მთელ ვალს გადაგიხდი. შეიბრალა მეფემ თავისი მონა, გაუშვა და ვალიც აპატია. მაგრამ წავიდა ეს მონა და ერთ თავის ამხანაგს შეხვდა, რომელსაც მისი ასი დინარი ემართა: ყელში სწვდა, დახრჩობა დაუპირა და შესძახა: ჩემი ვალი დამიბრუნეო. ამხანაგი ფეხებში ჩაუვარდა და შეევედრა: ცოტაც მაცალე და მთელ ვალს გაგისტუმრებო. მაგრამ მან ყური არ ათხოვა, არამედ წავიდა და ვალის გადახდამდე ციხეში ჩააგდებინა იგი. ეს რომ მისმა ამხანაგებმა დაინახეს, ძალიან შეწუხდნენ, წავიდნენ და მეფეს მოახსენეს ყველაფერი, რაც მოხდა. მაშინ მეფემ დაიბარა მონა და უთხრა: შე ბოროტო, მთელი ვალი გაპატიე, რაკიღა მთხოვე. ნუთუ არა გმართებდა, ისევე შეგებრალებინა შენი ამხანაგი, როგორც მე შეგიბრალე შენ? განრისხდა მეფე და მტანჯველებს მისცა ხელში, ვიდრე არ გადაიხდიდა მთელ თავის ვალს. ასევე მოგექცევათ ჩემი ზეციერი მამა, თუ მთელი გულით არ მიუტევებთ თქვენს ძმას მის შეცოდებებს" (მათ. 18:23-35).
საერთოდ, რაც არ უნდა გასცეს ადამიანმა - გარდა იმისა, რაც სხვას დარდისაგან გაათავისუფლებს და სიკვდილისაგან დაიცავს, ქვეყანას მაინც იმას დაუბრუნებს, რაც მას არ ეკუთვნის, რადგან კაცს რაც აქვს, ყველაფერი ღვთის მადლით აქვს, მათ შორის: საკუთარი ძალ-ღონე, ნიჭი და ნებისმიერი საქმის კეთების უნარი. ამიტომ ამ სიკეთის გაცემა სხვისი ქონების გაცემას ნიშნავს. თავის საკუთრებად ადამიანმა მხოლოდ ის შეიძლება ჩათვალოს, რაც მას ტკივილისა და სიკვდილისაგან იცავს. საკუთარ და ნამდვილად ფასეულ სიკეთედ მხოლოდ ასეთი შეიძლება მივიჩნიოთ.
ცინიკოსთა შორის გავრცელებულია აფორიზმი: ბოროტებისთვის არ იხდიან, გადახდა სიკეთეს სჭირდებაო. ამ გამონათქვამში არის ჭეშმარიტების მარცვალი. უტყუარი ნიშანი იმისა, რომ შენ მოახერხე და მცირეოდენი სიკეთე გააკეთე, ის იქნება, თუ ქველმოქმედების შემდეგ აღშფოთებული ბოროტება თავს დაგატყდება და მძიმე დარტყმას მოგაყენებს. ეს დარტყმა შეიძლება ეჭვით, შურით ან კიდევ იმ მიზეზით იყოს გამოწვეული, რომ ვიღაცას ეჩვენება, თითქოს სხვისი სიკეთის განმკარგველი თვითონ უნდა იყოს. მაგრამ თუ სიკეთის ქმნის შემდეგ არანაირ იწროებას არ გრძნობ, თუ ყველაფერი მშვიდად და კარგად მიედინება - ეს დამაფიქრებელია. ჩნდება ლოგიკური შეკითხვა: სიკეთის ქმნის დროს ეშმაკი რატომ არ გიშლის ხელს, იქნებ იმიტომ, რომ შენ მას უკვე დაუმეგობრდი?
ბოროტება სიკეთისაგან განსხვავებით არ ექვემდებარება განსაცდელს, რადგანაც ის არ შეიძლება იყოს შედარებით უკეთესი ან უარესი. ხარისხის ნიშნით ოქროს აღნიშნავენ და არა ჩონჩორიკს. ბოროტების კეთება უფრო მარტივია, მას არ ესაჭიროება ეგზისტენციალური შეფასება, მას არ გააჩნია კარატი. ბრილიანტის შეფასება ხდება კარატების მიხედვით, შუშა ფასდება წონით, სიკეთის ეგზისტენციალური შეფასება ხდება იმ ტანჯვის მიხედვით, რომელიც შეიძლება ამ სიკეთის ქმნის გამო განიცადო. ამიტომაც, თუ გინდა, გააკეთო რაიმე კარგი, მზად იყავი იმისათვის, რომ მას ყველა მხრიდან შეაფასებენ: რამდენს იწონის, როგორი ხარისხისაა, რამდენი კარატია მასში და ა.შ.
ამ ფონზე სასარგებლოა გავიხსენოთ ადრექრისტიანული მოწამეები. წმინდანთა ცხოვრება იმის დასტურია, რომ ზოგიერთი მათგანი არ გაურბოდა და არ ემალებოდა სატანჯველს. საინტერესოა, რატომ? მაგრამ ფაქტია, რომ მათ არ აკმაყოფილებდათ ვირტუალური, მხოლოდ გააზრებული რწმენა. მათი კრედო იყო თეზა: თუ ჩვენ გამო ქრისტე ეწამა, ჩვენც უნდა ვეწამოთ ქრისტესათვის. მათ რწმენას "სრულყოფისათვის" აკლდა რეალობა და ყოფითობა. ამიტომ მორწმუნენი წარმართულ კერპებს საჯაროდ გმობდნენ და სხვა რელიგიის ატრიბუტებს მიზანმიმართულად ანადგურებდნენ. ისინი ფლობდნენ განძს, საკუთარ სიცოცხლეს, ზოგჯერ ფუფუნებას და თანახმა იყვნენ ტკივილის ხარისხში გაეცვალათ მისი რეალური ფასი. ჩვენ, თანამედროვე ქრისტიანები, მათ საპირისპიროდ, ხშირად რწმენაშიც კომფორტს ვეძებთ. ვზრუნავთ "რელიგიური უფლებებისათვის" და ვერ ვამჩნევთ, რომ უკვე საკმაოდ კარგად ვფლობთ წარმართული ურთიერთობისა და ყოფის ხელოვნებას.
გავიხსენოთ, პატივმოყვარე ღიმილითა და დაბურული მზერით რაოდენ ხშირად და ადვილად ვატყუებთ საკუთარ სინდისს. ადვილია მოხუცი მათხოვრის წინ ხურდა ფულით დამძიმებული ჯიბე გაითავისუფლო და ამით თავი კეთილშობილთა რიგებს მიაკუთვნო. დავაკვირდეთ, ამის შემდეგ რა სასიამოვნოა მეგობრების წრეში სიკეთეზე საუბარი, თუმცა ჩვენ მიერ გაღებული ჭეშმარიტი სიკეთის შემფასებელი მხოლოდ ის ტრაგიკული და ამაღლებული ტკივილი უნდა იყოს, რომელიც სიკეთეს ახლავს. თუ გვემახსოვრება, რომ არ არსებობს სიკეთე ტკივილის გარეშე, მნიშვნელოვან თვისებას - ქრისტიანულ სიფხიზლეს შევინარჩუნებთ.
მაკა თაქთაქიშვილმა