მოდიან, მოედინებიან უწყვეტ ნაკადად, მოაქვთ ჩემი ქვეყნის დიდება, პატივი, სიწმინდე და სიყვარული! მოდიან ამაყად უფლის ერთგული ჯარისკაცები, სამშობლოს დამცველი რაინდები!
მოდიან მრავალშვილიანი მშობლები ხელში ატატებული ჩვილებით! მოდიან ქართველი ქალები ჯვრებით, დროშებით!
რამდენი წლის განმავლობაში თითქმის ყველა საინფორმაციო საშუალება სულ სხვა რამეს "ასწავლიდა" მათ, ასწავლიდა, რომ ნარკომანია კარგია, რომ რაღა დროს ეკლესია და სამშობლოა, რომ ოჯახის ერთგულება ბნელების მოგონილია, რომ ქართველობა სირცხვილია, რომ "თავისუფლება" უღმერთობა და უსამშობლოობაა! რომ ასე აზროვნებაა დღეს მოდაში მთელ მსოფლიოში და ჩვენ კი ჩამოვრჩით!
ისინი კი... ისინი... ნახეთ, როგორ მოდიან?! ხატები გულში ჩაუკრავთ, ნინოს ჯვარი წაუმძღვარებიათ... ლოცვით და გალობით... უფალს მინდობილები...
დროა, ყველამ გაიგოს: საქართველო აქ არის! მას ვერაფერი და ვერავინ გადააჯიშებს! აქ არიან ჩვენი შვილები - ისევ ქართველები, ისევ უფლის რწმენაში მყოფნი! ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ აქ ყოფნით, რომ "ენა, მამული და სარწმუნოება" აქვთ ფარად წინაპარივით და ბოლომდე გაიტანენ ლელოს, თუნდაც მთელი სამყარო დადგეს ამ ღირებულებათა წინააღმდეგ!
უფალმა დაგლოცოს, ჩემო საქართველო! ასე ვიაროთ, ქართველებო, ქვეყნის დიდი მომავლისკენ, თავისუფლებისკენ, სიყვარულისკენ!