მოდით, მივყვეთ ბიბლიურ ისტორიას. კაენი მშრომელია ქვეყნისა (მიწათმოქმედია). ამით უარყოფილია მეცნიერთა თეორია, რომლის თანახმადაც, ადამიანი თავდაპირველად მონადირეობა-შემგროვებლობას მისდევდა, შემდგომ - მწყემსობა-მესაქონლეობას და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო მიწათმოქმედების განვითარება. ამ მეცნიერული თეორიის უსაფუძვლობას ისიც ადასტურებს, რომ გარკვეულ დრომდე ადამიანს არ ჰქონდა ხორცის ჭამის უფლება (დაბ. 1:29).
"და იყო: შემდგომად დღეთა მოართუა კაინ ნაყოფთაგან ქვეყანისათა მსხვერპლი უფალსა. და აბელ მოართუა მანცა პირმშოთაგან ცხოვართა მისთასა. და მოიხილა ღმერთმან აბელს ზედა და მსხუერპლთა მისთა ზედა, ხოლო კაინს ზედა და მსხუერპლთა მისთა ზედა არა მოიხილა, და შეწუხნა კაინ ფრიად და შეიჭურვა პირი მისი" (დაბ. 4:3-5). მსხვერპლშეწირვა იმაში კი არ მდგომარეობს, რომ ძმები გასცემენ, არამედ იმაში, თუ როგორი გრძნობით გაიღებენ ამას. ეს შინაგანი განწყობა უნდა ვლინდებოდეს გარეგან მოქმედებაში. პავლე მოციქული ადასტურებს ამ აზრს: "სარწმუნოებით უმრავლესი მსხვერპლი შეწირა ღმერთსა აბელ კაენისსა" (ებრ. 11:4). ამასთან, აბელმა მოიყვანა არა უბრალო ცხვარი, არამედ პირმშო და საუკეთესო. წმინდა წერილი ასეთ შეფასებას აძლევს ორი ძმის ძღვენს: "მოიხილა" (აბელის) და "არა მოიხილა" (კაენის). ამ სიტყვებით წმინდა წერილი გვეუბნება, რომ ღმერთმა შემწირველთა მიმართ თავისი კმაყოფილებაც და უკმაყოფილებაც შესაბამისი ნიშნებით გამოხატა.
კაენს მწუხარების ორი მიზეზი ჰქონდა: ერთი ის, რომ უფალმა არ მოიხილა (ანუ არ მიიღო) მისი ძღვენი და მეორე ის, რომ ღმერთს სათნოეყო ძღვენი მისი ძმისა. "შეწუხნა კაინ ფრიად" - ებრაულ ტექსტში გამოყენებული სიტყვა "შეწუხნა" შინაარსობრივად ითარგმნება, როგორც გაბრაზება, მრისხანება.
"და ჰრქუა უფალმან ღმერთმან კაინს: რათა რად შეიჭურვინ პირი შენი, არცა მართლიად შემოწირე... შენდამი მიქცევაი მისი (აბელის) და შენ ჰმთავრობდი მას" (დაბ. 4:6-7)". წმინდა ეზეკიელ წინასწარმეტყველი ამბობს: "არა ნებსით მნებავს სიკვდილი უშჯულოისა, - იტყვის უფალი, - ვითარ მოქცევაი მისი გზისაგან ბოროტისა და ცხოვნებაი მისი" (ეზ. 18:23). "ღმერთმან სიკვდილი არა დაჰბადა, არცა ნებავს წარწყმედა ცხოველთა" (სიბრძნე სოლომონისა 1:13-15). იხილეთ კაცთმოყვარება ღვთისა! მას სურს, ამ სიტყვებით მოალბოს კაენის განრისხება და შეაკავოს მისი ამხედრება ძმაზე. მან წინდაწინ იცის ბოროტი განზრახვა და ცდილობს მისი გულის მოლბობას - აბელს მის შემდგომად წარმოაჩენს, ხოლო თავად კაენს - მთავრად. "შენდამი მიქცევაი მისი და შენ ჰმთავრობდი მას", - ეს სიტყვები აშკარად მიუთითებენ აბელის მორჩილებას კაენისადმი. მაგრამ, კაენი გონს არ მოეგება: "და თქუა კაინ აბელისა მიმართ, ძმისა თვისისა: განვიდეთ ზოგად ველად. და იყო: ყოფასა მათსა ველს აღდგა კაინ აბელის ზედა, ძმისა თვისისა, და მოკლა იგი". კაენმა მოკლა თუ არა ძმა, იქვე იცრუა მშობლების წინაშე, თითქოსდა აბელი შეყვანილ იქნა სამოთხეში, რადგანაც იგი სათნო უჩნდა ღმერთს (წმინდა ეფრემ ასური).
აბელი ცოდვის შედეგად ქვეყანაში შემოსული სიკვდილის პირველი მსხვერპლი გახდა. ებრაული ტრადიცია მკვლელობის სავარაუდო საბაბად მიიჩნევს ძმებს შორის გამართულ კამათს მარადიულ ცხოვრებაზე, ღვთის განგებაზე, აღთქმულ მხსნელზე. ალბათ ეს გახდა საფუძველი ძველი ქრისტიანული ტრადიციისაც, რომელიც დაფუძნებულია თვით უფლის სიტყვებზე (მათე 23:31; ლუკა 11:49-51; ებრ. 12:24). წმინდა წერილმა შემოგვინახა ხსოვნა აბელზე, როგორც პირველ მართალზე და მოწამე აღმსარებელზე.
"და თქუა უფალმან ღმერთმან კაინის მიმართ: სადა არს აბელ, ძმაი შენი? და უპასუხა (კაენმა): არა უწყი, ნუ მცველი ძმისა ჩემისა ვარ მე?" ღმერთი ესაუბრება მას მრისხანების გარეშე, ცდილობს, გააღვიძოს მასში სინანული, მაგრამ ამაოდ.
და მაინც, რატომ მოკლა კაენმა ძმა? "რამეთუ საქმენი მისნი ბოროტ იყვნეს, ხოლო ძმისა მისისანი - მართალ" (I ინ. 3:12). წმინდა იოანე ოქროპირი ამ მკვლელობაში ხედავს კაენის მიერ ჩადენილ შვიდ ცოდვას: 1) შურს, რომ უფალმა მიხედა სხვის შესაწირს; 2) შურს ძმის მიმართ; 3) სიცრუესა და ვერაგობას; 4) მკვლელობას; 5) ძმის მოკვლას; 6) პირველ მკვლელობას; 7) სიცრუეს ღვთის წინაშე.
უფალი კაენს სასჯელს მხოლოდ მას შემდეგ უცხადებს, რაც იგი უარყოფს სინანულს. "და თქუა ღმერთმან: რაი ესე ჰყავ? ხმაი სისხლისა ძმისა შენისა ღაღადებს ჩუენდამო ქვეყანით. და აწ წყეულ იყავ შენ ქუეყანისაგან, რომელმან განაღო პირი თვისი შეწყნარებად სისხლისა ძმისა შენისასა ხელისაგან შენისა. რამეთუ ჰშურებოდი ქვეყანასა და არა შეიძინოს ძალი თვისი მოცემად შენდა, იწროებით და ძრწოლით იყო ქუეყანასა ზედა" (დაბ. 4:10-12). ეს არის პირველი, უშუალოდ ადამიანის მიმართ გამოთქმული წყევლა. მანამდე დაიწყევლა ეშმაკი, გველი და მიწა. ეს უკანასკნელი იარაღი გახდა ადამიანთა მოდგმის დასასჯელად. "და თქუა კაინ უფლისა მიმართ ღმრთისა: უფროის არს ცოდვაი ჩემი მოტევებისა ჩემისა და უკეთუ განმაძებ მე დღეს, პირისაგან ქუეყანისა და პირისაგან შენისა დავიმალო და იყოს, ყოველმან მპოვნელმან ჩემმან მომკლას მე" (დაბ. 4:13-14). ამ სიტყვებით, როგორც ზოგიერთს მიაჩნია, კაენი დაცვას ევედრება უფალს (მას შიში ჰქონდა, რომ მოკლავდნენ ჩადენილის გამო), ზოგი კი, პირიქით, მიიჩნევს, რომ ძმის მკვლელი თავისი სიკვდილის დაჩქარებას ითხოვს.
კაენს, როგორც კი ამხილა უფალმა, იმწამსვე უნდა ეღიარებინა ცოდვა, დაცემულიყო უფლის წინაშე და პატიება ეთხოვა, რამეთუ არ არსებობს ცოდვა, რომელიც გარდაემატება ღვთის კაცთმოყვარეობას, თუ, რა თქმა უნდა, დროულად გამოვიჩენთ სინანულს.
განმმარტებელთა აზრით, კაენს ყველაზე მეტად მამის ან სხვა და-ძმებისა ეშინოდა. სავარაუდოდ, ადამი ამ დროს 130 წლის იყო, ხოლო სეპტუაგენტას მიხედვით - 230 წლის.
"და ჰრქუა მას უფალმან ღმერთმან: არა ეგრეთ, ყოველმან მომკვლელმან კაინისამან შვიდნი შურისძიებანი დახსნეს. და დასდვა უფალმან ღმერთმან სასწაული კაინს არა მოკვლად მისა ყოვლისაგან მპოვნელისა მისისა" (დაბ. 4:15). რას ნიშნავს "შვიდნი შურისძიებანი"? რიცხვი შვიდი წმინდა წერილში ხშირად ბევრის აღსანიშნავად არის გამოყენებული. რაც შეეხება უშუალოდ ნიშანს, ამ საკითხზე ეკლესიის მამათა შორის აზრთა სხვადასხვაობაა. სიცოცხლის შენარჩუნება კაენს აძლევდა კიდევ ერთ შესაძლებლობას, თავისი შემდგომი ცხოვრებით გამოესყიდა ეს დანაშაული, ნაწილობრივ მაინც. რატომ დაედო კაენს ნიშანი? ახალი მკვლელობის გამოსარიცხად, იმიტომ, რომ ადამიანს არა აქვს შურისძიების უფლება; მხოლოდ მართლმსაჯული ღმერთი წყვეტს დამნაშავის ბედს. საერთოდ, ბოროტების შესახებ მოციქული ბრძანებს "ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ სძლიე კეთილითა მით ბოროტსა მას".
"და გამოვიდა კაინ პირისაგან ღმრთისა და დაემკვიდრა ქვეყანასა ნაიდს წინაშე ედემისა. და იცნა კაინ ცოლი თვისი და მუცლადმღებელმან შვა ენოს, და აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელად ძისა თვისისა ენოს" (დაბ. 4:16-17). კაცობრიობის გამრავლების მიზნით კაენს ნება დაერთო, დაქორწინებულიყო დაზე. თუმცა, ზოგი განმმარტებლის აზრით, კაენს ცოლი ძმის მკვლელობამდეც ჰყავდა, რასაც იმით ასაბუთებენ, რომ ძმის მკვლელს ცოლად არავინ წაჰყვებოდა.
ლევან მათეშვილმა