"წმინდა იოანე სინელი (იგივე კიბისაღმწერელი, იღუმენი) მე-7 საუკუნის უდიდესი ავტორიტეტია ქრისტიანულ სამყაროში. ის არის ავტორი წიგნისა "კლემაქსი" ანუ "კიბე". წიგნი ორი ნაწილისგან შედგება: სწავლებანი, განკუთვნილი სამონაზვნო გზას შედგომილთათვის და სწავლებანი - წინამძღვართათვის. ეს სწავლებანი წმინდა მამისა და მისი თანამედროვე მოღვაწეების პირად გამოცდილებაზე დაყრდნობითაა დაწერილი. წიგნი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მას ბერ-მონაზონთა მეორე სახარებასაც უწოდებენ და ათასწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ერთ-ერთ უდიდეს სახელმძღვანელოდ მიიჩნევენ მათთვის, ვისაც სრულყოფილების მიღწევა და ღმერთთან მიახლება დაუსახავს მიზნად".
"კლემაქსი" ანუ "კიბე" - წიგნი, რომელიც სარკეა სულისა, რომელიც არათუ მხოლოდ საკუთარი თავის შემეცნების ძალას გვაძლევს, არამედ ვისაც თავისი სახელის ზეცაში, ცხოვრების წიგნში დაწერა სურს და ზეციურ ნეტარებაში აღსვლას ესწრაფვის, გზას ეს წმინდა წიგნი უჩვენებს და ასწავლის. მისი მკითხველი იპოვის უცდომელ წინამძღვარს, რომელიც თავის თითოეულ მიმდევარს ცათა სასუფევლისკენ გაუძღვება და ყოველგვარი დამაბრკოლებელი ქვისგან უვნებლად დაიცავს. ის იქნება მიწიდან ზეცაში აღმართული კიბე, რომელიც მას მიწიდან წმინდათა წმინდაში აიყვანს. ამ კიბის თავში დგას ღმერთი. ის იმ კიბის მსგავსია, რომელიც ოდესღაც ვნებათა დამთრგუნველმა იაკობმა იხილა, როდესაც მოღვაწეობის სარეცელზე განისვენებდა. ამიტომ სარწმუნოებითა და სიყვარულით ჩვენც ავუყვეთ ამ სულიერსა და ცად ამყვანებელ კიბეს, რომლის პირველი საფეხური "ამაო სოფლისგან განშორების შესახებ" კეთილად გვასწავლის: არათუ უფლისგან კეთილად შექმნილ სოფელშია მიზეზი ბოროტებისა, არამედ ღვთისგან მოწყვეტითა და სიშორით არსებულმა ცოდვამ და ბოროტებამ დაისადგურა მიწაზე და აქცია იგი საცთურთა მახედ, რომელშიც მრავალი მოტყუებული სული სასიკვდილოდ გაება ან ცოცხლად ტყვედ იქცა მისგან. არათუ ამ ქვეყნიური ცხოვრებაა თავის თავში ბოროტების მატარებელი, არამედ ამქვეყნისა და მიწიერებისთვის ცხოვრებას თავისი წესები აქვს, რომელსაც ჩვენი უძლურებითა და ბოროტების მიერ შემოთავაზებულ საცთურთა მიერ ჩვენივე ნებით გაკვალული აქვს გზა ჩვენს შინაგანში, რაც ყოველწუთიერად გვაშორებს შემოქმედსა და მის მაცოცხლებელ მადლს, ამიტომ სულის დიდი ხელოვანი მამა თავის ზეციური სწავლების - კიბის პირველ საფეხურს სწორედ "ამაო სოფლისგან განშორებით" იწყებს. სოფელს ფიზიკურად ვერასდროს დატოვებ, სანამ ამას უფალი არ ინებებს, მაგრამ აუცილებელია შეეცადო, რომ მიატოვო, ზურგი აქციო მის ამაოებას, რაც უფსკრულად აღიმართება ღმერთსა და ადამიანს შორის. განშორდე ამაოებას, ნიშნავს ჯერ დაინახო და შემდეგ მოიძაგო მისი მომაკვდინებელი საქმეები. როგორც ნაყროვანს შეუძლებელია სძულდეს საკვები, ასევე შეუძლებელია ამაოდ მცხოვრებს სძულდეს ამა სოფლის საქმეები.
ადამიანში ნათელი ჭეშმარიტი ღვთის, უფალ იესო ქრისტეს რწმენით შემოდის. რწმენა ის უხილავი სიმდიდრეა, რომელიც ღვთის მცნებების კვალდაკვალ მიყოლით მოიპოვება და კეთილი საქმეებით ხილვადი ხდება. რწმენა მიწაში ღრმად დაფლულ ოქროს ჰგავს, რომლის დასაუფლელად შრომა და თხრაა საჭირო, ხოლო როდესაც მას მოიპოვებ, ღრმად უნდა დაფლა გულის სიღრმეში, რადგან დაუფარავი, დაუცველი და გაუფრთხილებელი სიმდიდრე ადვილად წასართმევია მტრისაგან. სიმდიდრის მოპოვება გაცილებით ადვილია, ვიდრე მისი გამრავლება და შენარჩუნება, რადგან უფალმა თითოეული სული მდიდარი, უკვდავი შექმნა, მაგრამ მცირედთ მოუხმარიათ იგი ღვთისა და მოყვასის სიყვარულისთვის. რწმენის სიდიადე კი ღვთის ერთგულ, მორჩილ სულებს მიეცემათ, რაზეც ნეტარი მამა "კიბის" მეოთხე თავში საუბრობს. უფლის მცნებებს მორჩილებით მიყოლილი სული ყველგან ზეციერ მასწავლებელს ხედავს, აქედან გამომდინარე, საკუთარი თავის ზნეობრივ ნაკლოვანებასა და ცოდვიანობას ამჩნევს, რაც სინანულისა და გლოვის საწინდარია გონიერი სულისთვის. სინანული ხომ შეგრძნობილი სნეულების ტკივილებიდან გადმოღვრილი მანუგეშებელი ცრემლებია, რომლებიც მანამ არ ნელდება, სანამ წყლულები (ცოდვები) მოუშუშებელია. სინანულის ცეცხლისგან ცრემლებში ინთქმება, იწვება თითოეული ცოდვა გონიერი, წრფელი გლოვის შედეგად და "სათნოებათა მდინარეებად" გადაიქცევა. უფლისაგან ნაშობმა წმინდა სინანულმა არ იცის უსირცხვილობა, რადგან ის მხოლოდ საკუთარი დაჭრილი სულის წყლულებს "ახორცებს" ტირილითა და გლოვით. წმინდა სინანულისთვის უცხოა გულღვარძლიანობა, ძვირის თქმა, ტყუილი, რასაც წმინდა მამა შემდეგ თავებში ეხება და განიხილავს, ხოლო რაც შეეხება დუმილს, მას "საღვთო მწუხარების მსახურს, გლოვის ბორკილსა და ცრემლის მეგობარს უწოდებს".
"ღმერთშემოსილმა მამა იოანემ კეთილად იღვაწა და ამ წიგნში მონაზვნური ცხოვრების ყოველ საქმეს მოუყარა თავი. იგი საუბრობს და მსჯელობს: მოწყენილობის, ნაყროვანების, სიძვის, ვერცხლისმოყვარეობის, უპოვარების, ულმობლობის, კრებულში გალობის, მღვიძარების, შიშის, პატივმოყვარეობის, ამპარტავნების, სიმშვიდისა და სიწრფელის, თავმდაბლობის, განსჯისა და გულისხმისყოფის, დაყუდების, განშორებისა და გონების დაცვის, გონიერი ლოცვის, უვნებლობის, სიყვარულის, სარწმუნოებისა და სასოების შესახებ. მან ოცდაათი სულიერი საფეხური გამოყო, მსგავსად უფლის ხორციელი ასაკისა, რადგან უფალმა იესო ქრისტემ ოცდაათი წლისამ იღო ნათელი, მანაც კიბის ოცდაათი საფეხური წარმოგვიდგინა, რომლის თავის მიმღწევნი სრულყოფილნი და უძლეველნი იქნებიან" (რაითელი მონაზონი დანიელი).