"და თქვა ღმერთმა: აფუთფუთდეს წყალში სულდგმული, მიწის ზემოთ კი, ცის მყარზე, ფრინველმა იფრინოს, და იქმნას ასე.
შექმნა ღმერთმა დიდი თევზები და ყოველი სულდგმული, მცურავი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო. აკურთხა ღმერთმა ისინი და თქვა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ ზღვები. ფრინველებმა იმრავლონ მიწაზე.
იყო საღამო, იყო დილა - მეხუთე დღე.
თქვა ღმერთმა: წარმოშვას მიწამ სულდგმული თავ-თავისი გვარისდა მიხედვით - პირუტყვი, ქვემძრომი და მიწის მხეცები... და იქმნა ასე. გააჩინა ღმერთმა ნადირი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, საქონელი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით და ქვემძრომი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო" (დაბადება 1,20-25).
თუ წმინდა წერილის ამ მონაკვეთს უბრალოდ წავიკითხავთ, ის მხოლოდ რამდენიმე მოკლე ფრაზას წარმოადგენს: "თქვა ღმერთმა: აფუთფუთდეს წყალში სულდგმული. მიწის ზემოთ კი, ცის მყარზე, ფრინველმა იფრინოს..." - მაგრამ როგორც კი ამ სიტყვების აზრს გამოვიკვლევთ, მაშინვე წარმოჩნდება დამბადებლის სიბრძნის დიდი საოცრება.
თანამედროვე მეცნიერულ მონაცემებთან სრული თანხვედრის საფუძველზე ბიბლია სიცოცხლის განვითარებაზე საუბრობს და მიუთითებს ორი მონათესავე ცხოველური კლასის წარმოშობას: წყლის სტიქიის ბინადრებისა და ფრთოსანთა სამეფოსი, რომლებიც ავსებენ საჰაერო სივრცეს. "ფრინველში" იგულისხმება არა მარტო ფრინველები, არამედ მწერებიც და, საზოგადოდ, ყველა ცოცხალი არსება, რომელსაც კი ფრთები აქვს. მოდით, განვიხილოთ, ფრინველების რამდენი სახეობა გაითვალისწინა ღმერთმა, როგორ გაყო ერთმანეთისგან ერთი მოდგმისანი, როგორ მისცა თითოეულს საკუთარი თვისება.
არსებობს ფრინველის მრავალი ჯიში: ხორცის მჭამელები და თესლის მჭამელები. ხორცის მჭამელთა მოდგმას აქვს ბასრი ბრჭყალები, მოკაუჭებული ნისკარტი და სწრაფი ფრთები, რათა მსხვერპლი ადვილად შეიპყრონ და დაგლეჯილი ნადავლი საკვებად აქციონ, ხოლო თესლისმჭამელები, რაც შეხვდებათ, იმით საზრდოობენ.
წმინდა წერილში წერია, რომ ფრინველები წყლისგან წარმოიშვნენ. რა იყო მიზეზი ამისა? წმინდა ბასილი დიდი განმარტავს, რომ ფრინველთა და მცურავთა შორის რაღაც ნათესაობა არსებობს. როგორც თევზები აპობენ წყალს და ფარფლების მოძრაობით მიისწრაფვიან წინ, ხოლო მიხვევ-მოხვევისთვის და გეზის შესაცვლელად კუდის მოქნევას იყენებენ, ასევე იყენებენ ფრინველები საფრენად ფრთებს, ხოლო მიმართულების შესაცვლელად - ბოლოს.
ფრინველები ერთმანეთისგან საქმიანობით და ცხოვრების წესითაც განსხვავდებიან: ზოგიერთს "უფროსი" არ ჰყავს, ხოლო სხვები, მაგალითად, წეროები, წინამძღოლს ემორჩილებიან; ერთნი მუდმივად ერთსა და იმავე ადგილას მკვიდრობენ, მეორენი კი შორს გაფრენას არიან ჩვეულნი და მოახლოვდება თუ არა ზამთარი, მათი უმრავლესობა თბილი ქვეყნებისკენ მიფრინავს. ზოგი ფრინველი ადამიანებს ენდობა და მათთან ცხოვრებას ეგუება...
ფრინველთა შორის დიდია სხვაობა ხმისა და თვისების მიხედვითაც. მამალი ამაყია, ფარშევანგი - სილამაზის მოყვარული, მტრედები და შინაური ფრინველები ავხორცნი არიან და მთელ დროს ხორციელ კავშირში ატარებენ; ფრინველთა მრავალ ჯიშს განაყოფიერებისთვის არ სჭირდება მამრთან შეერთება; გვრიტი როცა მეუღლეს გაშორდება, სხვასთან შეერთებას ვერ ეგუება, მარტო რჩება და პირველი ქმრის ხსოვნის გამო ახალ კავშირზე უარს ამბობს; არწივი, ორ მართვეს რომ გამოჩეკს, ერთს ფრთების დარტყმით მიწაზე ჩამოაგდებს, ხოლო მეორეს ზრდის. სამაგიეროდ, გადაგდებულს ზღვის არწივი ვერ იმეტებს, მიჰყავს და თავის შვილებთან ერთად ზრდის. ამ ყველაფერში ჩვენ ღვთის სიდიადესა და კანონზომიერებას ვხედავთ.
ყველას შეიძლება დაებადოს კითხვა, რაში სჭირდებოდა ღმერთს ამდენი ფრინველისა და ცხოველის შექმნა. როგორც წმინდა წერილის განმარტებები გადმოგვცემენ, ნაწილი ამ ცხოველებისა, ღვთის დიდი სახიერების წყალობით, ადამიანთა საჭიროებისთვის შეიქმნა, ხოლო უმეტესობა - იმისთვის, რათა გამოჩენილიყო ღვთის დიდება ქმნილებათა ზედა... არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ისინი უმიზეზოდ შეიქმნენ. წმინდა ბასილი დიდი განმარტავს: "მნათობთა შექმნის შემდეგ წყალი ცხოველებით აივსო, რათა თავისი სამკაული მასაც მიეღო. ამ დროს დედამიწას უკვე ჰქონდა სამკაული მცენარეების სახით, ხოლო ზეცა ვარსკვლავთა ყვავილებით იყო შემკული და ვითარცა სახეს - თვალები, დიდი მნათობების შეუღლებული წყვილი ამშვენებდა. წყალიღა იყო დარჩენილი და საკუთარი სამკაული მასაც უნდა მისცემოდა. მოვიდა ბრძანება და მდინარეებმა და ტბებმა, თითოეულმა - თავისი ბუნების მიხედვით, მათთვის დამახასიათებელი ჯიშები წარმოშვეს".
"გააჩინა ღმერთმა ნადირი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, საქონელი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით და ქვემძრომი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით..." საერთო ცნება "ცხოველური სული" აქ სამ ძირითად გვარად არის დაყოფილი. პირველია "მიწის მხეცები" - გარეული, ტყისა და მინდვრის ცხოველები: ფოცხვერი, ველური კატა, ლომი, ვეფხვი... მეორე აერთიანებს შინაურ ცხოველებს: ცხენს, აქლემს, თხას, ცხვარს და, საზოგადოდ, მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელს. დაბოლოს, მესამე კლასში შედის ყველა ცხოველი, რომელიც მიწაში დაძვრება და მიწაზე დახოხავს. ამ კლასს მიეკუთვნება ყველა სახეობის გველი (ბევრს ჰგონია, რომ ღმერთმა გველი ბოროტ არსებად შექმნა. ეს ასე არ არის. გველი დანარჩენი ცხოველების დარად ღვთის კეთილსახიერებით შეიქმნა. წმინდა ეფრემ ასური ამბობს: "გველი იყო ყველაზე გონიერი ყველა ცხოველს შორის, რომელთაც კი განაგებდა ადამი. ეს, ცხადია, არ ნიშნავს, რომ ის ადამიანის გონებამდე იყო ამაღლებული; ადამიანი აღემატებოდა გველს მოხერხებით. მხეცთა შორის კი გონიერებითაც და მოხერხებითაც გველი აღემატებოდა ყველას. ის მხოლოდ იარაღი იყო ეშმაკის ხელში, მისი პირით ლაპარაკობდა ეს უბოროტესი მწვალებელი, ცილისმწამებელი..."), ჭიები, ხვლიკები, მელიები, თაგვები და თხუნელები. ყველა ეს ცხოველი დაიყო ორ სქესად, რაც ჩანს როგორც მათივე სახეობის მიხედვით გამრავლების უნარში.
ყველა ცხოველს ერთი საერთო თვისება აქვს - უტყვობა, მაგრამ თითოეულ მათგანს განსხვავებული თვისებებიც აქვს: ხარი გამძლეა, ვირი - ზანტი, მგელი - მოუთვინიერებელი, მელა - მზაკვარი, ირემი - მფრთხალი, ჭიანჭველა - შრომისმოყვარე, ძაღლი - მადლიერი და ერთგული. თითოეული მათგანი როგორც კი იშვა, მყისვე განსაკუთრებული თვისებებიც მიენიჭა. ლომი დაბადებიდან მრისხანეა, მარტო ცხოვრებისა და თვისტომთაგან განცალკევებისკენ არის მიდრეკილი, "ვითარცა ხელმწიფე პირუტყვთა", ბუნებით დამახასიათებელი სიამაყის გამო ბევრთან გათანაბრებას ვერ ეგუება; არც წინა დღის საზრდოს ეკარება და არც თავისი ნადავლის ნარჩენებს მიუბრუნდება. ბუნებამ მას ისეთი ხმა მისცა, რომ მრავალ ცხოველს, რომელნიც მას სისწრაფით აღემატებიან, ხშირად მხოლოდ ღრიალით მოინადირებს. ჯიქი ფიცხი და მოქნილია. მის სხეულში ერთმანეთს ერწყმის სისწრაფე და სიმსუბუქე. ის თითქმის ყველა ცხოველზე სწრაფია. ბუნებით ზანტია დათვი. სხეულიც ზნის შესაფერისი აქვს: მძიმე, მკვრივი, უსახსრებო, ხშირი ბეწვით დაფარული - შესაფერისი ცხოველისთვის, რომელიც ბუნაგში ცხოვრობს.
თუკი ცხოველებს კარგად შევისწავლით, მივხვდებით, რომ ღმერთს ზედმეტი არაფერი შეუქმნია და არც მათთვის მიუცია რაიმე ზედმეტი. ხორცისმჭამელ ცხოველებს მათი საკვებისთვის შესაფერისი კბილები უბოძა, იმათ კი, რომლებიც კბილებით სანახევროდ აღჭურვა, საჭმლის მრავალი სხვა წყარო განუმზადა; რაკი საკვების დაღეჭვა არ შეეძლოთ, შესაძლებლობა მიეცათ, კვლავ ამოეღოთ გადაყლაპული და ცოხნის შედეგად დანამცეცებული შეერგოთ.
სპილოს წილად ერგო, ყოფილიყო ახოვანი და ჰქონოდა უზარმაზარი სხეული. კისერიც გრძელი ფეხების შესაფერისი რომ მისცემოდა, დიდი სიმძიმის გამო მისი დაჭერა გაუჭირდებოდა და თავი მუდმივად დაბლა ექნებოდა დახრილი; სამაგიეროდ, აქვს ხორთუმი, რომელიც ყელის სიგრძის დანაკლისს უნაზღაურებს. ის მისი მეშვეობით იღებს საჭმელს და სასმელს. ფეხები უსახსრო აქვს. ისინი რომ ნაზი და რბილი კუნთებით შეგვეცვალა, ხშირად ეღრძობოდა, რადგან სახსრები ვერ გაუძლებდნენ ტანის სიმძიმეს. აქლემს კისერი გრძელი აქვს, რათა მისწვდეს ბალახს, რომლითაც იკვებება, დათვის კისერი კი მოკლეა და მხრებს შორისაა ჩავარდნილი. ასევე მოკლე კისერი აქვს ლომს, ვეფხვს და ყველა სხვა ცხოველს, რომელიც ამ მოდგმას მიეკუთვნება - ისინი ბალახით არ საზრდოობენ და მისკენ დახრა არ სჭირდებათ.
ადვილად მოსანადირებელი ცხოველები უფრო ნაყოფიერნი არიან. მრავლად შობენ კურდღლები და ველური თხები, გარეული ცხვარიც ტყუპს ბადებს, რათა არ შემცირდეს მათი მოდგმა, რომელსაც ხორცისმჭამელები ანადგურებენ. იმ ცხოველებს კი, რომლებიც სხვებს ჭამენ, შვილები ცოტა ჰყავთ. მაგალითად, ძუ ლომი ძლივს შობს ერთ ბოკვერს. ასე რომ, განგებას არც ერთი არსება არ მიუტოვებია, არც ერთს არ აკლია მისი მზრუნველობა.
ცხოველები ბუნების ცვალებადობას ადამიანებზე უკეთ შეიცნობენ. ცხვარი, იგრძნობს თუ არა ზამთრის მოახლოებას, საკვებს ხარბად ეტანება, თითქოს მომავალში მოკლების შიშით იმარაგებსო. ჭიანჭველა ზამთრისთვის სარჩოს ზაფხულში იმზადებს. ის იმდენ საზრდოს აგროვებს, რამდენიც მას მთელი ზამთარი ეყოფა. თითოეულ მარცვალს ის შუაზე კვნეტს, რათა არ აღმოცენდეს და საზრდელად მოუხერხებელი არ გახდეს, ხოლო თუ შეამჩნია, რომ დანესტილია, აშრობს კიდეც, თანაც გასაშრობად ნებისმიერ დროს როდი გამოაქვს, არამედ მხოლოდ მაშინ, როცა შეატყობს, რომ ჰაერი დაწმენდილია; და მართლაც, ვერ ნახავთ, რომ მთელი იმ ხნის განმავლობაში, როცა ჭიანჭველა მარაგს აშრობს, წვიმა მოდიოდეს.
საოცარია პირუტყვთა მშობლიური სიყვარულის ნიჭი. რით აიხსნება, რომ კრავი, გამოვარდება თუ არა ფარეხიდან, ფერითა და ხმით ათას ცხვარში ამოიცნობს დედას და მისკენ გარბის? დედაც თავის შვილს ათას კრავში გამოარჩევს. ხმა ყველას ერთი აქვს, ფერიც და, რამდენადაც ეს ჩვენი ყნოსვისთვის მისაწვდომია, სუნიც, მაგრამ აქვთ რომელიღაც გრძნობა, ჩვენზე მახვილი, რომლის წყალობითაც ყოველი მათგანი შეიცნობს საკუთარს. ყვავიც გამოირჩევა შვილების სიყვარულით. ის მას შემდეგაც კი ზრუნავს მათზე, რაც ბარტყები ფრენას დაიწყებენ, აჭმევს და ასაზრდოებს.
ბიბლიური თვალსაზრისით, რაც კი შექმნა უფალმა, ყველაფერი ადამიანისთვის შექმნა. "თქვა ღმერთმა: შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად და მსგავსად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს მთელს დედამიწაზე და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს..." (დაბ. 1,26).
ამრიგად, ადამიანი შეიქმნა პატრონად და გამგებლად ბუნებისა. ადამიანის ბატონობა ბუნებაზე გაგებულ უნდა იქნეს როგორც უნარი, თავის სასარგებლოდ გამოიყენოს ბუნების ძალები და სიმდიდრე, თავისი კეთილდღეობისთვის იმსახუროს ცხოველები, რომლებიც აქ არიან ჩამოთვლილნი და მათით შეიცნოს ღვთის სიდიადე.
შალვა კეკელიამ