#8. წერილი მღვდელ კ.-ს
"კრიზისი" - ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს: "სასამართლოს, სასჯელს, მსჯავრს, სამართალს". ამგვარ რამეს ვკითხულობთ დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნებში: "ამისთვის არა აღსდგენ უღმერთონი სასჯელსა" (ფს. 1,5) ანდა: "წყალობასა და სამართალსა გაქებდე შენ, უფალო" (ფს. 100,1). ბრძენი მეფე სოლომონი კი ამბობს, რომ უფლისგან მიეცემა ყველას სამართალი (შდრ. იგავთა 29,30). თვით მაცხოვარმა ბრძანა: "არცა მამაი სჯის არავის, არამედ ყოველი სასჯელი მოსცა ძესა" (იოანე 5,22). მოციქული პეტრე: "ჟამმან დაწყებად სასჯელისა, პირველად სახლისაგან ღმრთისა იწყოს" (1 პეტრე 4,17).
შეცვალე "სამართალი-სასჯელი" სიტყვა "კრიზისით" და წაიკითხე: წყალობასა და კრიზისს "გაქებდე", "უფლისაგან მიეცემა ყველას კრიზისი", "მამამან ყოველი კრიზისი მოსცა ძესა", "ჟამმან დაწყებად კრიზისისა, პირველად სახლისაგან ღმრთისა იწყოს".
ადრე ევროპელებს როცა რაიმე უბედურება შეემთხვეოდათ, სიტყვა "სასჯელს" ხმარობდნენ "კრიზისის" ნაცვლად. ახლა "სასჯელი" - "კრიზისით", გასაგები სიტყვა ნაკლებ გასაგებით შეცვალეს. დადგებოდა გვალვა და ამბობდნენ, "ღვთის სამართალი გვეწიაო!" წყალდიდობისას - "ღვთის სამართალიაო!" ომი დაიწყებოდა თუ ეპიდემია გავრცელდებოდა, ისევ "ღვთის სამართალს" ახსენებდნენ. ესე იგი კრიზისია გვალვისგან, კრიზისია წყალდიდობისგან, ომისა და ეპიდემიისგან. ახლანდელ ფინანსურ-ეკონომიკურ კატასტროფას ხალხი ღვთის სასჯელად მიიჩნევს, მაგრამ ეძახის არა სასჯელს, არამედ კრიზისს. რამეთუ გამრავლდა უბედურება (განსაცდელი) უგუნურებისაგან! რამეთუ ვიდრე წარმოთქვამდნენ გასაგებ სიტყვა "სასჯელს", გასაგები იყო უბედურების მიზეზიც და ამ განსაცდელის მომწევი მსაჯულიც და მიზანიც, რის გამოც ეს უბედურება დაიშვა. სიტყვა "სასჯელი" სიტყვა "კრიზისით" შეცვლის მერე უმრავლესობისთვის ძნელად გასაგებია და ვერავინ ხსნის, ვისგან მოიწევა იგი, რისთვის, რატომ. მხოლოდ ამით განსხვავდება ახლანდელი კრიზისი გვალვის, წყალდიდობის, ომის, ეპიდემიის თუ სხვა განსაცდელებისგან მოწეული კრიზისისგან.
ყველაფრის მიზეზი: გვალვის, წყალდიდობის, ეპიდემიის და სხვა უბედურებათა, ისევე როგორც ახლანდელი კრიზისისა, ღვთისგან განდგომა გახლავთ. ღვთისაგან განდგომის ცოდვამ გამოიწვია ეს კრიზისი და უფალმა დაუშვა იგი, რათა გამოაღვიძოს, გამოაფხიზლოს ადამიანები, რათა ისინი გონს მოვიდნენ და დაუბრუნდნენ უფალს. ცოდვებისმიერია ეს კრიზისი. უფალმა თანამედროვე საშუალება გამოიყენა, რომ გონს მოიყვანოს თანამედროვე ადამიანები: მან შეარყია ბანკები, ბირჟები, მთელი საფინანსო სისტემა. მთელი მსოფლიოს მაგიდები ამოატრიალა, ისევე როგორც ერთ დროს იერუსალიმის ტაძარში მოიქცა. გაუგონარი პანიკა გამოიწვია ვაჭრებსა და გადამცვლელებს შორის. აამღვრია, დაამხო, შეურია, შეაშფოთა, შიში შთაუნერგა და ეს მოხდა იმიტომ, რომ ქედმაღალი ამერიკელი და ევროპელი ბრძენები გამოფხიზლდნენ, გონს მოვიდნენ, ღმერთი გაიხსენონ, რათა მატერიალური კეთილდღეობის ნავსადგურში ღუზაჩაშვებულებმა გაიხსენონ საკუთარი სულები, აღიარონ უსჯულოება და თაყვანი სცენ მართალ ღმერთს, ცოცხალ ღმერთს.
ეს კრიზისი გაგრძელდება, ვიდრე ქედმაღალი დამნაშავენი არ აღიარებენ ყოვლისშემძლე ღმერთის გამარჯვებას, ვიდრე ადამიანები არ მიხვდებიან და გაუგებარ სიტყვას "კრიზისს" საკუთარ ენაზე არ გადათარგმნიან და სინანულის ოხებით იტყვიან - "სასჯელი ღმრთისა". პატიოსანო მამაო, "კრიზისს" შენც ღვთის სასჯელი დაუძახე და ყველაფერი გასაგები გახდება.
სალამი და მშვიდობა უფლისა მიერ!
ალბათ ბევრი ქაღალდი დამჭირდებოდა ჭეშმარიტ ქრისტიანებთან ჩემი შეხვედრების აღსაწერად. შენც ალბათ დიდხანს მოგიხდებოდა მათი კითხვა და საკუთარი სულის ნუგეშისცემა. ჯერჯერობით კი მხოლოდ ეს მაგალითი განიხილე.
შარშან ზაფხულს მაჩვეში ვიყავით. მატარებლის მოლოდინში პატარა ბაქანზე ერთ მოხუც გლეხის ქალს ვუცქერდი. მისი დამჭკნარი სახე ბრწყინავდა საოცრად იდუმალი ნათლით, რომელსაც ხშირად იხილავთ სულიერ ადამიანთა სახეებზე. ვკითხე: - ვის ელოდები, დაო-მეთქი. მიპასუხა: "იმას, ვისაც ღმერთი გამომიგზავნის". თურმე ის ყოველ დღეცისმარე მიდის სადგურზე და ელოდება ღატაკ მწირს, რომელსაც ღამის გასათევი და ლუკმა დასჭირდება. თუ ასეთი გამოჩნდება, სიხარულით მიიღებს თავის ჭერქვეშ, როგორც ღვთისგან გამოგზავნილს. იგი თურმე კითხულობს წმინდა წერილს, მარხულობს, დადის ეკლესიაში და იცავს ღვთის მცნებებს. მეზობლებმა გვითხრეს, წმინდა დედაკაციაო.
მსურდა შემექო სახარებისეული სტუმართმოყვარეობისთვის, მაგრამ შემაჩერა: "განა მთელი სიცოცხლე ღვთის ყოველდღიური სტუმრები არ ვართ?" - და ცრემლები აუკიაფდა თვალებში.
ჰოი, ერის მოწყალეო და ტკბილო სულო! ჩემო ახალგაზრდა მეგობარო, თუ თავს ხალხის მოძღვრად მიიჩნევ, ხშირად შეიძლება შერცხვენილი გამოჩნდე, მაგრამ თუ ხალხის მოწაფეს უწოდებ თავს, არასოდეს შეგრცხვება.
დაე, განგაბრწყინოს ღვთის წმინდა მოწყალებამ!
ვიცნობ, დაო, ასეთ ჭკვიანებს. რამდენიმე ჟღარუნა სიტყვა ისწავლეს: "იპოქონდრია", "ტელეპათია", "თვითშთაგონება" და ამით შეცვალეს სულიერი რეალობა, ყველაფერს განმარტავენ "დღის განრიგით", ყველაფერს კლიმატს, გართობას, მინერალურ წყლებს, ღვინოსა და ხორცს მიაწერენ.
აი, რას გეტყვი: სამი ყრმა, რომელიც გეცხადება, შენი სამი შვილია, შენს მიერვე მუცელში მოწყვეტილნი, ვიდრე მათ სახეს მზე თავისი ნაზი სხივებით შეეხებოდა. ახლა ისინი მოვიდნენ შენთან სამაგიეროს გადასახდელად.
მკვდრების სამაგიერო სახიფათოა და საშიში. ნაკითხი ქალი ხარ და ამიტომ ლიტერატურული სახეებით მოგითხრობ. გაიხსენე ლედი მაკბეტი ანდა ინგლისის მეფე, ისინი მათ მიერ მოკლული კაცის სულმა დახოცა. რა თქმა უნდა, წაგიკითხავს მეფე ვლადიმირის მკვლელზე, მეფე ვლადისლავზე, რომელიც მოკლა ვლადიმირის სულმა. მაგრამ, შესაძლოა, არ იცოდე ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტეს ამბავი. მას არ უყვარდა ძმა, თეოდოსი. მეტოქედ ესახებოდა და აიძულა, დიაკვნის ხარისხი მიეღო. მაგრამ შიშისგან თავი ვერ დაიხსნა. შეთქმულება მოუწყო ძმას, თეოდოსი მოწამებრივად მოკლეს. შვებით ამოისუნთქა კონსტანტემ - საბოლოოდ ჩამოვიშორე მეტოქეო. მაგრამ ამ უმეცარმა იმპერატორმა არ იცოდა, რომ მკვდრები ცოცხლებზე ძლიერნი არიან. ღამით მოკლული გამოეცხადა, გაუწოდა ორთქლადენილი ქაფქაფა სისხლით სავსე თასი და უბრძანა: "დალიე, ძმაო!" კონსტანტე შეშინებული წამოხტა, მოიწვია ვეზირები, მაგრამ მათ ვერაფერი უთხრეს. მეორე ღამეს ხილვა განმეორდა. იმპერატორმა ფეხზე წამოყარა მთელი კონსტანტინოპოლი, მაგრამ ქვეშევრდომნი გაოცებულნი მიშტერებოდნენ.
ძმა თავს არ ანებებდა იმპერატორს. ერთ დილით კი ეს ძლიერი და ჯანმრთელი ხელმწიფე თავის საწოლში მკვდარი ნახეს.
კითხულობ წმინდა წერილს? იგი აგიხსნის, თუ როგორ იძიებენ შურს მკვდრები ცოცხლებზე. კაენი ძმის მკვლელობის შემდეგ შვებას ვერსად პოვებდა. წაიკითხე, თუ როგორ მიაგო სამაგიერო საულს მისგან შეურაცხყოფილი სამუელის სულმა. გაიხსენე, რამდენ ხანს იტანჯებოდა საცოდავი დავითი ურია ქეტელის მკვლელობის მერე. წაიკითხე ყველაფერი კაენიდან შენამდე და მიხვდები, რა გტანჯავს და რატომ. მიხვდები, რომ მკვდრები თავიანთ ჯალათებზე ძლიერნი არიან და მათი შურის მისაგებელი საშინელია.
შეიცანი ყველაფერი. გააკეთე, რაც შენს ხელთაა. შენი მოკლული შვილებისთვის მოწყალება გაიღე და გაპატიებს უფალი. მისთვის ყველანი ცოცხლები ვართ და გვაძლევს მშვიდობას. წადი ეკლესიაში და იკითხე, რა უნდა გააკეთო. მღვდელმა იცის. შეგიწყალოს უფალმა.
განა შეიძლება შენი მშვიდობა გიხაროდეს, როცა გესმის, სამყაროს რომელიღაც ნაწილში სისხლი იღვრებაო? განა სასიამოვნოა თქვენთვის: საჭმელი და სასმელი, კინემატოგრაფია, მხიარულება, სიცილი და ხუმრობები, როცა გონებით გადახედავთ მანჯურიის ველებს და ხედავთ გაყინულ, დასისხლიანებულ, მშიერსა და გამხეცებულ ადამიანებს, ისინიც ხომ შენებრ ადამისა და ევას შვილები არიან? ყოველ საღამოს რადიოს უსმენთ და გგონიათ, რომ ამ ყბედობით უფრო ჭკვიანი გახდებით. ყველაზე მთავარი, რაც შეიძლებოდა რადიოს შეეტყობინებინა, ესაა - ათასობით დაჭრილისა და მომაკვდავის კვნესა, ტირილი დედათა, ქვრივთა და ობოლთა ამ ორი დიდი სახელმწიფოსი. ყველანი ისეთივენი არიან, როგორიც თქვენ, სიცოცხლე და ბედნიერება რომ სწყურიათ. მათაც იგივე მზე დაჰნათის თავს, რომელიც თქვენ და ისე, როგორც თქვენ, მათაც უცქერის აცრემლებული თვალნი უფლისა.
შესაბამისად, მხიარულების კი არა, მწუხარების ჟამია და ეს მწუხარება ერთი ან ორი კაცისა კი არ არის, არამედ ხალხებისა და ტომების მწუხარებაცაა, სახელმწიფოს მწუხარებაა. როცა ევროპის სახელმწიფოთა მეთაურნი აცხადებენ ეროვნულ გლოვას რომელიმე ბურბონის ან საბაის პრინცის სიკვდილის გამო, როგორღა ივიწყებენ გლოვის გამოცხადებას ათასობით ადამიანის ძალადობრივი სიკვდილის გამო - რომელთაგან თითოეული ღვთის თვალში პრინცია? ევროპელები მართლაც განათლებულნი რომ იყვნენ, მაშინ სახელმწიფო და სახალხო გლოვას გამოაცხადებდნენ დედამიწის ნებისმიერ წერტილში გაჩაღებული ნებისმიერი ომის გამო. თანაგრძნობის სახელით დაიკეტებოდა რესტორნები, სათამაშო სახლები და კინოთეატრები, აიკრძალებოდა ყველანაირი გართობა, სანამ ძმის სისხლი იღვრება. როგორ გაიხარებდა ზეცა, თუ სლავები პირველები დავაწესებდით ამას!
შეიძლება ჩემმა ნათქვამმა გაგაცინოთ. ვიცი, პილატეც გაიცინებდა, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ქრისტე არ გაიცინებდა. ევროპა უზრუნველყოფილია სიმშვიდით, ომის ცეცხლი თქვენგან შორს გაჩაღდაო, - ამაზე ძალზე ფრთხილად იყავით. ნუ დაუჯერებთ ნურც საკუთარ თავს, ნურც წინასწარმეტყველებას, როცა ხანძარი ტყის ერთ მხარეს მოედება, განა ქარს არ შეუძლია ნაპერწკლის მის მეორე მხარეს გადატანა?
მშვიდობა თქვენდა და წყალობა უფლის მიერ.