განსაკუთრებული სიმძაფრით სიცრუე და ცილისწამება მაცხოვრის შეპყრობის და მის სასამართლოზე (თუ შეიძლება ამას სასამართლო ვუწოდოთ) გამოჩნდა. თვითონ ეს სასამართლო იყო უსამართლო და სიცრუის მამის მსახური: "ხოლო მღვდელმთავარნი იგი და მოხუცებულნი და ყოველი კრებული ეძიებდეს ცრუ-მოწმეთა იესოსათვის, რაითამცა მოკლეს იგი". ეძებდნენ ყველაფერს, ცილისწამებას, გაუგონარ სიცრუეს, ბრალის დადებას რაიმე დანაშაულში. ეძებდნენ ისეთებს, ვინც ცრუმოწმეებად გამოდგებოდნენ, "და არა ჰპოვებდეს"; მაგრამ როგორ მოხდა, რომ მათ არ ისარგებლეს იუდა ისკარიოტელის სამსახურით, რომელმაც იცოდა უფლის სწავლა და საქმენი? იესოს მტრების გულის მოსაგებად და ახალი გამარჯვებისათვის, თავისი მასწავლებლის გაცემის გასამართლებლად მას შეეძლო ყოფილიყო ყველაზე ულმობელი ბრალმდებელი. გამცემელმა შეასრულა დანაპირები - უფლის სამყოფელთან მიიყვანა ისინი და მაშინვე განერიდა იქაურობას, ამიტომაც მისი მოძიება არ იყო ადვილი; თანაც, იუდასაც არ ეყოფოდა გამბედაობა და უტიფრობა, რომ თავისი მასწავლებლისთვის პირში ცილიც დაეწამებინა. როგორც ჩანს, მის ბნელ სულში გაცემის შემდგომაც კი უნებურად შემორჩა ძლიერი გრძნობა მასწავლებლის უდანაშაულობისადმი პატივისცემისა, სამაგიეროდ, გამოჩნდნენ ცრუმოწმენიც. რა ბრალს სდებდნენ ისინი უფალს - არ არის ცნობილი, ოღონდ ესაა, რომ მათი მოწმობანი არ ეთანხმებოდა ერთმანეთს და არ შეიცავდა დანაშაულს. ალბათ ლაპარაკობდნენ შაბათის დღის უქმის დარღვევაზე, ფარისეველთა გადმოცემების შეუსრულებლობაზე და სხვ. მაგრამ ეს არ იყო საკმარისი სიკვდილით დასასჯელად, მსაჯულთ კი სწორედ ასეთი დანაშაულის მოძიება სურდათ. ამიტომაც ამბობს წმინდა მათე მახარებელი: "და მრავალნი მოსრულ-იყვნეს ცრუ მოწმენი და არა პოვნეს". ბოლოს "მო-ვინმე-ვიდეს ორნი და თქუეს": იგი პატივს არ სცემს ღვთის ტაძარს... სინედრიონის წევრებმა გაიხარეს ამით. ამ ცრუმოწმეებს უნდოდათ ბრალად დაედოთ უფლისთვის იერუსალიმის ტაძარში ორი წლის წინ ნათქვამი: "დაჰხსენით ტაძარი ესე, და მესამესა დღესა აღვადგინო ეგე" (ინ. 2,19), და ამასთან, გულისხმობდა არა იერუსალიმის ტაძარს, არამედ საკუთარ სხეულს, ასე რომ, მისი სიტყვები იყო წინასწარმეტყველება ჯვარზე სიკვდილსა და აღდგომაზე. მაგრამ ორივე ცრუმოწმემ, ბოროტი განზრახვითა და უცოდინარობით, ანდა იმის გამო, რომ ეს დიდი ხნის წინ ითქვა, დაამახინჯა მაცხოვრის სიტყვები. ყველა შემთხვევაში, მათი ნათქვამი გამოვიდა ყველაზე ამაზრზენი მოწმობა და ყველაზე მძაფრი სიცრუე, რადგან არეული ტყუილ-მართალი აღემატება სიცრუის სხვა გამოვლინებას იმის გამო, რომ ამგვარ სიცრუეს უფრო მეტად შეუძლია ადამიანის დაზარალება. როდესაც ვისმენთ ასეთი ნათქვამის მართალ ნაწილს, უკვე ეჭვი აღარ გვეპარება მისი მეორე, ნაყალბევი ნაწილის ჭეშმარიტებაში. ასეთი სიცრუე უფრო დამაჯერებლად ჟღერს და, შესაბამისად, მეტი ზიანის მომტანია. ამგვარი ხასიათისა იყო ამ ორი მოწმის ჩვენება მაცხოვრის წინააღმდეგ. ერთი ამტკიცებდა: "ვითარმედ ამან ესრეთ თქუა: ძალ-მიც დარღუევად ტაძარი ესე ღმრთისა და მესამესა დღესა აღშენებად". ასე ცრუ და დამახინჯებული სიტყვით, რომელსაც მიაწერდნენ იესო ქრისტეს, შეეძლოთ მსაჯულთა წინაშე ეჩვენებინათ კადნიერება და თავმომწონეობა, შეერთებული ყველაზე ძვირფასისადმი - ტაძრისადმი უპატივცემულობასთან. მეორე ცრუმოწმე აცხადებდა, თითქოს მას მოესმინა უფლის სიტყვები: მე დავარღვევ ამ ხელთქმნილ ტაძარს და სამ დღეში ავაშენებ სხვას, ხელთუქმნელ ტაძარსო. ასეთი გადასხვაფერებული სიტყვები საკმარისი იყო იმისთვის, რომ მათში მოეძიათ რაღაც ღვთის საგმობი - თითქოს იესო ქრისტეს ჰქონდა ძალზე დაბალი წარმოდგენა არა მარტო იერუსალიმის ტაძარზე (რადგან სიტყვა "ხელთქმნილი" წმინდა წერილში გამოიყენება კერპებისა და საკერპო ტაძრების აღსანიშნავად), არამედ განზრახვა მისი დაქცევისა, რათა ახალი შეექმნა და, არავინ იცის, როგორი. ეს ტაძრის აშკარა გმობად ჩანდა, რაც უტოლდებოდა ღვთის გმობას, რისთვისაც მოსეს რჯულით განსაზღვრული იყო სიკვდილი. ჭეშმარიტად ესენი იყვნენ ცრუმოწმენი, რადგან ქრისტეს არ უთქვამს: შემიძლია "დავანგრიო", არამედ "დაარღვევთო", არც "ღვთის ეკლესია" უხსენებია, არამედ - "ტაძარი ესე" ანუ ჩემი სხეულიო. და კიდევ, არ დასცდენია "შევქმნი", არამედ "აღვადგენო". ცხადია, რომ ცრუ-მოწმენი მიაწერდნენ იესო ქრისტეს იმას, რაც მას არ უთქვამს, ამიტომ, მიუხედავად მსაჯულთა დიდი სურვილისა, გაესამართლებინათ იესო ქრისტე, ეს მოწმობაც არასაკმარისად იქნა მიჩნეული, როგორც გაურკვეველი, არეული და შეუთანხმებელი. მთელი ის დრო, ვიდრე უსმენდნენ ცრუმოწმეებს, უფალი იესო დუმდა. ამ საოცარი მდუმარებით მსაჯულთ უნდა ეგრძნოთ, რომ თვითონ მათ ელოდა გასამართლება, ხოლო მსაჯული ქრისტე იყო... ამ დუმილმა და უყურადღებობამ შეურაცხყო მათი თავმოყვარეობა, რასაც ვერაფრით აპატიებდნენ. უფალს თავი რომ დაეცვა, შეიძლებოდა იმედი გასჩენოდათ, ეგებ მის სიტყვებში ვიპოვოთ რაიმე სჯულის საწინააღმდეგოო - მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა არაერთხელ გამოსცადეს საკუთარ თავზე უფლის მხილებათა სიმკაცრე, რასაც უტიფრობად და ღვთის გმობად უთვლიდნენ მას.
ამგვარად, მთელი ეს მათი სიცრუის მსახურება ამ ეტაპზე ჩაიშალა, მართალია, მცირე ხნით, მაგრამ მაინც გამოჩნდა მაცხოვრის დიდებულება, მიუხედავად იმისა, რომ იგი დამცირებული იყო და განსჯიდნენ... ცოტა ხნის შემდეგ იესო ქრისტე ჯვარს აცვეს. როცა სიცრუის მამას, სატანას, ეგონა, გავიმარჯვე ძე კაცისაზე და ჯვარზე მოვაკვდინებინეო, სწორედ მაშინ დამთავრდა სიცრუის და ბნელის ბატონობა კაცობრიობაზე.
ლევან მათეშვილმა